გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24099-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლ-------- კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე ნა----–ი ესი---–---–ი
წარმომადგენელი მო-------–------------–--ლი
მოპასუხე მა-----ა სა---------ი
წარმომადგენელი გუ-–----ა სა---------ი
დავის საგანი ქირის თანხის დაკისრება, კომუნალური მომსახურების ღირებულების გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. მა-----ა სა---------ს, ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ქირის დავალიანება - 3550 ლარის ოდენობით.
1.2. მა-----ა სა---------ს, ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომუნალური მომსახურების ღირებულების - 308.44 ლარის გადახდა;
1.3. მა-----ა სა---------ს ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 250 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, 2014 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელის აწ. გარდაცვლილ მეუღლეს ვლ-------- ესი---–---–ს და მა-----ა სა---------ს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, გი------ ბ--–------–-ს ქუჩა #7-ის მიმდებარედ 30 კვ.მ-ზე, ს/კ 0---------------. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გამქირავებელმა 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 20 აპრილამდე დამქირავებელს გადასცა გასაქირავებელი ფართი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა დამქირავებელს უნდა დაეწყო 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 20 აპრილამდე. შეთანხმების 3.2.5 პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებული იყო ობიექტით სარგებლობის პერიოდში გადაეხადა კომუნალური გადასახადებიც.
მოპასუხემ 2014 წლის 20 დეკემბრიდან მოპასუხე იხდიდა თვეში 200 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ მისი გაანგარიშებით სარემონტო სამუშაოებზე დახარჯა 1500 ლარი, ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, ქირის თანხას ყოველთვიურად გამოაკლდებოდა 50 ლარი მის მიერ გაწეული ხარჯის გასასტუმრებლად. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 14 თვის ქირა 2800 ლარი, 2016 წლის თებერვლის ჩათვლით. 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის აგვისტომდე მას დაკავებული ჰქონდა ფართი. შესაბამისად, მას გადასახდელი აქვს 17 თვის ქირის თანხა 4250 ლარი, თუმცა ვინაიდან 2017 წლის 20 აპრილამდე გადასახდელი ჰქონდა 200 ლარი, ხოლო 50 ლარს იტოვებდა გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად, 14 თვის გადასახდელი ქირა შეადგენს 200 ლარს, ხოლო 3 თვის თანხა 250 ლარს. მთლიანობაში მოპასუხის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 3550 ლარს. მოპასუხეს გადასახდელი აქვს კომუნალური მომსახურების თანხა 308.44 ლარი. ამასთანავე, ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია გადაიხადოს ერთი თვის ქირის ოდენობის პირგასამტეხლო.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მა-----ა სა---------მა წერილობით წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ გამქირავებელი არ აძლევდა ქირავნობის საგნით სარგებლობის საშუალებას, მიუხედავად ამისა გარკვეული პერიოდი ქირის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა. მომდევნო ეტაპზე, ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო მოსარჩელის ქმედებით. მისი განმარტებით, ქირავნობის ფართის გასაუმჯობესებლად დახარჯული აქვს დაახლოებით 6000 ლარი.
უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარეს სასარჩელო განცხადებაში აღწერილ ფაქტებთან დაკავშირებით სსსკ-ის 201-ე მუხლის 4-ე ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 12 დეკემბერს ვლ-------- ესი---–---–ს (გამქირავებელი) და მა-----ა სა---------ს (დამქირავებელი) შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამქირავებელი 2014 წლის 20 დეკემბრიდან - 2017 წლის 20 აპრილამდე გადასცემს ქირით დამქირავებელს 30 კვ.მ, უძრავ ნივთს, მდებარე ქ. თბილისი, დი------------ი, გი------ ბ--–------–-ს ქუჩა #7-ის მიმდებარედ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია #0---------------. ქონებით სარგებლობისთვის დამქირავებელი 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 20 აპრილამდე ვალდებულია გადაიხადოს 250 ლარი.
3.1.2. ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს ობიექტით სარგებლობის პერიოდში ყველა კომუნალური გადასახადი, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულება.
გარიგების 5.2 პუნქტის მიხედვით, დამქირავებლის მიერ ქირის გადახდის ვადის დარღვევისათვის გამქირავებელს უხდის პირგასამტეხლოს. ვადამდელი დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს ერთი თვის ქირის ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 16-17)
3.1.3. ვლ-------- ესი---–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 8 ივლისს. 2018 წლის 6 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად, ნა----–ი ესი---–---–მა, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან მემკვიდრეობით სრულად მიიღო სამკვიდრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ 28)
3.1.4. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქირავნობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ქირის ოდენობის (250 ლარი) მიუხედავად, მხარეებს შორის არსებული ზეპირსიტყვიერი შეთახმებიდან გამომდინარე დამქირავებელს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში უნდა გადაეხადა 200 ლარი.
ხოლო დარჩენილი 50 ლარით იქვითებოდა ქირავნობის საგანზე მოპასუხის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება, სასარჩელო განცხადება;
3.1.5. მოპასუხე ქირის თანხას 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2015 წლის 20 მაისამდე ახდენდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის თებერვლის ჩათლით საბანკო გადარიცხვებით. გადახდილი თანხების ოდენობა ჯამში შეადგენს 2800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გასავლის ორდერები (ს.ფ 17-25)
3.1.6. დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, დამქირავებელი ქირავნობის საგანს ფლობდა 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. ს-------–----- მიერ გაცემული შედარების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ #5------ აბონენტს 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გააჩნია დებიტორული დავალიანება 308.44 ლარი. აბონენტის მიმართ არსებული დავალიანება დადასტურებულია კომუნალური გადასახადის ქვითრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ 29)
- კომუნალური გადასახადის ქვითრი (ს.ფ 28)
3.1.8. სს „ლ------------------------ ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ ს-------–----- მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების საფასური (310 ლარი) გადახდილია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითარი (ს.ფ 29)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისთვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით სარჩელსა თუ შესაგებელში ჩამოყალიბებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მხარეებს.
სასამართლოს დასკვნით ქირის სრულად გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება დამქირავებელს, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მა-----ა სა---------ს, რომელმაც ფულადი ვალდებულების სრულყოფილად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ წარმოადგინა.
ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადაუხდელი ქირის მოცულობა შეადგენს 3350 ლარს.
ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 16-17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნა----–ი ესი---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 531-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოიშვა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების შესაბამისად, გამქირავებელმა 2014 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 20 აპრილამდე გადასცა დამქირავებელს 30 კვ.მ. ნივთი.
დადასტურებულია, რომ მა-----ა სა---------ი უძრავ ქონებას ფლობდა 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით და გამქირავებლის მიმართ გააჩნია 3550 ლარის ფულადი დავალიანება.
მხარეთა შეთანხმების მიხედვით, დამქირავებელი ვალდებულია გადაიხადოს ობიექტით სარგებლობის პერიოდში ყველა კომუნალური გადასახადი, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ღირებულება, ტელეფონით სარგებლობის, რომელიც არ შედის ქირაში.
განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოპასუხის მიერ გადაუხდელი ქირის მოცულობა 2016 წლის თებერვლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით შეადგენს - 3350 ლარს, ხოლო კომუნალური გადასახადების სახით არსებული დავალიანებაა 308.44 ლარი, რაც სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების წინაპირობაა.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისთვის ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას 250 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ქირავნობის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის ჩანაწერზე, რომლითაც დამქირავებლის მიერ ქირის გადახდის ვადის დარღვევისათვის გამქირავებელს უხდის პირგასამტეხლოს. ვადამდელი დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს ერთი თვის ქირის ოდენობის თანხა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით საქმესთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებანი და დადასტურებული ფაქტები წარმოადგენენ მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამავე კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 250 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს მხოლოდ - 50 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წინასწარ გაწეული სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 114 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნა----–ი ესი---–---–ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მა-----ა სა---------ს, ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ქირა - 3550 ლარი.
1.2. მა-----ა სა---------ს, ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომუნალური მომსახურების ღირებულება - 308.44 ლარი;
1.3. მა-----ა სა---------ს ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 50 ლარი.
2. ნა----–ი ესი---–---–ის სარჩელი მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს სახით - 200 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. მა-----ა სა---------ს, ნა----–ი ესი---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 114 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლ-------- კაკაბაძე