განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/776-18 (N041040718005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- გ--------ე
მამის სახელი: ა------ი
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ჟ.-–--------- ქ. N3
ადვოკატები - რ--------- ხ----–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, (02 ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ,(02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ოქტომბერში, ქ.ქუთაისში, შ--------ს ქუჩა N3-ში მდებარე სახლში, გ------- გ--------ემ იძალადა მეუღლეზე-ს------- ლ------ეზე(ხელი გაარტყა სახეში). ძალადობის შედეგად ს------- ლ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 4 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. ქუთაისში, შ--------ს ქუჩა N3-ში მდებარე სახლში, გ------- გ--------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე-ს------- ლ------ეზე (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებში). ძალადობის შედეგად ს------- ლ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.ქუთაისში, შ--------ს ქუჩა N 3-ში მდებარე სახლში, გ------- გ--------ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა სიმამრზე-ზ------ ლ------ეზე (ხელი გაარტყა სახეში). ძალადობის შედეგად ზ------ ლ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული გ------- გ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს------- ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------ ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პ------–- ნაწილზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
დაზარალებულ ზ------ ლ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ მისი შვილი ს------- დაახლოებით 2 წლის დაოჯახებული იქნება. გ-------ს და ს-------ს ჰყავთ შვილები - ერთი არის მეორე კლასში, მეორე კი წლისა და ორი თვისა არის. 2018 წლის 4 ივლისს დაურეკა მისმა მეუღლემ ნ---- ლ------ემ დაახლოებით 12 საათი იქნებოდა და უთხრა, რომ გასულიყო ს-------სთან, რადგან ურთიერთშელაპარაკება მომხდარა ცოლ-ქმარს შორის. ერთ საათში მივიდა ს-------სთან, რომელიც ცხოვრობს შ--------ს ქუჩაზე საკუთარ სახლში. მარტო მივიდა, სახლში დახვდა მისი ქალიშვილი, გ-------ს კი ეძინა. ს-------მ უთხრა, რომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება. ამასობაში გაიღვიძა გ-------მ, წამოვიდა მისკენ და დაარტყა ხელი სახის მარცხენა არეში. მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და დაუდგინა დაზიანება ჩალურჯების სახით. შვილის ცემის შესახებ გაიგო ს-------საგან, როდესაც მასთან მივიდა სახლში. 2018 წლის 4 ივლისის კონფლიქტის შესახებ დაურეკა მეუღლემ, რომელმაც უთხრა, რომ ს-------ს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ-------მ და ფიზიკურ ტკივილზე არაფერი არ უთქვია. მანვე განმარტა, რომ როდესაც მას ხელი გაარტყა გ-------მ, იქ არ იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. მას ფიზიკური ტკივილი იმდენად არ უგრძვნია, უფრო მეტად გული ეტკინა სიძის ქმედების გამო(სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე კ------- კ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მხარეების მიერ, ის ცხოვრობს ქ. ქუთაისი შ--------ს ქუჩა N1/4-ში, ოჯახის წევრებთან ერთად. მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ-–----- განყოფილებაში უფროსის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 ივლისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში მდებარე ქუთაისში, შ--------ს ქუჩა N3-ში, როდესაც ს-------მ სთხოვა დახმარება. ის მაშინვე წავიდა აღნიშნულ მისამართზე, სადაც დახვდა ს------- ლ------ე თავის მცირეწლოვან შვილებთან და მშობლებთან ერთად. ადგილზე მისვლისას ს-------მ მას უთხრა, რომ რამდენიმე წუთის უკან იგი სცემა მისმა მეუღლემ გ------- გ--------ემ, რომელსაც ის იცნობდა უბნიდან, რა დროსაც მან უთხრა ს-------ს, რომ დაერეკა საპატრულო პოლიციაში. ს-------სთან საუბრის დროს თავადაც დაუკავშირდა პოლიციის პ------–- განყოფილების უფროსს და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ითხოვა პოლიციის დახმარება. ამ პროცესში მოულოდნელად მათთან გავიდა გ------- გ--------ე, რომელიც როგორც შემდგომ გაიგო სახლში ყოფილა დაძინებულ მდგომარეობაში, გამოსვლისთანავე, მან შეიგინა ს------- ლ------ის მამის ზ------ი ლ------ის მისამართით, რა დროსაც უცაბედად გაშლილი ხელი დაარტყა სახეში სიმამრს და გაიქცა. მალევე ადგილზე მოვიდნენ მის მიერ გამოძახებული პოლიციის მუშაკები და ასევე ს-------ს მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები(ს.ფ.25-27).
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია მოწმე ნ---- ლ------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე(სასამართლო სხდომის ოქმი. ს.ფ.16-18).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1591085 04/07/2018 16:11 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს, სახაზო-საპატრულო განყოფილების (ქალაქი ქუთაისი) ,------ საპატრულო ეკიპაჟიდან პატრულ-ინსპექტორმა ა. მ--–--ემ აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების მორიგეს, რომ ქ. ქუთაისში, ჟ.-–--------- ქ. N3-ში 1--- წელს დაბადებულმა გ------- გ--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს 1--- წელს დაბადებულ ს------- ლ------ეს და სიმამრს, 1--- წელს დაბადებულ ზ------ ლ------ეს (ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N1592356 04/07/2018 17:16 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ლ--–- გ------–--ეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პ------–- განყოფილების უფროსმა გ--- ს---–------ემ აცნობა, რომ მას 15:14 საათზე ტელ. ნომრით 5----------- დან დაუკავშირდა კ------- კ------ე, რომელმაც შეატყობინა, რომ ქ. ქუთაისში, ჟ. შ-------ს ქ. N3-ში ადგილი ქონდა ოჯახურ ძალადობას და ითხოვდა დახმარებას (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ამოღების ოქმის თანახმად 2018 წლის 04 ივლისს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ ს------- ლ------ისაგან, მისივე თანხმობით ამოიღო ს------- ლ------ის მოყავისფრო შარვალი, რომელსაც მარჯვენა მხარეს აქვს დაზიანება ნახევის სახით მთელ სიგრძეზე, სხვა დაზიანება შარვალს არ გააჩნია. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის N11/ა-543 განჩინებით(ს.ფ. 11-15, 53-54).
ამოღების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა პ----- ხ----–--მ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ს------- ლ------ემ მას მოუყვა მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ. მან ასევე დაადასტურა, რომ ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებია (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 04 ივლისს გაცემული შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ს------- ლ------ის და ზ------ ლ------ის ახსნა-განმარტებების თანახმად გ------- გ--------ემ მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - აგინა დედის მისამართით და სახეში გაარტყათ ხელი. ს------- ლ------ეს ასევე შემოახია შარვალი. შემაკავებელი ორდერის თანახმად გ------- გ--------ეს აეკრძალა ს------- და ზ------ ლ------ეებთან დაკავშირება( ს.ფ. 33-41).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004649818 დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 04.07.2018წ.19:52-20:05 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ს------- ლ------ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 55-57, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004650818 დასკვნით - რაც ასევე დაადასტურა ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა სასამართლოზე ჩვენების მიცემისას - ირკვევა, რომ 04.07.2018წ.20:55-21:08 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ზ------ ლ------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 58-61, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაზარალებულმა ს------- ლ------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის(მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ს------- ლ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებში ბრალდების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებები. კერძოდ, ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ------- გ--------ემ 2017 წლის ოქტომბერში და 2018 წლის 04 ივლისს განახორციელა ძალადობა მეუღლის - ს------- ლ------ის მიმართ, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულ ს------- ლ------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
მოცემულ ბრალდების ეპიზოდებს არ ჰყავს სხვა პირდაპირი მოწმე, გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულისა, ხოლო მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა - ზ------ ლ------ის, გამომძიებელ პ----- ხ----–--ს, ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებებს, ასევე მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეულ კ------- კ------ის და სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ნ---- ლ------ის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო განმარტავს, რომ არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია და ფიცის ქვეს არ დაუდასტურებია ამ ინფორმაციის სინამდვილე. ამდენად, სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. მოცემულ ვითარებაში, არც დაზარალებულ ს------- ლ------ის სხეულზე არსებული დაზიანებები და არც ს------- ლ------ისაგან ამოღებული დახეული შარვალი არ იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ 2017 წლის ოქტომბრის თვეში და 2018 წლის 4 ივლისს გ------- გ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ს------- ლ------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით გ------- გ--------ის მსჯავრდება.
ამასთან, სსსკ-ის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც არ იყო ირიბი სახის და რომლითაც დასტურდებოდა წარმოდგენილი არაპირდაპირი ჩვენებები.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
სასამართლო ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ დანაშაულის ობიექტური მხარის - გ------- გ--------ის მიერ ს------- ლ------ის ფიზიკური შეურაცხყოფების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება.
სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ მეუღლეებს გ------- გ--------ესა და ს------- ლ------ეს შორის არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, სიფრთხილით უნდა შემოწმდეს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობა სხვა ობიექტური ინფორმაციის წყაროებით. მოცემულ შემთხვევაში კი თვით დაზარალებულმა განაცხადა უარი ჩვენების მიცემაზე და, შესაბამისად, მხოლოდ მის მიერ სხვა პირებზე გადაცემული ინფორმაციით დანაშაულებრივი ფაქტის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა შეუძლებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ------- გ--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას ს------- ლ------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ეპიზოდებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
დაზარალებულ ზ------ ლ------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი:
მოცემულ ეპიზოდში წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება როგორ დაზარალებულ ზ------ ლ------ის, ისე ფაქტის თვითმხილველ პირთა კ------- კ------ის და ნ---- ლ------ის გამოკითხვის ოქმებით, ასვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით. ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის უტყუარ და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რაც სადავოდ აღარ გახადა არც დაცვის მხარემ.
ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება უშუალოდ დანაშაულის ფაქტის ჩადენა არასრულწლოვანთა თანდასწრებით, რაც სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სავალდებულო ნიშანია.
კერძოდ, ფაქტის თვითმხილველ პირები კ------- კ------ე და ნ---- ლ------ე გამოკითხვის ოქმებში მხოლოდ ზოგადად ადასტურებენ, რომ მათი მისვლისას ბინაში იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები, თუმცა ესწრებოდნენ თუ არა ისინი გ------- გ--------ის მიერ ზ------ ლ------ისათვის ხელის გარტყმის ფაქტს, ამის შესახებ ინფორმაცია მათი გამოკითხვის ოქმებში არ მოიპოვება. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ზ------ ლ------ეს, მან სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა, რომ სიძის მიერ მისი ცემის ფაქტს არასრულწლოვანი შვილიშვილები ესწრებოდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------ ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე.
შესაბამისად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ------- გ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
ამდენად, გ------- გ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს------- ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ------ ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
გ------- გ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ------- გ--------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული; დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნია გ------- გ--------ესთან და ითხოვს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებას - ისეთი სასჯელის შეფარდებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან. ბრალდებული ასევე შერიგებულია თავის მეუღლესთან, რომელთა კმაყოფაზე იმყოფება არასრულწლოვანი შვილები. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ გ------- გ--------ეს წარსულში ანალოგიური ფაქტი არასოდეს ჩაუდენია და ოჯახურ კონფლიქტს რაიმე სერიოზული წანამძღვარი არ გააჩნია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებული თითქმის 03 თვე პატიმრობაში იმყოფებოდა, რაც უნდა გახდეს მისთვის დამაფიქრებელი და საკმარისი სათანადო დასკვნების გამოსატანად.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- გ--------ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ს------- ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ზ------ ლ------ეზე ძალადობის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილზე.
3. გ------- გ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
4. გ------- გ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ------- გ--------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში გ------- გ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით.
7. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
8. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------- გ--------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე