გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ზ------------------ა
წარმომადგენელი - კ-------------ე
მოპასუხე - გ-------------
წარმომადგენელი - მ-----------–----–---–ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-------------ს მოსარჩელის ზ------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის 617,21 ლარის, ხოლო მორალური ზიანის - 10000 ლარის ანაზღაურება;
მოსარჩელე, თავის ორ შვილთან ერთად, ქირით ცხოვრობდა ბ------------–--ისგან ნაქირავებ ბინაში. 2013 წლის 13 ნოემბერს მასთან მივიდა ბ------------–--ე შვილთან გ-------------სთან ერთად და მოითხოვა ქირის დავალიანება. საუბრის დროს მოპასუხემ მას და მის შვილს, ს----------ეს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ფაქტის აღსაკვეთად გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოსარჩელეს დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, რის გამოც დასჭირდა მკურნალობის ჩატარება. ცემის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იგი ცნეს დაზარალებულად. მოპასუხის მხრიდან მიყენებული მორალური ტრავმა მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოუთითა, რომ არც მოსარჩელისთვის და არც მისი შვილისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პირიქით, მოსარჩელემ და მისმა შვილმა მიაყენეს შეურაცხყოფა გ-------------ს: მას და მის დედას, ბ------------–--ეს მიუსიეს ძაღლი, იატაკზე წააქციეს და გადაუარეს. ცემის შედეგად მოპასუხემ მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. გარდა ამისა, მოსარჩელის დაზარალებულად ცნობა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავდა იმას, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად დაზიანება მიაყენა.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მკურნალობის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ------------- არის ბ------------–--ის შვილი. ს----------ე და ნ-----------ე არიან მოსარჩელე ზ------------------ას შვილები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ბ------------–--ესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ზ------------------ა 2013 წელს ქირით ცხოვრობდა თბილისში, ჩ------–---–----------–-, სადაც ნოემბრის თვეში, ქირის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მივიდა ბ------------–--ე, შვილთან, გ-------------სთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დახმარებით, 2013 წლის 13 ნოემბერს ზ------------------ა მოთავსდა სტაციონარში, დიაგნოზით, თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ხოლო 2013 წლის 15 ნოემბრიდან 2017 წლის 27 იანვრის პერიოდში ზ------------------ას გაეწია სამედიცინო მომსახურება, დიაგნოზით თავის ტვინის შერყევა, ნევროტულობა, კისრის ტკივილი, ხერხემლის ოსტეოქონდროზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი;
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
- პაციენტის სამედიცინო ბარათი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ 2013 წლის 13 ნოემბერს მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რითაც მან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც არიან მისი შვილები.
მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც ამს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით და არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში, რა დროსაც მოწმეს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები: მოწმედ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შესწევს უნარი, სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება და რომელიც არ არის იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით. აქ მხედველობაშია ისეთი ინტერესი, რომელიც გააჩნია მოსარჩელეს და მოპასუხეს, რომელთათვისაც საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეუძლია გარკვეული სარგებლის მოტანა.
როგორც აღინიშნა, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეული იყო მოპასუხის ქმედებით, მოსარჩელე ეყრდნობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებს, რომლებიც მისი შვილები არიან. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ დავაში იმ მოწმეთა ჩვენება, რომლებიც მხარის ახლო ნათესავები არიან, არ უნდა იქნეს გაზიარებული და შესაბამისად არ უნდა მიენიჭოს მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ვინაიდან სასამართლოს არ ექმნება იმის შინაგანი რწმენა, რომ მოწმეები ვერ იქნებიან იურიდიულად დაინტერესებული საქმის შედეგით.
სხვა მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ზიანი მოპასუხის ქმედებით არის გამოწვეული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 413-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტურ ვალდებულებით ურთიერთობას ეფუძნება და მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - 413-ე მუხლზე.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეული დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ საფუძველს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს, ამ ვალდებულებიდან მომდინარე პასუხისმგებლობა მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში. ნორმის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შემდეგი ელემენტების ერთობლივი არსებობა: პირის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედება; ზიანი; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
აღნიშნული ნორმის თანახმად, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის ბრალეული ქმედება, დამდგარ შედეგს შორის (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება არ არის გამოწვეული მოპასუხის ქმედებით), უარი უნდა ეთქვას როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხე შუამდგომლობს ზ------------------ას სარჩელთან დაკავშირებით ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელისთვის დაკისრებას, 500 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობის - 212,34 ლარის მოპასუხის სასარგებლოს ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. ზ------------------ას გ-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 212.34 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე