გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210017002175942
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/31729-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე რ----- ხა-----------ი

წარმომადგენელი მ-------------ვა

მოპასუხე ვა------ ხა-----------ი

წარმომადგენელი გი---------------–--ლი

დავის საგანი უძრავი ნივთის გასხვისებით მიღებული თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ვა------ ხა-----------ს რ----- ხა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 26 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

(განცხადება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შესახებ 3.10.2018 ს.ფ 149-150)

 

წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ა--------ს ქ #12/13 საერთო ფართი 88 კვ.მ საცხოვრებელი ფართი 74 კვ.მ სარდაფი 20 კვ.მ, (საკადასტრო კოდი #---------------) 2017 წლის 10 მარტამდე მესაკუთრეს წარმოადგენდა რ----- ხა-----------ი. 2017 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი, 26 კვ.მ გაასხვისა შვილზე ვა------ ხა-----------ზე და 20 კვ.მ ფართი შვილიშვილზე მა----– ხა-----------ზე. 2017 წლის 24 აგვისტოს თვეში, მოპასუხემ მამას შესთავაზა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაყიდვა და მიღებული თანხის წილების შესაბამისად განაწილება.

 

2017 წლის 24 აგვისტოს მოსარჩელეს, მოპასუხეს და ქონების მყიდველ ნ----–----ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ქონების ღირებულებად განისაზღვრა 245 000 ლარი. შემძენმა ბინის საფასური, რაც იმ დროინდელი კურსის შესაბამისად შეადგენდა 102313.50 აშშ დოლარს გადასცა მოპასუხე ვა------ ხა-----------ს, რომელმაც იმავე დღეს შეიტანა თანხა სს თი----------- ანგარიშზე. როდესაც, მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი თანხის გადაცემა ბინის შესაძენად, მოპასუხემ განუცხადა, რომ დაეხმარებოდა ბინის შეძენაში და თავადვე გადაიხდიდა ბინის საფასურს. აღნიშნულის შემდგომ, მოპასუხემ და რ----- ხა-----------ის მეორე შვილმა ი----- ხა----------მა დაიწყეს ბინის მოძებნა.

 

სარჩელში მითითებულია, რომ ვინაიდან მოსარჩელე არის 80 წლის და დაქვეითებული აქვს მხედელობა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მისი წარმომადგენელი იყო ი----- ხა-----------ი. ასევე, ვინაიდან მოპასუხე მხარე საკმარისად არ ფლობს ქართულ ენას შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მინდობილობა გასცა ი----- ხა-----------ზე.

 

2017 წლის 1 სექტემბერს, მხარეებმა მოძებნეს შესაბამისი ბინა მდებარე ქ. თბილისი, გ. ლ------------------------------------- იმავე დღეს საჯარო რეეტრში ბინის გამყიდველთან გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ვა------ ხა-----------მა გადაიხადა ნასყიდობის ფასი 25 000 აშშ დოლარი და განუცხადა მოსარჩელეს, რომ ბინა იყო მისი და ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა. თავად მოპასუხემ დატოვა საქართველო და გაემგზავრა ქ---------–ი.

 

როდესაც მოსარჩელე მივიდა ახალ ბინაში, გამყიდველმა განუცხადა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა ვა------ ხა-----------თან და მას არ ჰქონდა უფლება მისი გამოსახლების. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს 2017 წლის 24 აგვისტოს უძრავი ქონების გასხვისების შედეგად გადასაცემი თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 ვა------ ხა-----------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენის და ქონების გასხვისების შემდგომ მხარეებმა, მათ შორის მოსარჩელემ მიიღო მისი კუთვნილი თანხის ნაწილი. მოპასუხე მხარეს რ----- ხა-----------თან ფინანსური ვალდებუილებანი არ გააჩნია და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისი, ა--------ს ქუჩა #12/13, #--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი 2017 წლის 10 მარტამდე წარმოადგენდა რ----- ხა-----------ის საკუთრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 17-18)

 

3.1.2. 2017 წლის 10 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რ----- ხა-----------მა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი გაასხვისა შვილზე ვა------ ხა-----------ზე - 26 კვ.მ, მა----– ხა-----------ზე - 20 კვ.მ, ხოლო მის საკუთრებად განისაზღვრა საცხოვრებელი ფართი 22 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 19-20)

 

3.1.3. 2017 წლის 24 აგვისტოს რ----- ხა-----------ს, ვა------ ხა-----------ს, მა----– ხა-----------ს (სამივე მათგანი გარიგებაში წარმოდგენილია ი----- ხა-----------ის მიერ) და ნ----–----ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

გარიგებით გასხვისდა #---------------. საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების წილი, რომელიც რეგისტრირებული იყო რ----- ხა-----------ის, ვა------ ხა-----------ის და მა----– ხა-----------ის სახელზე. გარიგების თანახმად ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 245 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 21-23)

- მინდობილობები (ს.ფ 24-33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რომელმაც მათი დადასტურება ვერ შეძლო.

 

კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება მასზედ, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მოსარჩელეს არ მიუღია კუთვნილი ნაწილი.

 

სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო რამოდენიმე ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებაზე გაამახვილებს ყურადღებას: უდავოა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები გარიგების დადების დროისათვის წარმოდგენილი იყვნენ ი----- ხა-----------ის სახელით.

 

საქმის არსებითად განხილვისას გამოირკვა, რომ გარიგების დადების მომენტისთვის მხარეები ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

 

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი ადასტურებს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი.

 

ამდენად, იქმნება პრეზუმფცია, რომ თითოეულმა თანამესაკუთრემ მიიღო საკუთარი წილის პროპორციული ანაზღაურება, სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის მტკიცების ტვირთი ეკისრება რ----- ხა-----------ს, რომელმაც დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებანი ვერ დაასახელა.

 

მხარეები არ დავობენ, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი აშშ დოლა------ მიმართებით შეადგენდა 2.39 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილია ვა------ ხა-----------ის სახელზე სს „თ----------–-“ 2017 წლის აგვისტოსა და ოქტომბრის თვეში არსებული საბანკო ანგარიშების ამონაწერი, რომელთა მიხედვით მოპასუხემ 2017 წლის 24 აგვისტოს საკუთარ ანგარიშზე განათავსა 80 000 აშშ დოლარი.

 

აღნიშნული თანხის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს (80 000 X 2.39) 191 200 ლარს და მაშასადამე, ნასყიდობის ღირებულებიდან ვა------ ხა-----------ს მიღებული აქვს 191200 ლარი. აღწერილი ფაქტების ერთობლივი ანალიზით, დასტურდება, მოპასუხე მხარის დასახელებული გარემოება, რომ ვა------ ხა-----------მა საბანკო ანგარიშზე განათავსა მისი და მისი შვილის (მა----– ხა-----------ი) როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეებისთვის განკუთვნილი თანხა.

 

სადავო გარემოების დადგენის მიზნით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ უძრავი ქონების შემძენი ნ----–----ე და ი----- ხა-----------ი.

 

მოწმე ნ----–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ უძრავი ქონება შეიძინა 85 000 აშშ დოლარად, საიდანაც 2500 აშშ დოლარი გადაუხადა შუამავალს, დარჩენილი თანხა მოსარჩელის თანხმობით გადასცა ვა------ ხა-----------ს. 85 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენდა 203 150 ლარს, თუმცა ნასყიდობის ღირებულებად განისაზღვრა 245 000 ლარი. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ბინას სჭირდებოდა კაპიტალური რემონტი და სწორედ მისი გაუმჯობესებისთვის საჭირო ღირებულება იქნა გათვალისწინებული წინასწარ ნასყიდობის ხელშეკრულებაში. მოწმემ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე და მოპასუხე საკმარის დონეზე არ ფლობდნენ ქართულ ენას, მათ შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე ხელშერკულების გაფორმების დროს წარმოადგენდა ი----- ხა-----------ი.

 

მოწმე ი----- ხა----------ის ჩვენებით, ნასყიდობის საფასური მოსარჩელის თანხმობით მიიღო ვა------ ხა-----------მა. მან ბინის ღირებულება მთლიანად განათავსა სს თ----------–- საკუთარ ანგარიშზე. მამა-შვილი შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოძებნიდა ბინას და შეუძენდა. თუმცა დანაპირები არ შეასრულა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირადად მას წინააღმდეგო არ გაუწევია ძმისთვის, როდესაც ნასყიდობის თანხა სრულად მიიღო. იცოდა, რომ თანხის ნაწილით მამისთვის უნდა შეეძინა ბინა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ახალ ბინაში მამასთან ერთად აპირებდა ცხოვრებას, ვინაიდან მოსარჩელე მუდმივად იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ.

 

დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების კრიტიკული ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები არადამაჯერებელი და არასაწრმუნოა.

 

კერძოდ, მოწმე ნ----–----ემ ვერ განმარტა რითი იქნა განპირობებული ნასყიდობის რეალური ღირებულებისგან განსხვავებული და უფრო მაღალი ღირებულების დაფიქსირება, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემძენს გადასახადის სახით უფრო მეტი თანხა ექნებოდა ასანაზღაურებელი.

 

რაც შეეხება მოწმე ი----- ხა-----------ის ჩვენებას, მისივე განმარტებით იგი უშუალოდაა დაინტერესებული რ----- ხა-----------ის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვით ვინაიდან ცხოვრება მოსარჩელესთან უნდა გააგრძელოს. ამ გარემოების და მოსარჩელესთან ნათესაური კავშირის (მამა-შვილი) გათვალისწინებით სასამართლოს ი----- ხა-----------ის ჩვენებაც არ მიაჩნია სარწმუნოდ და სადავო გარემოებათა დადასტურების მიზნით ეყრდნობა მხოლოდ საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებათა შინაარსს.

 

ზემოაღწერილი გარემოებანი ერთობლივად მეტყველებენ რომ ნასყიდობის ღირებულებას შორის სხვაობა (245 000 – 191 200=53800) 53000 ლარი როგორც უძრავი ქონების გასხვისების საფასური რ----- ხა-----------ს მიღებული აქვს.

 

სასამართლო ყურადღებას მიიაქცევს იმასაც, რომ ვა------ ხა-----------ის და მა----– ხა-----------ის ერთობლივი წილი უძრავ ქონებაში შეადგენდა 46 კვ.მ. ხოლო რ----- ხა-----------ის სახელზე რეგისტრირებული იყო 22 კვ.მ. სასამართლოს დასკვნით აღნიშნული გარემოებითაა განპირობებული ორი თანამესაკუთრითვის უფრო მაღალი ღირებულების გადაცემა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 21-23)

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 146)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- მოწმეთა ჩვენებები; (11.09.2018წ, სხდომის ოქმი 10:48:22წთ/10:24:48წთ)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ----- ხა-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 983-ე, 991-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისთვის უძრავი ნივთის გასხვისების შედეგად გადასაცემი 26 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის დანაწესით თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი მოვალეა მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას.

 

მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა.

 

თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მხოლოდ ქონების დაზოგვა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება; მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ----- ხა-----------მა 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის შესაბამისი პროპორციის ღირებულება მიიღო სრულად. შესაბამისად, სარჩელზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, არ არსებობს სადავო თანხის მოპასუხისთვის დაკისრების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძველი და სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია და ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვა------ ხა-----------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ-----–----------------------------–-------------------- ს/კ #0----------------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ----- ხა-----------ის სასარჩელო მოთხოვნა ვა------ ხა-----------ისთვის 26000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ვა------ ხა-----------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ-----–----------------------------–-------------------- ს/კ #0----------------------, გასხვისება და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე