გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.10.2018
საქმის ნომერი
140310118002428854
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310118002428854

საქმე № 3/102-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

სხდომის მდივანი ნინო არაბული

 

მოსარჩელე: სსიპ ,,შემოსავლების სამსახური”

წარმომადგენელი: ნ----- ბ--–--–---–ი

 

მოპასუხეები: შ-- ,,ჩ----”, შ-- ,,ნ--------ი’’, ნ-----–---- ბ--–-–---–ი, გ------- ბ--–-–---–ი, ზ------ ყ---–-–---–ი

წარმომადგენელი: ი-----–- ხ----ე

 

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

შ-- ,,ჩ----”-ს, შ-- ,,ნ--------ი’’-ს, ნ-----–---- ბ--–-–---–ის, გ------- ბ--–-–---–ის და ზ------ ყ---–-–---–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, შ-- ,,ჩ----’’-ს, რომელიც სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 11 მაისიდან, (ს/ნ 4--------) გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება 39 112,18 ლარის ოდენობით; იგი სამეწარმეო საქმიანობას (ხე-ტყის მოპოვება და რეალიზაცია) ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბ--–----–ი, მე-3 1-ლი ჩიხი N2-ში, იმ ფართში, რომლის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ნ-----–---- ბ--–-–---–ი (პ/ნ 5----------), რომლის იურიდიული მისამართია გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ---------ი.

 

2016 წლის 22 დეკემბერს ნ-----–---- ბ--–-–---–მა (პ/ნ5----------) დააფუძნა შ-- ,,ნ--------ი” (ს/ნ 4--------), სადაც შ---ს დირექტორი არის ნ-----–---- ბ--–-–---–ი, ხოლო 100% წილის მფლობელი - ზ------ ყ---–-–---–ი. იურიდიული მისამართი და საქმიანობის სახე იგივეა, რაც შ-- ,,ჩ----’’-ს შემთხვევაში. 2018 წლის 23 მარტის მდგომარეობით, შ-- ,,ნ--------ს’’ ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანებია 8997.90 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, შ-- ,,ნ--------ის“ ქონებაზე 2017 წლის 20 ივლისს №225-965 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის უფლება, 2017 წლის 05 ოქტომბერს შ-- ,,ნ--------ი’’-ს მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №025-4-- ბრძანება.

 

მოსარჩელის განმარტებით, შ-- ,,ჩ----’’-ს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში (ტრანსპორტირებით) მძღოლის გრაფაში მითითებულია ნ-----–---- ბ--–-–---–ი, ისევე როგორც შ-- ,,ნ--------ი’’-ს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, აგრეთვე მათ მიერ გამოწერილ ზედნადებებში ფიქსირდება ავტომობილი ,,USUAL 4---’’ სახ.ნომ: M---5--, რომელიც ეკუთვნოდა ნ-----–---- ბ--–-–---–ს, ხოლო 2013 წლის 23 დეკემბერს მან ხსენებული ავტომობილი გადააფორმა საკუთარი შვილის - გ------- ბ--–-–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შ-- ,,ნ--------ს“ საქმიანობის პერიოდში - 2016 წლის 22 დეკემბრიდან დღემდე სხვადასხვა პირებზე მიწოდებული აქვს 57057.40 ლარის ღირებულების პროდუქცია, მაშინ როდესაც მის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 0 ლარი. ასევე მის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებებით არ მომხდარა თანხის ჩამოწერა, რაც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ როგორც შ-- ,,ჩ----“-ს, ისე შ-- ,,ნ--------ი“-ს კუთვნილი თანხების გამოყენება ხდებოდა ნ-----–---- ბ--–-–---–ის მიერ პირადი მიზნებისთვის.

 

მაშასადამე, ნ-----–---- ბ--–-–---–ი შ-- ,,ჩ----”-ს საქმიანობის შეჩერების შემდგომ შ-- ,,ნ--------ი”-ს სახელით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საგადასახადო საქმიანობის გადასახადის გადახდევინების ღონისძიებისთვის თავის არიდების მიზნით, რაც მოსარჩელის განმარტებით, არის მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ ისინი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პირები არიან; მტკიცებულება, რომ ამ პირთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია, არ წარმოდგენილა; მათ არაფერი გაუკეთებიათ, რათა თავი აერიდებინათ გადასახადის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მითითება არასწორია, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა განხორციელებული ოპერაციების ფორმასა და შინაარსს შორის კონფლიქტის არსებობა. მათ ერთმანეთთან არ აქვთ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმიანობის პირობებსა თუ ეკონომიკურ შედეგზე. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხეთა შორის არსებულ იმდაგვარ ურთიერთობას, თუ საქამიანობას, რამაც განაპირობა რომელიმე მათგანის მიერ გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის თავის არიდება.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. შ-- ,,ჩ----” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2012 წლის 11 მაისიდან, მისი იურიდიული მისამართია გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ---------ი, დირექტორი არის ნ-----–---- ბ--–-–---–ი (პ.ნ 5----------);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 09 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. შ-- ,,ჩ----’’-ს (ს/ნ 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 39112.18 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შედარების აქტი, მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. 2015 წლის 18 აგვისტოს N025-4400 შეტყობინებით, შ-- ,,ჩ----’’-ს (ს/ნ 4--------) ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. 2015 წლის 03 ნოემბერს შ--,,ჩ----’’-ს (ს/ნ 4--------) მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №025-3-- ბრძანება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.4. შ-- ,,ნ--------ი” (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2016 წლის 22 დეკემბრიდან. მისი იურიდიული მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, ზ---- ბ--–----ი, მე-3 1-ლის ჩიხი N2, დირექტორი არის ნ-----–---- ბ--–-–---–ი (პ.ნ 5----------), ხოლო 100% წილის მფლობელი ზ------ ყ---–-–---–ი (პ.ნ59001105483);

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 22 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.5. 2013 წლის 23 დეკემბერს გ------- ბ--–-–---–ის (5----------) სახელზე რეგისტრირებულია ავტომანქანა ,,U--- 4---’’ სახელმწიფო ნომრით M---5--;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ინფორმაცია პიროვნების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელის - შ-- ,,ჩ----”-ს დანარჩენი მოპასუხეებისაგან განსხვავება შეუძლებელია და მათ თავი აარიდეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, არ დასტურდება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მე-6 მუხლის მიხედვით კი, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.

 

საგადასახადო ვალდებულების უპირობო შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

ამიტომ, საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი ხდება გადამხდელის ქონება. საგადასახადო უზრუნველყოფის საგანი მესამე პირის ქონება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია ან როდესაც მესამე პირი იძენს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთულ ქონებას. გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას, რათა გადასახადის გადამხდელმა ბოროტად არ გამოიყენოს ის გარემოება, რომ მესამე პირის ქონებაზე გადახდევინების მიქცევა არ ხდება და არ მოახდინოს მხოლოდ აღნიშნული მიზნით სხვა პირის შექმნა და მისთვის ქონების გადაცემა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამდენად, სასამართლოს შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურდეს ცრუმაგიერი მფლობელობის ფაქტი, სავალდებულოა დადგინდეს, რომ მოპასუხეები საერთო ეკონომიური ინტერესების საფუძველზე მოქმედებდნენ გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ნათესავები, ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა.

 

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ფიზიკური პირები, კერძოდ ნ-----–---- ბ--–-–---–ი და გ------- ბ--–-–---–ი არიან ერთმანეთის ნათესავები, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა, ამ ფაქტის დადასტურებულად ჩათვლის შემთხვევაშიც, ეს ფაქტი ვერ გახდება ურთიერთდამოკიდებულ პირებად მათი ცნობის საფუძველი, რადგან, როგორც აღინიშნა, არ დგინდება მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობები სამეწარმეო საქმიანობის ამა თუ იმ მიზნით და ფორმით ერთობლივად განხორციელებისათვის.

 

მოსარჩელის განმარტებით შ-- ,,ჩ----’’-ს და შ-- ,,ნ--------ი’’-ს სამეწარმეო საქმიანობის სახე, ისევე როგორც ადგილი არის ერთი და იგივე, თუმცაღა საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერებით დგინდება, რომ შ-- ,,ჩ----’’-ს მისამართს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხ---------ი, ხოლო შ--,,ნ--------ი’’-ს - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზ---- ბ--–----ი, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების ერთი და იგივე საქმიანობის იმავე ადგილზე განხორციელება, (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება, მართლაც ქმნიდეს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ამ შ---ს დირექტორმა წინასწარ მიიღო ზომები, რათა საგადასახადო უზრუნველყოფის შესაძლო ღონისძიებებისაგან განერიდებინა თავისი ქონება, მათ შორის მიღებული შემოსავალი, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტი, დადასტურების შემთხვევაშიც, ვერ გახდება აღნიშნული შ---ეების ერთმანეთის ცრუმაგიერად ჩათვლის საკმარისი საფუძველი. ამასთან, მოსარჩელე უთითებს,რომ შ-- ,,ჩ----’’-ს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში (ტრანსპორტირებით) მძღოლის გრაფაში მითითებულია ნ-----–---- ბ--–-–---–ი, ისევე როგორც შ-- ,,ნ--------ი’’-ს მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში, აგრეთვე მათ მიერ გამოწერილ ზედნადებებში ფიქსირდება ავტომობილი ,,U---- 4---’’ სახ.ნომ: M---5--, რომელიც ეკუთვნოდა ნ-----–---- ბ--–-–---–ს, ხოლო 2013 წლის 23 დეკემბერს მან ხსენებული ავტომობილი გადააფორმა საკუთარი შვილის - გ------- ბ--–-–---–ის (პ/ნ 5----------) სახელზე. თუმცა მოსარჩელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი აღნინიშნული ზედნადებები, ხოლო ის, ფაქტი, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს ავტომობილის ,,U---- 4---’’ სახ.ნომ: M---5-- რეგისტრაცია მოხდა გ------- ბ--–-–---–ის სახელზე, ვერ ადასტურებს მოპასუხეთა ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის ფაქტს და არ შეიძლება გახდეს მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, ვინაიდან მისი გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და გადასახადის გადამხდელი ამ სხვა პირის მიერ გამოყენებულია გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით.

 

ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

დადგენილია, რომ შ-- ,,ჩ----’’ სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებულია 2012 წლის 11 მაისიდან, მისი იურიდიული მისამართია გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ხ---------ი. შ-- ,,ჩ----’’-ს საქმიანობა იყო ხე-ტყის მოპოვება და რეალიზაცია, ხოლო 2016 წლის 22 დეკემბერს ნ-----–---- ბ--–-–---–მა დააფუძნა შ-- ,,ნ--------ი’’ (ს/ნ 4--------), სადაც შ---ს დირექტორი არის თვითონ, ხოლო 100% წილის მფლობელი ზ------ ყ---–-–---–ია. სასამართლო თვლის, რომ მოცემული გარემოებების გამო, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შ-- ,,ჩ----’’-ს მიერ საქმიანობის შეჩერების შემდგომ მოხდა საქონლის გადაწერა სარჩელში მითითებულ სხვა მოპასუხეებზე, ასევე არ არის წარმოდგენლი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნ-----–---- ბ--–-–---–ი არ ფლობს წილს შ-- ,,ნ--------ში” და მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხედ მითითებული შ-- ,,ნ--------ი” და შ-- ,,ჩ----’’-ს დირექტორი არის ნ-----–---- ბ--–-–---–ი და ახორციელებენ ერთსა და იმავე სამეწარმეო საქმიანობას, ვერ გახდება მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს 2 პირობის კუმულაციურად არსებობა: 1. პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და 2. ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის შესაბამისობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილთან, რომლის მიხედვით პრაქტიკულად შეუძლებელი უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებული უნდა იყოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით.

 

უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარმოადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს; ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არც ერთი უდავო მტკიცებულებ არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებათა დასადასტურებლად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, რაც არ ქმნის იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს შორის მხოლოდ ნათესაური კავშირის ქონა და აქედან გამომდინარე ურთიერთობები, რაც გულისხმობს მათ ეკონომიკურ ხასიათსაც, არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განმარტებული იქნას მათ ცრუმაგიერ პირებად ცნობისათვის იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ერთერთ პირს საგადასახადო დავალიანება აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის ერთერთი წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო დავალიანების წარმოშობა, არ შეიძლება გახდეს ოჯახის სხვა წევრებისთვის შემზღუდავი მათ ურთიერთობაში, საკმარისი, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე.

 

6.2. სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის” სარჩელი შ-- ,,ჩ----”-ს, შ-- ,,ნ--------ი’’-ს, ნ-----–---- ბ--–-–---–ის, გ------- ბ--–-–---–ის, ზ------ ყ---–-–---–ის მიმართ მოპასუხეების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე ნინო გერგაული