გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2018
საქმის ნომერი
140310018002603872
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002603872

საქმე № 3/238-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი: ა-- კ----------–ი

 

მოპასუხე: ე-–--- ხ---------ი

 

დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

საარსებო შემწეობის სახით გაცემული თანხის - 260 (ორას სამოცი) ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.

 

სარჩელის თანახმად, ე-–--- ხ---------ის (პ/ნ 5----------) ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას 4 სრულწლოვან და 1 არასრულწლოვან წევრზე.

 

სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია ე-–--- ხ---------ის ოჯახის წევრების მიერ ლეგალური შემოსავლის მიღების თაობაზე; მოპასუხემ არ შეატყობინა აღნიშნულის თაობაზე სოციალური მომსახურების საგენტოს დადგენილ ვადაში.

 

მოსარჩელე ითხოვს 2018 წლის იანვრის თვის შემწეობის უკან დაბრუნებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ე-–--- ხ---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს შეცდომას, მისი ოჯახის წევრები არ მუშაობენ, დაფიქსირებული შემოსავალი კი წარმოადგენს ბანკიდან აღბულ სესხს, ისინი იმყოფებიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში და ვერ შეძლებენ თანხის გადახდას.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოპასუხის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 5 სრულწლოვან და 1 არასრულწლოვან წევრზე, ყოველთვიურად 260 (ორას სამოცი) ლარის ოდენობით; მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 43420-ს.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გორის სოციალური მომსახურების ცენტრს განცხადებით მიმართა მოპასუხე ე-–--- ხ---------მა, რომელმაც აიღო ვალდებულება, დაუყოვნებლივ ეცნობებინა სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების ანდა იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან მოჰყვებოდა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.3. ე-–--- ხ---------ის ოჯახის წევრებს ი-–-- ხ---------ს (პ/ნ5----------) და ვ-----–- ხ---------ს (პ/ნ 5----------) დაუფიქსირდა ლეგალური შემოსავალი.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.4. მოპასუხეს 2018 წლის იანვარში მიღებული აქვს ოჯახის სახელზე გაცემული საარსებო შემწეობა, 260 (ორას სამოცი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

 

3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნა ე-–--- ხ---------ის შვილი, ვ-----–- ხ---------ი, რომელმაც დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის უმუშევარი, მხოლოდ გასულ წელს 1 თვის განმავლობაში მიიღო ლეგალური შემოსავალი, ხოლო შემდეგ მისი კუთვნილი სახელფასო ბარათი გადასცა თანამშრომელს, რომელსაც აღნიშნულ ბარათზე ერიცხებოდა ყოველთვიური ხელფასი. მოწმემ დაადსატურა მის საბარათე ანგარიშზე ფულადი თანხის ჩარიცხვის ფაქტი.

 

მტკიცებულება: ვ-----–- ხ---------ის (პ.ნ 5----------) ჩვენება;

 

3.6 სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანხმად, ი-–-- ხ---------ის (პ.ნ5----------) მიერ 01.08.2017 წლიდან 01.02.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 118.80 ლარს (დამსაქმებელი - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო), ხოლო ვ-----–- ხ---------ის (პ.ნ 5----------) მიერ 01.08.2017 წლიდან 01.02.2018 წლის ჩათვლით მიღებული შემოსავალი შეადგენს 7895 ლარს (დამსაქმებელი - შპს სამშენებლო კომპანია №1);

 

მტკიცებულება: სსიპ შემოსავლების სამსახურის №21-11/1----- წერილი; ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარის განმარტება, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ მიიღო ოჯახის საარსებო შემწეობა ისე, რომ მისი ოჯახის წევრები იღებდნენ ლეგალურ შემოსავალს, რის შესახებაც მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესი” ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე, ხოლო ამავე დადგენილების ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001–ზე ნაკლებია საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

როგორც აღინიშნა, ე-–--- ხ---------ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება 5 ოჯახის წევრზე, ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით და დამატებით ერთ არასრულწლოვან წევრზე ყოველთვიურად 10 ლარის ოდენობით. საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 260 ლარით.

 

იმავე დადგენილების მე-10 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება;

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმის ჩვენებით და სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე-–--- ხ---------ის ოჯახის წევრებს დაუფიქსირდათ ლეგალური შემოსავალი და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის მოპასუხეს არაფერი უცნობებია.

 

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა დამოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრისათვის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

მოპასუხის ოჯახისათვის გამოყოფილი სოციალური დახმარება შეადგენდა თვეში 260 (ორას სამოც) ლარს, რასაც სადავო პერიოდში იღებდა იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობის მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 260 (ორას სამოცი) ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობამ, ეცნობებინა სოციალური მომსახურების სამსახურისათვის მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი ე-–--- ხ---------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე-–--- ხ---------ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, 2018 წლის იანვარში ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 80 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული