გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210118002452038
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14294-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე ფა----- ხა-----

მოპასუხე თ-- ხუ-------

წარმომადგენელი ე-------------–-ძე

დავის საგანი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. თ-- ხუ-------ს, ფა----- ხა-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 სული პირუტყვის ღირებულების ანაზღაურება - 19 540 ლარის ოდენობით.

1.2. თ-- ხუ-------ს, ფა----- ხა-----ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება - 5000 ლარის ოდენობით.

1.3. თ-- ხ---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნეს ფა----- ხა-----ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ერთი ცალი გაზქურა, ერთი ცალი მაცივარი, ორი ცალი ე.წ „დივან-კრესლო“, მაგიდა და სკამები.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა 9.10.2018წ, სხდომის ოქმი 12:06:19/12:06:23 წთ.)

 

სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ფა----- ხა----- 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯუ--–--- ხუ-------სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ 4 შვილი. 2016 წლის 17 დეკემბერს ჯუ--–--- ხუ------- გარდაიცვალა. მოსარჩელე ოჯახთან ერთად 2014 წლამდე ცხოვრობდა სვანეთში, 2014 წლიდან კი ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მისი მეუღლის მამა-პაპისეულ სახლში. ოჯახს ჰქონდა მეურნეობა, საქონელი, ქათამი, პირუტყვი და ა.შ.

მოპასუხე თ-- ხუ------- არის მისი მეუღლის და. ჯუ--–--- ხ---------ს გარდაცვალების შემდგომ მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა ქონებასთან დაკავშირებით და 2017 წლის 9 ივნისს მოსარჩელე შვილებთან ერთად წამოვიდა სახლიდან. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მთლიანად გაყიდა 14 სული საქონელი, რომელიც მეუღლესთან ერთად სვანეთში გაამრავლა. გაყიდული პირუტყვის ღირებულება მთლიანობაში შეადგენს 19 450 ლარს. ასევე დაეპატრონა სახლში არსებულ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც შეძენილია განვადებით მოსარჩელის დედის და მეზობლების სახელზე. მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.

 

საქმის არსებითად განხილვისას, მოსარჩელე ფა----- ხა-----მ განმარტა, რომ 14 სული საქონლიდან ორი პირუტყვი თავად გაასხვისა. (9.10.2018წ, სხდომის ოქმი, 12:27:56 წთ.)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. თ-- ხუ-------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხემ სადავოდ მიიჩნია 14 სული პირუტყვის მოსარჩელისადმი კუთვნილება და განმარტა, რომ როდესაც მოსარჩელე და მისი ძმა საცხოვრებლად გადავიდნენ ზესტაფონის რაიონში დეიდამ, კ-----–---–---------–---ა საქონელი დროებით სარგებლობისთვის გამოატანა, თუმცა მისი გაყიდვის უფლება არ მიუცია. მოპასუხე უარყოფს მოსარჩელის სახლიდან გაძევების ფაქტს.

 

მოპასუხის გადმოცემით, მას შემდეგ რაც ფა----- ხა----- შვილებთან ერთად სახლიდან წავიდა, დეიდასთან შეთანხმებით გაასხვისა სახლში დარჩენილი 6 სული საქონელი. მათმა ღირებულებამ ჯამში შეადგინა 6500 ლარი. რაც შეეხება სარჩელში დასახელებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოპასუხის განმარტებით, ისინი ეკუთვნოდა ოჯახს და არა მოსარჩელეს. აღნიშნული ნივთები დღეის მდგომარეობით განთავსებულია სვანეთში. (9.10.2018წ, სხდომის ოქმი 12:21:14წთ/12:21:39-12:22:17წთ/12:22:45წთ)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფა----- ხა----- 2008 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ჯუ--–--- ხუ-------სთან, მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 27)

- დაბადების მოწმობები (ს.ფ 28-31)

 

3.1.2. 2016 წლის 17 დეკემბერს ჯუ--–--- ხუ------- გარდაიცვალა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 26)

 

3.1.3. უდავოა, რომ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული 14 სული პირუტყვიდან 2 ერთეული გაასხვისა მოსარჩელე ფა----- ხა-----მ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; (9.10.2018წ. სხდომის ოქმი, 12:27:56 წთ.)

 

3.1.4. დადგენილია და მოპასუხე თ-- ხუ------- აღიარებს, რომ მოსარჩელის მიერ ზესტაფონის რაინში, სოფელ კვალითში მდებარე საცხოვრებელი სახლის დატოვების შემდგომ 6 ერთეული პირუტყვი გაასხვისა 6500 ლარად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება; (9.10.2018წ, სხდომის ოქმი12:21:14წთ/12:21:39-12:22:17წთ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების საფუძველზე დგინდება, რომ სადავო 12 ერთეული პირუტყვი და საყოფაცხოვრებო ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დასახელებული ფაქტების რეალობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შეფასება:

 

მოწმე კ-----–---–---------–----ა სასამართლოს მოახსენა, რომ მოსარჩელე და მისი ა.წ გარდაცვლილი მეუღლე ჯუ--–--- ხუ------- 10 წლის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდნენ სვანეთში და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. ოჯახში ცხოვრობდა ფა----- ხა-----ს და ჯუ--–--- ხ---------ს 4 არასრულწლოვანი შვილი, ასევე ჯუ--–--- ხ---------ს ასაკოვანი დედა.

 

მოწმემ სადავო გარემოებასთან მიმართებაში აღნიშნა, რომ 14 სული პირუტყვი იყო მისი საკუთრება, თუმცა საოჯახო მეურნეობას მასთან ერთად ეწეოდნენ ფა----- ხა----- და ჯუ--–--- ხუ-------.

 

2014 წელს ჯუ--–--- ხუ------- მოსარჩელესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში და ოჯახის სარჩენად ფა----- ხა-----ს და მის მეუღლეს თან გაატანა 14 სული საქონელი მხოლოდ სარგებლობისთვის და არა საჩუქრად. მათ არ ჰქონდათ საქონლის გაყიდვის უფლება. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მდებარე ბინაში ნამყოფია რამოდენიმეჯერ და იქ არსებული საოჯახო ნივთები ახსოვს, თუმცა კონკრეტულად დასახელება უჭირს.

 

მოწმე ნარიმან (ცოტნე) ხ---------ს ჩვენებით, იგი პირადად დაეხმარა ჯუ--–---ს ავტომანქანით 14 სული საქონლის გადაყვანაში სვანეთიდან ზესტაფონში. მისთვის ცნობილია, რომ პირუტყვები ეკუთვნოდა კატუშა ლიპარტელიანს. მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ საქონელი წამოიყვანეს საოჯახო სარგებლობისთვის და არა გასაყიდად. საქონელი გაყიდა როგორც მოსარჩელემ ასევე მოპასუხემაც. 2017 წლის 9 ივნისს, როდესაც მოსარჩელე წავიდა სახლიდან მხარეებს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

 

ვიდრე მოსარჩელის ოჯახი გადავიდოდა ზესტაფონში საცხოვრებლად ბინაში დაახლოებით 8-10 წელი არავინ ცხოვრობდა. სახლში არ იყო გამოსაყენებელი ნივთი. შემდეგ გაზქურა, სკამები მაგიდა, საძინებელი ე.წ „დივან-კრესლო“ შეიძინეს ფა----- ხა-----მ და მისმა მეუღლემ. დღეის მდგომარეობით საოჯახო ნივთები სვანეთშია გადატანილი თ-- ხ---------ს მიერ.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში განთავსებულ დაზღვევის განაცხადებსა და სადაზღვევო პოლისებზე „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაზღვევის შესახებ“, სადაც დამზღვევ პირად გვევლინება ფა----- ხა-----, ხოლო დაზღვეული პირუტყვის ოდენობა შეადგენს 14 სულს.

 

საქმის მასალებშივეა წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო ნივთების განვადებით ნასყიდობის და საკრედიტო ხელშეკრულებები, სხვადასხვა პირების სახელზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან ოჯახი იყო სოციალურად დაუცველთა მონაცემების ბაზაში რეგისტრირებული და იღებდა საარსებო შემწეობას, განვადების ხელშეკრულებები შედგენილია მისი დედის და მეზობლების სახელზე.

 

საქმის განხილვისას დაკითხული მოწმეთა ჩვენებების და საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ კ-----–---–---------–----ა მოსარჩელის ოჯახს 14 სული საქონელი გადასცა არა დროებით სარგებლობისთვის არამედ საკუთრებაში.

 

აქვე გასათვალისწინებელია მოსარჩელის და მისი ა.წ გარდაცვლილი მეუღლის მონაწილეობა კატუშა ლიპარტელიანის საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში, რაც კ-----–---–---------–----აც დაადასტურა.

 

შესაბამისად სასამართლოს უყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ 14 ერთეული საქონელი ჯუ--–--- ხუ-------მ და მისმა ოჯახმა კ-----–---–---------–------ან მიიღეს საჩუქრად, რამდენიმე წლის განმავლობაში საოჯახო მეურნეობის განვითარებაში შეტანილი შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ფა----- ხა-----ს საკუთრებაში 14 სული პირუტყვის არსებობის ფაქტს ადასტურებს დოკუმენტური მტკიცებულებაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო პოლისები.

სასამართლო დადგენილ გარემოებას მიიჩნევს ფაქტს მასზედ, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთები (ერთი ცალი გაზქურა, მაცივარი, 2 ცალი ე.წ „დივან-კრესლო“, მაგიდა და სკამები) წარმოადგენდა ფა----- ხა-----ს ოჯახის საკუთრებას. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული ნარიმან (ცოტნე) ხ---------ს ჩვენების შეფასებაც, ამავე მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ მოძრავი ნივთებს დაეუფლა მოპასუხე თ-- ხუ-------.

 

განსახილველ დავაში სადავო გარემოებას წარმოადგენს 6 ერთეული პირუტყვის გასხვისების ფაქტიც კერძოდ სადავოა თ-- ხ---------ს მხრიდან მათი გასხვისების ფაქტი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითიდან ფა----- ხა-----ს და მისი შვილების წამოსვლის შემდეგ საცხოვრებელ სახლში არსებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს და საოჯახო მეურნეობას დაეუფლა მოპასუხე თ-- ხუ-------.

 

თ-- ხუ------- შესაგებელში თავად განმარტავს, რომ სოფელ კვალითში საოჯახო მეურნეობაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობიდან გამომდინარე, დეიდასთან (კატუშა ლიპარტელიანი) შეთანხმებით გაასხვისა დარჩენილი 6 სული რქოსანი პირუტყვი.

 

სასამართლო საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ ფა----- ხა-----ს შემდეგ სოფელ კვალითში არსებულ საცხოვრებელ სახლს და მოძრავ ნივთებს დაეუფლა თ-- ხუ-------, რომელმაც აღიარა 6 ერთეული მსხვილფეხა საქონლის გასხვისების ფაქტი.

 

იმ მოსაზრების გათვალისწინებით, რომ ფა----- ხა-----ს წამოსვლის მომენტისთვის დარჩენილი მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა შეადგენდა 12 ერთეულს სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო 6 ერთეულის განკარგვასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი ეკისრება თ-- ხუ-------ს, რომელმაც სადავო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით სასამართლოს სარწმუნო განმარტება ვერ წარმოუდგინა.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სადავო ექვსი ერთეული მსხვილფეხა საქონლის თ-- ხ---------ს მიერ გასხვისების ფაქტს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაზღვევის განაცხადი, დაზღვევის პოლისები (ს.ფ 32-39)

- განვადების ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ 40-50)

- მოწმეთა ჩვენებები;

- თ-- ხ---------ს შესაგებელი;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ფა----- ხა-----ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 317-ე, 413-ე, 982-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 83-ე, 102-ე, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს.

ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან.

ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 6 ერთეული მხვილფეხა საქონელი გაასხვისა და ღირებულება 6500 ლარი მიიღო თავად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 14 სული პირუტყვიდან 2 სული გასხვისებულია მოსარჩელის მხრიდან, ხოლო 12 სული მოპასუხის მიერ. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი და შესაბამისად დადასტურებულია, რომ თ-- ხუ-------მ მოსარჩელე მხარის ქონების გასხვისების შედეგად თანხა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე.

ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის დამდგენი მტკიცებულება, სასამართლოს მიჩნია, რომ ზიანის მოცულობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს თ-- ხ---------ს განმარტებით, რომლის მიხედვით 6 ერთეული პირუტყვის ღირებულებაა 6500 ლარი. შესაბამისად 12 ერთეულის ღირებულება უნდა განისაზღვროს 13000 ლარით და იგი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სარჩელის შეცვლად არ ჩაითლება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის ან ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების ღირებულების ფულად ანაზღაურებას. მოპასუხემ საქმის განხილვისას აღნიშნა, რომ სარჩელში დასახელებული ნივთები არაა განადგურებული და განთავსებულია სვანეთში, აქედან გამომდინარე მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე დააზუსტა მესამე სასარჩელო მოთხოვნა და ჩამოაყალიბა შემდეგი ფორმულირებით: თ-- ხ---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნეს ფა----- ხა-----ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ერთი ცალი გაზქურა, მაცივარი, 2 ცალი ე.წ „დივან-კრესლო“, მაგიდა და სკამები.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ობიექტური და სამართლიანი გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელე არის მოძრავი ნივთების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოძრავ ნივთებს ფლობს კანონიერად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-- ხ---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი უნდა იქნეს ფა----- ხა-----ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ერთი ცალი გაზქურა, ერთი ცალი მაცივარი, ორი ცალი ე.წ „დივან-კრესლო“, მაგიდა და სკამები.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. იგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა — ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია. არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის, რაც ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვაა. აღსანიშვანია ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით ასევე დაცულია ადამიანის სულიერი წონასწორობაც, ნებისმიერი ხელყოფა, რომელიც არსებითად აზიანებს ამ სიკეთეს, მტკიცებულებების არსებობის პირობებში, შესაძლოა გახდეს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი.

 

ამასთან, მორალური ზიანის ისევე როგორც ზოგადად ზიანის სამოქალაქო ამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, თვით ზიანის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა – ქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევებში.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ დასახელებული გარემოებანი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, რაც თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს.

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 510 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფა----- ხა-----ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 თ-- ხუ-------ს, ფა----- ხა-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 13 000 ლარის გადახდა.

 

1.2 თ-- ხ---------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილი იქნეს ფა----- ხა-----ს საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: გაზქურა, მაცივარი, ორი ერთეული სავარძელი (ე.წ დივან-კრესლო), მაგიდა და სკამები.

 

1.3 ფა----- ხა-----ს მოთხოვნა მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 5000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4 ფა----- ხა-----ს მოთხოვნა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის 6540 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თ-- ხუ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 510 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე