განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ფ-------ის ძე გ--–----–---–ი - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–--------------------–-------–---–- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------–---–--------------–-
ადვოკატი - თ-------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის დასაწყისიდან 2018 წლის 24 მაისამდე, ქ.თბილისში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩა N---ში ყოფნისას, გ------- გ--–----–---–ი სისტემატიურად დედას მ---- გ--–----–---–ს აიძულებს მისცეს ფულადი თანხა, უარის მიღების შემთხვევაში მიმართავს მას უცენზურო სიტყვებით, აგდებს სახლიდან, ემუქრება ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით.აღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით დაზარალებულ მ---- გ--–----–---–ს მიადგა მორალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; შემაკავებელი ორდერები და გადაწყვეტილებები და სხვა) ერთობლიობა გ------- გ--–----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე ყველა მტკიცებულებას (გარდა დაზარალებულ მ---- გ--–----–---–ის ჩვენებისა) საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---- გ--–----–---–მა (ბრალდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება დედა.
მიუხედავად დაზარალებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით (მოწმეების: მ---------–---–-------------–---–---------------–------------–------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერებით და ა.შ.) უტყუარად დასტურდება, რომ გ------- გ--–----–---–ი დედას - მ---- გ--–----–---–ს სისტემატურად აიძულებდა ფულადი თანხის მისთვის გადაცემას, უარის შემთხვევაში კი მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, აგდებდა სახლიდან და ემუქრებოდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულ მ---- გ--–----–---–ის პოზიციის მიღმა (უარი ჩვენების მიცემაზე) არსებულ მოტივს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახურ დანაშაულზე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის დედის პოზიციის (ჩვენების მიცემაზე უარი) მიღმა არსებულ მოტივზე ნათლად მიუთითებს სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მისივე განმარტება - „ვერ მოგცემთ ჩვენებას ჩემი შვილის წინააღმდეგ, როგორ მოქცეთ, ვერ შევძლებ“, რაც ნათლად მიუთითებს არა იმ ფაქტზე, რომ შვილის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებას მ---- გ--–----–---–ის მიმართ ადგილი არ ჰქონია, არამედ სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის გამო არ საუბრობს დედა მომხდარზე.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- გ--–----–---–მა ჩაიდინა იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელებაც მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- გ--–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას სავსებით უზრუნველყოფს გ------- გ--–----–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- გ--–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ------- გ--–----–---–ის მიმართ შეფარდებული ა/ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია