გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/29440-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - შპს ,,ე-–---------ი“
წარმომადგენელი - შ--------------ე
მოპასუხე - თ-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------ია
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ-----------------–---–ს შპს „ე-–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - 4749,35 ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს „ე-–---------ი“ წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს ნაბეჭდი პროდუქციის, კერძოდ ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-რეალიზაციას. მოპასუხე - თ-----------------–---–ი შპს „ე-–---------ში“ დასაქმებული იყო პრისეილერის თანამდებობაზე, რომელიც სამსახურეობრივი ფუნქციების შესრულების მიზნით კურირებდა თბილისში ისანი-სამგორის რაიონში გარკვეულ სავაჭრო ობიექტებს. მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა, ყოველდღიური ნავაჭრი თანხის კომპანიის ანგარიშზე შეტანა. მოპასუხემ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომპანიას, კერძოდ: სამსახურში მისმა ხშირად გამოუცხადებლობამ და ნავაჭრი თანხების ამოუღებლობამ განაპირობა მოპასუხის დაქვემდებარებაში არსებული ობიექტების დავალიანების წარმოქმნა 3070 ლარის ოდენობით და არარეალიზებული პროდუქციის ქსელში ჩატოვება 530 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თ-----------------–---–ის მიერ მითვისებულ იქნა შპს „ე-–---------ის“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღებული ნავაჭრი თანხა 4749,35 ლარის ოდენობით, რომელიც მას სხვადასხვა ობიექტებიდან ჰქონდა აღებული და აღნიშნული თანხა არ შეუტანია კომპანიის ანგარიშზე. მოპასუხის მიერ გამოწერილია ჩგდ 36317,05 ლარზე, საიდანაც სალაროში შეტანილი აქვს მხოლოდ 31567,70 ლარი, შესაბამისად, შპს „ე-–---------ის“ კუთვნილი 4749,35 ლარი, მან უკანონოდ მიისაკუთრა.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს არ განუხორციელებია მითვისებული თანხის დაბრუნება, შესაბამისად მოსარჩელემ 2015 წლის 15 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შეიტანა საჩივარი. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თ-----------------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, კომპანიის კუთვნილი თანხა და შპს „ე-–---------ი“ ცნო დაზარალებულად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ-------------–--ესა და ბრალდებულ თ-----------------–---–ს შორის, რომლის მიხედვით თ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა პირობით, გამოსაცდელი ვადით, ასევე ჩამოერთვა საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარე შპს „ე-–---------ის“ სარჩელს არ ცნობს და უთითებს რომ, კომპანია მას არ უხდიდა ხელფასს და ბონუსს, რის შედეგადაც საერთო მიუღებელმა თანხამ შეადგინა 3200 ლარი. მოპასუხე განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით, მას მსჯავრი დაედო სხვისი თანხების მითვისებისთვის და მისი მხრიდან ბრალის აღიარება იყო გარკვეული ტაქტიკური სვლა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მოპასუხე თ-----------------–---–ი დასაქმებული იყო შპს „ე-–---------ში“ პრისეილერის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი და თანდართული მასალები;
- მხარეთა განმარტებები; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენი.
3.1.2. მოპასუხე თ-----------------–---–ის მიერ უკანონოდ მითვისებულ იქნა შპს „ე-–---------ის“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ნავაჭრი თანხა 4749,35 ლარის ოდენობით, რომელიც მას აღებული ჰქონდა სხვადასხვა ობიექტებიდან და აღნიშნული თანხა არ შეუტანია კომპანიის ანგარიშზე. 2015 წლის 15 დეკემბერს შპს „ე-–---------ის“ საჩივრის საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ შპს „ე-–---------ი“ ცნობილ იქნა დაზარალებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები;
-სარჩელი და თანდართული მასალები;დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ;
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ივნისის განაჩენი;
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორ გ-------------–--ესა და ბრალდებულ თ-----------------–---–ს შორის, რის საფუძველზეც თ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქ.სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწ. "გ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის განაჩენი;
3.2. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317, 992 მუხლებით .
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე თ-----------------–---–ის მიერ უკანონოდ მითვისებულ იქნა შპს „ე-–---------ის“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ნავაჭრი თანხა 4749,35 ლარის ოდენობით, რომელიც მას აღებული ჰქონდა სხვადასხვა ობიექტებიდან და თანხა არ შეუტანია კომპანიის ანგარიშზე. მოპასუხე ვალდებული იყო აღნიშნული თანხა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის, რაც არ განუხორციელებია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 03 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორ გ-------------–--ესა და ბრალდებულ თ-----------------–---–ს შორის, რის საფუძველზეც თ-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქ.სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწ. "გ" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის განზრახ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, მიზეზობრივი კავშირს მოპასუხის მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, ასევე მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის გადაუხდელობას. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას სარჩელის ირგვლივ იგი მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითად ვერ შეედავა, რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გზით.ხოლო მითითება რომ სახელფასო დავალიანებაა აქვს მისაღები ამ დავის განხილვის საგანი ვერ იქნება და სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ამავე საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 142,48 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე-–---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე თ-----------------–---–ს შპს „ე-–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4749,35 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე თ-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 142,48 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე