განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/923-18 (N041150918002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
05.11.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: დ------- ვ------------
დაცვის მხარე
ბრალდებული: ა---------– კ-----–--ე
მამის სახელი: ჭ------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი ნ----- ქ. N 66/44
ადვოკატი: ნ-----–---- კ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,, ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 სექტემბერს ქუთაისში ნ----- ქუჩა N66/44-ში მდებარე სახლში ა---------– კ-----–--ემ სიტყვიერი შელაპარაკებისას, მეუღლეს ც---–- კ-----–--ეს - ჯოხი ჩაარტყა ტანის არეში, შვილს ნ--- კ-----–--ეს რამდენჯერმე ჯოხი დაარტყა სახისა და ფეხის არეში, ასევე არასრულწლოვან შვილიშვილს - ნ---- ვ-------ეს რამდენჯერ ხელი დაარტყა და უკბინა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 25 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ა---------– კ-----–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ა---------– კ-----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ა---------– კ-----–--ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ც---–- კ-----–--ის, ნ--- კ-----–--ისა და ნ---- ვ-------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ი---- ზ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N006521218, N006518918, N006519418 დასკვნებით; ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით; ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან, შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ა---------– კ-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,, ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ა---------– კ-----–--ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ბრალდებული პირველადაა სამართალში, რაც მის წარსულ კანონმორჩილ ცხოვრებაზე მიუთითებს. არის პენსიონერი, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც ითხოვენ ბრალდებულის პატიმრობიდან გათავისუფლებას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს და მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ა---------– კ-----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა შედარებით მსუბუქი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, მით უმეტეს, რომ ბრალდებული არის პენსიონერი. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---------– კ-----–--ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– კ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ა---------– კ-----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 სექტემბრიდან 2018 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
3. ა---------– კ-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (ი--- კ-----–--ეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
4. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.
5. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა---------– კ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე