განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
190100118002497190
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-------

(სს №0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

სხდომის მდივანი ცოტნე მატუა

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ა------------------ი

პირადი ნომერი: №-----------;

დაბადებული: 03.04.1--- წელი;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული;

რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------------------–-----–-----------------------------------;

 

ადვოკატი - რ-------------–-ა

 

თარჯიმანი - ნ---------------ა

 

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კერძოდ, მას ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

- მეუღლის - ს--------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევი ა------------------ი, 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე მივიდა გ---------ს რაიონის სოფელ ბ---------ში თავისი მეუღლის ს--------------------ას საცხოვრებელ სახლთან, დაუყვირა, ხელი დაარტყა საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინას და ყოფილ მეუღლეს დაემუქრა, რომ მაინც მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ს--------------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

3.1. დაზარალებულის ს------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ა------------------ი არის მისი ყოფილი მეუღლე, მათ დაახლოებით წელიწადნახევარი იცხოვრეს ერთად, ხოლო ზაფხულის თვეში ისინი დაშორდნენ ერთანეთს. მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი, 3 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. თანაცხოვრების პერიოდში ა------------------ი მის მიმართ ძალადობდა. მას ჩვევად ჰქონდა, რომ ღამის სამ საათზე იღვიძებდა, სცემდა და მერე ისევ იძინებდა. ერთად ცხოვრების პერიოდში ის პოლიციაში დარეკვას ვერ ახერხებდა, რადგან ბრალდებული მას ტელეფონს უმოწმებდა. განქორწინების შემდეგ დაზარალებული დედასთან ცხოვრობს. მამა გარდაცვლილი ჰყავს, ხოლო მისი ორი ძმა სხვაგან ცხოვრობენ, ამასთან მას არ ელაპარაკებიან, ვინაიდან თავის დროზე არ სურდათ, რომ ბრალდებულზე ექორწინა. 2018 წლის 15 მაისს, ღამის 22:30 საათი იქნებოდა, ოჯახში იყო დედასთან და შვილებთან ერთად, როდესაც მასთან ფანჯარაზე დააბრახუნა მისმა ყოფილმა მეუღლემ ა------------------მა და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, ასევე ეძახდა ცუდ სიტყვებს. მათი შვილი ამ დროს დივანზე იჯდა, ამ ხმაზე ისე შეეშინდა, გადმოვარდა დივანიდან. იმის გამო, რომ მსგავსი საქციელი ხშირად ახასიათებდა ბრალდებულს, მას შეეშინდა, რომ მოკლავდა მართლა და დარეკა პოლიციაში. ერთხელ ბრალდებულმა მას კედელზე მიარტყმევინა თავი, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი და სწორედ ამიტომ გამოიძახა პოლიცია. ამასთან, მანამდეც ბრალდებული ღამის საათებში მიდიოდა მათთან სახლში და უმეორებდა მას, რომ მოკლავადა, თვითონ გარეთ არ გადიოდა, იმ ფანჯარას კეტავდა, სადაც ა------------------ი აბრახუნებდა. ბრალდებულს ამ ფაქტამდე მეზობლისთვისაც ჰქონდა ნათქვამი, რომ სადაც ნახავდა მას იქ მოკლავდა. მას ასევე დაურეკა ა------------------ის კლასელმა და უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო, რადგან ა------------------ს მისთვის უთქვამს მაინც მოვკლავო. თუ რატომ უნდოდა ბრალდებულს მისი მოკვლა არ იცის, თავიდან განქორწინება უნდოდა და ზაფხულის თვეები იყო როდესაც ისინი განქორწინდნენ. ბრალდებული უკვე არის ერთხელ გასამართლებული ს----------------ას ცემის ფაქტზე და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ იგი რამდენჯერმე კიდევ მივიდა მეუღლის სახლის ფანჯარასთან და დაემუქრა მას. ბრალდებულს მისი მეუღლის მეზობლისათვის უთქვამს, რომ სადაც შეხვდებოდა მას იქვე მოკლავდა. მერე ეუბნებოდა ,,ისეთ რაღაცას გიზავ შენ თვითონ გაიქცევიო“. იგი ეჭვიანობას გამორიცხავს, რადგან სახლიდან მხოლოდ მაღაზიაში გადიოდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბრალდებულმა ბავშვების ნახვა მოიმიზეზა და მივიდა მათთან, რა დროსაც ს----------------ას ბეტონზე თავი დაარტყმევინა და იგი 3 დღე საავადმყოფოში იწვა. გარდა ამისა, იგი ბავშვს სასქესო ორგანოში ურტყამდა. ს----------------ას შეეშინდა რომ ბავშვი არ მოეკლა. ბავშვის ტირილის გამო ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ერთხელ ისე დაარტყამდა რომ მოკლავდა. 2018 წლის 15 მაისს, ბრალდებული როცა მივიდა მოწმის სახლთან, მას არ უთქვამს რომ ბავშვების ნახვა უნდოდა. ბრალდებულმა იცოდა, რომ სახლში ს-----------------ა, დედამისი და ბავშვები ცხოვრობდნენ, იგი ღამის საათებში მიდიოდა ხოლმე, რადგან ამ დროს ქუჩაში მეზობლის ბიჭები არ იყვნენ. 2018 წლის 15 მაისამდე, ს----------------ა ბრალდებულის მისვლისას იძახებდა ხოლმე სამართალდამცავებს, მაგრამ სანამ ისინი მივიდოდნენ, ბრალდებული გაქცევას ახერხებდა. ერთხელ მოწმემ ბრალდებულს გზის ფული 10 ლარი სთხოვა და მან უთხრა რომ ჰქონდა ფული, მაგრამ არ მისცემდა და ამის გამო ბეტონზე თავი დაარტყმევინა და შემდეგ წიხლი ჩაარტყა. მოწმის განმარტებით, ბრალდებული არ არის ფსიქიკურად ნორმალური, ბრალდებული არა მარტო მეუღლეს, არამედ ბავშვებსაც სცემდა. ერთ-ერთი ბავშვი დღემდე ვერ ლაპარაკობს რადგან შეშინებულია და იგი ნერვოპათოლოგთან დადის. ისინი როცა ერთად ცხოვრობდნენ, ბრალდებული მეუღლეს სახეში ურტყამდა, ერთხელ კბილებიც ჩაუმტვრია. იგი სამკურნალოდაც ვერ მიდის, რადგან ბავშვები დაჰყავს ექიმთან, ერთი ვერ დადის, ერთი კი ვერ ლაპარაკობს. როგორც პოლიციის თანამშრომლისგან იცის ბრალდებულმა მამამისის სახლიც დაწვა, სადაც მისი მეუღლის მზითვი იყო და მან ყოველთვის შეიძლება დედამისის სახლიც დაწვას. 15 მაისს როდესაც ბრალდებულმა ფანჯარაზე დააბრახუნა და ყვიროდა, მან ნამდვილად დაინახა, რომ ის პიროვნება ა------------------ი იყო. იგი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ არ მუშაობდა, მან მოწმის ოქროები წაიღო და დაალომბარდა. დაზარალებულის განმარტებით ბრალდებული ა------------------ი თუ გარეთ იქნება მისთვის და მისი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სულ მათ სახლთან არის და ეუბნება რომ მოკლავს. ბავშვებს მკურნალობს, ნევროპათოლოგთან, ბრალდებული თუ თავისუფლებაში იქნება ბავშვების მკურნალობა უშედეგო იქნება.

3.4 სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---–---------------მ განაცხადა, რომ ს----------------ა არის მისი შვილი, ხოლო ბრალდებული მისი ყოფილი სიძეა. 2018 წლის 15 მაისს ბრალდებული ნასვამი მივიდა მათთან სახლში, დაახლოებით 23:00 საათი იქნებოდა, კარებზე აბრახუნებდა, ყვიროდა, იგინებოდა. სახლში არ შეუშვიათ. ფანჯრიდან დაინახეს, რომ ნასვამი იყო, ხმაზეც ეტყობოდა. ბრალდებული ყვიროდა, იგინებოდა და ცუდ სიტყვებს იყენებდა. ყვირილის ბავშვს შეეშინდა და როცა იგი ნერვიულობს ცუდად ხდება. ბრალდებულს სახლში შესვლა უნდოდა, მაგრამ მას არ უშვებდნენ. ამ დროს მისმა შვილმა პოლიციაში დარეკა, რა დროსაც ბრალდებული გაიქცა, მაგრამ იგი გზაში დააკავეს. გ---–---------------ს განმარტებით ბრალდებული დედამისმა სახლიდან გააგდო და მან სახლი დაუწვა. როდესაც ბრალდებული მოწმესთან და თავის შვილთან სახლში მივიდა სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მათ კარი არ გაუღეს. მოწმეს უნდოდა კარი გაეღო და დაერტყა მისთვის, რადგან იგი ძალიან ნასვამი მივიდა მათთან, მაგრამ მას შეეშინდა, რომ დანა არ ჰქონოდა. მართალია მათ კარი არ გაუღიათ ბრალდებულისათვის, მაგრამ ფანჯრიდან დაინახეს იგი და ნამდვილად იციან რომ ის პიროვნება ა------------------ი იყო. თავიდან სახლში უშვებდნენ ბრალდებულს, ფიქრობდა იქნებ გამოსწორებულიყო, მაგრამ მას შემდეგ რაც თავის ქალიშვილს თავში ჩაარტყა და ამის გამო საავადმყოფოში იწვა, სახლში აღარ უშვებენ. იმის მერე მის ქალიშვილს თავის ტრამვა აქვს და თავის ტკივილები აწუხებს. მისი შვილისგან იცის, რომ როდესაც ერთად ცხოვრობდნენ ბრალდებული ცოლის ჯიბრზე ბავშვსაც სცემდა ხოლმე.

3.5. ბრალდებულმა ა-------------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ თვე არ ახსოვს, როდესაც დააკავეს ის დღე იყო, 15 რიცხვში მეზობელმა სამუშაო შესთავაზა და ამ დროს დამხმარე სჭირდებოდა, გზაზე რომ მოდიოდა მეუღლე (ს----------------ა ნახა ფანჯარასთან იდგა, დღის რა მონაკვეთი იყო არ ახსოვს, მიუახლოვდა და უთხრა, რომ ბავშვების ნახვა უნდოდა, რადგან ბავშვები მისიც იყო. ცოლს დახურული ფანჯრიდან ელაპარაკებოდა. ცოლმა უპასუხა რომ ის ვერასდროს ნახავდა მის შვილებს. ამის მერე წავიდა რადგან დამხმარე უნდა აეყვანა ბირჟიდან. დაახლოებით 100-150 მეტრი ექნებოდა გავლილი პოლიცია მოვიდა მასთან, ცოლს არ უთქვამს რომ პოლიციაში დარეკავდა, მან პოლიციას აუხსნა თუ რატომ იყო ცოლთან მისული. მეუღლის გარდა სახლში არავინ იყო. პრობაციაში რომ დადიოდა იქ ერთი ქალი ეუბნებოდა, რომ მისი ცოლი მასზე ცუდ რაღაცეებს ამბობდა. შვილების ნახვის საკითხის მოგვარების მიზნით, ადვოკატთანაც იყო მისული, მაგრამ 600 ლარი მოსთხოვეს, მას ფული არ ჰქონდა. მას შემდეგ შვილები არ უნახავს რაც ცოლზე ძალადობის გამო გაასამართლეს. თანაცხოვრების პერიოდში ცოლი სულ აშანტაჟებდა. თურქეთში მუშაობდა 1500 აშშ დოლარი ჰქონდა ხელფასი, ცოლი ურეკავდა დღეში სამჯერ და ეუბნებოდა ჩამოსულიყო და სახლი ეყიდა. მას არ ჰქონდა ფული რომ სახლი შეეძინა, ეს იყო მიზეზი მათი დაშორების, სახლი რომ ვერ იყიდა, მაგის გამო ცოლი დედამისთან წავიდა საცხოვრებლად. თანაცხოვრების პერიოდში მხოლოდ ერთხელ სცემა ცოლი, შვილების მიმართ არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია.

3.6. მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, რომ იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა სხვა დანარჩენ მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ამით დაცვის მხარე ფაქტობრივად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს ისეთ სამართლებრივ მექანიზმს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინოს ან უარყოს მტკიცებულებათა საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ასევე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ მეუღლის - ს--------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ნასამართლევი ა------------------ი, 2018 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე მივიდა გ---------ს რაიონის სოფელ ბ---------ში თავისი მეუღლის ს--------------------ას საცხოვრებელ სახლთან, დაუყვირა, ხელი დაარტყა საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინას და ყოფილ მეუღლეს დაემუქრა, რომ მაინც მოკლავდა. აღნიშნული ქმედებით, ს--------------------ას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ მისი ჩვენება არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია, ის გარემოება, რომ იგი სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას დაზარალებულს და მის მიმართ ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით, 2017 წლის 2 აპრილის შემაკავებელი ორდერით, 2018 წლის 4 იანვრის შემაკავებელი ორდერით, მისი ამ ქმედებებით დაზარალებულს ყოველ მის დანახვაზე და მასთან ურთიერთობისას უჩნდებოდა რეალური შიში და მოელოდა მისგან ძალადობრივ ქმედებებს. 2018 წლის 15 მაისს იგი შეგნებულად გვიანი ღამის საათებში მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ სახლთან, რათა არ დაენახა გარშემომყოფებს, მას დაზარალებულის მეზობლები ხელს უშლიდნენ დაზარალებულის სახლთან მიახლოებაში, ვერც მის მოტივაციას გაიზიარებს სასამართლო ბავშვების ნახვასთან დაკავშირებით, რადგან იმ დროს როდესაც მან ,,მოინდომა“ ბავშვების ნახვა, იყო გვიანი ღამე, დაახლოებით 23:00 საათი და ბავშვებს ეძინათ, ერთი 3 წლის არის და მეორე 2 წლის. რაიმე ინტერესი, თუ რატომ უნდა უნდოდეს დაზარალებულს ბრალდებულის ცრუდ დასმენა და მისი ,,თავიდან მოშორება“, როგორც ამას ბრალდებული აცხადებს, არც მისი დაკითხვიდან და არც საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, ყველა კონფლიქტში, რომელიც გაცხადებულ იქნა, დაზარალებული წარმოადგენს მსხვერპლს. ამდენად, მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ა------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.

 

სსკ-ის 111 მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს

4.2. ბრალდებულ ა------------------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი ა------------------ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან მსუბუქი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

 

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

 

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

 

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-16 მუხლზე, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება დაიცვას ბავშვი მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან, აღნიშნული ნორმის მიხედვით არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. 2. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისაგან ან ხელყოფისაგან.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) 45-ე მუხლის მიხედვით მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთასაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ა------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11.1-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ა------------------ი ნასამართლევია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დინების ქვეშ საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (6 თვე თ/აღკვეთა) და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა------------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 182-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (6 თვე თ/აღკვეთა) და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა------------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2. ა------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ა------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ე.პართენიშვილი