განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/778-18 (№088260318001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05.10. 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი რ----- თ----------
დაცვის მხარე
ბრალდებული ბ---- ბ--–-------ე
მამის სახელი: გ-------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: თერჯოლის რაიონი სოფელი რ--------ი
ადვოკატი - ფიქრია ცერცვაძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლი.
- სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ბ---- ბ--–-------ე 2015 წლის 17 აგვისტოდან შენახვისა და ტარების უფლებით ფლობდა „ტოზ ბმ" მოდელის, 16 მმ კალიბრის, „148636" საქარხნო ნომრის სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს - თოფს, რომელსაც ინახავდა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე - თერჯოლის მინიციპალიტეტის სოფელ რ--------ში, მისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ „იარაღის შესახებ" საქართველოს 2003 წლის 08 მაისის კანონის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, ბ---- ბ--–-------ე ვალდებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი შეენახა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომ უზრუნველყოფილიყო იარაღის დაცვა და უსაფრთხოება, ასევე, არ მომხდარიყო იარაღთან გარეშე პირის დაშვება, ეს უკანესკნელი ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში არსებულ საწოლის ლეიბების ჩასაწყობ სათავსოში ისე, რომ გარეშე პირს დაუბრკოლებლად შეეძლო ამ იარაღის დაუფლება და გამოყენება; ყოველივე აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ 2017 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე ბ---- ბ--–-------ის ძმა ბ--- ბ--–-------ე დაუბრკოლებლად დაეუფლა რა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, ლითონის საჭრელი ხერხის გამოყენებით გადაჭრა ლულები, მივიდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ ბ--- გ---------ესთან, სადაც საძინებელ ოთახში ესროლა საწოლზე მჯდომ ბ--- გ---------ეს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 25 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ---- ბ--–-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ბ---- ბ--–-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბ---- ბ--–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული და უდავოდ მიჩნეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით, ბრალდებულ ბ--- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა - გ------- ბ--–-------ის, ქ------- ბ--–-------ის, ქ------- გ---–-----ის, ე-–--- ბ--–-------ის, ს------ ც------ის, ბ----ი კ---------ის, ვ-–-------- კ------–--ის, ნ----- ფ---–---–--ას, მ--- გ-------–ის, გ------- ბ--–-------ის, ვ----–ი ა----–--ის, მ------ ყ-------–ის, შ----- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ბ--- ბ--–-------ის მონაწილეობით; მიმართვის წერილი შსს საინფორმაციო ცენტრს სანადირო თოფის რეგისტრაციის შესახებ და შესაბამისი პასუხი; ცნობა სანადირო თოფის რეგისტრაციის შესახებ; ბალისტიკური ექსპერტიზის N1713/ბ დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N354/რან დასკვნა; ბ--- გ---------ის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N006506717 დასკვნა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი ბ--- ბ--–-------ის მიმართ და აღნიშნული საქმის მასალები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებული და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ბ---- ბ--–-------ემ ჩაიდინა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ე.ი. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი შეურიგდეს დაზარალებულს.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ბ---- ბ--–-------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; ის პირველადაა სამართალში, არის სამხედრო მოსამსახურე ქართულ ჯარში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათს. ბ---- ბ--–-------ის მიერ ქმედება ჩადენილია დაუდევრობით, მან არ გაითვალისწინა მოსალოდნელი მძიმე შედეგი, რომლის გათვალისწინებაც მას შეეძლო და ევალებოდა.
ბ---- ბ--–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა და ბრალდებულის რესოციალიზაცია შესაძლებელია ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---- ბ--–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომლის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
2. ბ---- ბ--–-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ბ---- ბ--–-------ე) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- ბ--- ბ--–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ბ---- ბ--–-------ის სახელზე გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა N IF 0205091, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე