გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.11.2018
საქმის ნომერი
190310017002191076
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-298-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09.11.2018 წელი ქ. რუსთავი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე: სო------------–---–ი

წარმომადგენელი: ნა-----------–---–ი, ცი–--------------–---–ი

მოპასუხე: სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: აკ-------------ი

მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი: ბე----------ე, ირ------------–--ე

მესამე პირი: სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი: ნო--------------ა, ლა–-----------ე

მესამე პირი: შპს ,,კ----------------------ტი”

წარმომადგენელი: გი---------------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

2018 წლის 03 ივლისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე სო------------–---–ი (წარმომადგენელი ცი–--------------–---–ი) ითხოვს:

 

1.1 აღიარებულ იქნეს სახელმწიფოზე მანქანების გადაცემის დროს გირავნობის უფლების არარსებობა სადავო ავტომანქანებზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 12 სექტემბრის N0-----, N0-----, N0----- და N0----- გირავნობის მოწმობები სო------------–---–ის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ავტომანქანებზე “VOLKSWAGEN JETA 2.0” სახელმწიფო ნომრით Q------, “JEEP GRAND CHEROKEE” სახელმწიფო ნომრით S------, “MERCEDES BENZ E 350” სახელმწიფო ნომრით Q------ და „MERCURY MARINER” სახელმწიფო ნომრით Q------ და მოხდეს მათი რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, “VOLKSWAGEN JETA 2.0” (სახელმწიფო ნომრით Q------), “JEEP GRAND CHEROKEE” (სახელმწიფო ნომრით S------), “MERCEDES BENZ E 350” (სახელმწიფო ნომრით Q------) და „MERCURY MARINER” (სახელმწიფო ნომრით Q------) ავტომანქანები შეიძინა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, რომლებიც სახელმწიფოს გადაეცა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 16 იანვრის N661, N663, N669 და N680 ბრძანებით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. 2017 წლის 16 იანვრის გადაცემის აქტებში შეძენილ ავტომანქანებზე არ იყო მითითებული ბანკის სასარგებლოდ რეისტრირებული გირავნობის უფლების არსებობის თაობაზე. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ბანკს უფლების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ წაუყენებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამათლებრივი საფუძვლები.

 

2.2 მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ავტომანქანებზე რეგისტრირებული გირავნობის უფლების არსებობა დასტურდება საქმეში არსებული მასალებით, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირი - სს „თ-----------“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.2. მესამე პირი - შპს ,,კ----------------------ტი”-ს წარმომადგენელს რუსთავის საქალაქო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია, პროცესზე გამოცხადებული წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1 სო------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შესყიდულ იქნა ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETA 2.0” სახელმწიფო ნომრით Q------. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებულ იქნა მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017), რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანას გააჩნია სს "თ-----------ი"-ს გარდამავალი გირავნობა 3372 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერია მხარეების მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETA 2.0” -ს რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1, ს.ფ 15 )

- მესაკუთრე სო------------–---–ის N04966057 განცხადება (ტ.1, ს.ფ 127 )

- მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017) (ტ. 1, ს.ფ 131)

 

4.1.2 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039235-ით დგინდება, რომ ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETA 2.0”-ს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039235 (ტ.4, ს.ფ 79-80)

 

4.1.3 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N4352AC117, აუქციონის N4352, ლოტის N1) ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETA 2.0”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სო------------–---–ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის განაცხადი N4352AC117 (ტ.4, ს.ფ 88-91)

 

4.1.4 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა N0------ით დგინდება, რომ 2014 წლის 29 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "თ-----------", დამგირავებელი - შპს „კ----------------------ტი) ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETA 2.0”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "თ-----------"-ს გირავნობის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გირავნობის მოწმობა N0----- (ტ.4, ს.ფ 152)

 

4.1.5 სო------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შესყიდულ იქნა ავტომანქანა, “JEEP GRAND CHEROKEE” სახელმწიფო ნომრით S------. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებულ იქნა მიღება - ჩაბარების აქტი (04.08.2017), რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერია მხარეების მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანა “JEEP GRAND CHEROKEE” -ის რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1, ს.ფ 17 )

- მესაკუთრე სო------------–---–ის N04966057 განცხადება (ტ.1, ს.ფ 125 )

- მიღება - ჩაბარების აქტი (04.08.2017) (ტ. 1, ს.ფ 132)

 

4.1.6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039232-ით დგინდება, რომ ავტომანქანა “JEEP GRAND CHEROKEE”-ს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039232 (ტ.4, ს.ფ 77-78)

 

4.1.7 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N4034AC217, აუქციონის N4034, ლოტის N2) ავტომანქანა “JEEP GRAND CHEROKEE”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სო------------–---–ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის განაცხადი N4034AC217 (ტ.4, ს.ფ 98-100)

 

4.1.8 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა N0------ით დგინდება, რომ 2013 წლის 30 ოქტომბრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "თ-----------", დამგირავებელი - შპს „კ----------------------ტი) ავტომანქანა “ JEEP GRAND CHEROKEE”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "თ-----------"-ს გირავნობის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გირავნობის მოწმობა N0----- (ტ.4, ს.ფ 157)

 

4.1.9 სო------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შესყიდულ იქნა ავტომანქანა, “MERCEDES BENZ E 350” სახელმწიფო ნომრით Q------. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებულ იქნა მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017), რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანას გააჩნია სს "თ-----------"-ს გარდამავალი გირავნობა 3624 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერია მხარეების მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანა “ MERCEDES BENZ E 350” -ს რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1, ს.ფ 14 )

- მესაკუთრე სო------------–---–ის N04966057 განცხადება (ტ.1, ს.ფ 128 )

- მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017) (ტ. 1, ს.ფ 129)

 

4.1.10 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039265-ით დგინდება, რომ ავტომანქანა “MERCEDES BENZ E 350” -ს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039265 (ტ.4, ს.ფ 83-84)

 

4.1.11 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N4352AC217, აუქციონის N4352, ლოტის N2) ავტომანქანა “MERCEDES BENZ E 350” -ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სო------------–---–ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის განაცხადი N4352AC217 (ტ.4, ს.ფ 92-94)

 

4.1.12 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა N0------ით დგინდება, რომ 2015 წლის 26 ივნისის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "თ-----------", დამგირავებელი - შპს „კ----------------------ტი) ავტომანქანა “MERCEDES BENZ E 350” -ის მიმართ რეგისტრირებულია სს "თ-----------"-ს გირავნობის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გირავნობის მოწმობა N0----- (ტ.4, ს.ფ 138)

 

4.1.13 სო------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის საშუალებით შესყიდულ იქნა ავტომანქანა, „MERCURY MARINER” სახელმწიფო ნომრით Q------. ზემოაღნიშნული ავტომანქანის მიმართ გაფორმებულ იქნა მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017), რომლის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. ამავე გრაფაში აღნიშნულია, რომ ავტომანქანას გააჩნია სს "თ-----------"-ს გარდამავალი გირავნობა 2062.75 აშშ დოლარის ოდენობით. მიღება - ჩაბარების აქტი ხელმოწერია მხარეების მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ავტომანქანა „MERCURY MARINER” -ს რეგისტრაციის მოწმობა (ტ.1, ს.ფ 16 )

- მესაკუთრე სო------------–---–ის N04966057 განცხადება (ტ.1, ს.ფ 126 )

- მიღება - ჩაბარების აქტი (15.08.2017) (ტ. 1, ს.ფ 130)

 

4.1.14 მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039239-ით დგინდება, რომ ავტომანქანა „MERCURY MARINER” -ს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების აქტი N00039239 (ტ.4, ს.ფ 81-82)

 

4.1.15 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში (განაცხადის N4352A317, აუქციონის N4352, ლოტის N3) ავტომანქანა „MERCURY MARINER”-ს მიმართ აღწერილია, რომ ავტომანქანას აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სო------------–---–ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული აუქციონის განაცხადი N4352AC317 (ტ.4, ს.ფ 95-97)

 

4.1.16 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული გირავნობის მოწმობა N0------ით დგინდება, რომ 2013 წლის 10 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე (მოგირავნე: სს "თ-----------", დამგირავებელი - შპს „კ----------------------ტი) ავტომანქანა „MERCURY MARINER”-ის მიმართ რეგისტრირებულია სს "თ-----------"-ს გირავნობის უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გირავნობის მოწმობა N0----- (ტ.4, ს.ფ 145)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სო------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის შესახებ“ N892 ბრძანება;

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებს. ხოლო მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 25-ე მუხლით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარადა აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.

 

7.5 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.7 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების სააგენტოს ფუნქციას წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ: ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით; ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ N892 ბრძანების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული მოგირავნის ელექტრონული განცხადების საფუძველზე. ხოლო ამავე ბრძანების მე-41 მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს მის მიერ გირავნობის გარიგების დადებაზე / მის გაუქმებაზე ან/და გირავნობის რეგისტრაციაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მონაცემები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სს „თ-----------“ წარმოადგენს ავტორიზებულ მოგირავნეს, მომსახურების სააგენტოსთან 2009 წლის 27 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ N892 ბრძანების მე-31 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო ახორციელებს გირავნობის რეგისტრაციას:

ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასფიცირებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;

ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დეკლარირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;

გ) სააგენტოში რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.

დ) დამგირავებლის მიერ შესაძენ სამომავლო ქონებაზე, თუ სამომავლო ქონება წარმოადგენს:

დ.ა) საქართველოში დაურეგისტრირებელ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ სატრანსპორტო საშუალებებს;

დ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ტანახმად კი, სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ გირავნობის გარიგებაში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული დამგირავებლის მიერ შესაძენი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.

 

7.8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ N892 ბრძანების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება:

ა) მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო;

ბ) მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე;

გ) მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად;

დ) გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო;

დ1) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო;

ე) კანონმდებლობით გთვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი გირავნობის უფლების შეწყვეტა შესაძლებელია დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზეც, ამ შემთხვევაში განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვოდეს მოგირავნის წერილობითი დასტური.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერად რეგისტრირებული გირავნობის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლები იმპერატიულად არის განსაზღვრული მომსახურების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მფლობელობითი გირავნობის დროს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში გირავნობის უფლება წყდება და შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, თუ მოგირავნე ან მის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირი გირავნობის საგნის მფლობელობას გადასცემს შემძენს. ხოლო, მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის დაუტვირთავი საკუთრება, მიუხედავად იმისა, იცოდა თუ არა შემძენმა გირავნობის შესახებ. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შემძენი და დამგირავებელი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობისას გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში დამგირავებელსა და შემძენს ერთობლივად ეკისრებათ საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შემძენის დამგირავებლად რეგისტრაციის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ მოსარჩელე სო------------–---–ისთვის, ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ავტომანქანების “VOLKSWAGEN JETA 2.0”-ის, “JEEP GRAND CHEROKEE”-ის, “MERCEDES BENZ E 350” -ისა და „MERCURY MARINER”-ის მიმართ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში, აღწერილია, რომ ავტომანქანებს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ.

 

7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

განსახილველ შემთხევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ N0-----, N0-----, N0----- და N0----- გირავნობის მოწმობების გაცემის საფუძველს წარმოადგენდა მოგირავნე: სს "თიბისი ბანკ"-სა და დამგირავებელი - შპს „კ----------------------ტ"-ს შორის გაფორმებული 2013 წლის 10 იანვრის N1-----------, 2015 წლის 26 ივნისის N1-----------, 2013 წლის 30 ოქტომბრის N1----------- და 2014 წლის 29 იანვრის N1----------- გირავნობის ხელშეკრულებები. მითითებული გირავნობის ხელშეკრულება, ნამდვილია და იგი სადავოდ არაა გამხდარი მხარეების მიერ.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, ავტომანქანების “VOLKSWAGEN JETA 2.0”-ის, “JEEP GRAND CHEROKEE”-ის, “MERCEDES BENZ E 350” -ისა და „MERCURY MARINER”-ის მიმართ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობებში, აღწერილია, რომ ავტომანქანებს აქვს გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სო------------–---–ისთვის ცნობილი იყო ავტომანქანის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტი. სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 15 აგვისტოს (“VOLKSWAGEN JETA 2.0”, “MERCEDES BENZ E 350” და „MERCURY MARINER” ავტომანქანების მიმართ) და 2017 წლის 04 აგვისტოს მიღება -ჩაბარების აქტებში, აქტის მოკლე აღწერილობის გრაფაში მითითებულია, რომ ავტომანქანებს აქვთ გირავნობა სს "თ-----------"-ს მიერ. მიღება - ჩაბარების აქტები კი ხელმოწერილია მხარეების მიერ.

 

7.10 ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სო------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 25-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სო------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი