გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1093-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი, ბეჟან ნემსაძე
მოსარჩელე - ზვ---------------ე
წარმომადგენელი - რ------------------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ---------------–-----ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 ინავრის M---------------- გადაწყვეტილება ზვ---------------ის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი შპს,,თბ--–---------------–---------------ის“ მიერ, 2010 წელს ზვ---------------ის სახელზე გაცემული, ბაკალავრის EUT №0---- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელის სახელზე შპს,,თბ--–---------------–--------------ი“-ს მიერ 2010 წელს გაიცა N0---- დიპლომი და მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
– დიპლომი N0---- (ს.ფ.19)
3.2 ზვ---------------ემ 2018 წლის 15 დეკემბერს სსიპ-განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს მიმართა N1549908 განცხადებით შპს ,,თბ--–---------------–---------------ი“-ს მიერ 2010 წელს გაცემული ბაკალავრის N0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განცხადება N1549908 (ს.ფ 49-50)
3.3 მოსარჩელეს 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილებით სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ ზვ---------------ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგარძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ასევე სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი აღნიშნავს, რომ შპს ,,თბი-–--------------–---------------ი“ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან არ ახორციელებდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას. შესაბამისად არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ შპს ,,თბ--–---------------–------------------ს“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შეასხებ MES 6---------- (ს.ფ.15-18)
3.4 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის გარკვევის მიზნით 2017 წლის 19 დეკემბერს MES 7 17 0155629 წერილით მიმართა პროფესორ ვახტანგ დათაშვილს, დანართის სახით წარუდგინა შპს ,,თბ--–---------------–------------------ს“ მიერ ზვ-----------------ს სახელზე გაცემული დიპლომის ასლი. სთხოვა, რომ კორესპონდენციის მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, დაედასტურებინა აღნიშნული დიპლომის ნამდვილობა (გაცემის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეთითებინა ინფორმაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში - ზვ---------------ის სწავლის (საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან მისი დასრულების ჩათვლით) პერიოდისა და გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვა MES 7 17 0155629 და თანდართული დოკუმენტები(ს.ფ 58-60)
3.5 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 13 მარტს MES 9 18 00281163 წერილით მიმართა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ინფორმაცია, ზვ---------------ის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლისა და მიღებული შედეგების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო
- 2018 წლის 13 მარტის სამსახურეობრივი ბარათი MES 0 18 00279743 (ს.ფ. 69)
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის 13 მარტს MES 9 18 00281163 წერილი (ს.ფ.70)
3.6 2018 წლის 16 მარტს MES 9 18 00296077 წერილით სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აცნობა, რომ ზვ---------------ემ 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგარძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის 2018 წლის 16 მარტს MES 9 18 00296077 წერილი (ს.ფ. 71)
3.7 სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ზვ---------------ის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება, ასევე მის შესახებ მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ არსებულ მონაცემებში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 19 დეკემბრის სამსახურეობრივი ბარათი MES 3 17 01556216 (ს.ფ. 62-63)
- 2018 წლის 05 იანვრის სამსახურეობრივი ბარათი MES 1 18 00006809 (ს.ფ. 67-68)
- 2017 წლის 16 მარტის სამსახურეობრივი ბარათი MES 4 18 00299114 (ს.ფ. 72-73)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზვ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის (სადავო აქტის მიღების პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), მე-5 მუხლის თანახმად კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
2005 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი დამატებით ამოწმებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის ფაქტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებით გადამოწმებად სხვა ინფორმაციას. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა.
ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.
6.3. 2018 წლის 22 იანვარს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ზვ---------------ეს უარი უთხრა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ მოტივით, რომ ცენტრში დაცული ინფორმაციის მიხედვით ზვ---------------ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგარძელების უფლება არც ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და არც უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე. შესაბამისად, მისი სწავლის პერიოდი, მის მიერ მიღებული განათლება და მის სახელზე 2010 წელს გაცემული ბაკალავრის N0---- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, ნამდვილობის დადასტურების წესის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის და მე-8 პუნქტის საფუძველზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა მოსარჩელეს მის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეორე მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ”ღ2” ქვეპუნქტის თანახმად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. აღნიშნული მუხლის ”თ” პუნქტის თანახმად, აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის (შპს,,თბ--–---------------–----------------ში“ მოსარჩელის ჩარიცხვის დროს მოქმედი რედაქცია) 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით Ã სახელმწიფო ახორციელებს აკრედიტაციას. სახელმწიფო ცნობს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ დიპლომს.
მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის შესახებ ფორმდება საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის ხელმძღვანელის ინდივიდუალური აქტით-ბრძანებით, რომელიც რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრშუ და ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მითითებული კანონის (იმავე პერიოდში მოქმედი რედაქცია) 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ იმ აკადემიურ ხარისხებსა და დიპლომებს, რომლის შესაბამის საგამანათლებლო პროგრამასაც მიღებული აქვს სახელმწიფო პროგრამული აკრედიტაცია.
სასამართლო მიუთითებს, ასევე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც დადგინდა, რომ „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად უნდა ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. ამავე მუხლის 11 პუნქტით კი განისაზღვრა, რომ ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
სასამართლო ასევე მიუთითებს ”განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.
საქმის მასალებით დადგენილია, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 03 სექტემბერს შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო ეკონომიკურ ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/1995 ლიცენზია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 04 თებერვლის N2-19/206 გადაწყვეტილებით, საქართვ--–-------------–---------------------–---–------–-------------------–------–----------------------------------------ტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის N256 ბრძანებით, შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში,კერძოდ შპს საქ--------–--------------------–---–------–-------------------–------–----------------------------------------ტს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,თბ--–---------------–------------------“. შპს ,,თბი-–--------------–---------------ი“ 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან არ ახორციელებდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამას. შესაბამისად არ არსებობს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ შპს ,,თბ--–---------------–------------------ს“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
სსიპ -შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გადამოწმდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაცემთა ბაზები, რომლის შედეგად ზვ---------------ე არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შორის.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ჩარიცხვის წესზე, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, რომ მოსარჩელე შპს,,თბ--–---------------–----------------ში“ ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე. „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის -2005 სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო აკრედიტირებული პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ ერთიან ეროვნულ გამოცდებგავლილ აბიტურიენს მიღებული ქულების კოეფიციენტებით რანჟირების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ის 2005 წელს ჩაირიცხა შპს ,,თბ--–---------------–------------------ს“ სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე.
სასამართლომ იმსჯელა ბაკალავრის N0----- დიპლომის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სახელმწიფოს, საზოგადოების და სხვა პირთა კანონიერი უფლებისა და ინტერესების დარღვევად შეიძლება შეფასდეს ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დადგენილი წესის მიუხედავად, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხა საგანმანათლებლო პროგრამაზე. საგანმანათლებლო საქმიანობის რეგულირებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტის სტატუსის მოპოვებისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებას, მესამე პირებს გააჩნიათ მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირებისათვის, ასევე აკრედიტაციის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობს სახელმწიფო და მსგავს დიპლომს არ უკავშირებს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლებიც გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტიდან - დიპლომიდან.
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად მოსარჩელის სახელზე გაცემულია დიპლომი და მას მინიჭებული აქვს კვალიფიკაცია. მოსარჩელე ახორციელებს მისი კვალიფიკაციის შესაბამის საქმიანობას, რაც არღვევს სხვა პირთა (პირები, რომლებიც აკრედიტირებული უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, რომლებმაც სწავლა დაასრულეს სახელმწიფოს მხრიდან დიპლომის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება. პირები, რომელთაც არ მიეცათ სახელწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი ან არ ჰქონდათ შესაძლებლობა ესწავლათ საგანმანათლებლო პროგრამებზე.) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში განმტკიცებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მოცემემულ შეთხვევაში მოსარჩელისთვის დიპლომის აღიარება გამოიწვევა მნიშვნელოვნად უთანასწორი პირებისთვის თვითნებურად თანასწორა მოპყრობას და თანაბარი სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა შპს თბ--–---------------–------------------ს მიერ, 2010 წელს ზვ---------------ის სახელზე გაცემული, ბაკალავრის EUT№0----- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 22 იანვრის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელეთა მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზვ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი