განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/961-18 (№041050918003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12.11.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: გ--- დ--------–--ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: შ--–-- კ--------
მამის სახელი: ა---------–
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: მარტვილის რაიონი სოფელი ნ--------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 05 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N67-ში მდებარე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ--–-- კ--------მ, განსხვავებული თმის ფერისა და ჩაცმულობიდან გამომდინარე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე-----–- ა-----ეს, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ე-----–- ა-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 01 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–-- კ--------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი ( წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს შ--–-- კ--------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შ--–-- კ--------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის და მოწმეთა - ე-----–- ა-----ის და ს------- ბ----–--ის გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N006261218 დასკვნით, თავად შ--–-- კ--------ს გამოკითხვის ოქმით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
შ--–-- კ--------მ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ--–-- კ--------მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ არასწორი საქციელი ჩაიდინა და დადო პირობა, რომ არასოდეს ჩაიდენს მსგავს დანაშაულს. ის პირველადაა სამართალში და წარსულში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში გამოვლენილი არ ყოფილა. ეწევა მცირე მეწარმეობას და საკუთარი შრომით - წიგნების გაყიდვით ირჩენს თავს.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმასაც, რომ შ--–-- კ--------მ დანაშაული ჩაიდინა დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საშიშროებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნები ვერ მიიღწევა არასაპატიმრო სასჯელის სახის დანიშვნით. შესაბამისად, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი ზომით.
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული პირველად არის სამართალში ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, რასაც ის სრულად აღიარებს, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–-- კ--------ს მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ამ ეტაპზე მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ შ--–-- კ--------ს ძირითად სასჯელთან ერთად უნდა დაენიშნოს დამატებით სასჯელიც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--–-- კ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე.
1.1. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
2. მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე