გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.10.2018
საქმის ნომერი
330210018002584108
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/23765-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’

წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი

მოპასუხე - ე-----–-----ი

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაეკისროს მოპასუხე ე-----–-----ს მოსარჩელე შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’-ს სასარგებლოდ 5 097 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’-ს მიერ განხორციელებულ იქნა სამედიცინო მომსახურება პაციენტ ი--------–-----ის მიმართ, რომლის თანახმად, პაციენტს ან პაციენტის წარმომადგენელს კლინიკისათვის უნდა გადაეხადა მომსახურების თანხა.

 

მოსარჩელეს და პაციენტის წარმომადგენელ ე-----–-----ს შორის 2015 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა ხელწერილი ვალის აღიარების და გადახდის განსაზღვრის თაობაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარემ იკისრა კლინიკის მიმართ არსებული დავალიანების - 5 097 ლარის გადახდა 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით. მოპასუხის მიერ დღემდე არ არის შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ვალის აღიარების ხელწერილით გათვალისწინებული თანხა 5 097 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მისი შვილი ი--------–-----ი იყო ონკოლოგიური ავადმყოფი, ჰქონდა ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. 2015 წლის 01 ოქტომბერს იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’ საავადმყოფოში, სადაც რეანიმაციაში იმყოფებოდა 2015 წლის 17 ნოემბრამდე. მოპასუხის განმარტებით, კლინიკიდან ი--------–-----ი გამოწერეს 2015 წლის 17 ნოემბერს, ვინაიდან დამძიმებული მდგომარეობის გამო მას ექიმებმა ურჩიეს შვილის სახლში გადაყვანა. ამ დროს მას განუმარტეს, რომ ხელი უნდა მოეწერა საავადმყოფოდან გაწერის საბუთზე და ამასთანავე ხელი მოაწერა რამდენიმე დოკუმენტს, რომელთა შინაარსსაც შექმნილი მდგომარეობის და ასევე იმის გამო რომ არ იცის ქართული ენა, იგი არ გასცნობია. მისი შვილი ი--------–-----ი გარდაიცვალა 2015 წლის 26 ნოემბერს. ვალის აღიარების ხელშეკრულების და გადახდის ვადის განსაზღვრის შესახებ კი მისთვის მხოლოდ სარჩელიდან გახდა ცნობილი. მოპასუხის განმარტებით, მას ასევე ეუბნებოდნენ, რომ როგორც ონკოლოგიური პაციენტისათვის, მისი შვილის მკურნალობა იყო უფასო და მისი მკურნალობა ფინანსდებოდა სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’-ში სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტ ი--------–-----ს, რომელიც კლინიკაში მოთავსებული იყო დიაგნოზით - ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტი კლინიკაში განთავსდა 2017 წლის 01 ოქტომბერს. პაციენტი კლინიკაში მიიყვანა 112-ის სამსახურმა, საკაცით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 14);

- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი (სფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2015 წლის 17 ნოემბერს ირ--- მე–------ გაეწერა კლინიკიდან. იმავე დღეს, 2015 წლის 17 ნოემბერს შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’-სა და ე-----–-----ს, როგორც პაციენტ ი--------–-----ის მშობელს, შორის დიადო ვალის აღიარების და გადახდის ვადის განსაზღვრის თაობაზე ხელწერილი. აღნიშნული ხელწერილის თანახმად, ემა მაეცოიანმა აღიარა, რომ მას მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 5 097 ლარის ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ში’’ 2015 წლის 01 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მის შვილზე გაწეული სამედიცინო მომსახურეობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ს.ფ. 14);

- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2015 წლის 26 ნოემბერს ი--------–-----ი გარდაიცვალა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (სფ. 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს არსებობს თუ არა მითითებული ნორმის რომელიმე ელემენტი, რომელიც შესაძლოა გახდეს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს გარიგების დადების უზოგადეს წესს და ადგენს, რომ გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ (სსკ-ის 50მ.).

 

ამდენად, ნების გამოვლენა - გარიგების ნამდვილობის აუცილებელი ელემენტია, რაც იმას ნიშნავს რომ სახელშეკრულებო პირობათა სავალდებულოობა მხარეთა ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების, თავისუფალი ნების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. თავის მხრივ, ნების გამოვლენის ნამდვილობას, სამი ელემენტი განაპირობებს: ნება, მის გამოვლენა და მათი ურთიერთშესაბამისობა. ამ სამი ელემენტიდან ერთ-ერთის არარსებობა (ხარვეზი) ნების გამოვლენის არარსებობას ან არანამდვილობას იწვევს.

 

სწორედ ნების თავისუფლება, მისი შესაბამისობა ინდივიდის შინაგან მოთხოვნილებებთან და რეალიზების შესაძლებლობები განსაზღვრავს მხარეთა თანასწორობას ურთიერთობაში. ნებისმიერი ზემოქმედება ნების ფორმირებაზე სახელშეკრულებო მოლაპარაკების ნაკლად აღიქმება. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ხელშეკრულების დადების ფორმალური, ხოლო სხვა შემთხვევაში - პროცედურული წესების დარღვევა. სამართლებრივი შედეგის წარმოშობა შესაძლოა დაუშვებელი იყოს გარიგების შინაარსის, მისი დადების გარემოებების, ნების გამოვლენის ფორმის, ნების ნაკლისა და მისი გამოვლენის ხარვეზების გამო, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პიროვნების გაცნობიერებულ ან უნებლიე მოქმედებას. უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება არჩევანის თავისუფლება და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რაც გამომდინარეობს პიროვნების თავისუფალი განვითარების, კერძო ავტონომიისა და თვითგამორკვევის უფლებებიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა განმარტებების ერთობლიობაში შეფასების და მათი გონივრული ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია, მოპასუხე ე-----–-----ი ხელწერილზე ხელმომწერი პირია, მაგრამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ უნდა შეფასდეს როგორც მისი გამოხატული ნამდვილი, სამართლებრივად ვარგისი ნება მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ცხადია, სასამართლო ზოგადად იზიარებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობას სამოქალაქო სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის ჭრილში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა ვითარება, როდესაც გარიგება დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე ზეგავლენის ბოროტად გამოყენებით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მითითებით მის მიერ სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა არ გულისხმობდა მისი შინაარსის აღქმას, ვინაიდან, მას სათანადოდ არ ესმის ქართული ენა. მართალია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მოპასუხის მიერ ქართული ენის ცოდნის დონე, თუმცა უდავოა, რომ საქმის განხილვაში იგი თარჯიმნის დახმარებით იღებდა მონაწილეობას, ასევე უმთავრესია ის გარემოება რომ თავად სადავო ხელწერილზე მოპასუხეს ხელი არ აქვს მოწერილი ქართულად (ხელმოწერა შესრულებულია უცხოურ ენაზე), რაც დამატებითი გონივრული ეჭვის საფუძველს ბადებს იმის თაობაზე, რომ შეთანხმების წაკითხვითაც კი მას ბოლომდე შეიძლებოდა ვერ აღექვა მისი შინაარსი. სასამართლო აღნიშნული მსჯელობით არ ადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს უდავოდ არ შეეძლო გარიგების შინაარსის გაგება, თუმცა მიაჩნია, რომ მის მიერ მხოლოდ სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა არ გამოხატავს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ მიდრეკილ რეალურ ნებას.

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ვითარება, რომელშიც მოხდა მხარეთა შეთანხმება გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების შესახებ. არ არის სადავო რომ ხელწერილი დაიდო პაციენტის კლინიკიდან გაწერის დღეს, როდესაც მოსარჩელის შვილი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ხოლო გაწერის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ დავალიანების აღიარება იყო. ფაქტობრივად მოპასუხეს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ დასთანხმებოდა ვალის აღიარებას. ამ პირობებში გარიგების დადება სასამართლოს მიერ ვერ იქნება შეფასებული, როგორც მოპასუხის ინფორმირებული თანხმობა ხელშეკრულების პირობებზე ანდა ნების გამოვლენა, რომელიც მიმართული იყო ნამდვილი სამართლებრივი შედეგის წარმოშობისაკენ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არათანაბარი ძალაუფლების პირობებში გარიგების დადებისას ხელშეკრულების თავისუფლება ეჭვსქვეშ დგება, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვა სუსტდება. ურთიერთობის სუსტ მხარეს აღარ მოეთხოვება ისეთი პირობის დაცვის ვალდებულება, რომელიც არ გამომდინარეობს მისი თავისუფალი ნებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 152.91 ლარი (ს.ფ. 24), რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ა-----–-----------–--------–----–--------ი’’-ს სარჩელი ე-----–-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწფიო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია