გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/49-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.11.2018 წელი ქ. მცხეთა
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - თ-------–-----------–-
წარმომადგენელი - ა------------–---–-
მოპასუხე - ქ-----------------
წარმომადგენლები - მ---------------, ს----------------
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპლიტეტის მერთა არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია
წარმომადგენლები - ა--------–---–-------------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად
ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 02.07.2009 წლის #4 სხდომის ოქმი ქ-----------------ს მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 21.07.2009 წლის #174 საკუთრების უფლების მოწმობა.
2.მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე დუშეთის მუნიციპლიტეტის მერთა არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენლებმა მხარს უჭერენ საქმეში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ. შესაგებელი)
3.მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე ქ-----------------ს წარმომადგენელებმა სარჩელი არ ცნეს და მხარი დაუჭირეს საქმეში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. (იხ შესაგებელი)
4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2003 წლის 06 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელის მამამ ლ----------–-----------–-- მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა ქ. დუშეთში წმინდა ნინოს ქ. #26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 135 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელსაც 1994 წლიდან რეგისტრაციის გარეშე ფლობდა მოსარჩელის მამა, რომელიც სარგებლობდა კიდეც ამ მიწის ნაკვეთით 99 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 135 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან ერთად ფაქტობრივად წარმოადგენდა ერთ მთლიან მიწის ნაკვეთს, რომელსაც ყოველთვის 1870 წლიდან მოყოლებული ერთი ოჯახი ფლობდა. დღესაც არსებობს 1,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის ღობე, რომელიც მეზობლისგან ჰყოფს 135 კვ.მ. და 98 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, რომელიც ბუნებრივად 1,5 მეტრით მაღლა მდებარეობენ მეზობლის ნაკვეთთან შედარებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იხ. ჩუქების ხელშეკრულება, მხარის ახსნა-განმარტება.
4.2. 99 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შემოერთების მიზნით მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. დუშეთში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას, საიდანაც აცნობეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი კომისიამ საკუთრებაში გადასცა მოქალაქე ქ------------------ ამ უკანასკნელს 14.08.2007 წელს საკუთრებაში შეუძენია 445 კვ.მ მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელიც მდებარეობს წმინდა ნინოს ქუჩის პარალელურად მდებარე რუსთაველის ქ. #67-ში. მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 21.07.2009 წელს გაცემული საკუთრების უფლების #174 მოწმობის საფუძველზე ქ------------------ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ. საკუთრების მოწმობა #174 და საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
4.3. 24.06.2009 წელს ქ------------------ განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების მუდმივ მოქმედ კომისიას განცხადებაში მითებული იყო იმის შესახებ, რომ ქ. დუშეთში რუსთაველის #67-ში საკუთრებაში აქვს 445 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთი და სურს მიმდებარედ 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონება ქ----------ი განცხადებით ითხოვდა 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაუკანონდეს კანონდებლობის მიხედვით. 22.05.2009 წელს სანოტარო წესით დამოწმდა მ-----–------–---–----------–------------- განცხადებაზე ამ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა დასახელებულმა პირებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქ---------- დაკავებული აქვს და წლების განმავლობაში ფლობს 98 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს საკადასტრო აზომვითი ნახაზში მითითებულ საზღვრებში მდებარე დუშეთი რუსთაველის ქ. #67.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ. 24.06.2009 წლის განცხადება ორთოფოტო 13.05.2009 წლის საკადასტრო გეგმა, 22.05.2009 წლის სანოტარო აქტი.
4.4. 19.07.2009. წლის აქტის მიხედვით, რომელიც შედგენილია კომისიის (თავმჯდომარის ი-----–----------------------–---------------------------------------–---–--------- 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ----------ის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ფართობის მომიჯნავედ რომელიც შემოღობილია და დარგულია მრავლწლიანი ხეხილის ნარგავები. აქტის მიხედვით კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქ----------ის მიერ დაკავებული 98 კვ.მ. მიწის ფართობი ჩაეთვალოს, როგორც თვითნებურად დაკავებული და მიეცეს მიწის საკუთრების უფლების აღიარების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარებით მუდმივმოქმედი კომისიის 02.07.09 წლის სხდომის #4 ოქმის მიხედვით კომისიის მიერ აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ქ----------ის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი დასტურდება. ასევე მითებულია იმის შესახებ, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ----------ის საკუთრებაში არსებული 445 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და ამის გამო შესაძლებელია მოხდეს საკუთრების უფლების აღიარება, რის შედეგად ქ----------ის მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ. 02.07.2009 წლის #4 ოქმი
4.5. 07.04.2011 წელს სანოტარო წესით დამოწმდა ლ----------–-----------–-----–-------------–---–-----------------------–-–---–-- განცხადებაზე ამ პირთა ხელმოწერების ნამდვილობა, დასახელებულ ამ პირებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქ----------------- დაკავებული არ ჰქონდა და რომ იგი წლების განმავლობაში არ ფლობდა 98 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს მისამართზე დუშეთი რუსთაველის ქ #67 მიმდებარედ ბაჩანას ქუჩა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ.07.04 2011 წლის სანოტარო აქტი.
4.6. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის განჩინებით თ-------–-----------–-ს სარჩელზე (საქმე №3/199-16) მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის და - ქ-----------------ს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის მოტივით. თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის (საქმე#3ბ/2792-17) განჩინებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2017 წლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა უკან იმავე სასამართლოს და საქმეს მიენიჭა ახალი სტატისტიკური ნომერი #3/49-18.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იხ.განჩინებები.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
6.3. სასამართლო მიუთითებს (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონსა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე“, რომელიც არეგულირებენ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავენ იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
6.5. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით) ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთი: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი;
6.6. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. ხოლო ამავე კანონის 76 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია არის ამ მუხლის ამოქმედებამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლე. 2. მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) შექმნილმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებმა ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესით შეტანილ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოება გააგრძელონ ან/და დაასრულონ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კანონის მე-51 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში. ამავე მუხლის თანახმად 2. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. 3. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები. 4. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი მიღებიდან 2 თვის ვადაში. თუ საკუთრების უფლებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია 2 თვეზე მეტი ვადა, კომისია უფლებამოსილია განცხადების განხილვის ვადა დამატებით გაზარდოს არაუმეტეს 6 თვით. 5. თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობრით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ;ბ; ქვეპუნქტის შესაბამისად კი ბ) ფიზიკური პირისათვის შეადგენს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მეტია მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე მოქმედ ნორმატიულ ფასზე, მაშინ თვითნებურად დაკავებული მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული (სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რომელიც ამჟამად ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის 04 აგვისტოს #191 ბრძანებულებით) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისიწინებით. ასევე დაინტერესებული პირის მხრიდან დადასტურებული უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი ამ კანონის ამოქმედებამდე.
ზემოთხსენებული განმარტებებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს კანონმდებლის იმპერატიული მითითება იმისთვის, რომ სახეზე არსებობდეს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, მისი დაკანონების შესაძლებლობა და სახეზე იყოს დაინტერსებული პირი, აუცილებელია კუმულატიურად ორი ფაქტორის არსებობა პირველი მიწის ნაკვეთზე, რომლის მომიჯნავედ მოხდა მიწის ნაკვეთის დაუფლება უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი ან რაიმე შენობა, მეორე დაუფლებული მიწის ნაკვეთი უნდა იყო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია შემდეგი; საკუთრების აღიარებით კომისიას განცხადებით მიმართა 2009 წლის 24 ივნისს ქ------------------ და მოითხოვა დუშეთში რუსთაველის ქ #67-ში მდებარე თავის საკუთრებაში არსებულის 445 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიმდებარედ 98 კვ.მ. მიწის ფართობის დაკანონება. მის მიერ წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია რაც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული ასევე მან წარდგინა სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადებები, სადაც მი----–------–---–--------–------------------ტურებენ, რომ ქ----------------- დაკავებული ჰქონდა 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ასევე მის მიერ წარმოდგენილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2009 წლის 09 ივლისის #138027 წერილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოთხოვნის მომენტისათვის არსებული საკადასტრო რუკის მონაცემების თანახმად წარმოდგენილ ელექტრონულ ვერსიაში აღნიშნულ 98 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის უფლება რეგისტრირებული არ იყო და არსად არ ფიქსირდებოდა, რომ 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მანამდე ფლობდა მოსარჩელის მ-----–----------–-----------–-. წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვოდა კომისიის მიერ მოთხოვილი ყველა დოკუმენტი აზომვითი ნახაზი, ორტოფოტო (აეროფოტოგადაღება) სიტუაციური ნახაზი, საკადასტრო რუკა, კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოსაკვლევად ჩატარდა ადგილზე დათვალიერება და შედგა დათვალიერების აქტი. კომისიის მიერ აღნიშნული განცხადება განხილული იქნა კომისიის სხდომაზე, სადაც გამოკვლეული იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ადმისტრაციული წარმოების მასალები და კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2009 წლის 02 ივლისის #4 ოქმით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და ქ----------------- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მე-51 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ;ბ; ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა თვითნებურად დაკავებული 98 კვ.მ. მიწის ფართობი საკადასტრო ნახაზში მითითებულ საზღვრებში და თანხის გადახდის შემდეგ გაიცა მასზე საკუთრების მოწმობა #174/21.07.2009.
მოწმის ე---------------–-–---–-ს ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ის დაბადებიდან იცნობს თ------–-----------–- და არის მისი მეზობელი სადაო ნაკვეთს, რომელიც დღეს იმყოფება ქ-----------------ს საკუთრებაში ამუშავებდა წლების მანძილზე თ------–-----------–-- მ-----–----------–-----------–-, სადაც დარგული ჰქონდა მას ხეხილი, ხოლო ქ----------------- სადაო ნაკვეთზე არაფერი არა გაუკეთებია. (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმის შ-----------–--–---–-- ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ზუსტად წელი არ ახსოვს მან დუშეთში მდებარე სახლი რუსთაველის ქუჩა #63-ში, რომელიც მას ერგო ბებიისაგან მიყიდა ქ----------------- 445 კვ,მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო მისი მომიჯნავედ მყოფ მიწის ნაკვეთს, რომელიც არის სადაო ის არასოდეს მას არ ფლობდა და არ ამუშავებდა და მას ამუშავებდა და უვლიდა თ------–-----------–------------------–----------–-----------–- დაახლოებით მოყოლებული 90-იანი წლებიდან. ქ----------------- მან თანხის მთლიანად გადახდის შემდგომ გადაუფორმა სახლი, მანამდე მას მისგან წინასწარ არავითარი სხვა თანხა არ აუღია. მანვე განმარტა, რომ სადაო ნაკვეთი გაყოფილი იყო ბეტონის კედელით და მაღლა ედგა რკინის ;სეტკა; (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმის გ---------------- ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ის იყო იმ დროისთვის კომისიის ერთ - ერთ წევრი და სხვა კომისიის წევრებთან ერთად მოახდინეს ადგილის დათვალიერება აღიარებით კომისიაში წარდგენილი განაცხადის თანახმად და 2009 წლის 19 ივლისს შეადგინეს აქტი, რაზეც მოაწერა ხელი სხვა წევრებთან ერთად. მანვე განმარტა, რომ ნაკვეთის დათვალიერების დროს იყო ნარგავები დარგული და აქტის შედგენის დროს არავის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. (იხ. 2018 წლის 13 ნოემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სათანადო წესით არ იქნა გამოკვლეული ის გარემოება, რომ ქ-----------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტები იძლეოდა თუ არა მიწის ნაკვეთის ფლობის დადასტურების საკმარის საფუძველს. არსებობდა თუა არა მოცემულ დავაში დაინტერესებული პირი, გამომდინარე იქიდან, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელი პირობაა, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე ფიზიკურ ან კერძო სამართლის პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს არ გააჩნდეს მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და ამასთან, მოთხოვნის მომენტისთვის არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ განკარგული. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო წესით არ იქნა ასევე გამოკვლეული ის გარემოება, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი მიღებულია 11.07.2007 წელს, ხოლო ამოქმედდა 27.07.2007 წელს ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ” პუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიწის დაკავება, მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ ქ------------------ რუსთაველის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 445 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად შეიძინა 14.08.2007 წელს, მაშინ როდესაც ზემოთაღნიშნული კანონი უკვე ძალაში იყო შესული. შესაბამისად 2017 წლის 27 ივლისამდე ქ----------------- თვითნებურად ვერანარირად ვერ დაეუფლებოდა 98 კვ.მ.მიწის ნაკვეთს ვინაიდან ასეთს ადგილი არ ჰქონია კანონის ამოქმედებამდე. რადგან ქ------------------ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად 445 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით შეიძინა 14.08.2007 წელს, ხოლო თვითნებურად 98 კვ მ. მიწის ნაკვეთს ყველა შემთხვევაში დაიკავებდა 14.08.2007 წლის შემდეგ და არა კანონის ამოქმედებამდე 2007 წლის 27 ივლისამდე.
სასამართლოს ასევე ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის (საქმე#3ბ/2792-17) განჩინების სამოტივაციო ნაწილზე, სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი; ;სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. პალატა მიუთითებს, რომ კანონიერი ინტერესის არსებობის და შესაბამისად სარჩელის დასაშვებობის საკითხის სწორად გადაწყვეტას მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ, სასამართლოს უფლების დაცვის, ხოლო მეორეს მხრივ, ე.წ. „პოპულარული“ სარჩელის აღძვრის დაუშვებლობის, ასეთი სარჩელის დაშვებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შელახვის თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გარკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი, რომლის მიზანია, პირის პროცესუალური უფლებაუნარიანობის გარკვევა. მოსარჩელის ინტერესის არსებობის დადგენისათვის არ კმარა ინტერესის შესახებ მოსარჩელის განცხადება, მოსარჩელე უნდა ასაბუთებდეს თავის კანონიერ ინტერესს. ამასთანავე, 19.07.2009. წლის აქტის მიხედვით, რომელიც შედგენილია კომისიის (თავმჯდომარის ი-----–----------------------–---------------------------------------–---–--------- 98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ----------ის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ფართობის მომიჯნავედ, რომელიც შემოღობილია და დარგულია მრავლწლიანი ხეხილის ნარგავები. აქტის მიხედვით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქ----------ის მიერ დაკავებული 98 კვ.მ. მიწის ფართობი ჩაეთვალოს, როგორც თვითნებურად დაკავებული და მიეცეს მიწის საკუთრების უფლების აღიარების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარებით მუდმივმოქმედი კომისიის 02.07.09 წლის სხდომის #4 ოქმის მიხედვით კომისიის მიერ აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ქ----------ის მიერ მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, ქ----------------- გაუუქმდება ამ აქტის მეშვეობით ნივთზე მოპოვებული საკუთრების უფლება ისე, რომ სადავო უძრავი ნივთი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას ანუ აღდგება ის მდგომარეობა, რომელიც იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე. კერძო საჩივრის ავტორი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა და სურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება, რათა შეძლოს მომავალში ფართით სარგებლობა, სარგებლობის კანონიერი საფუძვლის მომავალში შექმნით, სახელმწიფოსგან უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღება, ნივთის სამართლებრივი გზებით იურიდიულად დასაკუთრება. შესაბამისად, დავის საგანს შეადგენს არა თ------–-----------–-- მიერ სადავო ფართით სარგებლობა და მის სახელზე ფართის პრივატიზება, არამედ ქ-----------------ს სახელზე ფართის პრივატიზების აქტის კანონიერება. ამდენად, ის გარემოება, რომ არ დასტურება თ------–-----------–-- მიერ ფართის პრივატიზების საკმარისი სამართლებრივი პირობების არსებობა (მიწის ნაკვეთზე არა მდებარეობს შენობა-ნაგებობა და არ წარმოადგენ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს) თავისთავად არ გამორიცხავს მოცემული დავის საგნის მიმართ მოსარჩელის ინტერესის არსებობას. ამასთანავე, მართალია იურიდიული (პროცესუალური) ინტერესის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება, იურიდიული ინტერესი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, უკეთუ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი (სასამართლო დაცვის საგანი), უკანასკნელის გარეშე პროცესუალურ უფლებას არ ექნებოდა რაიმე ღირებულება. ამასთანავე, ხსენებული არ ნიშნავს იმას, რომ მატერიალური უფლების არარსებობის შემთხვევაში სუბიექტის პროცესუალურ უფლებას არ გააჩნია რაიმე ღირებულება. პროცესუალური უფლების არსი მატერიალური უფლების გამოვლენაში მდგომარეობს. ამ მიზანს ემსახურება მთელი მტკიცებითი საქმიანობა, აგრეთვე სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმების განმარტება. ამდენად, პროცესუალურ ინტერესს და უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს იმისდამიუხედავად, აქვს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას კანონისმიერი საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტით მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ დგინდება, რომ რაიმე ზიანს ადგება მოსარჩელეს. რადგან დღეის მდგომარეობით სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხე ქ-----------------ს საკუთრებას, შესაბამისად მოსარჩელე ვერც მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციამდე და ვერც ამის შემდეგ გახდებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირი ან რაიმე კანონიერი უფლების მქონე პირი, რადგან შეუძლებელია, მისცემოდა ან მიეცეს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის უფლება. პალატა აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების შეწყვეტის საფუძველს არ ქმნიდა ის გარემოება, რომ თ------–-----------–- არ გააჩნია სადავო ფართზე უფლება. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებს საფუძვლად უდევთ არა ფართზე უფლება, არამედ ინტერესი. კანონმდებლობა ითვალისწინებს არა მხოლოდ უფლების, არამედ პირის ისეთი ინტერესის დაცვის შესაძლებლობას, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უფლებით. უფლება და კანონიერი ინტერესი სამართლებრივი რეგულირების სხვადასხვა საშუალებაა. ადმინისტრაციულ სფეროში ინტერესის განვითარების ძირითადი ვექტორი უკავშირდება კანონიერი ინტერესის საკანონმდებლო აღიარებას, კანონიერ ინტერესთა ნაწილის შემდგომში უფლების ხარისხში აყვანით. ინტერესების ნაირსახეობების, მუდმივი ახალი მოთხოვნილებების და მათი შესაბამისი ინტერესების მუდმივი წარმოქმნის გამო სამართალს არ ძალუძს უკლებრივ ყველა ინტერესის გათვალისწინება. კანონმდებლობაში აისახება ისეთი უფლებები, რომლებიც მიმართული არიან ძირითადი, საზოგადოების ყველა წევრისათვის საერთო, გარკვეული ჯგუფებისათვის ტიპიური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ პერიოდულად წარმოიშობა სამართლის ნორმებით მოუწესრიგებელი სოციალურად მნიშვნელოვანი ინტერესები, რომელთა დაცვის უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი არ არის აღჭურვილი შესაბამისი უფლებით. ისეთი პატივსადები ინტერესის წარმოშობის შემთხვევაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი უფლებით, კანონი ითვალისწინებს მათ სამართლებრივ დაცვას. სასამართლოს ასეთ შემთხვევაში უწევს საქმის გადაწყვეტა კანონმდებლობის საერთო საწყისებზე, პრინციპებზე დაყრდნობით, ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს სასამართლოს მიერ ინტერესის დაცვას. პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ინტერესი არ ნიშნავს იმთავითვე მოთხოვნის კანონიერებას, სასამართლოს მიერ სარჩელის უცილობლად დაკმაყოფილებას, აღნიშნული დავის არსებითი განხილვის შედეგად გამოსარკვევ საკითხთა რიგს განეკუთვნება, სარჩელის დასაშვებობის ეტაპზე ინტერესის არსებობა, როგორც სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა, გულისხმობს დავისადმი მოსარჩელის ინდივიდუალური, პერსონალური ინტერესის, როგორც ასეთის არსებობას. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, მატერიალური კანონიერება დგინდება პროცესის არსებითი განხილვის შედეგად, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო მატერიალური საფუძვლების არარსებობა, არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არა ინტერესის არარსებობის გამო სარჩელის დაუშვებლად ცნობისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 20.02.14წ. #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში ფართის გადაცემას საკუთრებაში, განსახილველ შემთხვევაში თ------–-----------–- არ ითხოვს ფართის საკუთრებაში გადაცემას, დავის საგანი ეხება სხვა პირისათვის - ქ-----------------სათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას, მოსარჩელის მიერ ფართით წლების განმავლობაში სარგებლობა თავისთავად ადასტურებს ფართის განკარგვის კანონიერების დასმის საკითხისადმი მის ინტერესს, შესაბამისად საქართველოს მთავრობის 20.02.14წ. #189 დადგენილებით დამტკიცებული წესით ფართის საკუთრებაში მიღების უფლების არარსებობა არ ადასტურებს დავის მიმართ ინტერესის არარსებობას. პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი. დაინტერესებული მხარის ცნების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ იგი უკავშირდება პირის უფლებას მიიღოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და გამოვიდეს მხარედ სასამართლოში სამართლებრივი დავის განხილვისას. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. ასეთი უფლების არსებობა, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხი სასამართლოს მიერ წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შეეხება სარჩელის დასაშვებობას, სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის საკმარისია ინტერესის, როგორც ასეთის არსებობა, ინტერესის არსებობის ვარაუდი საკმარისია სარჩელის დასაშვებობის გადასაწყვეტად. მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიმართ მნიშვნელოვანი იურიდიული ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. კანონიერ ინტერესში იგულისხმება, რომ დავა უნდა იყოს სამართლებრივი, დავაში ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური, პატივსადები, მნიშვნელოვანი. კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს იმას, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას კეთილსინდისიერად იყენებს, დაუშვებელია ამ უფლების ბოროტად გამოყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად ან მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ეს მხარის ზნეობრივი ვალდებულებაცაა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენებას. სარჩელი განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისას საგანს წარმოადგენს სამართლებრივი და არა რომელიმე სხვა (ვთქვათ თეორიული) დავა. დავა სამართლებრივია უკეთუ სასამართლოს წინაშე ისმება საკითხი უფლების ან კანონიერი ინტერესის არსებობის შესახებ. რაც შეეხება ასეთი უფლების არსებობის, ინტერესის კანონით დაცულობის საკითხს, სასამართლოს მიერ იგი წყდება საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას. მოსაზრება სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივის არარსებობის შესახებ არ ქმნის სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით საქმე არსებითი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის (საქმე#3ბ/2792-17) განჩინება)
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებს ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ლ” ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
6.10. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის და განხილვის გარეშე დატოვა.
6.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში უნდა აღნიშნულიყო შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების, იგნორირება წარმოადგენდა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა სწორად შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარო სამართალურთიერთობა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის № ბს-301-292 (2კ-13) განჩინება).
გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო, უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში, ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. მას უნდა შეეძლოს, იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ამასთან, სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის № ბს-201-199 (კ-14) განჩინება). სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
6.12. სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე.
სასამართლო თვლის, რომ იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება და ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისთვის, რომ, თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ წარდგენილი პირველადი დოკუმენტაციის სრულყოფილი გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
6.13. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 02.07.2009 წლის #4 სხდომის ოქმი ქ-----------------ს მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 21.07.2009 წლის #174 საკუთრების უფლების მოწმობა და მოპასუხეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია ბაჟი 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ თანაბარწილად მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, რითაც ყადაღა დაედო მოპასუხის ქ-----------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ.დუშეთი რუსთაველის ქუჩა #67-ის მიმდებარედ ბაჩანას ქუჩა ს/კ 71.51.02.086 გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, მე-13, 22-ე 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 257-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ-------–-----------–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 02.07.2009 წლის #4 სხდომის ოქმი ქ-----------------ს მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში და ბათილად იქნეს ცნობილი 21.07.2009 წლის #174 საკუთრების უფლების მოწმობა და მოპასუხეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3. მოპასუხეებს - ქ----------------- და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას მოსარჩელე - თ-------–-----------–-ს სასარგებლოდ დაეკისროთ თანაბარწილად 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
მოსამართლე Mკობა გოცირიძე