განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002620009
საქმე N1-809/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--- დ---–-–---–-
ადვოკატი - პ----------–-----
ბრალდებული: ი------------
მამის სახელი: ი----
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების თარიღი: 0--0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ-------------------------------–---------------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი------------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლებით 06:00 საათზე, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N45-ში მდებარე საზღვაო სასწავლებელ ,,ანრის" საერთო საცხოვრებელში, შელაპარაკების ნიადაგზე ი------------მ სახის არეში ხელის დარტყმით და მაჯებზე ხელის მოჭერით ნ---- დ--------–---–-- მიმართ განახორციელა ძალადობა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი---- თ------ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 6 აგვისტოს, დაახლებით 06:00 საათზე, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქ. N45-ში მდებარე საზღვაო სასწავლებელ ,,ანრის'' საერთო საცხოვრებელში, ი------------მ განზრახ დააზიანა ნ---------------–---–-- კუთვნილი ,,აიფონ'' 6-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიადგა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3 სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ი------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
1.4 ი---- თ------ ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, სასაქონლო ექსპეიზის დასკვნა, მოწმეების - ნ---- დ--------–---–--, რ----- ნ-–--–-–---–--, ნ---- მ---–-–---–-- ჩვენებები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
1.5 სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------ დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.
ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ი---- თ------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ზიანი აანაზღაურა, შერიგებულია დაზარალებულთან) და პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ ი------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილის და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელები, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ი------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ი------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით ი---- თ------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ი------------ს (პ/ნ 61001024886) - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ნივთმტკიცება - ნ---- დ--------–---–-- კუთვნილი დაზიანებული „აიფონ 6''-ის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი