გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 3/295-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.11.2018 წ. ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ბიჭიკო თეთრუაშვილი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
წარმომადგენელი - ლანა ჯიბლაძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის #882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 01 დეკემბრის №317647 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბიჭიკო თეთრუაშვილის სახელით წარდგენილი #882016490351-11 განცხადების საფუძველზე განახორციელოს უძრავი ქონების მიწის ნაკვეთი (მდებარე; დუშეთის სოფელი ქვემო არანისი 1000კვ.მ ნავენახარი) ბიჭიკო თეთრუაშვილის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე. (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 3 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882016490351 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბიჭიკო თეთრუაშვილმა (პირადი ნომერი: 16001011922) და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში მდებარე 1000 კვ.მ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიუთითა №882016490267 და №882012468834 სარეგისტრაციო განცხადებებზე დართულ დოკუმენტაციაზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-03 (09.08.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოება მიმდინარეობდა №882016490267 სარეგისტრაციო განცხადების დასრულებამდე. №882016490267 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების დასრულების შემდეგ №882016490351-10 (29.09.2016) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს №186895 მიმართვით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ბიჭიკო თეთრუაშვილზე რიცხული ქონების შესახებ და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, ამიტომაც, თანხმობის შემთხვევაში წარმოსადგენი იყო დაინტერესებული პირის განცხადება უძრავი ნივთზე მოპოვებული ინფორმაციის დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება; იხ.განაცხადის მიღების ბარათი №882016490351-11 გადაწყვეტილება.
3.2. 2016 წლის 17 ოქტომბერს ბიჭიკო თეთრუაშვილის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა №272527/17 ადმინისტრაციული საჩივარი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილების გაუქმებისა და დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში 1000 კვ.მ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის №317647 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება იხ. 2016 წლის 1 დეკემბრის №317647 გადაწყვეტილება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ;საჯარო რეესტრის შესახებ; საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
7.4. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ,,კ” პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
7.6. განსახილველ შემთხვევში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებით დადგენილია შემდეგი; 2016 წლის 3 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს №882016490351 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა ბიჭიკო თეთრუაშვილმა (პირადი ნომერი: 16001011922) და მოითხოვა დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში მდებარე 1000 კვ.მ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო განცხადებას დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისს და ელექტრონული ვერსიები, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიუთითა №882016490267 და №882012468834 სარეგისტრაციო განცხადებებზე დართულ დოკუმენტაციაზე. აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-03 (09.08.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ წარმოება მიმდინარეობდა №882016490267 სარეგისტრაციო განცხადების დასრულებამდე.
№882016490267 სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების დასრულების შემდეგ №882016490351-10 (29.09.2016) გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს №186895 მიმართვით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ბიჭიკო თეთრუაშვილზე რიცხული ქონების შესახებ და მოძიებული დოკუმენტაციით/ინფორმაციით არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, ამიტომაც, თანხმობის შემთხვევაში წარმოსადგენი იყო დაინტერესებული პირის განცხადება უძრავი ნივთზე მოპოვებული ინფორმაციის დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო; №882012468834 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული 1995 წლის 20 მარტის მიწის ნაკვეთის №40 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბიჭიკო შაქროს ძე თეთრუაშვილს დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო არანისში სარგებლობაში გადაეცა 0.46 ჰა მიწა ოთხ ნაკვეთად. №882016490267 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული №AA2016058801-09 (01.08.2016) საარქივო ცნობის თანახმად, ბიჭიკო თეთრუაშვილის კომლს 2001 წ. მონაცემებით ერიცხება მიწა სულ 0.46, ხოლო 2002-2005 წლებში მიწის ფართობის შესახებ მონაცემები დაცული არ არის. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული №21-02/86780 (12.09.2016) წერილის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 20 სექტემბრამდე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები საარქივო სამმართველოში არ ინახება.
№882016490267 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 9 აგვისტოს №186895 წერილით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, დაცული იყო თუ არა სსიპ შემოსავლების სამსახურში დუშეთის მუნიციპალიტეტის მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დედნის ან სათანადო წესით დამოწმებული ასლის სახით, მისი შედგენის თარიღის მითითებით და ფიქსირებოდა თუ არა ბიჭიკო თეთრუაშვილი მიწის გადასახადის გადამხდელად და ასეთის არსებობის შემთხვევაში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ (წლების მიხედვით) და შესაბამისი დოკუმენტაცია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 24 აგვისტოს №957 წერილით, სარეგისტრაციო სამსახურს ეცნობა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაცემული, ყოფილი დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სოფელ ქვემო არანისის მიწის განაწილების სიაში დაფიქსირებულია, თეთრუაშვილი ბიჭიკო შაქროს ძე, რომლის ჩანაწერები ასეთია: „რეფორმამდე არსებული მიწის ნაკვეთი - 600 მ2, რეფორმით მიღებული - 3000 მ2, სულ მთლიანი ფართობი - 3600მ2“, ხოლო სოფელ ქვემო არანისის მიწის საგადასახადო სია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ინახება.
უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში დაცული მონაცემებით დადგინდება, რომ რეგისტრაციის შესახებ №882009189209-03 (03.07.2009) გადაწყვეტილებით ბიჭიკო თეთრუაშვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში მდებარე 1005 კვ.მ. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 71.52.04.234; რეგისტრაციის შესახებ №882011358629-03 (01.08.2011) გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში მდებარე 1000 კვ.მ. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 71.52.04.437; რეგისტრაციის შესახებ №882012668210-05 (25.09.2012) გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში მდებარე 600 კვ.მ. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 71.52.04.540; ხოლო რეგისტრაციის შესახებ №882016490267-11 (29.09.2016) გადაწყვეტილებით დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში, „ატეკის მიმდებარედ“ მდებარე 2000 კვ.მ. უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 71.52.08.071.
ამდენად, დღეის მდგომარეობით ბიჭიკო თეთრუაშვილის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 4605 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელთა რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძველს სწორედ დაინტერესებული პირზე 1995 წლის 20 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის №40 მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებზე ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები. კერძოდ, №882012468834 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბიჭიკო თეთრუაშვილს გამოეყო 0.46 ჰა ოთხ ნაკვეთად და მიწის ნაკვეთების ჩამონათვალში ასევე მითითებულია 4 ნაკვეთი. №882011358629 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ბიჭიკო თეთრუაშვილს გამოეყო 0.56 ჰა ხუთ ნაკვეთად და მიწის ნაკვეთების ჩამონათვალშიც ასევე მითითებულია 5 ნაკვეთი. №882009189209 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად კი, ბიჭიკო თეთრუაშვილს გამოეყო 0.46 ჰა ოთხ ნაკვეთად და აღნიშნული მონაცემი გადახაზულია, მიწის ნაკვეთების ჩამონათვალში კი მითითებულია 5 ნაკვეთი, რომელთაგან ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი, ფართით 0.10 ჰა, გადახაზულია.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სააგენტოს ფუნქციებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას, რომლის თანახმად, რეგისტრაცია გულისხმობს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრების დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდეულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.ამავე მუხლის „კ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია აგრეთვე მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტები. ესენია: 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ – კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ვინაიდან ბიჭიკო თეთრუაშვილის მიერ სრულადაა რეგისტრირებული მიღება-ჩაბარებით მისთვის გადაცემული ფართი, რომლის საფუძველზეც ითხოვს რეგისტრაციას და №882016490351 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით არც მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა მოძიებული სხვა რაიმე საკუთრების ან/და მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, 2017 წლის 4 იანვარს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016490351-12 გადაწყვეტილება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი. სასამართლო მიუთითებს, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №882016490351-12 (04.01.2017) გადაწყვეტილება მხარის მიერ არ გასაჩივრებულა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და არც სარჩელით გაუხდია სადაოდ.
7.7. 2016 წლის 17 ოქტომბერს ბიჭიკო თეთრუაშვილის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა №272527/17 ადმინისტრაციული საჩივარი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №882016490351-11 (29.09.2016) გადაწყვეტილების გაუქმებისა და დუშეთის რაიონში, სოფელ ქვემო არანისში 1000 კვ.მ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1 დეკემბრის №317647 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების კანონით დადგენილი საფუძვლები, ვინაიდან საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა: კერძოდ, აღნიშნულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 16 ნოემბრის №303072 წერილით სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია არქივში დაცული დოკუმენტაცია (საკომლო წიგნის ასლები) დუშეთის რაიონში, სოფელ არანისში (ქვემო არანისში) ბიჭიკო თეთრუაშვილის კომლის შემადგენლობისა და მასზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ, 1987 წლიდან 2007 წლამდე მონაცემებით. ზემოთხსენებული წერილის პასუხად სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივიდან 2016 წლის 30 ნოემბერს მოვიდა №31/77191 (დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის ნომერი: 347299/17, თარიღი: 30.11.2016) წერილი, რომლის თანახმადაც, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 2001 წ. მიწა სულ 0,46 ჰა. წარმოების ფარგლებში სააგენტოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ბიჭიკო თეთრუაშვილის მიერ სრულადაა რეგისტრირებული მიღება-ჩაბარების აქტით მისთვის გადაცემული ფართი, საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი სხვა რაიმე დოკუმენტი კი არც დაინტერესებული პირის მიერ იქნა წარმოდგენილი და ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა მოძიებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამ კოდექსის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები ვინაიდან, სააგენტოს მიერ განხორციელდა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
7.8 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლზე მითითებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს სპეციალურ მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებაა იხელმძღვანელოს თანასწორობის, პროპორციულობის პრინციპით, არ უნდა ხელყოს დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება და ა.შ. ამასთან, ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში მითითებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რის შესახებაც ევროპული სასამართლოს მიერ განიმარტა, რომ მე-6 მუხლში არაფორმალური პრინციპებიდან უმნიშვნელოვანესია ,,საშუალებათა თანასწორობის’’ (შეჯიბრობითობის) პრინციპი, რომელიც ნიშნავს, რომ მხარეთაგან თითოეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საქმის განხილვისას და არც ერთი მხარე არ უნდა სარგებლობდეს რაიმე არსებითი უპირატესობით თავის ოპონენტთან შედარებით (იხ. CASE OF NEUMEISTER V. AUSTRIA).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო 1.3. სასარჩელო მოთხოვნა კი წარმოადგენს ძირითადი სასარჩელო მოთხოვნების თანმდევ შედეგს, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირევსლი ნაწილის ;ვ; ქვეპქუნტით და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ;მ1; პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან (იხ.ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან) ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი;
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა;
1. ბიჭიკო თეთრუაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე კობა გოცირიძე