გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2018
საქმის ნომერი
190210018002558648
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2185-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "პ------–-------------------------ო"

წარმომადგენლები თეონა კავთელაძე

მოპასუხე ზ------ ც---–---ე

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ზ------ ც---–---ისათვის 1390 ლარის დაკისრება;

(16.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 1 ოქტომბერს შპს „ტვინოსთან (ყოფილი ნეთკრედიტი)“ ზ------ ც---–---ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება N0000977375, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1000 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, სესხის დღიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 11%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოა გადასახდელი სესხის დავალიანების 1%. სესხის ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ტვინოს ვებგვერდზე.

 

მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხე იხდიდა გადავადების საკომისიოს. მოპასუხის მიერ გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 1000 ლარი, პროცენტი 90 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო დარიცხულია 2123.20 ლარი. პირგასამტეხლოს მოთხოვნა შემცირებულია და მოთხოვნილია 300 ლარის დაკისრება.

2016 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს ტვინომ ზ------ ც---–---ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს პ------–-------------------------ოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი აქვს გადავადების საკომისიო 795.42 ლარი, რაც არ არის გათვალისწინებული დავალიანების დაანგარიშების დროს და სესხის დალიანებას ეს თანხა არ მოკლებია. ასევე მაღალია პირგასამტეხლო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 1 ოქტომბერს შპს „ტვინოსთან (ყოფილი ნეთკრედიტი)“ ზ------ ც---–---ემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება N0000977375, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1000 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, სესხის დღიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 11%-ს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის. ყოველდღიურად გადასახდელი პირგასმატეხლოა გადასახდელი სესხის დავალიანების 1%. სესხის ხელშეკრულების პირობები განთავსებულია შპს ტვინოს ვებგვერდზე. .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

– სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-26. ტომი 1)

– სარჩელი და შესაგებელი (ს.ფ.2-6, 45-49. ტომი 1 )

 

3.1.2. ზ------ ც---–---ემ სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სესხის დასაფარად თანხა არ გადაუხდია. მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ნაწილი 43 ლარი, იგი ასევე იხდიდა გადავადების საკომისიოს (ამონაწერში მითითებულია დანიშნულება LOAN EXTANTION) და ამ მიზნით გადაიხადა 752.42 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილია

2016 წლის 31 ოქტომბერს 150.5 ლარი (გადავადების საკომისიო).

2016 წლის 15 ნოემბერს 150.48 ლარი (გადავადების საკომისიო).

2017 წლის 1 დეკემბერს 150.48 ლარი (გადავადების საკომისიო).

2017 წლის 13 დეკემბერს 150.48 ლარი (გადავადების საკომისიო).

2017 წლის 9 დეკემბერს 150.48 ლარი (გადავადების საკომისიო).

2017 წლის 10 იანვარს 43 ლარი (სესხის დაფარვა)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 67-70. ტომი 1 )

- მხარეთა განმარტებები 16.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.3. 2016 წლის 28 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს ტვინომ ზ------ ც---–---ის მიმართ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს პ------–-------------------------ოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

– მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 28. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გადავადების და სესხის გადახდის დანიშნულებით გადახდილი თანხით უნდა შემცირდეს ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანება და უნდა შემცირდეს მოთხოვნილი არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 325-ე, 347-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

– „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი დღეში 0,5%-ის ოდენობით. სესხად გაცემულია 1000 ლარი 30 დღის ვადით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლის პროცენტის გათვალისწინებით სარგებელია 90 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მსესხებელს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის დაცვით სესხად მიღებული თანხა და დარიცხული სარგებელი.

 

მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების დანიშნულებით თანხა გადახდილია ერთხელ 017 წლის 10 იანვარს 43 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია სესხის ძირითადი თანხის დავალიანება 1000 ლარი და პროცენტი 90 ლარი. ამდენად, სესხის დანიშნულებით გადახდილი თანხებით კრედიტორის მიერ შემცირებულია ზ------ ც---–---ის სარგებლის დავალიანება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეებს შორის დაიდო სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება, მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაებრუნებინა სესხად მიღებულ თანხასთან ერთად სარგებელი. სარგებელი შეადგენს სესხის თანხის 1%-, აც არის 110 ლარი, ხოლო მოთოვნილია 90 ლარი. ამდენად, სარგებელსი დავალიანება შემცირებულია 20 ლარით,სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების მიზნით და სესხის გადავადების დანიშნულებით გადახდილი საკომისიოს ოდენობით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანება შემდეგი საფუძვლების გამო:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფინანსური ინსტიტუტის ე.წ არასაოპერაციო შემოსავლის ერთერთი სახეა მომსახურების საკომისიო, რომელსაც საფინანსო ორგანიზაციის სასარგებლოდ მომხმარებელი იხდის გაწეული მომსახურებისათვის. თავისი არსით საკომისიო არის გამსესხებლის მიერ სესხის დამტკიცებისა და გაცემისთვის, ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული სხვა მომსახურებისათვის გამოყენებული რესურსის საფასური.

 

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის N2/04 ბრძანების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში ფინანსური ხარჯი განმარტებულია, როგორც ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნებისა და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში.

 

ამ ბრძანების მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ამ ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთი ხარჯია მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს ბრძანება მიღებულია სადაო სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ, თუმცა მას სასამართლო მოიხმობს საკომისიოს ეკონომიკური არსის განმარტებისათვის.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, 1. მიკროსესხის გაცემის თაობაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სესხი შეიძლება იყოს ჯგუფური ან ინდივიდუალური, უზრუნველყოფილი ან საბლანკო. მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. 3. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ დავაში არსებობს ამ ნორმის გამოყენების საფუძველი. დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ, რომელმაც პირობები უნდა განსაზღვროს სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, მიკროსესხის გაცემის წესებს და პირობებს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელს ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამდენად, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებებს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების სახით. შესაბამისად, მიკროსესხის სამართლებრივ ურთიერთობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს სასესხო ურთიერთობის პირობებს, ხოლო მეორე მხარეს ამ პირობების შემუშავების ან შეცვლის შესაძლებლობა არა აქვს.

 

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ გამონაკლის და იშვიათ შემთხვევაში ითვალისწინებს სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 325-ე და 420-ე (პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა) მუხლებით. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017)

 

მოპასუხეს გადახდილი აქვს 752.42 ლარი სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის. ამ დანიშნულებით მსესხებელი თანხას იხდიდა 2016 წლის 31 ოქტომბრიდან 2017 წლის 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში – 2 თვეზე მეტი დროის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე მოპასუხე საკომისიოს იხდიდა თვეში რამდენჯერმე, ყოველ ჯერზე 150.48 ლარის ოდენობით. გადავადების საკომისიოს სახით გადახდილი თანხა არის სესხის ძირითადი თანხის თითქმის მესამე ნაწილი.

 

მოვალემ თანხის ნაწილი 43 ლარი შპს „ტვინოს“ გადაუხადა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 200-ე მუხლის მიხედვით, ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვის თავდაპირველი მფლობელის წინაშე. ამდენად, 2017 წლის 10 იანვარს 43 ლარის გადახდით მოვალემ შეასრულა ვალდებულების ნაწილი თავდაპირველი კრედიტორის წინაშე, რადგან მისთვის ცნობილი არ იყო მოთხოვნის დათმობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად დებულება, რომელიც შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება (გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება).

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ სესხის დროულად დაუბრუნებლობა თავისთავად გამსესხებლისათვის ზიანის მომტანი გარემოებაა, გამსესხებელს ფინანსური დანაკარგის წინაშე აყენებს. მაგრამ გამსესხებლის ამ ინტერესის დაცვას ემსახურება პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და რომელიც ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც მოიცავს. მსესხებელს პირგასამტეხლოსთან ერთად აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც (სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელებისათვის ჯამურად სესხის 70%-ზე მეტი ოდენობით მომსახურების საფასურის გადახდევინება სასამართლოს არასამართლიანად მიაჩნია, რადგან ხელშეკრულებიდან და საქმის გარემოებებიდან არ ირკვევა რა სახის ფინანსურ რესურსი დახარჯა სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისათვის მოსარჩელემ, რაც უნდა ანაზღაურდეს ასეთი ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

სასესხო ურთიერთობაში საკომისიო არის თანხა, რომლის მიზანია ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებლის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების საფასურის ანაზღაურება, რის გამოც სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე ასეთი ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრულობის პრინციპის საფუძველზე იმ ფიზიკურ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლებიც სესხის იღებენ არასამეწარმეო მიზნებისათვის. ამ ნორმის საფუძველზე სადაო შემთხვევაში გადახდილი გადავადების საკომისიოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რადგან დაუსაბუთებელია სესხის თანხის თითქმის მესამედი ნაწილი რა მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისათვის იყო საჭირო.

 

აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სესხის გადავადებისათვის და სესხის დანიშნულებით გადახდილი 752.42 ლარით უნდა შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანება (1090 ლარი) და იგი უნდა განისაზღვროს 294.58 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის დაბრუნების დანიშნულებით გადახდილი 43 ლარის პირგასამტეხლოს გადახდევინებისათვის მიმართვა უსაფუძვლოა. ეს თანხა მოვალემ გადაიხადა 2017 წლის 10 იანვარს, ხოლო მანამდე გადავადების საკომისიოს გადახდის შემდეგ მხარეთა შეთანხმებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობებში არ არის მითითებული გადავადების საკომისიოს ოდენობა და გადავადების პერიოდი. ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიხედვით, მსესხებელს უფლებს აქვს გამსესხებელს შესთავაზოს სესხის გადავადება გამსესხებლის მიერ სესხის გადავადებისათვის დადგენილი პირობების დაცვით. გამსესხებელს უფლება აქვს მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება, სესხის გადავადება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით. სესხის გადავადებისათვის მსესხებელი გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით იხდის სესხის გადავადების საფასურს, რომლის ოდენობა და დაანგარიშების წესი მოცემულია გამსესხებლის ვერ-გვერდზე. საფასურის გადახდის შემდეგ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება დასაბრუნებელი სესხის ნაწილობრივ გადახდად (ვალის შემცირება).

 

ვალდებულების შესრულების გადავადებით მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, რადგან ხელშეკრულების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელებუია. შესაბამისად, გადავადებაზე მხარეთა შეთანხმების შემდეგ გადავადებით განსაზღვრულ პერიოდში მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება და მისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

მოპასუხის მიერ სესხის გადავადების მიზნით თანხის გადახდის შემდეგ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა, საბოლოოდ სესხის გადავადებაზე შეთანხმება შედგა 2016 წლის 26 დეკემბერს, რის შედეგად სესხის დაბრუნების ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ და მოვალემ გადაიხადა 43 ლარი. ამის შემდეგ მოპასუხეს სესხის დასაბრუნებლად თანხა არ გადაუხდია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.

 

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, თუმცა სახელშეკრულებო თავისუფლება ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმების საგანი, მათ მიერ შეთანხმებული ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ ამავდროულად 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლო გონივრული ოდენობის უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პირგასმატეხლოს ოდენობა სასამართლო შეფასების საგანი გახდეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხელო არაგონივრულად მაღალია სესხის დავალიანების ოდენობასთან შეუსაბამოდ თანაფარდობის გამო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით პირგასამტეხლო გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობისათვის.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

სესხის დაბრუნების ვალდებულება მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის იანვრიდან. პირგასამტეხლო დარიცხულია 2018 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. ვალდებულების დარღვევის შემდეგ იგი ასევე იძენს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქციასაც. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება. პირგასამტეხლო არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომ დაამძიმოს და გაართულოს ვალდებულების შესრულება.

 

პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მსესხებელმა სესხის ხელშეკრულების შესრულების საკითხში გამოავლინა გულისხმიერება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გასწია მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი სესხის გადავადებისათვის, საერთო ჯამში გადაიხადა სესხის ძირითადი თანხის თითქმის მესამედი ნაწილი სესხი აღებიდან 3 თვის პერიოდში. ამასთან, სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, სესხი არ დაუბრუნებია 1 წელი და 8 თვეა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ზეურაბ ც---–---ეს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 294.58 ლარის და პირგასამტეხლოს 200 ლარის გადახდა, საერთო ჯამში 495.58 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 35%, სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 35% შეადგენს 17.5 ლარს, რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელეს უდნა აუნაზღაურდეს მოპასუხისათვის დაკისრებულია თანხის 4% არის 19.82 ლარი, რასაც აღემატება მოსარჩელის მიერ იურიდიული დამხარებისათვის გაწეულ ხარჯს 100 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ეს ხარჯი უნდა აუნაზღაურდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯები 19.82 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 251-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ პრობლემური აქტივების ბიუროს“ სარჩელი;

1.1. ზ------ ც---–---ეს დაეკისროს შპს "პ------–-------------------------ოსათვის" 495.58 ლარის გადახდა.

1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 894,42 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. ზ------ ც---–---ეს დაეკისროს შპს "პ------–-------------------------ოსათვის" სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 17.5 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 19.82 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი