განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-354-18
(№012260418001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ნოემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე:
ბრალდებული კ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. რუსთავი, მ----–---–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ. რუსთავი, მ---------------;
ადვოკატი: გიორგი მჭედლიძე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქ/პუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
საქართველოს სსკ-ის 11.1151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისი ოჯახის სხვა წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდებისის შესახებ დადგენილების მიხედვით:
1.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით კ-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 09 (ცხრა) თვე განესაზღვრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი 01 (ერთი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 26 აპრილის მომართვის მიხედვით: კ-------------–---–ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა უსრულდებოდა 2018 წლის 8 აგვისტოს.
1.2. 2017 წლის აგვისტოს ბოლოდან 2018 წლის 25 აპრილის ჩათვლით პერიოდში ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი კ-------------–---–ი ყოფილ მეუღლეს ნ------–--------ეს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და სთხოვდა შერიგებას როგორც ტელეფონით ასევე პირადად, კერძოდ, კვირაში დაახლოებით 4-5 ჯერ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი აკითხავდა მას მ----–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ყვიროდა და აბრახუნებდა კარზე, ხვდებოდა სადარბაზოსთან, შეუვარდა ლიფტში, რა დროსაც სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აშანტაჟებდა შვილების მოკვლით ამცირებდა სხვადასხვა პირების თანდასწრებით, რის გამოც ნ------–--------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
2018 წლის 25 აპრილს, დაახლოებით 22:20 საათზე, ქალაქ რუსთავში, მ----–---–----------------ში მდებარე ნ------–--------ის საცხოვრებელ ბინაში მივიდა ნ------–--------ის ყოფილი მეუღლე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი კ-------------–---–ი, რომელიც აბრახუნებდა ბინის კარზე და ნ------–--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სთხოვდა შერიგებას წინააღმდეგ შემთხვევაში დახვდებოდა სადმე და გამოჭრიდა ყელს, რაც ნ------–--------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2. სასამართლომ დაადგინა:
კ-------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა კ-------------–---–მა განმარტა, რომ დაქორწინებულია ნ------–--------ეზე და ჰყავთ ორი ქალიშვილი. ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ, მეუღლესთან ერთად აღარ ცხოვრობს, თუმცა მისმა ქალიშვილმა თავის საქორწინო სამზადისთან დაკავშირებით მისვლა სთხოვა. ისე მოხდა, რომ მეგობრებთან ერთად დალია ალკოჰოლური სასმელი და საღამოს ნასვამ მდგომარეობაში მივიდა მათთან. კარზე რომ დააკაკუნა, არავინ გაუღო, ზუსტად არ იცოდა სახლში იყვნენ თუ არა შვილები, ამიტომ კიბეზე ჩამოჯდა და ელოდებოდა ბავშვების მოსვლას. არც აგრესიული იყო არც შეურაცხყოფა მიუყენებია ვინმესთვის. მეუღლეს შერიგებას სთხოვდა და უნდოდა გაერკვია რისი ეშინოდა ნ------.
დაზარალებულმა ნ------–--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კ-------------–---–ი მისი მეუღლეა, თუმცა ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. განქორწინების მიზეზი მისი ალოკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაა. ყოველთვის როდესაც იგი ნასვამია თავს ვერ გრძნობს დაცულად, რადგან შეუძლია ყველას თანდასწრებით მიაყენოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, განქორწინების გამო ემუქრება და შერიგებას სთხოვს. სასჯელის მოხდის შემდეგ მოუხშირა სახლთან მისვლას, ერთი ასეთი შემთხვევა იყო აგვისტოში, ნასვამი მივიდა და კარზე აბრახუნა, ერთხელ ლიფტში შეჰყვა, საქმე მაქვს უნდა გელაპარაკოო და სახლის გასაღები რომ არ ჰქონდა, თავი მზობელთან შეაფარა. მშვიდად არის მხოლოდ პარასკევს საღამოს, რომ იცის, ორი დღე სახლში უნდა იყოს და არავინ არ მოკლავს, ხოლო ორშაბათი დღიდან სკოლაში რომ მიდის ეშინია. სახლში რომ მიდის ურეკავს მშობლებს, რომ მშვიდად მივიდა, ასევეა სკოლაშიც, თუ ცოტა ხნით ტელეფონს არ უპასუხებს, შვილები ნერვიულობენ. სახლიდან გასვლის დროს ჯერ ათვალიერებს კ--- სადმე სიახლოვეს ხომ არ არის და მერე გადის. როდესაც მთვრალია, სულ აგინებს, დღემდე მის ვალებს იხდის, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ამ ყველაფრით იტანჯება. ფაქტიურად შეეწირა ამ ადამიანს. უნდა, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვროს. ემუქრება ბავშვებსაც, ან შემირიგდებით, ან არ გაცოცხლებთო. ფხიზელი აბსოლუტურად ნორმალურად იქცევა და არანაირ საფრთხეს მისგან არ გრძნობს. დაკავებამდე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის მეორე დღეს, შემდეგ შვილებთან ერთად ზღვაზე იყო დასასვენებლად და ურეკავდა და შეურაცხყოფას აყენებდა, დაახლოებით 7-ჯერ მიუვარდა სახლში და აგინა, აპრილის თვეში ეზოში დახვდა და ლიფტშიც შეყვა, უყვიროდა, ეხლა სახლში შევალთ და იქ დაგელეპარაკებიო, ასევე დაკავების დღეს კარი არ გაუღო და იმდენი აბრახუნა და ურტყა კარს, რომ დააზიანა საკეტი, ყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა, ემუქრებოდა მოკვლით. მას შეეშინდა და პოლიცია გამოიძახა.
მოწმე ა--------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კ-------------–---–ი მისი მამაა და ამჟამად ცალკე ცხოვრობს. მშობლების განქორწინების მიზეზი ხშირი კონფლიქტია. მათ არანაირი ურთიერთობა ერთმანეთთან არ აქვთ. დედისგან იცის, რომ რამდენჯერმე შეხვდა მამას ქუჩაში. ერთხელ ლიფტში და რადგან მამა ნასვამი იყო, დედამ მასთან საუბარს თავი აარიდა და ნათლიასთან შევიდა. დაკავების დღეს დედამ დაურეკა, რომ კ--- სადარბაზოში იჯდა და ნასვამი იყო, მათ თავი აარიდეს სახლში მისვლას და როდესაც მივიდა, დედას უკვე საპატრულო პოლიცია ჰყავდა გამოძახებული. როგორც დედისგან და მეზობლებისგან იცის მამა გარეთ იგინებოდა. როდესაც ნასვამია აგრესიულია, ერიდება მასთან ურთიერთობას. სახლში აკითხავს და დედას აგინებს, ცდილობენ ასეთ დროს დედა მარტო არ დატოვონ.
ფიზიკურად არა მაგრამ დედაზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, შერიგებას სთხოვს და ემუქრება.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ჯ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე და დამატებით განმარტა, რომ დედას მამასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა და სულ შეშინებული და დაძაბული იყო თუ იცოდა, რომ მამა ნასვამი იყო. მეზობლებიც ხშირად ურეკავდნენ და აფრთხილებდნენ. დედას უსაფუძვლოდ არ ეშინოდა, შიში ჰქონდა, რომ რამეს დაუშავებდა. როდესაც მამა ნასვამი იყო, თავს ვერ აკონტროლებდა. დაკავების დღეს, დედამ დაურეკა და უთხრა, რომ მამამისი ნასვამი იყო, კარზე აბრახუნებდა და გაღებას სთხოვდა. ანა და ის შეხვდნენ ერთმანეთს და ერთად მივიდნენ სახლში, სურდათ პოლიციის გამოძახება, მაგრამ როდესაც სახლში მივიდნენ თანამშრომლები უკვე მოსულები იყვნენ. მამამ არ იცოდა დედამისი სახლში რომ იყო. მამას ბოლო დროს ეზოში ხშირად ხედავდნენ და დედა ცდილობდა ეზოში არ ჩასულიყო. დაკავების დროს მამა შეურაცხყოფას არავის აყენებდა, არც პოლიციელებისთვის უთქვამს რამე.
მოწმე გ---------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი მეგობარი და მეზობელია, მისთვის ცნობილია, რომ კ---ს და მის მეუღლეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. მიზეზი ალკოჰოლი და აზარტული თამაშებია. ამის გამო განქორწინდნენ და ნ------ შერიგება არ სურს. კ---ს მხრიდან ნ------ მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას არ შესწრებია, ერთხელ ლიფტში რომ შევიდა კ--- ნ------თან ერთად, ნასვამი იყო, ნათიამ გასაღების არქონა მოიმიზეზა და სახლში არ შევიდა. დაკავების დღეს როგორც იცის კ--- ნ------ კარზე უკაკუნებდა და ნათიამ არ გაუღო.
მოწმე შ-------–-----ის განმარტებით მიმდინარე წლის 25 აპრილს შეტყობინების საფუძველზე მივიდა ქ.რუსთავში მ----–---–------ში მდებარე საცხოვრებელ მისამართზე და გამოძახების მიზეზი იყო სიცოცოხლის მოსპობის მუქარა. შემთხვევის ადგილზე ბრალდებული დახვდათ სადარბაზოში და სავარაუდოდ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2018 წლის 26 აპრილის ალკოჰოლური შემოწმების შესახებ ოქმის მიხედვით, კ-------------–---–ს ალკოჰოლურ შემოწმებაზე დაუდინდა 2,703 % პრომილი ალკოჰოლური თრობა.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, იწვევს ქცევით და ემოციურ პრობლემებს. ტრამვული სტრესის რეაქციებს.
სახელმწიფო ვალდებულია გამოძიოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს დროული და ეფექტიანი. გამოძიების ეფექტურობა გულისხმობს დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, დროულ და დაზარალებულის საკმარის ჩართულობას. საქმეში Opuz v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისაგან, არღვევს კანონის წინაშე ქალთა თანასწორუფლებიანობას, აგრეთვე აღრვევს მათ უფლებას ისარგებლონ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის გარკვევას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით - ე.წ. სუბიექტური ტესტით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა - ე.წ. ობიექტური ტესტით. სასამართლო არ უნდა შემოიფარგლოს დაზარალებულის განმარტებით და თავად უნდა შეაფასოს განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით და ინტენსივობით გამოიწვევდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.
სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია რამდენჯერმე, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. შეურაცხყოფა გულისხმობს დამცირებასაც, მაგრამ შეურაცხყოფისას დამცირება უფრო უწესო ფორმითაა გამოხატული. დამცირების დროს კი ოჯახის ერთი წევრი მეორეს ყოველდღიურ ურთიერთობაში აგრძნობინებს, რომ იგი არასრულფასოვანი პიროვნებაა, ასევე დამამცირებლად ითვლება პირის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ცემა, მსუბუქად სილის გაწვნა, სხვაგვარი ძალადობა, რასაც ფიზიკური ტკივილი არ გამოუწვევია, მაგრამ ჩადენილია მისი დამცირების მიზნით. შანტაჟი არის ადამიანის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რამე მოქმედება იმის შიშით, რომ მას ან მისი ოჯახის წევრებს მიადგებათ ზიანი სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურებით. შანტაჟი არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა.
თავდაპირველად სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან კ-------------–---–ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისთვის, მნიშვნელოვანია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის დრო და სისტემატურ შეურაცხყოფას შეფასება უნდა მიეცეს არა დაზარალებულისა და ბრალდებულის თანაცხოვრების მთელ პერიოდზე, არამედ ამ უკანასკნელის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ განვითარებულ მოვლენების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თანაცხოვრების პერიოდში, რაც ორათეულ წელს შეადგენს, კ-------------–---–ის მხრიდან სისტემატურად ალკოჰოლური სასმელის მიღების გამო, რის შემდეგაც იგი ხდება აგრესიული და მეუღლეს ნ------–--------ეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას. ალოკოჰოლზე დამოკიდებულება და ამ მდგომარეობაში მისი ქცევის, არაერთი უსიამოვნო და კონფლიქტური ურთიერთობების შედეგია, რომ ნ------–--------ისთვის შიშის და ტანჯვის საფუძველს იძლევა თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, როდესაც მან იცის, რომ ბრალდებული არის ნასვამ მდგომარეობაში და შეეცდება მის ნახვას. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მეორე დღესვე, კვლავ ნასვამ მდგომარეობაში მისვლა ნ------–--------ესთან, საკმარისი აღმოჩნდა, რომ მან იცხოვროს დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში. როგორც დაზარალებულის, ისე ანა და ჯ----------–---–ების განმარტებით, დგინდება, რომ ნ------–--------ე სახლიდან გამოსვლას მაშინ ცდილობს, როდესაც დარწმუნებულია, რომ კ-------------–---–ი ეზოში არ იმყოფება, სამსახურში მისვლის და წამოსვლის დროს ატყობინებს ოჯახის წევრებს, რომ მშვიდად მივიდა, მეზობლების გაფრთხილება, რომ ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაშია, ლიფტში შეხვედრა და მეზობელთან თავის შეფარება და თავად ის ფაქტი, რომ ბრალდებული მის სიახლოვეს ნასვამ მდგმარეობაში იმყოფება, რაც მასში იწვევს შიშს და ტანჯვას, სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ფსიქილოგიური ძალადობის დადგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ-------------–---–მა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენჯერმე ნ------–--------ესთან სახლში მისვლის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ლიფტში შეხვედრისას ურთიერთობის გარკვევის მოთხოვნით, ყვირილით და აგრესიული ქცევით, აპრილის თვეში ნ------–--------ის მიმართ შერიგების მოთხოვნით, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით, ჩაიდინა სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ნ------–--------ის ტანჯვა. ნ------–--------ეს დაერღვა მყუდროება, დაკარგა სიმშვიდე, ყოველ წუთს ელოდება ძალადობას კ-------------–---–ის მხრიდან.
იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის განხორციელებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ზოგადად მუქარის შემცველი სიტყვების გამჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნული ფორმით ისე უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ქმედების შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქმედების სიხშირე, გამოყენებული საშუალება, ურთიერთობა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის.
კ-------------–---–ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მოცემულ შემთხვევაში აღნიშნავს, რომ ნ------–--------ისა და ჯ----------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 25 აპრილს, როდესაც კ-------------–---–ი მეუღლესთან სახლში მივიდა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და კარზე აბრახუნებდა, თუმცა დაზუსტებით არ იცოდა, რომ ნათია სახლში იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო აგრესიულიც იქნებოდა. მათ ასევე არ განუმარტავთ, რომ კ-------------–---–ი რაიმე საგნის გამოყენებით ცდილობდა კარის გატეხვას და აპირებდა ამ საგნის მათ წინააღმდეგ გამოყენებას. სასამართლოს შეფასებით, რეალურად იმ კონკრეტულ მომენტში, კ-------------–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოხატავდა აგრესიას, ნ------–--------ის მისამართით გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ სიტყვებს, თუმცა მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა, რომ ამით ნ------–--------ეს გაუჩნდებოდა მუქარის განხორციელების შიში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კ-------------–---–ი არ ვარაუდობდა, რომ ნ------–--------ე სახლში იყო, ის სიმთვრალისთვის დამახასიათებელი ქცევით გამოირჩეოდა და ასეთ პირობებში უსაფუძვლოა მუქარის განხორციელების შიშზე მითითება, როდესაც ბრალდებულმა არც კი იცის, რომ მუქარის ადრესატი უსმენს მას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
კ-------------–---–ს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
კ-------------–---–ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას რეციდივი მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან სახეზეა მაკვალიფიცირებელი ნიშანი - პირის ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. პარალელურად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული მკვეთრი და მყისიერი რეაგირების თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ასევე პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე, დანაშაულის ჩადენის სიხშირეზე, უნდა შეფასდეს დამნაშავის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობა, ძალადობის ინტენსივობა და რაც მთავარია პირის დაინტერესება ქცევის გამოსწორების მიმართულებით. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა არ უნდა გამოიწვიოს სხვა პირის უფლების დარღვევა - ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის უფლება განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ვერც შემაკავებელი ღონისძიებები ვერ გახდა მისი სათანადო ქცევის გარანტი, უფრო მეტიც, ბრალდებულმა ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სადაც სასჯელი სწორედ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის მოიხადა. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პ-ით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-------------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ-------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ს 11.1151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
კ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კ-------------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა კ-------------–---–ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 აპრილიდან.
კ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე