გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/9----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----------ი"
წარმომადგენელი - ი------–--------–ი
მოპასუხე - გ-------------ე
წარმომადგენელი - თ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „თ----------ის“ სასარგებლოდ მოპასუხე გ-------------ეს დაეკისროს:
1.1 2017 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5460 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 3960 ლარი, დაკორექტირებული პირგასამტეხლო - 1500 ლარი;
1.2 2017 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1492.31 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1040 ლარი, პირგასამტეხლო - 450.31 ლარი;
სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
1. სს „თ----------სა“ და გ-------------ეს შორის 2017 წლის 29 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3960 ლარი, 377 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 10 რიცხვში, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 331.50 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 10.07.2017 წელს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლოს თანხაც.
2. სს „თ----------სა“ და გ-------------ეს შორის 2017 წლის 30 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1040 ლარი, 381 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 15 რიცხვში, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 88.17 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 15.06.2017 წელს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლოს თანხაც.
საკრედიტო ვალდებულებები მოპასუხის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა, რაც გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი.
2. მოპასუხის პოზიცია.
წერილობით წარდგენილი შესაგებლით გ-------------ემ სარჩელი ცნო ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან მიმართებით განმარტა, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ----------სა“ და გ-------------ეს შორის 2017 წლის 29 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 3960 ლარი, 377 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 10 რიცხვში, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 331.50 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 10.07.2017 წელს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლოს თანხაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 29.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.1.2. სს „თ----------სა“ და გ-------------ეს შორის 2017 წლის 30 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1040 ლარი, 381 დღით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად 15 რიცხვში, ყოველთვიური დასაფარი თანხა შეადგენდა 88.17 ლარს, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და დავალიანების 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხის დაფარვის პირობები მოპასუხის მიერ პირველად დაირღვა 15.06.2017 წელს, რის შემდეგაც ირღვეოდა პერიოდულად, შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლოს თანხაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე გ-------------ეს სს „თ----------ის“ მიმართ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ აქვს შესრულებული და დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დროისთვის (07.03.2018 წელი) ერიცხება შემდეგი დავალიანება:
ა) 2017 წლის 29 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5758.76 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 3960 ლარი და ჯარიმა - 1786.76 ლარი.
ბ) 2017 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1492.31 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1040 ლარი და ჯარიმა - 452.31 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნული თანხებიდან მოპასუხემ ცნო ბანკის მოთხოვნა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების თანხების ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლოსთან მიმართებით განმარტა, რომ იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება გონივრულ ოდენობამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 3/7/2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-------------ისთვის დავალიანების ძირითადი თანხების დაკისრება.
5.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
5.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ორივე საკრედიტო ხელშეკრულებაზე კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანებას. აღნიშნულ ნაწილში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი სრულად ცნო. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას სასამართლო საკმარის საფუძვლად მიიჩნევს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.
5.2. ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ-------------ისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
5.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ----------სა” გ-------------ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მიუხედავად იმისა, რომ სს „თ----------მა“ დავალიანების ცნობის გაცემის დროისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს ფარგლები შეამცირა ერთ საკრედიტო ხელშეკრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ოდენობა მაინც არ არის გონივრული და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით: 29.05.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 750 ლარის, ხოლო 30.05.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 225.15 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 208.57 ლარი. ვინაიდან საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სესხების ძირითადი თანხები 5000 ლარის ოდენობით, სს „თ----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის თანხა - 150 ლარი. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ-------------ეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 29.25 ლარის გადახდა, ხოლო დარჩელი ბაჟის თანხა - 29.32 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გ-------------ეს სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 29 მაისის ხელშეკრულებაზე 4710 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3960 ლარი, პირგასამტეხლო 750 ლარი.
3. გ-------------ეს სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 30 მაისის ხელშეკრულებაზე 1265.15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1040 ლარი, პირგასამტეხლო 225.15 ლარი.
4. გ-------------ეს სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 29.25 ლარი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
5. სს ,,თ----------ი"-ს (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 29.03.2018წ. №-- საგადახდო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 208.57 ლარიდან (გადამხდელი - სს ,,თ----------ი" (ს/ნ 2--------), გადამხდელის ბანკი - სს თ----------ი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22) – 150 ლარი.
6. მოსარჩელეს უარი ეთქვას საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე