გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21941-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.10.2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე შპს ს-------- 2---,წარმომადგენელი ნ----- ქ------,მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია,წარმოამადგენელი სუ-–--- კ-------,დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა და ნივთის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ს-------- 2----ს და თბილისის მერიას შორის 2009 წლის 10 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ვერეს ხეობაში მდებარე 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--) უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ს-------- 2----ს და თბილისის მერიას შორის 2009 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტი.
1.3. მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს საკუთრებაში დაუბრუნდეს ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ვერეს ხეობაში მდებარე 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის მითითებით გასულია გარიგების შეცილების ვადა და ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 16.08.2007 წელს უძრავ ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ვერეს ხეობაში, მიწის დაზუსტებული ფართობი 8100 კვ.მ, ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--, საჯარო რეესტრში აღირიცხა ფიზიკური პირების გ------- ბ------------–---–-ს, ი---- ე-–------–---–-ს, ლ------ ზ-------ს, ლ---- თ------–---–-ს, ნ---- კ--------, ნ----- ო-----------ის და ც------ ჩ-------ის თანასაკუთრების უფლებით. საჯარო რეესტრის მიხედვით უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია: მიწის ნაკეთის გემა, დამოწმების თარიღი 07.01.2005 წელი. ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტი. დადგენილება #2-.2-.5-- დამოწმების თარიღი 01.12.1994 წელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტი. განცხადების რეგისტრციის თარიღია 08.08.2007 წელი, უფლების რეგისტრაციის თარიღი 16.08.2007 წელი.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს. ფ. 257-259.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. 22.10.2008 წელს ერთი მხრივ შპს ს-------- 2----ს (რომელიც წარმოდგენილი იყო ერთ - ერთი დირექტორის ვ-–-------- კ------ით) და მეორე მხრივ გ------- ბ------------–---–ს, ი---- ე-–------–---–ს, ლ------ ზ-------ს, ლ---- თ------–---–ს, ნ---- კ--------, ნ----- ო-----------ეს და ც------ ჩ-------ეს (რომლებიც წარმოდგენილ იყვნენ ნ----- ო-----------ით) შორის დაიდო გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ფიზიკურმა პირებმა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თბილისი, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ვერეს ხეობაში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 8100 კვ.მ, ს/კ. 0-.1-.0-.0--.0-- საკუთრების უფლებით გაასხვისეს მყიდველზე შპს ს-------- 2----ზე. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 767 500 აშშ დოლარით, საიდანაც ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე გამყიდველს გადაეცა 200 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო დარჩენილი 567 500 აშშ დოლარის ექვივალენტი მოსარჩელეს უნდა გადაეხადა გამყიდველისათვის 2009 წლის 01 ივლისამდე.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი ტ. 1. ს. ფ. 260-266.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. შპს ს-------- 2----ზე 30.10.2008 წლიდან 05.10.2009 წლისთვის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს. ფ. 267-269.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. შპს ს-------- 2--- სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დაფუძნდა 22.10.2008 წელს, მისი დამფუძნებლები იყვნენ ზ---- ბ---–--–---–- 3-.8% წილობრივი მონაწილეობით, ს------ მ---–----- 3-.1% წილობრივი მონაწილეობით, ვ-–-------- კ------- 3-.1% წილობრივი მონაწილეობით. მოსარჩელის დირექტორებს დაფუძნების დროისათვის წარმოადგენდნენ წარმოადგენდნენ ვ-–-------- კ------- და ზ---- ბ---–--–---–-.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ტ. 1. ს. ფ. 16-17.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დარჩენილი ნაკისრი ვალდებულება გამყიდველთა წინაშე არ შეუსრულებია, ამასთან არც გამყიდველს მიუმართავთ მოსარჩელისათვის ან სასამართლოსათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 15.04.2010 წლის გამამტყუნებელი განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და განსასჯელები ლ---- თ------–---–-, გ------- ბ------------–---–-, ნ----- ო-----------ე, ლ------ ზ-------, ი---- ე-–------–---–-, ასევე ი----- ჩ----- ცნობილ იქნენ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გამამტყუნებელ განაჩენში აღნიშნულია, რომ 2007 წლის აგვისტოს დასაწყისში ზ. ჭ------–-–---–მა და გ. კ-–---მ, ნ. ო-----------ის და ლ. ზ-------ს მეშვეობით ყალბი დოკუმენტები გადასცეს ი. ე-–------–---–ს, რომელმაც 2007 წლის 08 აგვისტოს ლ. ზ-------ს თანდასწრებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შესაბამისი განცხადებით სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ყალბი დოკუმენტები, რითაც ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონისა და წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაცია. 2007 წლის 16 აგვისტოს აღნიშნულ სამსახურში ი. ე-–------–---–-ს მიერ წარდგენილი განაცხადის, ამავე განაცხადით წარდგენილი ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტებისა და მითითებული კანონის საფუძველზე, 0-.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით განხორციელდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 8100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაცია, რომლითაც გ. ბ------------–---–ს, ი. ე-–------–---–ს, ლ. ზ-------ს, ლ. თ------–---–ს, ნ. კ--------, ნ. ო-----------ეს და ც. ჩ-------ეს, საერთო საკუთრებად დაურეგისტრირდათ - ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომლის დადგენილი ნორმატიული ღირებულება 2007 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით შეადგენდა 688 500 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
გამამტყუნებელი განაჩენის მიხედვით 2008 წლის ზაფხულში ა------ ო-----ს ნაცნობის ნ----- ო-----------ის მეშვეობით დაუკავშირდნენ გ------- ბ------------–---–-, ი---- ე-–------–---–-, რომან ე-–------–---–-, ლ------ ზ-------, ლ---- თ------–---–- და თვით ნ----- ო-----------ე, რომლებმაც აცნობეს, რომ 2007 წლის აგვისტოში მათ ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის მდინარე ვერეს ხეობაში ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საერთო საკუთრებად დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 8100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით სურდათ ხსენებული მიწის ნაკვეთის შეღავათიან ფასად გასხვისება. ა. ო-----მ აღნიშნულ პირებს აღუთქვა დახმარება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მითითებული მიწის ნაკვეთის გასაღებაში, რაშიც გასამრჯელოს სახით მოითხოვა მიწის ნაკვეთის რეალიზაციის ფასის 3 %, რის შემდეგაც ნაცნობის გ------- თ-----–---–-ს მეშვეობით დაუკავშირდა ი----- ჩ-----ს რომელსაც შესთავაზა ხსენებული მიწის ნაკვეთის შეძენა და ამავდროულად აცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებად რეგისტრირებული იყო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით. ი. ჩ----ისათვის ცნობილი გახდა რა მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა კანონშესაბამისად და აღნიშნული მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, განიზრახა დანაშაულის გზით მოპოვებული ხსენებული მიწის ნაკვეთის შეძენა. განზრახვის აღსრულების მიზნით ი. ჩ-----მ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისა და აღნიშნულ საქმეში მისი დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით, 2008 წლის 22 ოქტომბერს რეგისტრაციაში გაატარა - შპს ს-------- 2---, სადაც გარკვეული ანაზღაურების დაპირების სანაცვლოდ დამფუძნებლებად დააფიქსირა ნაცნობები - ზ---- ბ---–--–---–-, ვ-–-------- კ------- და ს------ მ---–-----. აღნიშნული ფირმის რეგისტრაციის დღესვე 2008 წლის 22 ოქტომბერს ა. ო----ის უშუალო დახმარებითა და მონაწილეობით ნასყიდობის ხელშეკრულებაში 767 500 აშშ დოლარის დაფიქსირებით ი. ჩ-----მ შეიძინა მიწის ნაკვეთი, რაც ა. ო-----მ და ი. ჩ-----მ საკუთრების უფლებით ფიქტიურად გააფორმეს შპს ს-------- 2----ს სახელზე.
გამამტყუნებელი განაჩენით ი----- ჩ-----მ სასამართლო გამოძიებისას თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ მას დაუკავშირდა თავისი ნაცნობი ა------ ო-----, რომელმაც შესთავაზა ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენა. ამავდროულად მან აცნობა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებად რეგისტრირებული იყო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, რის შესახებაც არც მან და არც ა------ ო-----მ არ აცნობეს სამართალდამცავ ორგანოებს. უფრო მეტიც, იგი დათანხმდა ზემოაღნიშნული ნაკვეთის შეძენაზე და თავის მხრივ 2008 წლის 22 ოქტომბერს რეგისტრაციაში გაატარა შპს ს-------- 2---. აღნიშნული საზოგადოების რეგისტრაციის დღესვე ა------ ო-----მ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 767 500 აშშ დოლარის დაფიქსირებით მასზე გაასაღა 8100 კვ.მ. მითითებული მიწის ნაკვეთი, რაც მან და ა. ო-----მ საკუთრების უფლებით ფიქტიურად გააფორმეს შპს ს-------- 2----ზე.
ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ი----- ჩ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის და 63-64-ე მუხების გამოყენებით საბოლოოდ მოსახლელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა რაც ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ი----- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გიროა გაუქმდა, მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 18.09.2009 წლიდან 02.12.2009 წლამდე პერიოდი.
15.09.2009 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად ყადაღა დაედო მოსარჩელის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 09.12.2009 წლის გადაწყვეტილებით ყადაღ მოეხსნა უძრავ ქონებას ს/კ. 0-.1-.0-.0--.0--.
ზემოაღნიშნული განაჩენი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის ი. ჩ-----სთან მიმართებით გაუქმებული არ არის.
ი----- ჩ-----მ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას 04.01.2013 წელს. 20.12.2016 წელს ი----- ჩ----ის ადვოკატის საქართველოს მთავარ პროლკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხილის სამართლის კოდექისი 3---ე მუხლით.
მოსარჩელის წარმომადგენელი ნ----- ქ------ წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში ი----- ჩ----ძის, ს------ მ---–-----ს, ზ---- ბ---–--–---–-ს და ვ-–-------- კ------ის ადვოკატს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
15.04.2010 წლის განაჩენის ასლი ტ. 1. ს. ფ. 146-247.
განცხადების ასლი ტ. 1. ს. ფ. 250-254.
პროკურატურის წერილის ასლი ტ. 1. ს. ფ. 304.
საჯარო რეესტის გადაწყვეტილების ასლი ტ. 2. ს. ფ. 108.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობა ტ. 2. ს. ფ. 109.
ორდერის ასლი ტ. 2. ს. ფ. 182.
მოწმეთა ჩვენებები სასამართლო სხდომაზე.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.7. მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს წესდებით შპს-ს დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდენ ზ---- ბ---–--–---–-, ვ-–-------- კ------- და ს------ მ---–-----. წესდების თანახმად საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 2200 ლარით.
მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა საზოგადოების ყოფილმა პარტნიორებმა ზ---- ბ---–--–---–მა და ვ-–-------- კაპანაძემ აჩვენეს, რომ შპს ს-------- 2----ს სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია, ამასთან საზოგადოების დირექტორებს ჰქონდათ სამედიცინო განათლება და შპს ს-------- 2----ის დაფუძნებამდე მათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონიათ. შპს ს-------- 2----ის დაფუძნებისას არცერთ პარტნიორებს შენატანი საზოგადოების კაპიტალში არ განუხორციელებიათ.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შპს ს-------- 2----ს წესდების ასლი ტ. 2. ს. ფ. 2-9.
შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის ასლი ტ. 1. ს. ფ. 28.
მოწმეთა ჩვენებები სასამართლო სხდომაზე.
3.1.8. მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს დირექტორს ვ-–-------- კ-------ს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 10.12.2009 წელს დაიდო ხელშეკრულება მოსარჩელეზე რიცხული უძრავი ქონების ს/კ. 0-.1-.0-.0--.0-- მიწის ფართი 8100 კვ.მ. და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ასევე მიღება - ჩაბარების აქტი, რაც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 14.12.2009 წლიდან და დღემდე მოპასუხის სახელზე ირიცხება.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
10.12.2009 წლის ხელშეკრულების ასლი ტ. 1. ს. ფ. 23-24.
მიღება - ჩაბარების აქტის ასლი ტ. 1. ს. ფ. 25.
საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ. 1. ს. ფ. 20-21.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. ქ. თბილისის მთავრობის 07.12.2009 წლის N3-.3-.1--- დადგენილებით ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მიღებულ იქნა უსასყიდლოდ შპს ს-------- 2----ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება: ქ. თბილისში, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის მდ. ვერეს ხეობაში მდებარე 8100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, როგორც დამატებითი ქონება მოსარჩელის დირექტორის განცხადების საფუძველზე. მისაღებ ქონებაზე გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენჭა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურს.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
07.12.2009 წლის დადგენილების ასლი ტ. 1. ს. ფ. 26.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში. მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.10. 16.02.2015 წლის მდგომარეობით შპს ს-------- 2----ის დირექტორს და 100%-იანი წილის პარტნიორს წარმოადგენს ი----- ჩ-----. 2009 წლიდან 2015 წლის მდგომარეობით მოსარჩელეზე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით არ ირიცხება. 2----20-4 წლებში მოსარჩელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ნულოვანი დეკლარაციები.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი ტ. 1. ს. ფ. 27.
შემოსავლების სამსახურის წერილის ასლი ს. ფ. 28.
რწმუნებულების ასლი ტ. 1. ს. ფ. 29.
საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ. 1. ს. ფ. 80-81.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.11. შპს ს-------- 2----ის ყოფილ და ამჟამინდელ დირექტორებს შორის არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ მხოლოდ ნაცნობობა (მეგობრობა).
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.12. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ამჟამინდელ დირექტორზე ან მოსარჩელის დამფუძნებელ პარტნიორებზე და დირექტორებზე რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედება გასაჩივრებული გარიგების დადების მიზნით არ განხორცილებულა.
სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმეთა ჩვენბები სხდომის ოქმში.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ს-------- 2----ის დირექტორის მიერ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, ვაკისა და საბურთალოს სასაფლაოებს შორის, მდ. ვერეს ხეობაში, მიწის დაზუსტებული ფართობი - 8100 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.1-.0-.0--.0--, საკუთრების უფლების დათმობისას ნება გამოვლენილი იქნა მუქარისა და იძულების გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ზოგადი წესით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და მატერიალური კოდექსის ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებული წესით. მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება ესატყვისება იურიდიულ საპროცესო მეცნიერებაში არსებულ მოსაზრებებს.
მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ, სუსგ, №ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წელი). ამასთან, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე, რასაც, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული (იხ, სუსგ, №ას-944-894-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ იძულებით დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება). გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც პროცესის ერთ-ერთ მხარედ სახელმწიფო გვევლინება, რომელსაც იმთავითვე გააჩნია უპირატესობა და მეტი შესაძლებლობა კერძო პირებთან შედარებით მოიპოვის ინფორმაცია და წარადგინოს ის. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა (რაც განაპირობებს იმას, რომ ყველა შემთხვევა არ ხასიათდება affirmanti incumbit probatio (ამტკიცებს ფაქტის მიმთითებელი) პრინციპის გამოყენებით; FEDOTOV VS RUSSIA). ეს კი სახელმწიფოს აქცევს „ძლიერ მხარედ“.
სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული კერძოსამართლებრივი გარიგებების შეცილების შედეგად, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის. სწორედ სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს კერძო პირთან დადებული გარიგების ნამდვილობა, კანონისა და ზნეობის ნორმებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება, სახელმწიფოს, როგორც გარიგების ძლიერი მხარის ვალდებულებას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით დაიცვას ყველა პირის ქონებრივი უფლებები. თუმცა, აღნიშნული იმას არ ნიშნავს, რომ შემცილებელი გარიგების ბათილობის საფუძვლების (ფაქტების) მითითებებისაგან თავისუფლდება (იხ, სუსგ, საქმე №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი).
სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში, გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საკითხი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთან ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ მან გამომძიებელთან საუბრისას, აღიქვა საფრთხე, რომ აღუკვეთდნენ თავისუფლებას, თუმცა განმარტა, რომ აშკარა მუქარა თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის და/ან სიცოცხლის მოსპობის შესახებ არ ყოფილა.
იმ პირობებში როდესაც თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა და პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ბ---–--–---–მა, რომელზეც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით განხორციელდა ზეწოლა, მიუთითეს, რომ პირდაპირ გამოხატულ იძულებას და/ან მუქარას რაიმე საფრთხეზე მითითებით, რაც შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო თავად კომპანიის წარმომადგენლის, მოწმის სახით დაკითხული პირის ან/და მათი ოჯახის წევრების მიმართ თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის და/ან სიცოცხლის მოსპობის შესახებ, ადგილი არ ჰქონია. გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ თავისუფლებააღკვეთილ პირთან ი. ჩ-----სთნ შპს ს-------- 2----ს დირექტორებს მხოლოდ ნაცნობობა (მეგობრობა) აკავშირებდათ. შეუძლებელია მათ საგამოძიებო ორგანოში დაბარება და დაკითხა აღექვათ ისეთ ზეწოლად, რომლის გამოც იძულებული გახდებოდნენ სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეთქმოთ ქონება. შესაბამისად სახელმწიფოს, როგორც „ძლიერ მხარეს“ გარიგების ნამდვილობის მტკიცების ტვირთის ვალდებულება არ წარმოშობია მოსარჩელის მიერ იმ მინიმალური ფაქტობრივი გარემოებების მიუთითებლობის გამო, რასაც შეეძლო მტკიცების ტვირთის სახელმწიფოსაკენ შებრუნება. აქვე აღსანიშნავი და საყურადღებოა, რომ მოპასუხედ მითითებული გასაჩივრებული გარიგების ერთ-ერთი მხარე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადგილობრივ თვითმართველ ერთეულს და მისი გაიგივება სახელმწიფოსთან ან მის რომელიმე შტოსთან დაუშვებელია, ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხის კონტროლს არ ექვემდებარება არც გამოძიების მწარმოებელი და ზედამხედველი ორგანოები და არც სასამართლო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრვი გარემოება, რომ სახელმწიფო (გამოძიების) მხრიდან უშუალოდ საწარმოს იმჟამინდელ დირექტორებზე იძულება ან/და მუქარა ხორციელდებოდა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები სკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების ბათილობის საფუძვლის შესაბამის ფაქტობრივი მოცემულობას არ ქმნის, რაც სახელმწიფოს, როგორც „ძლიერი მხარის“ შემობრუნებული მტკიცების ტვირთის ვალდებულების წარმოშობას აცლის საფუძველს. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ ნების გამოვლენის პროცესის შეფასების შესაძლებლობას, მოსარჩელე ვერ უთითებს იმგვარ გარემოებებს, რაც (სახელმწიფოს როგორც „ძლიერი მხარის“ მიერ მტკიცების ტვირთის ზიდვის განუხორციელებლობის დროს) გადამწყვეტი იქნებოდა გარიგების ბათილად ცნობისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების გამო იძულების, ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა და მასზე ვერც სარწმუნოდ მიუთითა.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე, 85-ე, 86-ე, 54-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ, სუსგ № ას-944-894-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს გარიგების ამორალურობაზე (იხ, 2017 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:04:59) და ამ საფუძვლით მის ბათილობაზე, თუმცა ასევე მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ „ზეწოლასა და „შეფარულ მუქარაზე“.მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად არ უთითებს იძულებით დადებული გარიგების ბათილობის საფუძველს და ამასთან განმარტავს, რომ პირდაპირი სახის იძულებასა და მუქარას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ამავდროულად თავადვე მიუთითებს „ზეწოლასა“ და „შეფარულ მუქარაზე“, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს არა მხოლოდ სკ-ის 54-ე მუხლით, არამედ სკ-ის 85-ე მუხლით განსაზღვრულ, იძულებით დადებული გარიგების საფუძვლებზეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. საქმე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.) განმარტა, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის იურიდიულ კვალიფიკაციას სასამართლო ახდენს დამოუკიდებლად და იგი ამ დროს არ არის შებოჭილი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო ახდენს მოთხოვნის ყველა საფუძვლის შემოწმებით, რომლებიც შეიცავენ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამგვარი შეფასება და შემოწმება სასამართლოს არათუ უფლებამოსილება, არამედ მისი ვალდებულებაცაა.
ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმსჯელოს როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილობის საფუძვლებზე შესაბამისი ნორმით განსაზღვრული და განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობის კვლევის სამართლებრივი შეფასებით, ისე გარიგების ამორალურობის ხასიათზე, მისი როგორც სამართლებრივი კატეგორიის შეფასებით.
სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. იმავე კოდექსის 86-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას, ოჯახს ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
იძულება წარმოადგენს ნების გამოხატვის პროცესში აშკარა ჩარევას. მიუხედავად იმისა, რომ ნების გამომხატველს გაცნობიერებული აქვს რეალური მდგომარეობა და არ სურს გარიგების დადება, მისი თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ საბოლოო ჯამში თანხმდება მასზე, ფორმალურად საკუთარი გადაწყვეტილებით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას. თუ გარიგება დადებულია იძულებით, იგი როგორც საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან.
იმისათვის, რომ გარიგება იძულებით დადებულად ჩაითვალოს უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ობიექტური შემადგენლობა, რაც გულისხმობს ძალადობას ან/და მუქარას, მართლწინააღმდეგობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იძულებასა და ნების გამოხატვას შორის და სუბიექტური შემადგენლობა. იძულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია, არ არსებობს ცალკე აღებული მოცემულობის სახით, მისი დადგენა ხორციელდება ცალკეული სუბიექტური და ობიექტური მაკვალიფიცირებელი ელემენტების გათვალისწინებით.
უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობას ან მუქარას შედეგად მოჰყვება ის, რომ დაზარალებული იბოჭება სახელშეკრულებო ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვის პირობებში. ამ შემთხვევაში, ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათით უნდა იყოს სახიფათო. ამ საკითხის შეფასება გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის მაღალი ხარისხის დადგენას, რა დროსაც მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორსაც. დაზარალებულის სუბიექტური მახასიათებლები უნდა შეფასდეს ობიექტურად არსებული მდგომარეობისა და შექმნილი გარემოებების ანალიზთან ერთობლიობაში (სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები). მუქარა არ გვაქვს სახეზე ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც პირი მხოლოდ ვარაუდობს, რომ ნების არგამოვლენისას მეორე მხარე მას ავნებს, ამ უკანასკნელის მხრიდან კონკრეტული მითითების გარეშე ნების არგამოვლენასა და საფრთხეს შორის კავშირზე.
განსახილველ შემთხვევაში თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორების მიმართ გარეგნულად პირდაპირ გამოხატული ფორმებით მუქარას და/ან იძულებას ადგილი არ ჰქონია, არამედ შპს ს-------- 2----ს დირექტორების დაბარება საგამოძიებო ორგანოში დაკითხვა ატარებდა „შეფარული მუქარის“ ხასიათს, რამაც კომპანიის დირექტორებსა და მის ფაქტობრივ მმართველებს შეუქმნა საფრთხის განცდა, რომ შესაძლოა მომავალში მათ წინააღმდეგ დაწყებულიყო სისხლისსამართლებრივი დევნა და აღეკვეთათ მათთვის თავისუფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ კვლევის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია საფრთხის ხარისხის დადგენა, როდესაც მხედველობაში მიიღება, ერთის მხრივ დაზარალებულის პიროვნული მახასიათებლები, მეორე მხრივ - ობიექტური გარემოებები.
მოსარჩელის მიერ ზეწოლის ფორმად მიჩნეულია საგამოძიებო ორგანოში შპს ს-------- 2----ს დირექტორების დაბარება და მათი დაკითხვა. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირი იყო ი----- ჩ-----, რომელიც როგორც მოწმეები განმარტავენ იყო მათი ნაცნობი - მეგობარი, რომლისგანაც 200 000 აშშ დოლარი ქონდათ სესხად აღებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად საკმარისია ამ კომპონენტის მითითება სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, რადგან ზემოთ მოყვანილი პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც მართლზომიერი, ისე არალეგიტიმური ფორმით. მუქარის მნიშვნელოვანი თვისებაა, მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, 85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კომპანიის დირექტორმა მუქარად და შესაბამისად საფრთხედ მიიჩნია მისი დაბარება საგამოძიებო ორგანოში, მაშინ მას ასევე უნდა მიეთითებინა, საიდან გაუჩნდა ასეთი საფრთხის მოლოდინი დამატებით გარემოებებზე მითითებით, რაც მის მიმართ გარეგნულად გამოხატულ იძულებას ან მუქარას მიუთითებდა.
მოსარჩელის წარმომადგენელს არ მიუთითებია თუნდაც შემდგომში სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. საქმის მასალებით არ დგინება, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის დროისათვის შპს ს-------- 2----ს და მისი პარტნიორების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. მოსარჩელის წარმომადგენელს არც საწარმოს ფინანსური საქმიანობის შესახებ მოკვლევის მიმდინარეობაზე მიუთითებია.
შესაბამისად, სამოქალაქოსამართლებრივი გარიგებები არ დადებულა მოსარჩელე მხარის იმდროინდელი წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ეტაპზე, რაც შესაძლებელი იყო ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად არ აღქმულიყო, რაც, თავის მხრივ, სისიხლისსამათლებრივ წარმოებას აქცევდა სტრატეგიად კომერციული მიზნებისათავის. ეს კი იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლების დარღვევა, რაც გამოიწვევდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას (GUSINSKY VS RUSSIA). თუმცა ამგვარი შეფასებისათვის, მხოლოდ პირის დაბარება სამართალდამცავ ორგანოებში წარმოადგენს არასაკმარის საფუძველს, რაც არ იძლევა საკითხის ამგვარად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მხოლოდ ნორმის შემადგენელი ფაქტობრივი საფუძვლების მითითების ვალდებულება გააჩნდა. მტკიცების ტვირთის ამგვარი შემსუბუქება კი განპირობებული იყო სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკით, რასაც ურთიერთობაში სახელმწიფოს მონაწილეობა განაპირობებდა და ქმნიდა მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებული რეჟიმს. სახელმწიფოს მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, მას, როგორც უპირატესობის მქონე „ძლიერ მხარეს“ უნდა ემტკიცებინა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი მოცემულობის არამართებულობა, თუმცა მოპასუხე ამ შემთხვევაში როგორც ზემოთ აღინიშნა სახელმწიფოდ არ უნდა იქნეს აღქმული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელის პოზიცია არ შეიძლება არამართებულად შეფასდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო სასამართლოში მტკიცებულების წარმოდგენა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, რადგან მისი მხრიდან ობიექტურად არ არსებობს ამის შესაძლებლობა. თუმცა, მას ჰქონდა ფაქტის მითითების შესაძლებლობა, რომელიც უშუალოდ მოსარჩელე შპს ს-------- 2----ს მიმართ განხორციელებულ მოქმედებებს ასახავდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული აბსტრაქტული და არასრული მოცემულობა არ შეიცავს იძულების სამართლებრივი საფუძვლის განმსაზღვრელ სავალდებულო ფაქტობრივ წინაპირობებს და შეუძლებელს ხდის ნების სწორად გამოხატვის გამორიცხვას და მისი ფორმირების პროცესის შეფასებას, რა კომპონენტების ხარვეზიც ნების ნაკლოვანებამდე მიგვიყვანდა. ამავდროულად, ფაქტების არარსებობა, არასაკმარისობა და ბუნდოვანება გამორიცხავს მოთხოვნის სხვა შესატყვისი იურიდიული საფუძვლის მისადაგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება სურვილისამებრ განაგოს, იმოქმედოს თავისუფლად, დადოს მისთვის მისაღები გარიგებები და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული ნების გამოვლენის თავისუფლებას უკავშირდება, რაც სამართლის ნორმებითაა გარანტირებული. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მათთვის სავალდებულოს შესასრულებლად გადაიქცევა. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება გარიგებებში გამოხატული ნების შესაბამისად (იხ, სუსგ, საქმე №ას-1224-1149-2015, 20 მაისი, 2016 წელი).
სსკ-ის 54-ე მუხლი თავისი არსით ზოგადი ხასიათის ნორმაა და გარიგების ბათილობის სამ განსხვავებულ, ასევე ზოგად საფუძველზე უთითებს, კერძოდ, გარიგება ბათილია, თუ იგი არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
როგორც აღინიშნა, დასახელებული ნორმა ზოგადდეფინიციური ხასიათისაა, ბლანკეტურ, მითითებით მოწესრიგებას წარმოადგენს, თუმცა ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ გარიგების შინაარსის შესაფასებლად, შესაძლებელია დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული დასახელებული მუხლი, როდესაც გარიგების ამორალურობას უკავშირდება სადავო საკითხი, თუმცა, ასეთ ვითარებაში, დამატებით შესაძლოა კონტრაჰენტთა ქმედებების შეფასება მოხდეს სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისიერების მასშტაბითაც, რათა დადგინდეს არა მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგებისადმი (მისი კონკრეტული პირობისადმი), არამედ ობიექტური გარემოებების შეფასების საფუძველზე, რაც გარიგების შინაარსის ზნეობის ნორმებთან შესატყვისობას ეხება, გაირკვეს ამორალურია თუ არა მხარეთა შეთანხმება (იხ, სუსგ, საქმე №ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი).
სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მხარეა სახელმწიფო, განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა შემოწმდეს და შეფასდეს გარიგების „ძლიერი“ კონტრაჰენტის ქცევა/ქმედება რამდენად შეესაბამება სსკ-ის 54-ე მუხლის წინაპირობათაგან ისეთ სპეციფიკურ დანაწესს, როგორიცაა ზნეობის ნორმები.
საქრთველოს უზენაესმა სასამართლომ ამავე საქმეზე (№ას-212-201-2017, 15 მაისი, 2017 წელი) განმარტა, რომ სახელმწიფოს მონაწილეობით დადებულ კერძოსამართლებრივ გარიგებებში, ისევე, როგორც ზოგადად სხვა პირთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში, შემოწმების საგანი არის არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან, შესაძლებელია გარიგების მოტივის ამორალურობა გარიგების ამორალურად მიჩნევასაც დაედოს საფუძვლად. არსებითია არა ის, თუ რამდენად იცოდნენ გარიგების მონაწილეებმა, რომ ზნეობის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, არამედ ის, თუ რა შინაარსის გარიგება დადეს მათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ს-------- 2----ს დირექტორის მხრიდან დადებული გარიგება თავისი შინაარსით წარმოადგენს საკუთრების დათმობის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1. მუხლით განსაზღვრულ შემთხვევას, რომელიც სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის, თუმცა არ ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან მიუხედავად გარიგების უსასყიდლო ხასიათისა იგი მიჩნეულ ვერ იქნება ჩუქების ხელშეკრულებად, როგორც ამას მოსარჩელე მხარე წარმოაჩენს, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების მოტივს წარმოადგენს გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთნდობა და პატივისცემა რასაც ამ შემთვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგულისხმოა ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც არაკანონიერად/ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენების საფუძველზე აღირიცხა ფიზიკური პირების საკუთრებად, ხოლო მოგვიანებით მცირე ხანში გართსაწინააღმდეგო მოქმედების კვალის დამალვის და კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის ამოქმედებისათვის ამ პირებმა ფორმალურად გაასხვისეს ქონება შპს ს-------- 2----ს სახელზე, აღნიშნულის მსჯელობის საფუძვლად სასამართლოს მიაჩნია ის ფაქტოვრივი გარემოებები, რომ ნასყიდობის ფასი მის ნორმატიულ ფასთან შედარებით რადენიმეჯერ არის გაზრდილი, წარმოდგენილი არ არის შპს-ს მიერ პირველ ეტაპზე 200 000 აშშ. დოლარის ვალდებულების გასტუმრების მტკიცებულება, ასევე დარჩენილი ნახევარ მილონ დოლარზე მეტის ან გასტუმრების ან ასეთი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება გამყიდველებისაგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრულ მინიმუმ 6 წლიან ვადაში, რა დროსაც მოთხოვა არ იქნებოდა ხანდაზმული, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადება იმ დღეს დაარსებულ შპს-სთან, რომელის საწესდებო კაპიტალი სულ რაღაც 2200 ლარი იყო, არ გააჩნდა არავითარი ქონება და შპს-ს დირექტორების არ გააჩნდათ სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება მიზნად ისახავდა შპს-ს სახელით კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტზე მითითებას რათა შენარჩუნებულ ყოფილიყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახელმწიფო ქონება ამას ადასტურებს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შემდგომ მოსარცელეს არ განუხორციელებია არავითარი საქმიანობა და ეკონომიკური აქტივობა, რასაც განახორცილებდა კეთილსინდისიერი შემძენი, რომელმაც შეიძლება ობიექტურად არ იცოდეს მის მიერ შეძენილი ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ს-------- 2----ს დირექტორის მიერ გამოვლენილი ნება უძრავი ქონების კვლავ სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შესახებ განპირობებული იყო სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო მისი უსასყიდლო ხასიათის გათვალისიწნებით აქვე აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩევებით გამომძიებლების მხრიდა საუბარი იყო სადაო უძრავი ქონების დაბრუნების სანაცვლოდ ი----- ჩ----ის განაჩენის გამოტანის დროს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის გათვალისიწინებული შეღავათების გავრცელებაზე, რაც რეალურად განხორცილდა შპს-ს მიერ ქონების ადგილობრივი თვითმართველისათვის დაბრუნების შემდგომ ი----- ჩ----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში რა დროსაც მას შეეფარდა მინიმალურ სასჯელზე უფრო მსუბუქი სასჯელი და ასევე მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრის ინსტიტუტი და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის ვადის გასვლის შემდგომ გაუქარწყლდა ნასამართლობა. ამდენად ზემოათნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების დათმობის შესახებ გარიგების დადება შპს ს-------- 2----ს მხრიდან განხორციელდა ნებაყოფლობით იძულების და ზეწოლის გარეშე, რადგან მიზნად ისახავდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ყოფილი მესაკუთრისათვის დაბრუნების სანაცვლოდ საპროცესო შეთნმების დადების გზით განსასჯელის მიმართ სასჯელის დანიშვნისას კანონით გათვალისიწნებული შეღავათების გავრცელებას. აქვე ასანიშნავია, რომ განაჩენში იმიტომ არ არის სახელმწიფო ან მოპასუხე დაზარალებულად ცნობილი (სადაო უძრავ ქონების დაუფლების ეპიზოდი), რომ განაჩენის გამოტანის დროისათვის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული უძრავი ქონება უკვე დაბრუნებული იყო სახელმწიფოს (მოპასუხის) საკუთრებაში.
სასამართლო განმარტავს, მხოლოდ ის გარემოება, რომ არსებობს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ არა თუ ნაკისრ ვალდებულებებს შორის, არამედ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მათ ქონებრივ ბალანსს შორის, სასამართლოს აზრით ვერ გახდება გარიგების ამორალურად მიჩნევის საფუძველი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საწინააღმდეგო განმარტების შემთხვევაში შეიზღუდებოდა ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპი (სსკ-ის 319.1-ე მუხლი: „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით“), რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო სამართლის სივრცეში აღიარებულ რიგ პრინციპებთან ერთად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებისა და სტაბილურობის საფუძველს ქმნის. ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება, შპს ს-------- 2----ს მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ სადავო გარიგება გარკვეულწილად საპროცესო შეთანხმების ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავისი არსითა და ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ თუ საპროცესო შეთანხმების უკანონობა არ დასტურდება, ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შედეგად დადგა, არ შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი და როგორც პასუხისმგებლობის დამოუკიდებელი სახე, უკანონოდ მიჩნეული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იგივე დასკვნა გააკეთა საქმეზე, გალსთიანი სასომხეთის წინააღმდეგ. ამდენად, მითითებული პრაქტიკის განზოგადების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქონებრივი პასუხისმგებლობა საპროცესო შეთანხმების არსებითი შემადგენელი ნაწილი ან მისი თანმდევი შედეგია, აღნიშნული პასუხისმგებლობა, საპროცესო შეთანხმების კანონიერების პირობებში, არამართლზომიერად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული, მით უფრო, თუ ცალსახად დგინდება, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემაში გამოიხატება, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ი----- ჩ----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მისი დამნაშავედ ცნობა უკავშირდება მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული მიწის ნაკვეთის მის მიერ ფორმალურად დაფუძნებული შპს ს-------- 2----ის მეშვეობით ყიდვის ილუზიის შექმნაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში, რომელზეც დადებულია სადავო გარიგება. ამასთან, მასსა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შინაარსიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ შპს ს-------- 2----ს მიერ საკუთრების უფლების დათმობა უძრავ ქონებაზე, სწორედ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ემსახურებოდა მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნული არ არის მითითებული გასაჩივრებულ გარიგებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება, სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში დამკვიდრებული კერძო ავტონომიის პრინციპი, ნაკლიანი ნების გამოვლენის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გარიგების შეცილების შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში გარიგების ნამდვილობა, როდესაც იგი არ წარმოადგენს ნების თავისუფალი ფორმირების პროდუქტს, შეფარდებითია (relative nullities), საცილოა. განსხვავებით უცილოდ ბათილი გარიგებისგან, მისი ბათილობა დამოკიდებულია შეცილების უფლების მქონე პირის აქტივობაზე. შესაბამისად, შეცილება, როგორც სამართლებრივი მოვლენა, კერძო ინტერესების დაცვის ფუნქციით მოქმედებს და ამ უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ადასტურებს დეფექტური გარიგების ნამდვილობას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების უფლება არ წარმოადგენს შედავების საპროცესო საშუალებას, არამედ, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი კატეგორია, მოქცეულია შეფასების ავტონომიურ ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებაში განმარტა: „..შეცილება და ხანდაზმულობა განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია სხვადასხვა სამართლებრივი შედეგით. ხანდაზმულობა სამართალში ფაქტის საკითხია და მასზე მითითება მოპასუხის ვალდებულებაა, განსხვავებით შეცილების ინსტიტუტისაგან. გარიგებაში შეცილების ვადა სარჩელის მატერიალური დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების წინაპირობაა, რომლის გარკვევა საკუთრივ მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, რადგან შეცილების განხორციელება ვადაში მუხლის ნორმატიული შემადგენლობის კომპონენტია....“. (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინება, საქმეზე №2ბ/671-15). რადგან შეცილება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ნების არსებობას, ამ უფლების რეალიზაცია ლიმიტირებულია კონკრეტული ვადებით, რისი ვადის გასვლის შემდეგ შეცილების უფლების მქონე პირი კარგავს მოთხოვნის უფლებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლი შეცილების 1-წლიანი ვადის დენას იძულების მომენტის დასრულებას უკავშირებს. შეცილების ვადის განსაზღვრის კონტექსტში იძულების დასრულების დრო მოვლენათა განვითარების გათვალისწინებით, შეიძლება, გაიმიჯნოს ორ განსახვავებულ ფაზად. პირველ შემთხვევაში, იძულება სრულდება, როდესაც სახეზეა პირის მოქმედება, როგორც იძულების შედეგი. მეორე შემთხვევაში, პირის მიმართ საფრთხის არსებობა შესაძლოა განგრძობად ხასიათს ატარებდეს, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს შეცილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში არ ხდება იძულების ობიექტების გაიგივება, რადგან ამგვარი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების მიზანს წარმოადგენს შეცილების უფლების მქონე პირის იძულება, თავი შეიკავოს ამ უფლების გამოყენებისაგან. განგრძობადი იძულება ასევე შეფასებითი ნაწილია, რომელსაც შესატყვისი წინაპირობები (კონკრეტული ფაქტები) გააჩნია. აღსანიშნავია, რომ იძულების ცალკეული ასპექტები, რომლებიც მიმართულია გარიგების დასადებად პირის ნების ფორმირებისაკენ, ავტომატურად ვერ იქნება დაკავშირებული და გამოყენებული განგრძობადი იძულების შესაფასებლად, თუკი მათი მოქმედება სრულდება გარიგების დადებისთანავე. თუ ზემოქმედების მიზანია თვით შეცილების უფლების განუხორციელებლობა და იძულება მიმართულია იქითკენ, რომ პირმა თავი შეიკავოს შეცილების უფლების რეალიზაციისაგან, ამ შემთხვევაშიც მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მიუთითოს ამ საკითხის შესაფასებლად საკმარისი სავალდებულო წინაპირობები. მოსარჩელის ვერსიით, 10.12.2009 წლის გარიგება დადებულია ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად. მისი განმარტებით იძულების მომენტი დასრულებულად უნდა ჩაითვალოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთანავე როდესაც მოხდა არჩევნების შედეგად არსებული ხელისუფლების შეცვლა, თუმცა თუნდაც 2012 წლიდან იქნეს ათვლილი იძულების დასრულების მომენტი მოსარჩელე მხარეს (მისი იმჟამინდელი წარმომადგენელების დირექტორების მეშვეობით) 1 წლიან ვადაში გარიგება საცილოდ არ გაუხდია კანონით დადგენილი წესით მოპასუხისათვის ან საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვის გზით ან სარჩელის შეტანით. შპს-ს მხრიდან საცილო გარიგება შეცილებულ იქნა მხოლოდ 28.10.2015 წელს სასამართლოში სარჩელის შეტანით, ვინაიდან ი----- ჩ----ის მიერ 2013 წელს პროკურატურისათვის განცხადებით მიმართვა ვერ ცაითვლება შეცილების უფლების გამოყენებად, ვინაიდან იმ დროისათვის იგი არ წარმოადგენდა შპს-ს დირექტრს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ გარიგების შეცილების 1 წლიანი ვადა გასულია და მოსარჩელეს დაკარგული აქვს უფლება იდავოს სადაო გარიგებასთან მიმართებით. რაც შეეხება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია ამ მოთხოვნაზე გავრცელდეს ხანდაზმულობის საერთო 10 წლიანი ვადა, თუმცა უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის საფუძვლიანობის შესწავლამდე უნდა შემოწმდეს ბათილია თუ არა გარიგება და საცილო გარიგების შეცილების ვადა ხომ არ არის გასული და ხომ არ ააქვს დაკარგული მოსარჩელე მხარეს გარიგების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის უფლება რაც როგორც ზემოთ აღინიშნა კანონით დადგენილ ვადაში შეცილების უფლების გამოუყენებლობით დაკარგულია, ამდენად მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 02.11.2015 წლის განჩინებით გადაუვადაა საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს ს-------- 2----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობის სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქლაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2015 წლის #2/21941-15 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. მოსარჩელე შპს. ს-------- 2----ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა.
3. გაუქმდეს თბილისის საქლაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 21.12.2015 წლის #2/21941-15 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი