გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/4277-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ზ---–---------ა
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - გ---–------–-------
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---–---------ას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი). სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, აქედან 15 (თხუთმეტი) წელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით, „ამინისტრიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო 3 (სამი) წელი და 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალა პირობითი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ დამაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-17);
3.2. 2016 წლის 6 აგვისტოს N-- პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილ იქნა N-- პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 15 მარტის N---- ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N-- პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-17);
3.4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მსჯავრდებულ ზ---–---------ას პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-17);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ---–---------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018, №320 ბრძანებით).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევას, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, იგი ატარებს ზეპირ მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხი.
აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის შეფასება ხდება მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად. ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, კერძოდ, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად. სადავო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასევე მითითებულია, რომ ზ---–---------ას სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა აქვს მიღებული. მონაწილეობა მიიღო პოეზიის საღამოში, დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაში და ქუთაისის დაწესებულებაში ჭადრაკის ჩემპიონატში. ზ---–---------ა გათავისუფლების შემდეგ აპირებს დასაქმდეს კერძო ბიზნესით და დაეხმაროს ოჯახს.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რომელიც მსჯავრდებულის პიროვნების უარყოფითად შეფასებისათვის საფუძველს შექმნიდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასება წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ შეფასების კრიტერიუმს პირის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას. ის გარემოება, რომ ზ---–---------ას მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, არ არის მისთვის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ასეთი კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლობა არ გამორიცხავს პირობით ვადამდე პირის გათავისუფლებას. ასეთი შემთხვევებისათვის კანონმდებლობით დაწესებულია მსჯავრდებულის მიერ მისჯილი სასჯელის მოხდის შესაბამისი ზღვარი.
სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, ყურადღებას ამახვილებს არა დანაშაულის ხასიათზე, არამედ მსჯავრდებულის ქცევაზე სასჯელის მოხდის პერიოდში. ზ---–---------ა სასჯელის მოხდის პერიოდი დასჯილი და წამახალისებელი არ ყოფია. მას ჰყავს ავადმყოფი დედა, ძმა კი გარდაცვლილია. რაც შეეხება მსჯავრდებულის პიროვნებას, აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ დახასიათებას, რომლის მიხედვითაც ზ---–---------ას პიროვნება დადებითად ფასდება. ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადო დასაბუთებით უნდა შეეძლოს იმის მტკიცება, რომ დებულებით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით ზ---–---------ას პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა, დადებითი კრიტერიუმები, ზ---–---------ას დახასიათებაში არაერთია. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იძენს, ვინაიდან კითხვაზე პასუხი, პირმა ისარგებლოს თუ არა კონონმდებლობით დადგენილი შეღავათით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში საკითხის სრულყოფილი შესწავლის შედეგად გამოტანილი დასკვნების სათანადო შეფასებამ და დასაბუთებამ უნდა გასცეს. ამგვარი დასაბუთება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული არ არის, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას. კერძოდ, უარყოფითი მახასიათებლები, რომლებიც წარსულ ქმედებებს უკავშირდება (ნასამართლობა, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება) შეპირისპირებულ უნდა იქნეს საკითხის გადაწყვეტისათვის შექმნილ დახასიათებაში ასახულ პიროვნების ამჟამინდელ მახასიათებლებთან; ამგვარი გარემოებების გამოკვლევა შესაძლოა განხორციელდეს საკითხის ზეპირი მოსმენით გადაწყვეტის გზით. ვინაიდან სწორედ ამგვარი შეფასება იძლევა პატიმრობისა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანთან - მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების განხორციელების დადგენის შესაძლებლობას.
6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ასევე ითვალისწინებს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესაძლებლობას თუ მსჯავრდებულისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღება ხსენებული საკითხის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. აღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს ყველა გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზ---–---------ას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ზ---–---------ას სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ---–---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 30 მაისის №---------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზ---–---------ასთვის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით;
3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე