განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
010100118002662458
დავის ტიპი
276 5
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002662458

საქმე N1-907/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06.11.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - ნა-------------–-ძე

 

1. ბრალდებული: ზუ------------ძე

მამის სახელი: ბე--------ი

დაბადებული: 03.02.1991 წელი

პირადი ნომერი: 3---------7

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე.

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ლა--------

 

ბრალდებულის ადვოკატი - და----------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით ( ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N075080818001

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 08 აგვისტოს, დაახლოებით 06:30 საათზე, ქ. ბათუმში, თა--------------–---ში, თა-------------- საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ, ზუ------------ძე მოძრაობდა რა ,,მ---------------------ის’’ მარკის მიკროავტობუსით სახელმწიფო ნომრით D-----, - დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონი მუხლი 33.1, 33.2, 33.6 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნა----–--------–-–--ლს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა

იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს,რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

 

2.1 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. 2018 წლის 24 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2 ნარკოლოგიური შემოწმების და ფსიქოტროპული ექსპერტიზის დასკვნით N 005509618 08.08.2018წ. დადგენილია, რომ ზუ------------ძე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეტადონი, მეტადონის მეტაბოლიტი, ტრამადოლი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ექსტაზი (MDMA), აგრეთვე ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე მიღებულია უარყოფითი შედეგი.

 

2.3 ალკოჰოლური თრობის ექსპერტიზის დასკვნით N0--------, 08.08.2018წ. დადგენილია, რომ ზუ------------ძე კლინიკურად არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

 

2.4 სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით №ს-------, 09.08.2018წ დადგენილია, რომ წარმოდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებების ფორმა და განვითარების ხასიათი დამახასიათებელია ავტომობილის რაიმე მასზე შედარებით უფრო რბილი საფარის მქონე საგანზე, სხეულთან შეჯახება-ურთიერთქმედებისათვის, როგორიც შესაძლოა იყოს ადამიანის სხეულიც. წარმოდგენილი ავტომობილის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა გამართულ მდგომარეობაშია.

 

2.5 ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №2----- 13.08.2018წ დადგენილია, რომ მძღოლ ზუ------------ძის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მუხლი 33.1, 33.2, 33.6 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

2.6 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 14.09.2018წ დადგენილია, რომ ნა----–--------–-–--ლის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა განვითარებული ნეკნების მრავლობითი მოტეხილობების შედეგად, პლევრის, ნეკნთაშუა არტერიების და ორივე ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, შინაგანი სისხლდენით ორივე პლევრის ღრუში. გარდაცვალებიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არანაკლებ 6 საათისა.

ნა----–--------–-–--ლის გვამზე აღინიშნებოდა გულმკერდის ბლაგვი ტრავმა. მარჯვნივ მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 ნეკნების მოტეხილობები. მარცხნივ მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 ნეკნების მოტეხილობები ცდომით. მოტეხილობების შესაბამისად ზოგიერთ ადგილას კედლისამყოლი პლევრის, ნეკნთაშუა არტერიების და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით. პლევრალურ ღრუებში სისხლი და სისხლის კოლტები მარჯვნივ 750 მლ-ის რაოდენობით. მოტეხილობების გარშემო რბილ ქსოვილებში, ნეკნთაშუა კუნთებში სისხლჩაქცევებით. ღვიძლის გაგლეჯა. მუცლის ღრუში თავისუფალი სისხლი და სისხლის კოლტები 500 მლ-ის რაოდენობით. მარჯვენა წვივის ძვლების მოტეხილობა. მრავლობითი ნაჭდევები და ნაფლეთოვანი ჭრილობები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, სიცოცხლისდროინდელია და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს როგორც სოცოცხლისათვის სახიფათო.

 

2.7 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.8 ამდენად, მხარეთა მიერ შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეების: ლე-------------------------------ს ჩვენებები, დაზარალებულის უფლებამონაცვლის გამოკითხვის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალათა ერთობლიობა) უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ზუ------------ძემ ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზუ------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 08 აგვისტოს ავტომობილის მართვისას ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევით, რამაც გამოიწვია ნა----–--------–-–--ლის სიცოცხლის მოსპობა - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო სასჯელის ზომის და სახის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ზუ------------ძის მიერ დანაშაული ჩადენილია გაუფრთხილებლობით, ბრალდებულს კმაყოფაზე ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი; ყავს ხანდაზმული მშობლები; მან ნებაყოფლობით დახმარება გაუწია დაზარალებულის ოჯახს, შესაბამისად დაზარალებულის უფლებამონაცვლეს არ გააჩნია პრეტენზია და თანახმაა ბრალდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით დადგენილი შეღავათები; ბრალდებული დასაქმებული იყო მძღოლის თანამდებობაზე და ის იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო; მიკროავტობუსი ბრალდებულის განმარტებით არ წარმოადგენდა მის საკუთრებას;

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ბრალდებულის მიმართ ისეთი სახის სასჯელის განსაზღვრას, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან; ზუ------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მის მიმართ სასჯელის სახით შესაძლებელია განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით; უფრო მკაცრი სასჯელის ზომის დანიშვნა ჩადენილი დანაშაულის, მისი ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

მასვე დამატებით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება განსაზღვრული დროით;

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

ნივთიერი მტკიცებულება -,,მ---------------------ის’’ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით D------,, რომელიც განთავსებულია შპს ,,ბ--------------’-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ზუ------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (წლის) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, ჩამოერთვას სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზუ------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

პირობით მსჯავრდებულის ზუ------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, ზუ------------ძის კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება -,,მ---------------------ის’’ მარკის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით D------,, რომელიც განთავსებულია შპს ,,ბ--------------’-ის სპეციალურ ავტოსადგომზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი დნობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვითი პრობაციის ბიუროს, შსს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე