გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/7154-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი
მოსარჩელე: გ------- გ------–-–---–ი;
წარმომადგენელი: დ----- ჭ------, მ---------–--------;
მოპასუხე: საქართველოს მთავარი პროკურატურა;
წარმომადგენელი: ნ--------------–---;
მესამე პირი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გამართლებულ გ------- გ------–-–---–ს აუნაზღაურდეს მატერიალური ზიანი გამოძიების დროს და სასამართლო განხილვაში წარმომადგენლობითი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები, რომელიც შეადგენს:
1.2.
ა) საჯარიმო სადგომზე მისი კუთვნილი ავტომობილის დგომის ხარჯები 1770 ლარი (2017 წლის 19 მაისის მონაცემებით);
ბ) სამი ადვოკატის მომსახურების ხარჯები საქმის დასრულების შემდეგ 6000 ლარი (2000X3) ;
გ) ალტერნატიული ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯები 2340 ლარი;
დ) თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესებზე დასასწრებად გაწეული მგზავრობის ხარჯები 1200 ლარი;
1.3. აუნაზღაურდეს გამართლებულ გ------- გ------–-–---–ს მორალური ზიანი 5000 ლარი.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფიულდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.
2.2. მესამე პირი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. (სასამართლოს სხდომის თარიღი და საათი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმეში წარმოდგენილია კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის 2014 წლის 31 მარტის დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის თანახმად, გ------- გ------–-–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად. გ------- გ------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მანვე ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მანვე ჩაიდინა ავტომობილის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
3.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის პირველი დეკემბრის განაჩენით (საქმე N--------), გ------- გ------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. გ------- გ------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ლ--–----------ს (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ 70000 (სამოცდაათი ათასი) ლარად შეფასებულ უძრავ ქონებას, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ნაწილში.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განაჩენის (საქმე N---------) თანახმად, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკუროის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვა უარი. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განაჩენი გ------- გ------–-–---–ის მიმართ დარჩა უცვლელი. გ------- გ------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეხუთე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულ გ------- გ------–-–---–ს განემარტა საქართველოს საისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ
3.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით (საქმე N--------) კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის საოლქო პროკურატურის 31.03.2014 წლის დადგენილება (იხ. ს. ფ. 17-18; ტ-I);
- თელავის რაიონული სასამართლოს 01.12.2015 წლის განაჩენი (იხ. ს. ფ. 19-34; ტ-I);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 15.07.2016 წლის განაჩენი საქმეზე N--------- (იხ. ს.ფ. 19-28; ტ-I).
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის 10.03.2017 წლის განჩინებით (საქმე N--------) (იხ. ს.ფ. 45; ტ-I).
3.5. საქმეში წარმოდგენილია 17.04.2014 წლის ხელშეკრულება N----- და 22.04.2014 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელთა თანახმადაც შპს ,,დ--------------–--------------–-------------------–----------------------" 2013 წლის 10 ნოემბერს თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გაწეული კონსულტაციური მომსახურებისათვის მოსარჩელე გ------- გ------–-–---–მა გადაიხადა N----- ხელშეკრუელბით განსაზღვრული თანხა 800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N----- (იხ. ს. ფ. 46; ტ-I);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 50; ტ-I )
3.6. საქმეში წარმოდგენილია 08.05.2014 წლის ხელშეკრულება N-- და სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადასახადო დავალება, რომელთა თანახმადაც შპს „ტ-------------------------–----------–--------------------–--------ს“ მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურებასთა დაკავშირებით (დამკვეთს მიერ წარმოდგენილი მასალებით ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება) გ------- გ------–-–---–მა გადაიხადა სულ 1540 ( 500+800+200 +40=1540) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N-- (იხ. ს. ფ. 47; ტ-I );
- სალაროს შემოსავლის ორდერები, საგადასახადო დავალება (იხ. ს.ფ. 48-49; ტ-I ).
3.7. თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის N--------- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გ------- გ------–-–---–ის მიმართ 2014-2015 წლების პერიოდში თელავის რაიონულ სასამართლოში სულ 24-ჯერ დაინიშნა სასამართლო სხდომა.
ამავე სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის N--------- წერილობითი ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე N-------- გ------- გ------–-–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სულ 8ჯერ დაინიშნა სასამართლო სხდომა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თელავის რაიონული სასამართლოს წერილობითი ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 56-57; ტ-I );
3.8. საქმეში წარმოდგენილია:
1) 2014 წლის 11 მარტის ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, დადებული ადვოკატ მ---------–--------სა და გ------- გ------–-–---–ს შორის, რომლის თანახმადაც ადვოკატის მომსახურების საფასურია 2000 (ორი ათასი) ლარი.
2) 2014 წლის 11 თებერვლის ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, დადებული ადვოკატ დ----- ჭ------სა და გ------- გ------–-–---–ს შორის, რომლის თანახმადაც ადვოკატის მომსახურების საფასურია 2000 (ორი ათასი) ლარი.
3.9. საქმეში წარმოდგენილი 25.08.2018 წლის საგადასახადო დავალება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ადვოკატ დ----- ჭ------ს გადაუხადა ადვოკატის მომსახურების საფასურია 2000 (ორი ათასი) ლარი.
3.10. საქმეში წარმოდგენილი 25.08.2018 წლის საგადასახადო დავალება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ადვოკატ მ---------–--------ს გადაუხადა ადვოკატის მომსახურების საფასურია 2000 (ორი ათასი) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულებები (იხ. ს. ფ. 65-68; ტ-II );
საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 69-70; ტ-II).
25.08.2018 წლის საგადასახადო დავალებები. (იხ.ს.ფ 69-70; ტ-II ).
3.11. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 20 აპრილის N------ აუდიტორული (ექსპერტიზის) დასკვნა, რომლის თანახმად მოხდა გ------- გ------–-–---–ის მიერ თბილისი-თელავის გზაზე საწვავის ხარჯის დადგენა. აღნიშნულის თანახმად, საწვავის ხარჯი ლარში შეადგენს 1195.2 ლარს. გადახდილი იქნა აუდიტორული მომსახურების ღირებულება 80 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება აუდიტორული მომსახურების შესახებ" (იხ. ს. ფ. 51-53; ტ-II ).
- 2018 წლის 15 აგვისტოს ცნობა (იხ. ს. ფ. 49; ტ-II );
- საგადახდო დავალება (იხ. ს.ფ. 55; ტ-II).
3.12. საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროს 20.05.2017 წლის M-----1---------- წერილით, მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის სამქში ნოვთმტკიცების აღსასრულებლად , კერძოდ ავტომანქანა „ს----------------“ ნომრით J------, თელავის საჯარიმო სადგომიდან გაყვანის მიზნით გამოცხადებულიყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 20.05.207 წლის შედგენილი იქნა ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროს 20.05.2017 წლის M-----1---------- წერილი და ოქმი სატელეფონო გასაუბრების შესახებ ( იხ. ს.ფ. 87, 90; ტ-II).
3.13.1. ი/მ ო-----------–-–---–-- სადღეღამისო ავტოსაჯარიმოს 19.09.2017 წლის N- ცნობის თანახმად, გ------- გ------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „ს----------------“ ნომრით J------ შეყვანილ იქნა თელავის ავტოსაჯარიმო სადგომზე 2013 წლის 10 ნოემბერს და მისი შენახვისა და დგომის ღირებულებამ შემოყვანის დღიდან 2017 წლის20 მაისის ჩათვლით ჩათვლით შეადგებს 1770 ( ერთი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარს.
3.13.2. ი/მ ო-----------–-–---–-- სადღეღამისო ავტოსაჯარიმოს 2018 წლის 15 აგვისტოს ცნობის თანახმად, გ------- გ------–-–---–ის კუთვნილი ავტომანქანა „ს----------------“ ნომრით J------ შეყვანილ იქნა თელავის ავტოსაჯარიმო სადგომზე 2013 წლის 10 ნოემბერს და მისი შენახვისა და დგომის ღირებულებამ შემოყვანის დღიდან 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით ჯამში შეადგინა 2030 (ორი ათას ოცდაათი) ლარი. 2013 წლის 10 მოემბრიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე - 900 ლარ; 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2016 წლის 15 ივლისამდე 226 ლარი; 2016 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 10 მარტამდე 237 ლარი; 2017 წლის 10 მარტიდან 2018 წლის 08 ოქტომბრამდე - 577 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სადღეღამისო ავტოსაჯარიმოს 19.09.2017 წლის N- ცნობა. (იხ. ს.ფ. 61; ტ-I)
-სადღეღამისო ავტოსაჯარიმოს 15.08.2018 წლის ცნობა. (იხ. ს.ფ. 106; ტ-II).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია"; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
6.2. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92.1. მუხლით, რომლის თანახმადაც პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
6.5. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამ კოდექსის 208.1. მუხლით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
6.7. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
6.9. ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2. მუხლით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
6.10. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ:: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
6.11. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ამ აქტით ხდება პირის სასხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
6.12. სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
6.13. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა (მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის ბრალდებულად ცნობა, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედგებით) და მოსარჩელე გ------- გრემელაშვისათვის დადმდგარ შედეგს ( მორალური და მატერილაური ზიანი) შორის.
სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის ბრალდებულად ცნობის (აღნიშნულიდან, გამომდინარე სამართლებრივი შედგებით) შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
6.14. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 500 (ხუთასი) ლარი.
ამრიგად, უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
6.15. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: 17.04.2014 წლის N----- ხელშეკრულების და 22.04.2014 წლის სალაროს შემოსავლის ორდერით (800 ლარი), 08.05.2014 წლის N-- ხელშეკრულებით და სალაროს შემოსავლის ორდერებით, საგადასახადო დავალებით ( სულ 1540 ( 500+800+200 +40=1540) ლარი); თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 და 23 ივნისის N--------- წერილობითი ინფორმაციებით, 2014 წლის 11 თებეტვლის და 2014 წლის 11 მარტის ხელშეკრულებებით საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ, და საგადასახადო დავალებებით (4000 ლარი), 20.04.2018 წლის N------ აუდიტორული (ექსპერტიზის) დასკვნა ( აუდიტორული მომსახურების ღირებულება 80 ლარი), საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროს 20.05.2017 წლის M-----1---------- წერილით და ი/მ ო-----------–-–---–-- სადღეღამისო ავტოსაჯარიმოს 19.09.2017 წლის და 15.08.2018 წლის ცნობებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს მიადგა მატერიალური ზიანი 8 300 (რვა ათას სამასი) ლარის ოდენობით (მათ შორის ექსპერტზის ხარჯი 2340 ლარი, საჯარიმო სადგომზე ვატომანქანის დგომის ხარჯი - 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 10 მარტამდე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება) -1460 ლარი; ადვოკატის მომოსახურების ხარჯი 4000 (2000 +2000) ლარი, ტრანსპორტის ხარჯები 500 ლარი).
ამრიგად, მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზრაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 8 300 (რვა ათას სამასი) ლარის ანაზღაურება (მათ შორის ექსპერტზის ხარჯი 2340 ლარი, საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის დგომის ხარჯი - 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2017 წლის 10 მარტამდე - 1460 ლარი; ადვოკატის მომოსახურების ხარჯი 4000 (2000 +2000) ლარი, ტრანსპორტის ხარჯები 500 ლარი).
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელმწიფო ბაჟს.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1.,,დ" მუხლის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამრიგად, მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინამდებარე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; 24-ე; 331.; მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
3. დაეკისროს მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 8 300 (რვა ათას სამასი) ლარის ანაზღაურება;
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. მოსარჩელე გ------- გ------–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ წინამდებარე სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;
7. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი