განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/873-18 (N041040918001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06.11.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ--------ი ბ--–--ე
მამის სახელი: ნ-------ი
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ც-–----ის ქ. N44
ადვოკატი - ი---- ლ-----ე
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი(02 ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ნ--------ი ბ--–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის ივლისში, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირი N20-ში მდებარე იუსტიციის სახლში ნ--------ი ბ--–--ემ იძალადა შვილზე - ლ-- ბ--–--ეზე (თავი ჩაარტყა თავში). ძალადობის შედეგად ლ-- ბ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის ივლისში, ქუთაისში, ც-–----ის ქ. N44-ში მდებარე სახლში, ნ--------ი ბ--–--ემ იძალადა მამაზე - ნ------- ბ--–--ეზე (რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი). ძალადობის შედეგად ნ------- ბ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, პატრულ-ინსპექტორმა გ-- ს-----ემ დაადასტურა, რომ იგი ქ. ქუთაისში ც-–----ის ქუჩაზე გამოცხადდა 2018 წლის 04 სექტემბერს ნ------- ბ--–--ის შეტყობინების საფუძველზე. ადგილზე მისვლისას მოძალადე ნ-------- ბ--–--ე იმყოფებოდა ეზოში ძალიან ნასვამ მდგომარეობაში, იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას მამას - ნ------- ბ--–--ეს და შვილს - ლ-- ბ--–--ეს და იყო მათ მიმართ აგრესიული. აღნიშნულის მიზეზი იყო ლ-- ბ--–--ის სამსახური, ვინაიდან ნ-------- ბ--–--ისათვის მიუღებელი იყო მისი შვილის აღნიშნულ სამსახურში მუშაობა. მასთან მსხვერპლებმა ისაუბრეს მხოლოდ იმ დღის კონფლიქტზე. წინა პერიოდის ძალადობის ფაქტებზე მისთვის არაფერი უთქვამთ. ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის შემდეგ შემაკავებელი ორდერები გამოსცა ნ-------- ბ--–--ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლებთან მიახლოება(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპეტქორ-გამომძიებელმა ზ------ ჟ----–---–---მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 04 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე, ის და მისი კოლეგა გურამ ორაგველიძე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, კერძოდ ,,გორაზე“ ბ--–--ეების ოჯახში, სადაც ჭიშკრის შესასვლელთან ეზოში იდგა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ნ-------- ბ--–--ე და იგინებოდა და ილანძღებოდა მამის - ნ------- ბ--–--ის და შვილის - ლ-- ბ--–--ის მისამართით. დაზარალებულებმა მათ განუმარტეს, რომ ნ-------- ბ--–--ემ მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ადგილი ჰქონდა მანამდეც სისტემატურად, რის საფუძველზეც მათ დააკავეს ნ-------- ბ--–--ე და გადაიყვანეს განყოფილებაში. დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია დაკავებულს (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 03 სექტემბერს 23:30 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან მოქალაქე ნ------- ბ--–--ისაგან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც-–----ის ქ. N44-ში შვილთან აქვს კონფლიქტური სიტუაცია (ტომი 1, ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად 2018 წლის 04 სექტემბერს 00:15 საათზე პატრულ-ინსპექტორ გ. ს-----ისაგან ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების მორიგესთან შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ც-–----ის ქ. N44-ში 1968წ. დაბადებულმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ნ-------- ბ--–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შვილს 1992წ. დაბადებულ ლ-- ბ--–--ეს და მამას - ნ-------ი ბ--–--ეს (დაბადებული 1938წ.) (ტომი N1. ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 04 სექტემბერს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–მა, ქუთაისში, ც-–----ის ქ. N44-ში დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რაც წარმოადგენს ნ------- ბ--–--ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში შესასვლელია ორკარიანი ჭიშკრით, სადაც განთავსებულია ორსართულიანი კაპიტალურად ნაგები სახლი. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, სადაც არეულობის რაიმე კვალი არ აღინიშნება. პირველ სართულზე არსებულ სასტუმრო ოთახზე განაცხადა ნ------- ბ--–--ემ, რომ აღნიშნულ ოთახში იძინებს მისი შვილიშვილი ლ-- ბ--–--ე. ხის კიბით ასასვლელია მეორე სართულის ღია აივანზე, საიდანაც შესასვლელია საძინებელში, რომელიც ეკუთვნის ნ-------- ბ--–--ეს. აღნიშნულ ოთახში გადმოყრილია სხვადასხვა ნივთები და დაყრილია იატაკზე. ნ------- ბ--–--ის განმარტებით, მას შემდეგ რაც ის და ლ-- ბ--–--ე დაემალნენ ნ-------- ბ--–--ეს, ნ-------- ბ--–--ე ავიდა თავის საძინებელში და იქედან აგინებდა მათ. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ(ტომი N1, ს.ფ. 26-31)
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–მა სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენების მიცემისას. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების - ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №006740318 და N006740418 დასკვნების თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ნ-------- ბ--–--ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ლ-- ბ--–--ის და ნ------- ბ--–--ის ტანჯვას (ტომი N1, ს.ფ. 123-135).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 04 სექტემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერების და შემაკავებელი ორდერების ოქმების თანახმად ორდერების შედგენას საფუძვლად დაედო ლ-- ბ--–--ისა და ნ------- ბ--–--ის მიერ ახსნა-განმარტებებში მითითებული ის გარემოება, რომ ნ-------- ბ--–--ე მათ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი (ტომი 1. ს.ფ. 92-118).
დაზარალებულებმა ლ-- ბ--–--ემ (ბრალდებულის შვილი) და ნ------- ბ--–--ემ (ბრალდებულის მამა) და მოწმე ნ------- ბ--–--ემ (ბრალდებულის შვილი) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ ნ--------ი ბ--–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობის ორი ეპიზოდი, ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და სხვა წერილობით მტკიცებულებებზე, რომლებშიც ასახულია მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
დაზარალებულებმა ლ-- ბ--–--ემ და ნ------- ბ--–--ემ, ასევე მოწმე ნ------- ბ--–--ემ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად, მამის და შვილის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ფაქტის თვითმხილველმა ოთხივე პირმა სასამართლოს კანონიერი საფუძვლით არ მისცა ჩვენება სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეთა გ------- ს-----ის, ზ------ ჟ----–---–---ის და დ----- დ---–-–---–ის ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ დაზარალებულებისაგან მიღებულ ზოგად ინფორმაციას ძალადობის შესახებ. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
მეტიც, არ არსებობს დაზარალებულებზე ძალადობის კვალის დამადასტურებელი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ხოლო ჩატარებული ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №006740318 და N006740418 დასკვნების თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ნ-------- ბ--–--ის ქმედებები შეიცავს შეურაცხყოფისა და დამცირების ელემენტებს, თუმცა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით აღნიშნული არ გამოიწვევდა ლ-- ბ--–--ის და ნ------- ბ--–--ის ტანჯვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ძალადაკარგულად და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული სსსკ-ის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი რომელიც ითვალისწინებდა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე(მხოლოდ ირიბი ან თუნდაც ერთი პირდაპირი და დანარჩენი ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე) გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება არის წარმოდგენილი და მისგან გამომდინარე მოწმეთა ირიბი ჩვენებები, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებებით ნ--------ი ბ--–--ის მსჯავრდება, ვინაიდან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა შესაძლებელია მხოლოდ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლისთვისაც აუცილებელია პირდაპირ მტკიცებულებათა სიმრავლე.
დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში.
პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს ასევე დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
წარმოდგენილი მტკიცებულებით ბრალად წარდგენილ არცერთ ეპიზოდში არ დასტურდება უტყუარად ძალადობის ფაქტები. საქმეზე არ ყოფილა ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ არ დაადასტურა, რომ ნ-------- ბ--–--ის ქმედებებს შეიძლებოდა გამოეწვია ოჯახის წევრების ტანჯვა. აღნიშნული ვერ დადასტურდა სხდომაზე გამოკვლეული ვერც სხვა უტყუარი მტკიცებულებით და მთლიანი ბრალდება ისევ და ისევ არამყისიერად, მრავალი დღის დაგვიანებით მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.
შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უტყუარად არ დგინდება არა მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულებში, არამედ თვით სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები - დაზარალებულებზე განხორციელებული ფიზიკური ტკივილის მომგვრელი ძალადობის ფაქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ--------ი ბ--–--ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, ნ--------ი ბ--–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ-- ბ--–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ------- ბ--–--ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--------ი ბ--–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ლ-- ბ--–--ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ნ------- ბ--–--ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებში.
2. ნ--------ი ბ--–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ--------ი ბ--–--ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ ნ--------ი ბ--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე