გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2018
საქმის ნომერი
330310018002268904
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/418-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: მ------ ზ----- (პ/ნ 6----------);

წარმომადგენელი: თ---------------–---–-;

მოპასუხე: საქართველოს მთავარი პროკურატურა;

წარმომადგენელი: ნ--------------–---;

მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოსარჩელე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მ------ ზ----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ უკანონო მსჯავრდების გამო დაეკისროს მატერიალური ზარალის ანაზღაურება 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის), ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურება 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

 

(დაზუსტებული სარჩელი - იხ. ს ფ. 71-93).

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

2.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, სარჩელი არ სცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.1. მესამე პირის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სასამართლო სასამართლო სხდომაზე არ გამცხადდა (სასამართლო უწყბა ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინების (საქმე N--------) თანახმად, ბრალდებული მ------ ზ-----, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე გადაყენებული იქნა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–-- მეთაურის (მ--------------------------ს) თანამდებობიდან.

 

3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თანახმად, ბრალდებული მ------ ზ----ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა და პატიმრობის ვადის აითვალა მისი დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 06 ოქტომბრის 22:26 საათიდან.

 

3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენით (საქმე N---------) დამტკიცდა პროკურორ ... და ბრალდებულ მ------ ზ-----ს შორის 2012 წლის 28 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება, მხარეთა თანხმობით შეტანილი ცვლილებებით. მ------ ზ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს ს-კ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებაში. საქართველოს ს-კ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და მ------ ზ-----ს საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რაც საქართველოს ს-კ 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაითავალ პირობითად 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მ------ ზ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2011 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან. მ------ ზ-----ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაითვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2011 წლის 06 ოქტომბრიდან 2012 წლის 01 მარტის ჩათვლით.

 

3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენის (საქმე N-----------) თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის ... შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი. მ------ ზ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი დამე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში. განემარტა, რომ გამართლებულს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 15 მაისის N----- ბრძანების თანახმად, ს----------–----–-------------–-----–-----------–----------------------–-----------------------------------------------------–------------------------------------------------ მ------ ი------- ძე ზ-----ს, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N3926 ბრძანებით შეჩერებული ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა, აღუდგა სამსახურეობრივი ურთიერთობა და შეუდგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 09.10.2011 წლის განჩინება (იხ.ს.ფ.161-162);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.10. 2011 წლის განჩინება. (იხ.ს.ფ. 163-165);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

01.03.2012 წლის განაჩენი (საქმე N---------). (იხ. ს. ფ. 28-31);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

01.11.2017 წლის განაჩენი (საქმე N-----------). (იხ. ს. ფ. 32-42);

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.05. 2012 წლის ბრძანება N-----. (იხ. ს.ფ. 166).

 

3.6. ს- ,------------–------------ 2013 წლის 19 სექტემბრის N------ ცნობის თანახმად, 2012 წლის 27 თებერვალს, მ------ ზ-----ს (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ, ნამდვილად არის გადახდილი 3000 ლარი ს-იპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე .... პროკურატურის თანხა, ნომერი ..., გადახდის კოდი ...

 

3.7. საქართველოს იუსტიციი სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07.2018 წლის წერილით (K----------------) მ------ ზ-----ს, მისივე მიმართვის პასუხად, სადაც იგი ითხოვდა 2012 წლის 01 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის 3000 ლარის დაბრუნებას, ეცნობა, რომ აღნიშნული თანხის დაბრუნებისთვის მას უნდა წარედგინა შესაბამისი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, რომ მას უნდა დაუბრუნდე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან.

 

3.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13.07.2018 წლის M---------------- ცნობის თანახმად, წ-----------------------------------–------------–----------------------------–-------------–--------------------------–---------–-----------------–------–------------------------------------- 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 მაისამდე, როდესაც შეჩერებული ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა ს-----–----------------------–------------------------------------------------------–-- მეთაურის თანამდებობაზე, მისი დარიცხული ფულადი ანაზღაურება აღნიშნული პერიოდის სახელფასო უწყისების შესაბამისად სულ შეადგენდა 17311,18 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს- ,, საქართველოს ბანკი-ს " 19.09.2013 წლის N------ ცნობა. (იხ. ს. ფ. 44);

- საქართველოს იუსტიციი სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და

გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07. 2018 წლის- წერილი. (იხ. ს. ფ 156);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო

თავდაცვის სარდლობის 13.07.2018 წლის M---------------- ცნობა. (იხ.ს.ფ. 158-159);

 

3.9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 27 აგვისტოს N--- ბრძანების თანახმად, მ------ ი------- ძე ზ----- 2011 წლის 12 ოქტომბრიდან 2012 წლის 11 ივლისამდე მივლინებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სამხედრო განათლების პროგრამის ფარგლებში.

 

3.10. საქმეში წარმოდგენილია მ------ ზ----ის ჯილდოები, კერძოდ: საქართველოს შეიარაღებული ძალ;ების 22.11.2017 წლის საპატიო სიგელი, მედალი ,,სამშოლოსათვის თავდადებული" (10.07.2017წ), მედალი ,,გენერალი კვინიტაძე" (30.12.2017წ.), ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის" I, II, III ხარისხის ორდენები (08.06.2013წ, 05.05.2010წ, 30.04.2008წ). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.09.2017 წლის ბრძანებით მ------ ზ-----, დაილოდოვებულია იარაღით. მასვე გამოცხადებული აქვს მადლობები და მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში ( წარმოდგენილია სერტიფიკატები). არის შპს ,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი-ს" დოქტორანტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 27.08.2011 წლის ბრძანება N---. (იხ.ს.ფ. 50);

- საქმის მასალები ( იხ. ს. ფ. 55-64).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

6.2. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

6.4 საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

6.5. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.

 

6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წეს- ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

6.9. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

6.10. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 01 მარტის განაჩენი (საქმე N---------), გაუქმდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 01 ნოემბრის განაჩენით (საქმე N-----------), მ------ ზ----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.

სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლის-ამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

 

6.11. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი.

 

6.12. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413.1. მუხლზე და განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე მ------ ზ-----ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარი;

 

6.13. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წინამდებარე საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ს- ,------------–------------ 19.09.2013 წლის N------ ცნობით, საქართველოს იუსტიციი სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 24.07. 2018 წლის წერილით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის 13.07.2018 წლის M---------------- ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.03.2012 წლის განაჩენით (საქმე N---------) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 01.11 2017 წლის განაჩენით (საქმე N-----------), დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მ------ ზ-----ს მიადგა მატერიალური ზიანი 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით (დამატებითი სასჯელი, ჯარიმის სახით გადახდილი თანხა - 3 000 (სამი ათასი) ლარი და 07.10. 2011 წლიდან 15.05. 2012 წლამდე პერიოდში სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების გამო მიუღებელი ხელფასი 17311,18 (ჩვიდმეტი ათას სამას ~თერთმეტი ლარი და თვრამეტი თეთრი) ლარი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მ------ ზ-----ს სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მოსარჩელე მ------ ზ-----ს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მატერიალური ზიანი, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ------ ზ----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამ კოდექსის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელე მ------ ზ-----ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1050 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარი. ამრიგად, მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მ------ ზ-----ს სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1050 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ ზ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მ------ ზ-----ს სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ანაზღაურება;

3. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მ------ ზ-----ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 20 311.18 (ოცი ათას სამას თერთმეტი ლარის და თვრამეტი თეთრის) ლარის ანაზღაურება;

4. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე მ------ ზ----ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟს 1050 (ერთი ათას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

7. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე ლეილა მამულაშვილი