განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
190100118002693397
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-754-18

(N042150918001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

12.11.2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ლევან ჯალაღანია,დაცვის მხარე: ადვოკატი - იზოლდა მელიქიშვილი,ბრალდებული: ანდრეი კოვალჩუკი

პირადი ნომერი: 0----------;

დაბადებული: 19.12.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო ტექნიკური;

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გარდაბნის რაიონი, დ----------------------------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა.

 

სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2018 წლის 15 სექტემბერს, გამთენიისას, გარდაბნის რაიონის დ-----------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან მუდმივად მცხოვრები და ერთიანი საოჯახო მეურნეობის მქონე ლ-------------ის ქცევით განაწყენებულმა ანდრეი კოვალჩუკმა გადაწყვიტა მისი სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული განზრახვით, ანდრეი კოვალჩუკი შევიდა ლ-------------ის საძინებელ ოთახში, ისარგებლა ამ უკანასკნელის უმწეო მდგომარეობით (იგი ხანდაზმულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი და ძირითადად არის მწოლიარე მდგომარეობაში) და იქვე არსებული ელექტრო მავთულის ყელის არეში მოჭერით გაგუდა 73 წლის ხანდაზმული ლ-------------ი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ბრალდებულმა ანდრეი კოვალჩუკმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ. 2018 წლის 01 ნოემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა, ანდრეი კოვალჩუკის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ლ-------------ის გვამის დათვალიერების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, თავად ბრალდებული ანდრეი კოვალჩუკის გამოკითხვის ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, მოწმეების მ--------------ის, ნ----–-----------ას, ა-–-------------–---–ის, ზ-------------–---–ის, ზ------------–---–ის, ზ--------------ის გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ”ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი”. სიცოცხლის უფლება დაცულია საქართველოს კონტიტუციის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.

 

სიცოცხლის უფლება დაცულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის პირველ ფაქტობრივ წინაპირობად უნდა განისაზღვროს, რომ ხელყოფა მიმართული იყო ცოცხალ ადამიანზე, ხოლო მეორე ფაქტობრივი წინაპირობაა - სიცოცხლის დამთავრებისა და სიკვდილის მომენტის დადგენა. ვინაიდან ყველა სახის მკვლელობა მატერიალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული მკვლელობა ერთერთ საშიშ ფორმას წარმოადგენს. აღნიშნული პუნქტით მკვლელობის კვალიფიკაციისას აუცილებელია დადგენილი იქნეს მსხვერპლის მდგომარეობა, ავადმყოფობის გამო უმწეოდ ყოფნა, რის გამოც მას არ შეუძლია თავის დაცვა. ასევე უნდა დადგინდეს, რომ აღნიშნული ქმედების ჩამდენს შეცნობილი აქვს დაზარალებულის უმწეო მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ მსხვერპლს ამ მდგომარეობის გამო არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნული ქმედება შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

 

დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

4. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ანდრეი კოვალჩუკის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ანდრეი კოვალჩუკის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ანდრეი კოვალჩუკს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით უნდა დაენიშნოს სასჯელი. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ქცევას მომხდარი დანაშაულის შემდეგ, რომ თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ასევე საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით თვლის, რომ ანდრეი კოვალჩუკს უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.

 

7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

7.1. ანდრეი კოვალჩუკის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

7.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:

 

- ანდრეი კოვალჩუკის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჭიქა, ელექტრო დამაგრძელებელი სადენით პერანგი, ტრუსი, პირსახოცი, ადიელა, ბალიშის პირი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს;

 

- სისხლის ანაწმენდები, ანდრეი კოვალჩუკის და ლ-------------ის სხვადასხვა ნიმუშები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს;

 

(ნივთმტკიცება ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).

 

- სს საქმეზე დართული DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ანდრეი კოვალჩუკი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;

 

2. ანდრეი კოვალჩუკის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე ამოღებული:

 

- ანდრეი კოვალჩუკის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჭიქა, ელექტრო დამაგრძელებელი სადენით პერანგი, ტრუსი, პირსახოცი, ადიელა, ბალიშის პირი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს;

 

- სისხლის ანაწმენდები, ანდრეი კოვალჩუკის და ლ-------------ის სხვადასხვა ნიმუშები, სისხლისფერი ლაქის ანაწმენდი - განადგურდეს;

 

(ნივთმტკიცება ინახება ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში).

 

- სს საქმეზე დართული DVD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი