გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210310018002706791
საქმე №3/101-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 ნოემბერი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - ა--------------------;
მოპასუხე - საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისია, თავმჯდომარე ზ---------------–---–-;
წარმომადგენელი: ნ-------------–---–-;
მესამე პირები:
1.მ-----–-------- - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
2. დ-------------- - ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის
3. ვ---------------- - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
4. გ-------–---–--- - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5. შ--–---------–-–---–- - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
6. ზ-------------–---–- - საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
7. გ---------–--–---–---–- - საქართველო
8. ა-------------- - ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
9. კ----------- - თავისუფალი საქართველო
10. ო----------------- - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
11. ი-----–----------- - მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
12. დ--------------–---–- - თავისუფალი დემოკრატები
13. ზ------------------ - სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო
14.მ-----–----–---–---–- - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე
15. ზ--------–---–- - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია(ედპ)
16. თ-------–-----------–- - თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
17.გ--–-----–-–---–--საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
18.ზ-----------------ე - გირჩი
19. ლ----------- - ახალი ქრისტიან-დემოკრატები
20.ს--–--------------–---–- - დამოუკიდებელი
21.ბ-----------------–---–- - დამოუკიდებელი
22. გ------------------ - დამოუკიდებელი
23.კ----------------- დამოუკიდებელი
24. ვ-–----------------–---–- -დამოუკიდებელი
25. თ-----------–-–--–---–- - დამოუკიდებელი
არ გამოცხადდნენ
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის განკარგულება N16/2018.
1.2. დაევალოს N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა N11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N14 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული მონაცემების შეცვლა.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს მათი ორგანიზაცია ააიპ " ინოვაციების და რეფორმების ცენტრი" საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებდა დაკვირვებას არჩევნების პროცესის მიმდინარეობისას კანონით რეგლამენტირებული პროცედურების დაცვაზე, საგარეჯოს N11 საარჩევნო ოლქის სხვადასხვა უბნებზე. საგარეჯოს საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურის მიმდინარეობისას გამოვლინდა ბიულეტენი, სადაც ერთ-ერთი კანდიდატის ნომერი იყო შემოხაზული, ხოლო მეორე კანდიდატის აღმნიშვნელ ნომერთან დატანილი იყო სიმბოლური ნიშანი.
საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ბიულეტენი მიიჩნია საეჭვოდ და მიუხედავად დამკვირვებლის ახსნისა, რომ დატანილი სიმბოლიკა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უხამსობად და არა ბათილობის საფუძვლად, საუბნო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით აღნიშნული საეჭვო ბიულეტინი ბათილად ცნო.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიაში, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიაში. საჩივარში აღინიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენი შეიძლება მიჩნეულ იქნას ბათილად მხოლოდ ამავე ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას. მოცემულ შემთხვევაში კი არცერთი ამათგანი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრით მოთხოვილ იქნა საუბნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 21-ე მუხლის „ ე “ ქვეპუნქტი. მოსარჩელე მხარის განმატებით N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 წლის განკარგულება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ არის უკანონო, რაც წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 წლის განკარგულება მიღებულია საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. მოპასუხემ განმარტა, რომ საეჭვო ბიულეტინებთან დაკავშირებით, როდესაც წყდება მისი ნამდვილობის ან ბათილად ცნობის საკითხი, საუბნო კომისიას გააჩნია სრული დისკრეცია და გადაწყვეტილებას კომისიის წევრები ღებულობს ხმათა უმრავლესობით. საუბნო კომისიამ ჩაატარა საარჩევნო კანონით განსაზღვრული პროცედურები და მიიღო კოლექტიური გადაწყვეტილება. სადავო ბიულეტინზე ამომრჩევლის მიერ გაკეთებული იყო ორი აღნიშვნა და ამომრჩევლის ნამდვილი ნების დადგენა ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო, რის გამოც ეს ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ კანონიერად ჩათვალა.
სარჩელის მოთხოვნაა №14 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლა, რომლის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შემოტანის უფლება ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის ” 78-ე მუხლის 20-ე პუნქტის თანახმად გააჩნია დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. ამრიგად მოსარჩელე ა-------------------ს არაუფლებამოსილი პირია, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია;
2.2 მესამე პირებმა შესაგებელები არ წარმოადგინეს და არ გამოცხადნენ სასამართლო სხდომაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საყოველთაოდ ცნობილია ფაქტია, რომ 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის სიღნაღის რაიონში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N9944 თანახმად ა-------------------ს მინიჭებული აქვს „ ინოვაციების და რეფორმების “ ცენტრის დამკვირვებლის სტატუსი N11 საგარეჯოს ოლქის ყველა დონის შესაბამის კომისიაში. სასამართლო სხდომაზე ასევე დადგენილი იქნა, რომ ა-------------------ს არ გააჩნია „ ინოვაციების და რეფორმების “ ცენტრის მიერ გაცემული მინდობილობა სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ააიპ „ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის " სახელით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა N9944 ;
-მხარეთა განმარტებები;
3.2.2. საგარეჯოს N11 საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურის მიმდინარეობისასა გამოვლინდა ერთი ბიულეტენი, სადაც ერთ-ერთი კანდიდატის ნომერი N5 იყო შემოხაზული, ხოლო მეორე კანდიდატის N48 აღმნიშვნელ ნომერთან გაკეთებული იყო მინახატი, რის გამოც N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა დასახელებული საეჭვო ბიულეტენის შესახებ და რადგან ბიულეტენზე იყო გაკეთებული ორი მონიშვნა და კომისიის წევრების უმრავლესობის აზრით ცალსახად ვერ ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება, საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება ამ ბიულეტენის ბათილად მიჩნევის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N11 საგარეჯოს საოლქო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 განკარგულება;
-მხარეთა განმარტებები;
3.2.3. 2018 წლის 30 ოქტომბერს, N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიას ააიპ "ინოვაციების და რეფორმების ცენტრის " დამკვირვებელმა ა-------------------მა, მიმართა საჩივრით (საოლქო რეგ. N442 საუბნო კომისიას და მოითხოვა ბათილად ცნობილი ბიულეტენის ამორიცხვა ბათილი ბიულეტენებიდან და ხმის ჩათვლა N5-ი კანდიდატის სასარგებლოდ.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია N11 საგარეჯოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 განკარგულებით ააიპ „ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის" დამკვირვებელ ა--------------------ს საჩივარი (საოლქო რეგ. N422) არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-N11 საგარეჯოს საოლქო კომისიის თავჯდომარის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 განკარგულება.
-საჩივარი (საოლქო რეგ. N422).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული საგარეჯოს N11 საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის განკარგულება N16/2018 წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და მოსარჩელე ასაჩივრებს ამ აქტის კანონიერებას.
საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის “ 21-ე მუხლის თანახმად საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია:
ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას;
ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;
გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;
დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე.
ამავე კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;
დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;
ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;
ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილების თანახმად: ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
დადგენილია, რომ საგარეჯოს N11 საარჩევნო ოლქის N14 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურის მიმდინარეობისას გამოვლინდა ერთი ბიულეტენი, სადაც ერთ-ერთი კანდიდატის ნომერი N5 ამომრჩევლის მიერ იყო შემოხაზული, ხოლო მეორე კანდიდატის N48 აღმნიშვნელ ნომერთან გაკეთებულია მინახატი, აღნიშნულის გამო N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საეჭვო ბიულეტენი მიიჩნია ბათილ ბიულეტენად, რადგან ბიულეტენზე ფიქსირდებოდა ორი მონიშვნა, რის გამოც ნათლად ვერ დგინდებოდა ამომრჩევლის ნება თუ რომელ კანდიდატს მისცა ხმა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ბიულეტენზე ამომრჩევლის მიერ გაკეთებული ორი ნომრის მონიშვნა იწვევს გაურკვევლობას მისი არჩევანის შესახებ და შეიძლება ეს გარემოება მიჩნეულ იქნეს ბიულეტენის გაუქმების საფუძვლად. საუბნო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად შეისწავლა აღნიშნული საკითხი და კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
6.2. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის ” 78-ე მუხლის 20-ე პუნქტის თანახმად „ საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს ან მის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას “.
სასამართლოში სარჩელი წარმოადგინა ა-------------------მა, როგორც ააიპ „ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის" დამკვირვებელმა. უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოადგინა №11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ადგილობრივი დამკვირვებლის მოწმობა №9944, რომელიც მას უფლებამოსილებას ანიჭებს დააკვირდეს საარჩევნო პროცესებს №11 საგარეჯოს ოლქის ყველა დონის შესაბამის კომისიაში.
სარჩელის მოთხოვნაა №14 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მონაცემების შეცვლა, რომლის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შემოტანის უფლება ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის ” 78-ე მუხლის 20-ე პუნქტის თანახმად გააჩნია დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას. სასამართლომ მიიღო სარჩელი განსახილველად და სასამართლო სხდომაზე მისცა წინადადება ა-------------------ს წარმოედგინა ააიპ „ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის" მიერ გაცემული რწმუნებულება, რაზედაც მოსარჩელემ განაცხადა, რომ მას „ ინოვაციების და რეფორმების ცენტრის" მიერ გაცემული რაიმე სახის მინდობილობა სასამართლოში ამ მოთხოვნის დაყენებაზე არ გააჩნია.
შესაბამისად, სასამართლოს მიერ სასამართლოში საქმის განხილვის დროს დადგენილი იქნა, რომ სარჩელი შემოტანილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით’’ და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა--------------------ს სარჩელი N11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2018 წლის 01 ნოემბრის N16/2018 განკარგულების ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) 01 (ერთი) დღის ვადაში სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე პაატა ნოზაძე