განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
820100118002461311
დავის ტიპი
179 3 ა
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №820100118002461311

№1-135/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08.11.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი

სხდომის მდივანი სოფია კობახიძე

 

პროკურორი - ა---- მ--------

 

ბრალდებული - კ-----------ე

ადვოკატი - მ---- დ--------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №173070418001

 

ბრალდებული: კ-----------ე

მამის სახელი: ემ------

დაბადებული: 2--------- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი

პირადი ნომერი: 61---------

მცხოვრები: ბათუმი, ლ-------------ს ქ. №101, ბინა №10

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.კ-----------ე 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 06:45 საათზე, დანისა და ქვის გამოყენებით თავს დაესხა ქ. ბათუმში ა-----------------------–--–-------ში მდებარე სავალუტო ჯიხურს, რა დროსაც ოპერატორ ლ------ ა----------–ის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა შპს "ხ-----------ის" კუთვნილი ფულადი თანხა 1050 ლარის ოდენობით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

2. კ-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, ისე სასამართლოს მიერ გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობით:

 

3. დაზარალებულ ლ------ ა----------–ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------ში მდებარე ვალიუტის გადამცვლელ პუნქტში მოლარე ოპერატორად. 2018 წლის 07 აპრილს, დაახლოებით 06:45 საათზე იმყოფებოდა ხსენებულ ვალიუტის გადამცვლელ პუნქტში, რა დროსაც ვალიუტის გადამცვლელ პუნქტთან მივიდა კ-----------ემ, რომელსაც თავზე ეკეთა ნიღაბი, ხოლო ხელებზე წამოწმული ჰქონდა წინდები. მას მარცხენა ხელში ეჭირა დანა, მარჯვენა ხელში კი ქვა. კ-----------ემ მოსთხოვა ფული და დაემუქრა მინის ჩამტვრევით, ჯიხურში შევარდნითა და დანით აჩეხვით. მისივე ჩვენებით, ვინაიდან სავალიუტო ჯიხურის მინები არ არის ბრონირებული, ხოლო კ-----------ემ დაიწყო ქვის დარტყმა ჯიხურის მინაზე, იგი დარწმუნდა, რომ კ-----------ე აპირებდა მინის ჩამტვრევას, ამავდროულად დანით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, შეეშინდა და გადასცა შპს "ხ-----------ის" კუთვნილი ფულადი თანხა 1050 ლარის ოდენობით.

 

4. საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია კ-----------ის მიერ 2018 წლის 07 აპრილს ქ. ბათუმში, ა-----------------------–--–-------ში მდებარე ვალიუტის გადამცვლელ პუნქტიდან ფულადი თანხის გატაცების ფაქტი, თუმცა მათი განმარტებით აღნიშნული დანაშაული უნდა შეფასდეს როგორც ძარცვა, რადგან მოლარე ოპერატორი იმყოფებოდა ჯიხურში და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე არ არსებობდა. ამავდროულად დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადავო არ არის და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

5 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებების ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

6. სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, დადასტურებულია როგორც სასამართლოს მიერ გამოკვლეული, ისე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ-----------ის ბრალეულობას, სახელდობრ, მოწმეთა ლ------ ა----------–ის, ვი----–------–----ის, კო------------–---------–---–ის, კო---–---–-----ის, ზა---------–----ის, კ-----------ის ჩვენებები, კ-----------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, პირის ამოცნობის ოქმი, საგამოძებო ექსპერიმენტი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი, ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმი და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კომპიუტერული ექსპერტიზის N003801318 დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N004732318 დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.

 

7. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოში გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ კ-----------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

8.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

9.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

10 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

17. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------ის ქმედება წარმოადგენს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით კ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყაჩაღობა ერთდროულად მიმართულია როგორც ქონების ხელყოფისკენ, ამავდროულად ხელყოფის ხასიათი გამოიხატება მასში, რომ თავდასხმის დროს ადგილი აქვს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საშიში ძალადობის გამოყენებას ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება.

 

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მართალია თავდასხმის დროს ლ------ ა----------–ი იმყოფებოდა სავალიუტო ჯიხურში, მაგრამ კ-----------ე, რომელსაც ხელში ეჭირა ქვა და დანა, დაემუქრა სავალიუტო ჯიხურის მინის ჩამტვრევით და დანით სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა ფულადი თანხა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორცილებული თავდასხმა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო იმწუთიერი, დაზარალებულმა მინის ჩამტვრევის, ჯიხურში შეღწევის და სიცოცხლის მოსპობის მუქარა აღიქვა რეალურად, რის გამოც გადასცა მას ფულად თანხა. შესაბამისად კ-----------ემ ჩაიდინა ყაღობა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

20. კ-----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

21. კ-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა გამოძიებასთან თანამშრომლობა და დანაშაულის ჩადენის მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება :

 

22. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

23 ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

24. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

25 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

26. ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ კ-----------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის ფარგლებში, ( სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ითხოვს პატიებას) რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს კ-----------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.ბრალდებული კ-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2.მსჯავრდებულ კ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 07 აპრილიდან.

 

3.მსჯავრდებულ კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4.ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

 

4.1.დივიარი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

4.2.საქმეზე დართული ხუთი ცალი დისკი - დაერთოს საქმეს სს საქმის შენახვის ვადით;

 

4.3.კ-----------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი, საფულე - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს;

 

4.4.კ-----------ის პირადი და ავტომანქაანის ჩხრეკის დროს ამოღებული თეთრი ფერის ნიღაბი და ხელთათმანი, - განადგურდეს;

 

4.5.კო------------–---------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

4.6.კ-----------ის ავტომანქანა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს;

 

4.7.კ-----------ის ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული კ-----------ის ტანსაცმელი (შარვალი, ქურთუკი, ფეხსაცმელი, წინდა), სანთებელა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს;

 

4.8.შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი წინდა, ქვა, დანა და თითის ანაბეჭდები - განადგურდეს;

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ხვიჩა კიკილაშვილი