გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2018
საქმის ნომერი
330310018002509502
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3910-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

26 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი თამთა კაკიაშვილი, ბეჟან ნემსაძე

მოსარჩელე - ქ-------------–-–---–ი

წარმომადგენელი - იზ--------–----–--ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

მესამე პირი- შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ი’’

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილება ქ-------------–-–---–ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის’’ მიერ, 2012 წელს ქ-------------–-–---–ის სახელზე გაცემული, ბაკალავრის MMCTU №0----- დიპლომის (დანართის) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქე---------------–---–ი 1992-1995 სწავლობდა თბილისის იურიდიულ პედაგოგიურ კოლეჯში. დაამთავრა საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სრული კურსი პროფესიით სამართალმცოდნე. სახელმწიფო საგამოცდო საატესტაციო კომისიის 1995 წლის 2---ვნისის გადაწყვეტილებით მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

– დიპლომი (სარეგისტრაციო N---. დუბლიკატი) და ამონაწერი სემესტრული საგამოცდო უწყისებიდან (ს.ფ.18-23)

 

3.2 ქ-------------–-–---–ს შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის“ მიერ 2011 წლის 08 სექტემბრის N11/37 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ალადემიური ხარისხი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ბაკალავრის დიპლომი (სარეგისტრაციო N 299) ს.ფ 41

-შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის“ მიერ გაცემული MMCTU N------ დიპლომის დანართი ს.ფ 42-46

 

3.3 ქ-------------–-–---–მა 2018 წლის 26 თებერვალს სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N2----- განცხადებით შპს ,,მ-------------–-----------------------–----- უნივერსიტეტის’’ მიერ 2012 წელს გაცემული ბაკალავრის MMCTU 0----- დიპლომის (დანართი) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე 2018 წლის 23 მარტის MES 4------------ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის განცხადებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ქ-------------–-–---–ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგარძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვა MES 0 18 002----- და თანდართული დოკუმენტები(ს.ფ.124-130)

- 2018 წლის 28 თებერვლის სამსახურეობრივი ბარათი MES 5 18 00227619 (ს.ფ 131-132)

- 2018 წლის 07 მარტის სამსახურეობრივი ბარათი MES 5 18 00269460 (ს.ფ. 133-134)

- სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენრტის 2018 წლის 23 მარტის MES 4------------ (ს.ფ 47-50)

 

3.4 ქ-------------–-–---–მა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 03 და 16 აპრილს მიმართა N378892 და N423566 განცხადებებით შპს ,,მ-------------–-----------------------–----- უნივერსიტეტის“ მიერ 2011 წელს ქე---------------–---–ის სახელზე გაცემული ბაკალავრის MMCTU N000103 დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილებით ქ-------------–-–---–ს უარი ეთქვა განცახადებების განხილვაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვა MES 5 18 00378892 და თანდართული დოკუმენტები(ს.ფ139-169)

-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვა MES 4 18 00423566 (ს.ფ. 170-190)

-სსიპ-განათლების ხარისხის განვიტარების ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილება (ს.ფ.51-52)

 

3.5 შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 29 სექტემბრის N08/49 ბრძანებით ქ----------------–---–ი ჩაირიცხა შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 29 სექტემბრის N08/49 ბრძანება (ს.ფ.55-58)

 

3.6 შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2009 წლის 20 ივლისის N09/25 ბრძანებით ქ----------------–---–ი გადაყვანილ იქნა შპს ,,მ-------------–-----------------------–----- უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2008 წლის 20 ივლისის N09/25 ბრძანება (ს.ფ.59-61)

 

3.7 შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2010 წლის 11 ივლისის N10/19 ბრძანებით ქ----------------–---–ს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს,, მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ რექტორის 2010 წლის 11 ივლისის N10/19 ბრძანება (ს.ფ.62-68)

 

3.8. შპს ,,მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ 2011 წლის 08 სექტემბრის N11/37 ბრძანებით ქ-------------–-–---–ის (ყოფილი ქ----------------–---–ი) სახელზე გაიცა დიპლომის დუბლიკატი გვარის შეცვლის გამო.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

– შპს ,,მ-------------–-----------------------–----- ინსტიტუტის“ მიერ 2011 წლისს 08 სექტემბერს გაცემული N11/37 ბრძანება (ს.ფ. 69-70)

– 2011 წლის 19 ოქტომბერის ცნობა (ს.ფ. 71)

 

3.9 სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2011 წლის 21 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელე ქ-------------–-–---–მა შეიცვალა გვარი და რევაზიშვილის ნაცვლად გახდა აბულაშვილი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დაბადების მოწმობა N 3-----

-დაბადების მოწმობა N------

 

3.10. მოსარჩელე ქ-------------–-–---–ი ეწევა იურიდიულ საქმიანობას. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები საერთო სპეციალიზაციით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ გაცემული სერტიფიკატი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების თაობაზე(ს.ფ 85)

- სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის“ , ადამინის უფლებათა ევროპული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატები (ს.ფ 86;93-103)

-სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მიერ გაცემული N----- ცნობა (ს.ფ 87)

-ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გაცემული N07/875 ცნობა (ს.ფ 88)

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა MIA 4 18 01445736

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ-------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), მე-5 მუხლის თანახმად კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქემდი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად: საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). 2. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილებაში მოსარჩელის განცხადებების განხილვაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებებს, რომ განმცხადებლის მიერ არ არის წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა (მტკიცებულებათა) არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოპასუხე აქვე განმარტავს, რომ გაცხადებით წარდგენილი ახალი მტკიცებულებები არ ცვლის ფაქტობრივ გარემოებებს შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის“ მიერ გაცემული MMCTU N------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში შესწავლილ უნდა იქნეს ასევე მოსარჩელისათვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის მატერიალური კანონიერებაც. ქ-------------–-–---–ის მიმართ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარი მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით, ქ-------------–-–---–ს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე. შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე 2012 წელს გაცემული ბაკალავრის N M---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე ამბობს უარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ”ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

 

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (უნივერსიტეტში ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს. მეორე პუნქტით დადგენილი იყო, რომ სახელმწიფო აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს.

 

მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხოლო მეორე პუნქტით გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ შეიძლება იყოს ოთხი სახის: ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ; ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ გავლილი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება ამ გადაწყვეტილების მიღებისას მიმდინარე სასწავლო წელს და მის შემდგომ სასწავლო წელს

 

მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლის შესაბამის პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კვალიფიკაციების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტზე (ჩარიცხვის დროს მოქმედი), რომლითაც დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. მესამე პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალა აკრედიტებულად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 03 ივლისს შპს ,,ბი---–---------------–---------------–------ ინსტიტუტზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/873 ლიცენზია. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, შპს ,,ბი---–---------------–---------------–------“ ინსტიტუტის მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის N2-19/155 გადაწყვეტილებით შპს ,,ბი---–---------------–---------------–------ ინსტიტუტს“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით შევიდა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ შპს ,,ბი---–---------------–---------------–------ ინსტიტუტს“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,მარკეტინგისა და საკურორტო ტურიზმის ინსტიტუტი“, 2008 წლის 13 თებერვალს აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს ,,მ-------------–-----------------------–----- ინსიტუტი“, ხოლო 2010 წლის 2---ვნისიდან ეწოდება შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ი“. აღნიშნულმა იურიდიულმა პირდა 2014 წლიდან შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა.

 

ქ-------------–-–---–ს შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის“ მიერ 2011 წლის 08 სექტემბრის N11/37 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სსიპ -შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები, რომლის შედეგად ქ-------------–-–---–ი არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელე შპს ,, მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის -2008 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულ გამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი განათლების ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და უგზავნის სიებს შესაბამის ფაკულტეტებს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტით კი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე 2008 წელს ჩაირიცხა შპს ,,მ-------------–-----------------------–---------–---–------------------ის“ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსზე, ისე რომ გავლილი არ ჰქონდა პირველი და მეორე კურსი., ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მრკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ფაქტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლომ იმსჯელა ბაკალავრის MMCTU N------ დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოს, საზოგადოების და სხვა პირთა კანონიერი უფლებისა და ინტერესების დარღვევად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დადგენილი წესის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხა საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამასთან მოსარჩელეს არ გაუვლია ბაკალავრიატის საფეხურისთვის დადგენილი ოთხ წლიანი(რვა სემესტრი) სწავლება. საგანმანათლებლო საქმიანობის რეგულირებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვებისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებას, მესამე პირებს გააჩნიათ მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირებისათვის, ასევე აკრედიტაციის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობს სახელმწიფო და მსგავს დიპლომს არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიდან - დიპლომიდან.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად მოსარჩელის სახელზე გაცემულია დიპლომი და მას მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია. მოსარჩელე ახორციელებს მისი კვალიფიკაციის შესაბამის საქმიანობას, რაც არღვევს სხვა პირთა (პირები, რომლებიც აკრედიტირებული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, რომლებმაც სწავლა დაასრულეს სახელმწიფოს მხრიდან დიპლომის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება. პირები, რომელთაც არ მიეცათ სახელწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი ან არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესწავლათ საგანმანათლებლო პროგრამებზე.) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში განმტკიცებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელისთვის დიპლომის აღიარება გამოიწვევა მნიშვნელოვნად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის თვითნებურად თანასწორ მოპყრობას და თანაბარი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს ,,მ-------------–-----------------------–----- სასწავლო ინსტიტუტის“ მიერ, 2012 წელს ქ-------------–-–---–ის სახელზე გაცემული, ბაკალავრის MMCTU №----- დიპლომის ნამდვილობის აღიარების საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 26 აპრილის MES 9------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი