გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/4314-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.10.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
ხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ი-------------–-–---–ი
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი მა-–-----–---–---ე
მესამე პირი შპს ,,მ----–---''
წარმომადგენელი ნ-----------–---ი
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP1--------/4----- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - შპს ,,მ----–---ის’’ წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. შპს ,,მ----–---მა” დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს რესპოდენტ ი-------------–-–---–ის მიმართ. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული იყო მოვალე - ი-------------–-–---–ის ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, თ---ა, მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტ., კორპუსი 2, ბინა 22, ასევე რეგ. მისამართი გურჯაანი, სოფ. ჩ--–------ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს ,,მ----–---ის’’ განცხადება (ს.ფ. 110-115).
4.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP1--------/3----- შეტყობინებით რესპოდენტ ი-------------–-–---–ს ეცნობა, რომ 2018 წლის 13 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია: აპლიკანტის შპს ,,მ----–---ი”-ს განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ. აპლიკანტის მოთხოვნა შეადგენს ჯამში 3929,27 ლარს. ამავე შეტყობინებით ი-------------–-–---–ს მიეცა 10 კალენდარული დღის ვადა შეტყობინების ჩაბარებიდან, ერთ-ერთი მოქმედების განხორციელებისთვის: სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება, დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. რესპოდენტს ასევე განემარტა, რომ თუ არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ არცერთ მოქმედებას - დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემოდა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
რესპონდენტ ი-------------–-–---–ისთვის მისამართზე, გურჯაანი, ს. ჩ--–------ი 2018 წლის 31 მარტს და 2018 წლის 16 მაისს, ასევე მისამართზე ქ. თბილისი, თ---ა, მე-11 მ/რ, 1 კვარტ. კორპ. 2, ბინა 22, 2018 წლის 28 მარტს და 23 მაისს გადაგზავნილი შეტყობინება ადრესატს არ ჩაბარდა.
აღნიშნული შეტყობინება რესპოდენტ ი-------------–-–---–ის დედას - ი------------–-–---–ს ჩაბარდა 2018 წლის 28 მაისს, მისამართზე: გურჯაანი, ს. ჩ--–------ი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება SP1--------/3----- (ს.ფ. 98-99).
- უკუგზავნილები (ს.ფ. 100-106);
4.1.3. 2018 წლის 13 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ №SP1--------/4----- ბრძანება, რომლის თანახმადაც, ი-------------–-–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა 3852.23 ლარის ოდენობით შპს ,,მ----–---ის” მიმართ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP1--------/4----- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ ( ს.ფ. 106).
4.1.4. შპს ,,წ--------–-----------–----ის” დირექტორის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ი-------------–-–---–ი 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე, ნამდვილად მუშაობს შპს ,,წ--------–-----------–----ის’’ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მედდის დამხმარის პოზიციაზე და მორიგეობა გრაფიკით უწევს ყოველ მეოთხე დღეს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს წ--------–-----------–----ის” დირექტორის 25.09.2018წ. N/01/1-- ცნობა.
4.1.5. საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, მოსარჩელე ი-------------–-–---–ი, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ი--------------ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, თ---ის დასახლება, მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტალი, კორპუსი 2, ბინა N22.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით ახორციელებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 914 მუხლის შესაბამისად, წარმოების დაწყების საფუძველია დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამავე კანონის 917 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტები, კერძოდ იგი უნდა უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს, გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას, გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის VIII თავით. მითითებული საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად რომ მივიჩნიოთ, უპირველესად, აუცილებელია, რომ უწყება მიტანილ იქნეს ადრესატის მიერ მითითებულ მისამართზე, ანუ ძირითად მისამართზე (ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე). მეორე აუცილებელი პირობაა, რომ ადგილზე არმყოფი ადრესატის ოჯახის წევრმა (უწყების მიმღებმა) ჩაიბაროს უწყება და უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და ეს ხელმოწერით დაადასტუროს. თუ აღნიშნული პირობები დაცულია, მაშინ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ი-------------–-–---–ს გაეგზავნა აპლიკაციის ფორმაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე - გურჯაანი, ს. ჩ--–------ი, რომელიც 2018 წლის 28 მაისს ჩაიბარა მოსარჩელის დედამ. აღნიშნული სადავოდ არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შპს ”მ----–---ის” მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებაში მითითებულია ი-------------–-–---–ის ფაქტობრივი მისამართი - თბილისი, თ---ა მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტ. კორპ. 2, ბინა 22. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის კრედიტორის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ი-------------–-–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი, თ---ა მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტ, მე-2 კორპ. ბინა 22 წარმოადგენდა, თუმცა შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ მოსარჩელეს ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას არ ჩაბარებია.
საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადება ასევე ცხადყოფს, რომ ი-------------–-–---–ი ოჯახთან ერთად წლების განმავლობაში ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, თ---ის დას. მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტალი, კორპ. 2, ბინა 22. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 1 აგვისტოდან მუშაობს შპს ”წ--------–-----------–----აში”. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-------------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, თ---ის დას. მე-11 მ/რ, 1-ლი კვარტალი, კორპ. 2, ბინა 22. შესაბამისად, სხვა მისამართზე დედისთვის შეტყობინების ჩაბარება, ვერ ჩაითვლება მოსარჩელესთან მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრისათვის კორესპონდენციის ჩაბარებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 მარტის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება №SP1--------/3----- ჩაბარდა პირს, რომელიც არ წარმოადგენს ადრესატთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წვერს. ამდენად, მისთვის ჩაბარებული კორესპონდენცია ვერ ჩაითვლება კანონით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის ჩაბარებულად, რაც უდავოდ წარმოადგენს გამარტივებული წარმოებისათვის დადგენილი პროცედურის დარღვევას.
სასამართლო მიუთითებს ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. ამავე კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის სრულ ოდენობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-------------–-–---–ის მიმართ მიმდინარე გამარტივებული წარმოების პროცესში ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცედურის დარღვევას, ამ დარღვევის გათვალისწინებით მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რაც უდავოდ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP1--------/4----- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ი-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP1--------/4----- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
3. მოპასუხე აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე - ი-------------–-–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია