გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/16560-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე ნ------------–---–ი
წარმომადგენელი ა------------ე
მოპასუხე სს ,,ხ----–--ი"
წარმომადგენელი გ--–------------–----, ჯ---------–--ე
დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ხ----–--ს“ მოსარჩელის ნ------------–---–ის სასარგებლოდ 2011-2016 წლების სახელფასო დავალიანების 58895 ლარის გადახდა.
1.2. დაეკისროს მოპასუხე სს ,,ხ----–--ს“ მოსარჩელის ნ------------–---–ის სასარგებლოდ ხელფასის დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს 0.07%-ის ოდენობით გადახდა, ჯამში 54000 ლარის ოდენობით, კერძოდ, 2011 წლისთვის - 21589 ლარის, 2012 წლისთვის - 11957 ლარის, 2013 წლისთვის - 15023 ლარისა და 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანებაზე - 993,72 ლარის.
მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა 2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომაზე, წარმოდგენილი ახსნა განმარტებით. კერძოდ, უარი თქვა 2010 წლის დავალიანების 2895 ლარის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს და ასევე, კომპენსაციის 3250 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში (იხ. 2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა მოპასუხე სს ,,ხ----–--ში“ 1989 წლის 12 იანვრიდან ბუღალტერიის განყოფილების უფროსად. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე მოსარჩელე ასრულებდა ბუღალტრის და სხვა ადმინისტრაციულ ვალდებულებებს. 2014-2016 წლებში მოსარჩელის დარიცხული ყოველთვიური ხელფასი იყო 1625 ლარი, ხოლო ხელზე ასაღები - 1300 ლარი. წლების განმავლობაში მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია 2011 წლის სახელფასო დავალიანება 16900 ლარის, 2012 წლის სახელფასო დავალიანება 11700 ლარის, 2013 წლის სახელფასო დავალიანება 19600 ლარისა და 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით სახელფასო დავალიანება 7800 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 58895 ლარს. ასევე, მოსარჩელე მიუთთებს, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2011 წლისთვის - 21589 ლარი, 2012 წლისთვის - 11957 ლარი, 2013 წლისთვის - 15023 ლარი და 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანებაზე - 993,72 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიამრთ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ამასთან 2011-2013 წლების, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი არ არსებობს იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე სს ,,ხ----–--ში“ 1989 წლის 12 იანვრიდან ბუღალტერიის განყოფილების უფროსად. 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 25 აგვისტომდე მოსარჩელე ასრულებდა ბუღალტრის და სხვა ადმინისტრაციულ ვალდებულებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს აღნიშნულ დავის საგანზე სასარჩელო მოთხოვნით მიმართა 2017 წლის 23 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისთვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება ის დრო, როცა მან ვერ მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ბოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტი მოსარჩელეს დაუდგა 2013 წლის დეკემბერში, როცა მან მისი განმარტებით ვერ მიიღო 2013 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელის სასამართლოს მომართა 2017 წლის 23 ივნისს, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011-2013 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნებზე გასულია სასარჩელო მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობა ვადა.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მას გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის ჩათვლით არსებული სახელფასო დავალიანება სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვერ ადასტურებს წარმოდგენილი მტკიცებულებებით 2016 წლის დავალიანების მოსარჩელისთვის სრულად გადახდის ფაქტს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით. მოსარჩელის წარმოდგენილი დოკუმენტის, კერძოდ 2017 წლის 30 ივნისამდე მოსარჩელის მიერ მიღებული და მისაღები შემოსავლის თაობაზე ინფორმაციის საფუძველზე ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ხელზე ასაღები ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შედგენს 1300 ლარს, დგინდება, რომ 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით, მოსარჩელეს უნდა მიეღო ხელფასი 7800 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 224-225).
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თანხის მოძრაობის ანგარიშის საფუძველზე (ი.ხ. ს.ფ. 34) დგინდება, რომ 2016 წლის 10 მარტს, მოსარჩელე ნ------------–---–ზე გაიცა 2016 წლის იანვრის ხელფასი 1300 ლარის ოდენობით. ასევე აღნიშნული მტკიცებულებით დგინდება, რომ 2016 წლის 27 აპრილს, მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 1000 ლარის ოდენობით, 2016 წლის 16 მაისს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 500 ლარის ოდენობით, 2016 წლის 31 მაისს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 200 ლარის ოდენობით და 2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელეზე გაიცა სახელფასო დავალიანება 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ჯამში, მოსარჩელეზე გაცემულია სახელფასო დავალიანება 2016 წლის თებერვლის შემდეგ 4000 ლარის ოდენობით, საიდანაც 1300 ლარი არის იანვრის ხელფასი (იხ. ს.ფ. 34).
რაც შეეხება დანარჩენ დავალიანებებს, ვინაიდან თანხის მოძრაობის ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი თვის დავალიანების დასაფარად იქნა აღნიშნული თანხები გაცემული, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხები გაცემულია 2016 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში არსებული დავალიანების დასაფარად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანებიდან მიღებული აქვს 2700 ლარი, რაც უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 2016 წლის მთლიან დავალიანებას 7800 ლარს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით არსებული სახელფასო დავალიანება 5100 ლარის ოდენობით და აღნიშნული დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო 993,72 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 31-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ 2011-2013 წლების და 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით სახელფასო დავალიანება ჯამში 58895 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ 2016 წლის დავალიანების გარდა, ყველა ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და ამასთან მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანება სრულად.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2011-2013 წლების სახელფასო დავალიანების მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია და ამასთან, მოპასუხე უარს აცხადებს აღნიშნული დავალიანების გადახდაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკამყოფილდეს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხის 2016 წლის თებერვლიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5100 ლარს (იხ. 3.2.2. სადავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანების 5100 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 2011 წლისთვის - 21589 ლარის, 2012 წლისთვის - 11957 ლარის, 2013 წლისთვის - 15023 ლარისა და 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით სახელფასო დავალიანებაზე - 993,72 ლარის დაკისრება.
სასამართლოს მიაჩნია , ვინაიდან 2011 წლიდან 2013 წლის ჩათვლით სახელფასო დავალიანების შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულია, ამ მოთხოვნიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა - 2011-2013 წლების დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე ხანდაზმულია, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკამაყოფილდეს.
მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვის ჩათვლით არსებული სახელფასო დავალიანებისთვის დასარიცხი პირგასამტეხლოს თანხასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობას არ ეთანხმება და იგი არ არის სწორად დაანგარიშებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება მოსარჩელის მიმართ და არ უხდიდა მას ხელფასს ხელშეკრულების შესაბამისად იმ პერიოდში, როცა ისინი იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა 993,72 ლარი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება მოსარჩელის პოზიციის გასაბათილებლად დადასტურებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2016 წლის თებერვლის თვიდან 2016 წლის ივლისის თვემდე სახელფასო დავალიანებაზე - 5100 ლარზე, ამ დავალიანების წარმოშობიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას 993.72 ლარს, თუმცა სასამართლო დისპოზიციურობის პრონციპიდან გამომდინარე ვერ გასცდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 2016 წლის თებერვლის თვიდან ივლისის თვემდე არსებული სახელფასო დავალიანებაზე - 5100 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლოს 0.07%-ის - 993,72 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან მოპასუხე გათავისუფლებულია სახ. ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს, დაკამყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის -6093.72 ლარის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 182.81 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ------------–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ხ----–--ის" მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და პრიგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე სს ,,ხ----–--ს" მოსარჩელე ნ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 5100 ლარისა და პრიგასამტეხლოს 993.72 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე სს ,,ხ----–--ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახ. ბაჟის 182.81 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია