გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
120210018002544528
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2544528-2/572-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–-ა

მოპასუხე - რ----–- გ--–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე)

დ--–- თ-----–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. რ----– გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს, 2014 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების – 3148.01 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 1262.66 აშშ დოლარი, პროცენტი – 311.92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1573.43 აშშ დოლარი.

 

1.2. რ----– გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს 2014 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი (სარგებელი) ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 12 ივლისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.62 (ნული აშშ დოლარი და 62 ცენტი) აშშ დოლარი (წლიური 18% = 227.27 აშშ დოლარი).

 

1.3. რ----– გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს, 2014 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა, ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან (2018 წლის 12 ივლისიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.25 (ნული აშშ დოლარი და 25 ცენტი) აშშ დოლარი (ყოველდღიური ძირი თანხის 0.02%).

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

სს „ს----------–--------სა“ და რ----– გ--–-–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №1472048, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 2121 აშშ დოლარი, წლიური 18%–ის დარიცხვით. კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ს----------–--------ს“ და დ--–- თ-----–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, თავდებმა - დ--–- თ-----–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 4242 აშშ დოლარი;

 

სს "ს----------–--------ის" მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად – კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის-საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

კრედიტით სარგელობის პერიოდში მსესხეებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2015 წლის 17 აგვისტოს შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

რ----– გ--–-–---–ი და დ--–- თ-----–---–ი მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 3148.01 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1262.66 აშშ დოლარი, პროცენტი -311.92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1573.43 აშშ დოლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის წლიური 18% და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული

თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო (საბანკო) ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე დ--–- თ-----–---–მა სარჩელი არ ცნო.

2.2. მოპასუხე რ----– გ--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „ს----------–--------სა“ და რ----– გ--–-–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №1472048, რომლის მიხედვითაც რ----–- გ--–-–---–ზე გაიცა სესხი 2121 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 18%–ის დარიცხვით. კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დ--–- თ-----–---–მა სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4242 აშშ დოლარით.

 

3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ----–- გ--–-–---–ის 20.02.2014წ. განაცხადი სესხზე;

- 20.02.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1472048

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- დ--–- თ-----–---–ის 20.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 20.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება N1472048-01;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება სს „ს----------–--------ის“ მიმართ 2014 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს – 3148.01 აშშ დოლასი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 1262.66 აშშ დოლარი, პროცენტი – 311.92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 1573.43 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ----–- გ--–-–---–ის 20.02.2014წ. განაცხადი სესხზე;

- 20.02.2014წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1472048

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- დ--–- თ-----–---–ის 20.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 20.02.2014წ. თავდებობის ხელშეკრულება N1472048-01;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და რ----– გ--–-–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - რ----–- გ--–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და რ----– გ--–-–---–ს) შორის გაფორმებული 2014 წლის 20 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა რ----– გ--–-–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 1262.66 აშშ დოლარი. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 311.92 აშშ დოლარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 311,92 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო 5-ჯერ და განისაზღვროს 314.68 აშშ დოლარით.

 

სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2018 წლის 12 ივლისის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პროცენტი 0.2%, სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2018 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 0.126 აშშ დოლარით (0.01%).

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და რ----–- გ--–-–---–ს შორის 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ დ--–- თ-----–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - დ--–- თ-----–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 4242 აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკსირება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 20 თებერვლის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ოდენობით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხებისათვის სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 2014 წლის 20 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე 1262.66 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდის სოლიდარულად დაკისრებას რაც ყოველთვიურად შეადგენს 0.62 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე საბანკო დაწესებულება გვევლინება, რომლის როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესი, კრედიტის გაცემა და ამით გარკვეული მოგების მიღებაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება როგორც წესი მხოლოდ სასყიდლიანი ფორმით არსებობს ( სამოქალაქო კოდექსის 867–ე მუხლი). ამდენად, საბანკო დაწესებულების მხრიდან ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. უფრო მეტიც, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში შემოსავალში შეიძლება ვიგულისხმოთ საპროცენტო განაკვეთი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. აღნიშნულთან მიმართებით საყურადღებოა თუ რა ჩაითვლება მოუღებელ შემოსავლად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 872–ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი კი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მოუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისთვის თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი. (იხ. თბლისის სააპელაციო სასმართლოს 07.06.2017 წლის №2ბ/840-17 გადაწყვეტილება)

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1262.66 აშშ დოლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18%-ის სარგებლის გადახდა რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.62 აშშ დოლარს.

 

7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 20 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულების 5.2. მუხლში, ასევე თავდებობის ხელშეკრულების 11.2 მუხლში მითითებულია: მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 300.63 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 300.63 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე რ----– გ--–-–---–ს (პ/ნ 1----------) და დ--–- თ-----–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 20.02.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 1889.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1262.66 აშშ დოლარი, პროცენტი - 311.92 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 314.68 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხე რ----– გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 20.02.2014წ. საკრდიტო ხელშეკრულებიადან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.62 აშშ დოლარი.

 

1.3. მოპასუხე რ----– გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 20.02.2014წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან - 2018 წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 0.126 აშშ დოლარი (0.01%).

 

ამასთან, თავდების დ--–- თ-----–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს - 4242 აშშ დოლარით.

 

2. მოპასუხე რ----–- გ--–-–---–ს და დ--–- თ-----–---–ს მოსარჩელე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 300.63 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი