განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
080100118002571447
დავის ტიპი
372 2
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/688-18წ.

გამოძიების N041230618002

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ---------------------

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ნ--------------ი, ნ-----–------–--ე, ნ----------------–--

 

ბრალდებული - ა---- ა----–---–ი

მამის სახელი: გ-------–-

პირადი ნომერი: 1----------

დაბადების თარიღი: 24.05.1990წ.

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ვანის რაიონი, სოფელი ზ---------

საცხოვრებელი ადგილი: ვანის რაიონი, სოფელი ხ---------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

2018 წლის 19 ივნისიდან 2018 წლის 23 ივნისის დროის მონაკვეთში, ა---- ა----–---–ი დას- თ------- ა----–---–ს აიძულებდა სიძის რ--------------ის ბრალდების საქმეზე შეეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. ა---- ა----–---–ი დაზარალებულს ემუქრებოდა ძალადობით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი სადაოდ არ მიიჩნიეს, სასამართლო, საქმეში არსებულ უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ა---- ა----–---–ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, მტკიცებულებათა ნაწილი, გამოკვლევის გარეშე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბრალდებას.

1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

3. საქმეში არსებული N1487784 შეტყობინების თანახმად, შეტყობინების ინიციატორია თ------- ა----–---–ი, რომლის განცხადებით, ,,მისი მეუღლე ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე არის დაკავებული, თავად ინიციატორმა გამოიძახა პოლიცია. რის შემდეგაც, ინიციატორზე ძმის მხრიდან ზეწოლას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აქვს ადგილი. ძმა სთხოვს, რომ გამოიტანოს საჩივარი, რათა გაათავისუფლონ ინიციატორის მეუღლე. 06/23/2018წ. 14:22:42 სთ...“

4. საქმეში არსებული N1488151 შეტყობინების თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში შესულია შეტყობინება ,,საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,109“ საპატრულო ეკიპაჟიდან გ. გიგატაძემ ტელეფონით 577517886-ით მაცნობა, ქუთაისში ბუკიას ქ. #17/4-ში 1992 წ. დ. თ. ა----–---–მა განაცხადა, რომ მას ძმამ ა---- ა----–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე შეცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას“.

5. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს მის მეუღლესთან მოუხდა ოჯახური კონფლიქტი, რის გამოც, დაურეკა მის ძმას ა---- ა----–---–ს და უთხრა, რომ მისულიყო მასთან და თუ შეეძლო მოეგვარებინა კონფლიქტი. როდესაც მისი მეუღლე გავიდა სახლიდან, გადაკეტა სახლის კარები შიგნიდან, გარეთ გასვლის დროს უთხრა მისმა მეუღლემ, რომ ,,მეც ველაპარაკე შენს ძმას და მოვა, დავჯდეთ და მოვაგვაროთ კონფლიქტიო“. რამოდენიმე ხნის შემდეგ ფანჯრიდან დაინახა, რომ სახლთან მოვიდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი მის ბიძაშვილთან და მეგობართან ერთად. განმარტავს, რომ ამ დროს მისი მეუღლე გარედან ითხოვდა მისგან გაეღო კარები და ემუქრებოდა, მაგრამ კარები არ გააღო სანამ პოლიციის თანამშრომლები არ დაინახა მასთან მისული, როდესაც საპატრულო პოლიცია მოვიდა მათთან მისი ძმა ა---- ა----–---–იც იქ იმყოფებოდა. პოლიციის მისვლამდე მისი ძმა ა---- ა----–---–იც სთხოვდა მას, რომ კარები გაეღო, მაგრამ იმდენად განერვიულებული და აღელვებული იყო, არც მისთვის გაუღია სახლის კარები. პოლიციის თანამშრომლებს მოუყვა მომხდარ ფაქტზე და ამ ყველაფრის გამო მოხდა მისი მეუღლის დაკავება, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა დაკითხვაზე, საიდანაც მისმა ძმამ ა---- ა----–---–მა წამოიყვანა ავტომანქანით, მათთან ერთად იმყოფებოდა მისი ბიძაშვილი, მეგობარი და მისი შვილი, საიდანაც მისმა ძმამ იგი მიიყვანა სახლში და სადარბაზოსთან ყოფნის დროს უთხრა მას, თუ რატომ მიმართა მან პოლიციას დახმარებისთვის, ,,მაშინ როდესაც ამ საქმეს თვითონ მოაგვარებდა“. სახლში ასვლის შემდგომ ელაპარაკა დედას, რომელმაც სთხოვა მის ძმას ,,დაწყნარებულიყო“ . იგი მისმა ძმამ წაიყვანა ჩოხატაურში, სადაც იმყოფებოდა ორი დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე მისი ძმა მოითხოვდა მისგან, რომ გამოეტანა განცხადება თუ საჩივარი, რომელიც მას შეტანილი ჰქონდა მისი მეუღლის რ--------------ის წინააღმდეგ, მაგრამ მას არ უნდოდა და არც აპირებდა განცხადების გამოტანას და ამით კონფლიქტის მოგვარებას, ამის გამო მისი ძმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ მუქარას. ეს უკანასკნელი ეუბნებოდა, რომ ,,შენ გამოიყვან და ჩვენ მივხედავთ გარეთო“. ჩოხატაურიდან იგი დაბრუნდა იმის გამო, რომ დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები ექსპერტიზაზე წასაყვანად. 2018 წლის 23 ივნისს, მასთან სახლში მივიდა მისი ძმა, რომელსაც ახლდა მათი ბიძაშვილი მ------------------, რომლის თანდასწრებით მისი ძმა ეუბნებოდა ,,სად წახვალ აწიო“ . დაზარალებულის განმარტებით, მისი ძმიდან ისევ იყო შეთავაზება მის მიმართ გამოეტანა საჩივარი პოლიციიდან, რის გამოც, მან დაიწყო ტირილი, რადგანაც არ უნდოდა მის მიერ პოლიციაში შეტანილი განცხადების გამოტანა. ამ დროს მისი ძმა ეუბნებოდა მას, რომ ,,ალბათ ვიღაცა გყავს და ამიტომ არ გამოგაქვს საჩივარი პოლიციიდანო“ არწმუნებდა, რომ მას მეტი გზა არ ჰქონდა. მის მიერ უარის თქმის გამო მისი ძმა ამ დროს გაიწია მისკენ დასარტყმელად, მაგრამ მისმა მცირეწლოვანმა შვილმა უთხრა, რომ არ დაერტყა მისთვის. რის გამოც, მის ძმას მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ტელეფონზე მამამისთან საუბრის დროს ტელეფონში ესმოდა ხმა იმის შესახებ, რომ მისთვის უნდა ეთხოვა მამამისს იმის შესახებ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილიყო იქ სადაც გათხოვდა. დაზარალებულის განმარტებით, მისი ძმის მხრიდან მუქარის შესახებ უთხრა გამომძიებელს, რომელმაც დაარიგა, რომ უნდა დაერეკა საპატრულო პოლიციაში. დარეკა საპატრულო პოლიციაში და ,,რადგანაც მისი ძმა იყო გარეთ იგი გადაიყვანეს თავშესაფარში“. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოქვეყნდა დაზარალებულ თ------- ა----–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, სადაც მიუთითებს, რომ ,,2018 წლის 23 ივნისს ჩემს საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 11:15 სთ-ზე მოვიდა ჩემი ძმა ა---- ა----–---–ი, რომელსაც თან ახლდა ჩემი ბიძაშვილი მ------------------, რომელიც შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სრულად შეესწრო. მე ისინი შევიპატიჟე მისაღებ ოთახში, რა დროსაც, ა---- ა----–---–მა ისევ დაიწყო ჩემი ლანძღვა-გინება, დედისა და ახლობლების მისამართით. ისევ იმ მოტივით, რომ მე შემეცვალა ჩემი მეუღლის მიმართ მიცემული ჩვენების შინაარსი და თუნდაც უკანონო გზით ყველა ღონე მეხმარა ჩემი მეუღლის ციხიდან გათავისუფლებისათვის, რაც ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა და არც ახლა არის. იგი დღესაც დამემუქრა ხელებისა და ფეხების მომტვრევით, მეუბნებოდა კბილებს დაგაძრობ, დედას გიტირებო, თუ მის ზემოთ აღნიშნულ პირობებს არ შევასრულებდი. ჩემი მხრიდან უარის გაგონების შემთხვევაში კვლავ დამემუქრა იგივე სახის ფიზიკური დაზიანებით. რა დროსაც მე შემეშინდა მუქარის განხორციელების“ ასევე, მხარის მიერ გამოქვეყნდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმიდან შემდეგი შინაარსის ეპიზოდები, ,,2018 წლის 19, 20 და 23 ივნისს იგი სისტემატიურად ჩემს საცხოვრებელ ბინაში მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მაგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, ასევე, მემუქრებოდა ხელებისა და ფეხების დამტვრევით, თუ მე არ შევცვლიდი ზემოთ ხსენებულ საქმეზე ჩემს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შინაარსს და ჩემი მოქმედებით არ მოვახდენდი ჩემი მეუღლის რ--------------ის პატიმრობიდან გათავისუფლებას“,... ,,ამგვარი მოქმედებებით მე რაც უკვე გადაიზარდა სისტემატიურობაში და მუქარაში განვიცდიდი ფსიქოლოგიურ ტანჯვას და მუქარის განხორციელების რეალურ საფრთხეს“. დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა, მთლიანად დაადასტურა, მის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმში მითითებული, საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოქვეყნებული აღნიშნული გარემოებები და განმარტა, რომ ადასტურებს არა მხოლოდ მის მიერ მიცემული გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებულ ნაწილს, არამედ, მთლიანად გამოკითხვის ოქმის შინაარსს. დაზარალებულის განმარტებით, იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი ძმის ამ მოქმედებით იყო საკმაოდ შეშინებული და გადასული იყო თავდაცვაზე, ცდილობდა ყველასთვის მიეწვდინა ხმა დახმარებისათვის, დასჭირდა ფსიქოლოგის დახმარებაც, ადასტურებს, როდესაც მისმა ძმამ ა---- ა----–---–მა 2018 წლის 19 ივნისს, როდესაც პირველად გამოიკითხა და მისცა მისი მეუღლის მამხილებელი ჩვენება პოლიციის შენობიდან იგი წამოიყვანა მისმა ძმამ. რადგანაც არ უნდოდა ჩოხატაურში წასვლა, ამიტომ სთხოვა გამომძიებელს, რომ არ წაეყვანა იგი მის ძმას, რაზედაც გამომძიებელი ესაუბრა მის ძმას, მაგრამ მისმა ძმამ იგი მაინც წაიყვანა ჩოხატაურში, სადაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ერიდებოდა მას. მისი ძმა ეუბნებოდა, ,,თუ პოლიციაში რეკავდი მე რაღას ჩამრთე, გამოიტანე განცხადება ან საჩივარი და ჩვენ მივხედავთ ამასო, იმიტომ არ გამოგაქვს, რომ ვიღაცა გყავსო“. იგი ყოველთვის ეუბნებოდა მის ძმას, რომ არ უნდოდა საჩივრის გამოტანა და არც გამოიტანდა, რაზედაც მისი ძმა ეუბნებოდა მას, რომ ,,თუ არ მოგწონდა რატო გაყევი, ახლა აღარ მოგწონს, ახლა არ გინდა მისი ციხიდან გამოყვანაო“. დაზარალებული თავისი ჩვენებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მისი ძმის ა---- ა----–---–ისაგან ადგილი ჰქონდა როგორც შეთავაზებას, ასევე მუქარას, რომ გამოეტანა პოლიციაში შეტანილი საჩივარი, რომ მისი მეუღლე რ--------------ე გათავისუფლებულიყო პატიმრობიდან. დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა, ასევე, განმარტა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის ბრალდებულს შეეფარდოს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება მის პატიმრობასთან, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ამჟამად, მის მიმართ არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს.

6. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა ი-–------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 23 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას, განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება მოქალაქე თ------- ა----–---–ისაგან, რომელიც ითხოვდა დახმარებას მისი ძმის ა---- ა----–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მის მიერ გამოკითხული იქნა თ------- ა----–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, 2018 წლის 19 ივნისს მისი მეუღლის დაკავების გამო, მისი ძმა ა---- ა----–---–ი სთხოვდა და ემუქრებოდა მას, რომ შეეცვალა ჩვენება. მუქარა ხორციელდებოდა მისი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, 19, 20 და 23 ივნისს. სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისს დაკავებული იქნა ბრალდებული ა---- ა----–---–ი, ამოღებული იქნა მისი სამედიცინო ისტორია, მის მიერ დანიშნული იქნა ბრალდებულის მიმართ ექსპერტიზა. სცნო იგი ბრალდებულად და გამოკითხა დაზარალებული. ამოღებული იქნა ელექტრონული ვერსია რ--------------ის საქმესთან დაკავშირებით. მართალია, მიღებულ შეტყობინებაში მითითებული იყო ფიზიკურ ზემოქმედებაზე, მაგრამ დაკითხვის დროს დაზარალებულს არ უთქვამს, რომ მისმა ძმამ მასზე იმოქმედა ფიზიკურად. განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ემუქრებოდა მას ხელების და ფეხების მომტვრევით, რადგანაც ითხოვა მისი მეუღლის მიმართ მიცემული ჩვენების შეცვლას. ადასტურებს, რომ იგი ამ ფაქტამდე, ასევე, აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს 2018 წლის 19 ივნისს მომხდარ ოჯახურ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რა დროსაც, გამოკითხა დაზარალებული თ------- ა----–---–ი. დაკითხვის დასრულების შემდგომ, დაზარალებულმა მიაწოდა ინფორმაცია და პირად საუბარში უთხრა, რომ მას გარეთ ელოდებოდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი და სთხოვა დალაპარაკებოდა ამ უკანასკნელს, რომ იგი არ წაეყვანა გურიაში მის მშობლებთან და დაეტოვებინა სახლში, ასევე, მის ძმას რაიმე პრეტენზია არ ჰქონოდა მის გამოკითხვასთან დაკავშირებით. იგი დაეთანხმა დაზარალებულს, გაჰყვა მას, მივიდა ა---- ა----–---–თან, რომელიც იდგა პოლიციის შენობასთან და უთხრა მისი დისთვის არ დაესვა რაიმე სახის კითხვები გამოკითხვასთან დაკავშირებით, რადგანაც მის დას უფლება ჰქონდა თავად ეთქვა ყველაფერი. უთხრა, რომ არ ჩარეულიყო, საუბრის დროს ა---- ა----–---–ისთვის აგრესია არ შეუნიშნავს, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. განმარტავს, რომ ა---- ა----–---–მა იცოდა იმის შესახებ, რომ მისი და - თ------- ა----–---–ი მისი ქმრის წინაღმდეგ აძლევდა ჩვენებას. მისთვის უცნობია გაჰყვა თუ არა თ------- ა----–---–ი მის ძმას. მისი გაფრთხილების მიუხედავად ორ დღეში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ა---- ა----–---–ი ემუქრებოდა მის დას და სთხოვდა ჩვენების შეცვლას, რის გამოც, უკვე მეორედ, 2018 წლის 23 ივნისს გამოკითხა თ------- ა----–---–ი, რამოდენიმე დღეში დაკავებული იქნა ა---- ა----–---–ი. დაკითხვის დროს თ------- ა----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 19 ივნისს, 20 და 23 რიცხვში მისი ძმა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სხეულის დაზიანებით. ითხოვდა მისგან ჩვენების შეცვლას.

7. მოწმის სახით დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გ-----------------ემ განმარტა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, როდესაც გავიდა შემთხვევის ადგილზე, ოჯახში დახვდა ერთი ქალი თავისი მცირეწლოვანი შვილით, რომელმაც აუხსნა მათ, რომ მისმა ძმამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უნდოდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც, იმის გამო, თუ რატომ მისცა მისი ქმრის საწინააღმდეგო ჩვენება. მის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, იმის გამო, რომ მსხვერპლი ყოფილიყო დაცული, ამასთან, მსხვერპლის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო მოძალადისათვის. რის გამოც, იგი გადაიყვანეს თავშესაფარში მის შვილთან ერთად. საუბრის დროს, შეტყობინების ავტორმა თ------- ა----–---–მა განაცხადა, რომ მისი ძმა მის მიმართ გამოხატავდა აგრეისას იმის გამო, რომ ,,ძაღლები რატომ ჩართე საქმის კურსშიო, ჩვენ თვითონ მოვაგვარებდით საქმესო“, განმარტავს, რომ თ------- ა----–---–ს დაზიანება არ ეტყობოდა, მოწმის განმარტებით, იგი ტელეფონით ესაუბრა ა---- ა----–---–ს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელმაც განუცხადა, რომ იმყოფებოდა ქალაქგარეთ. აღნიშნულის შესახებ აცნობა პოლიციის განყოფილებას, რომ საქმეზე ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

8. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხული მ------------------ გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ ,,2018 წლის 19 ივნისს მე დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა ა---- ა----–---–მა, რომელიც არის თ-------ის ძმა და მითხრა, რომ ჩემს ბიძაშვილს თ-------ს და მის მეუღლეს რ--------------ეს მოუვიდათ კონფლიქტი, რის გამოც, რატი იყო დაკავებული და აღნიშნულთან დაკავშირებით მთხოვა ჩამოვსულიყავი წყალტუბოდან და მივსულიყავით ერთად თ------- ა----–---–თან დასალაპარაკებლად და სიტუაციის გასარკვევად, თუ რა მოხდა იმ დღეს. მისვლისას ჩემმა ბიძაშვილმა თ------- ა----–---–მა ისე რომ მიზეზი არ უთქვამს მე და მის ძმას კარი არ გაგვიღო და ჩვენ იძულებული გავხდით წავსულიყავით. 2018 წლის 23 ივნისს მე კვლავ დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა ა---- ა----–---–მა და მთხოვა ისევ მივსულიყავით თ------- ა----–---–თან და დავლაპარაკებოდით ოჯახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. მე იმავე დღეს ჩამოვედი წყალტუბოდან, შევხვდი ჩემ ბიძაშვილს ა---- ა----–---–ს და ჩვენ ერთად წავედით თ------- ა----–---–თან. იქნებოდა დაახლოებით 12:00 საათი, როდესაც მე და ა---- ა----–---–ი მივედით ქ. ქუთაისში ბუკიას ქუჩა N17-ში, თ------- ა----–---–თან მისვლისას თ-------მა კარი გაგვიღო და შეგვიპატიჟა სახლში მე და მისმა ძმამ ვუთხარით თ-------ს, რომ ეპატიებია მისი მეუღლის რ--------------ისათვის 19 ივნისს მის მიმართ ჩადენილი საქციელი და მოქცეულიყო ისე, რომ იგი დაეხსნა პატიმრობიდან და შეენარჩუნებინა ოჯახი, რადგანაც ბავშვი არ გაზრდილიყო უმამოდ. თ-------ს ჩემი და მისი ძმის მოწოდებაზე, რომ ეპატიებია მისი მეუღლისთვის ჩადენილი საქციელი პასუხი არ გაუცია, მან დაიწყო ტირილი და იყო ჩუმად, რადგანაც თ-------მა პასუხი არ გაგვცა, მე და ჩემი ბიძაშვილი ა---- ა----–---–ი ავდექით და წამოვედით თ-------იდან, რადგანაც ჩავთვალეთ, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ამ საკითხზე საუბარს. დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი და ა---- ა----–---–ის მხრიდან თ------- ა----–---–ის მიმართ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

1. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებით დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებს.

2. საქმეში არსებული, ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005013418 სასამართლო ფსიქიატრიული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,ა---- ა----–---–ი ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ა---- ა----–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა---- ა----–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილოება მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ა---- ა----–---–ი რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს შეუშლიდა სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ა---- ა----–---–ს არ აქვს ფსიქიკური ნაკლი. ა---- ა----–---–ი ამჟამად იძულებით ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.

3. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ექსპერტების თ--------------ს და ჟ---------------ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ისინი მთლიანად ადასტურებენ გამოძიების დადგენილების საფუძველზე, მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს.

4. საქმეში არსებული, ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური N004414618 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სისხლის სამართლო საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები არის ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირში, რის გამოც, ა---- ა----–---–ის ქმედებებში შეურაცხყოფის ფსიქოლოგიური ზემოქმედების დამცირებისა და შანტაჟის განხორციელების ფაქტების დადგენა, რომელიც გამოიწვევდა თ------- ა----–---–ის ტანჯვას აღნიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია..“

5. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ექსპერტ თამრიკო ფირცხალავას გამოკითხვის ოქმში მთლიანად დადასტურებულია მის მიერ გაცემულ ფსიქოლოგიურ დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;

 

1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

3. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

4. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

5. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ა---- ა----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მის დას თ------- ა----–---–ს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან რ--------------ესთან, რაზედაც დაუკავშირდა მისი და და სთხოვა დახმარება. იგი იმ დღესვე მივიდა მისი დის ოჯახში, სადაც ნახა, რომ მისი სიძე იყო გარეთ თავის ნივთებთან ერთად, ხოლო სახლის კარები დაკეტილი იყო. მისი მოთხოვნის მიუხედავად, მისმა დამ თ------- ა----–---–მა მათ კარები არ გაუღო. მისი სიძის განმარტებით, კონფლიქტი მოუხდათ იმის გამო, რომ ლომბარდში ფული იყო შესატანი. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. იგი სთხოვდა მის დას, რომ წაჰყოლოდა მას, რადგან მისი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული მისი სიძის ნათესავების მხრიდან. ადასტურებს, რომ 2018 წლის 23 ივნისს იგი შეეცადა მის დასთან გაერკვია, თუ რისთვის ჰქონდა კონფლიქტი მეუღლესთან და სთხოვა მას ამის გამო ოჯახი არ დაენგრია, თუ შეეძლო ეპატიებინა მისი მეუღლისთვის, რადგანაც უნდა ერჩინა თავი და მოევლო ბავშვისათვის. ამ დროს მისმა დამ დაიწყო ტირილი. მისი და განმარტავდა, რომ არ აპირებდა მის მეუღლესთან შერიგებას. ეუბნებოდა მას, თუ სად უნდა ეცხოვრა. დაპირდა, რომ დაელაპარაკებოდა მამამისს. რაც შეეხება სატელეფონო საუბარს მის დასა და მამამისს შორის, მისი და თ------- ა----–---–ი არასწორად გადმოსცემს საუბრის შინაარსს. მამამისს არ უთქვამს, რომ სადაც გათხოვდა იქ დარჩენილიყო. განმარტავს, რომ მისი მოთხოვნა იყო მის დას ეპატიებინა მისი მეუღლისთვის და შერიგებოდა მას. განმარტავს, მისი სიძე, რომ დაკავებული იყო, იცოდა ამის შესახებ, რადგანაც, ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს და ამ ფაქტზე იყო მისი იგი დაკავებული. ითხოვს გამართლებას.

6. სასამართლო, პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად, მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც, გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის ჩვენებაში მითითებული გარემოებები შეფასდეს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, რის გამოც, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს სასამართლო განხილვით დადგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებებს და მათი ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდგომ მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული და დადგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ ბრალდებულის მიმართ, სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებას არამედ, ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიცავს, ამავე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ დანაშაულის ნიშნებს.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

1. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

2. მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

4. სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიერ, სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა ბრალდების ამ კვალიფიკაციით საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მთლიანად დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმის შინაარსი და განმარტა, რომ მის ძმას ბრალდებულ ა---- ა----–---–ს იგი თავად დაუკავშირდა მეუღლესთან წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით. დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბრალდებული ა---- ა----–---–ი, იმავე დღეს მივიდა დაზარალებულთან, რომელიც საცხოვრებელის სახლის ეზოში შეხვდა და ესაუბრა მის მეუღლეს რ--------------ეს. ოჯახური კონფლიქტის გამო, მისი მეუღლე დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამ საქმეზე ჩვენების მიცემის მიზნით, იგი დაბარებული იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც, გაჰყვა მისი ძმა - ბრალდებული ა---- ა----–---–ი. როდესაც მისი გამოკითხვა დასრულდა, სთხოვა გამომძიებელს დალაპარაკებოდა გარეთ მყოფ მის ძმას მის გამოკითხვასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ არ სურდა წაყოლოდა მას გურიაში მშობლების საცხოვრებელ სახლში. გამომძიებელი გაჰყვა მას გარეთ და ესაუბრა ბრალდებულ ა---- ა----–---–ს. დაზარალებული განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებიდან ბრუნდებოდნენ, ამ დროს ბრალდებულმა უთხრა მას, თუ რატომ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის ,,მაშინ როდესაც ამ საქმეს თვითონ მოაგვარებდა“ და მიმართა ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მისი მეუღლის რ--------------ის გათავისუფლების მიზნით გამოეტანა პოლიციის განყოფილებიდან საჩივარი. დაზარალებული თავის ჩვენებაში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მას არ სურდა საჩივრის გამოტანა პოლიციის განყოფილებიდან და ოჯახური კონფლიქტის ასეთი ფორმით მოგვარება, რის გამოც, ბრალდებული დაემუქრა მას ხელებისა და ფეხების მომტვრევით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კატეგორიულად მოსთხოვა ჩვენების შეცვლა ან პოლიციის განყოფილებიდან საჩივრის გამოტანა. არწმუნებდა მას, რომ ,,შენ გამოიყვან და ჩვენ მივხედავთ გარეთო“.

7. ბრალდებულ ა---- ა----–---–ის განზრახვის შინაარსის საკითხის გარკვევის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, დაზარალებულის ჩვენება ერთობლიობაში შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდგომ დადგინდეს, თუ რისი მიღწევა სურდა ბრალდებულს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, დადგენილი უნდა იქნეს იცოდა თუ არა ბრალდებულმა იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მამხილებელი ჩვენება მისცა დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა მისი მეუღლის რ--------------ის წინააღმდეგ და ამასთან, გათავისუფლდებოდა თუ არა დაკავებიდან რ--------------ე, თუ დაზარალებულ თ------- ა----–---–ის მხრიდან მოხდებოდა ჩვენების შეცვლა, ან პოლიციის განყოფილებიდან საჩივრის გამოტანა.

8. ოჯახური კონფლიქტის მოგვარების მიზნით, მის დასთან დაზარალებულ თ------- ა----–---–თან სახლში მისულ ბრალდებულს, მისივე ჩვენების თანახმად, საკუთარი ნივთებით, სახლის გარეთ დახვდა მისი სიძე რ--------------ე, რომელსაც სახლის კარებს არ უღებდა მეუღლე თ------- ა----–---–ი, ამ უკანასკნელმა აუხსნა მას კონფლიქტის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ თავად ბრალდებული მივიდა დაზარალებულის ბინასთან ამ უკანასკნელმა არ გაუღო მათ კარები და არ შეუშვა ისინი სახლში დალაპარაკების მიზნით. დადგენილია, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო, პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა ბრალდებულის სიძე, დაზარალებულის მეუღლე რ--------------ე, ხოლო დაზარალებული პოლიციის განყოფილებაში თავად ბრალდებულის მიერ იქნა მიყვანილი გამოკითხვის მიზნით. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი ი-–------------ე თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოკითხვის დასრულების შემდეგ, დაზარალებულმა თ------- ა----–---–მა აუხსნა მას, რომ პოლიციის განყოფილებასთან ელოდებოდა მისი ძმა ა---- ა----–---–ი და იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ,,რაიმე სახის პრეტენზია არ ჰქონოდა მის გამოკითხვასთან დაკავშირებით“, სთხოვა გაჰყოლოდა გარეთ და დალაპარაკებოდა ამ უკანასკნელს, ასევე, დაზარალებულმა აცნობა, რომ არ სურდა გაჰყოლოდა მის ძმას გურიაში მშობლების ოჯახში და ეთხოვა მისთვის არ წაეყვანა იგი. მოწმის განმარტებით, გაჰყვა თ------- ა----–---–ს და პოლიციის განყოფილების წინ შეხვდა ა---- ა----–---–ს, ესაუბრა მას და უთხრა, რომ ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მისი დისთვის თ------- ა----–---–ისათვის არ დაესვა კითხვები, რადგანაც ,,მისი უფლება იყო რასაც იტყოდა იგი“, რის შემდგომაც დაშორდა მათ და შევიდა პოლიციის განყოფილებაში. მოწმე ი-–------------ე თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ა---- ა----–---–მა იმ მომენტისათვის უკვე იცოდა, რომ მისი და - თ------- ა----–---–ი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა გამოკითხვის მიზნით, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რის გამოც, დაკავებული იყო რ--------------ე. ბრალდებული ა---- ა----–---–ი თვის ჩვენებაში არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისთვის ცნობილი იყო მისი სიძის რ--------------ის დაკავების მიზეზი და სწორედ ამის გამო სთხოვა მის დას დაზარალებულ თ------- ა----–---–ს, ეპატიებინა მისი მეუღლისათვის მათ შორის მომხდარი კონფლიქტი, შერიგებოდა მას და შეენარჩუნებინა ოჯახი.

9. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ბრალდებული ა---- ა----–---–მა იცოდა, თუ რის საფუძველზე იყო დაკავებული მისი სიძე რ--------------ე და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მოქმედებდა წინასწარმოფიქრებული, შედეგზე ორიენტირებული პირდაპირი განზრახვით, რაც დადასტურებულია, როგორც დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებით, ასევე, საქმეზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებაში მითითებული გარემოება, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებული ა---- ა----–---–ი ოჯახური კონფლიქტის წარმოშობის დღიდან - 2018 წლის 19 ივნისიდან, გურიაში მათი ერთად ყოფნის ორი დღის განმავლობაში, ასევე, 2018 წლის 23 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, მიმართავდა მას და ცდილობდა მის დაყოლიებას პოლიციის განყოფილებიდან საჩივრის გამოტანით, ჩვენების შეცვლით, თუ სხვა საშუალების გამოყენებით მიეღწია, ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული, მისი მეუღლის რ--------------ის გათავისუფლებისათვის, ასევე, დადასტურებულია გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ფაქტის უშუალო შემსწრე პირის მ------------------ს გამოკითხვის ოქმით, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ 2018 წლის 19 ივნისს დაუკავშირდა მისი ბიძაშვილი ა---- ა----–---–ი, რომელიც არის თ------- ა----–---–ის ძმა და სთხოვა, რომ გაჰყოლოდა მისი დის სახლში, რადგანაც, ამ უკანასკნელს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან რ--------------ესთან, ,,გაერკვიათ სიტუაცია და დალაპარაკებოდნენ თ------- ა----–---–ს“. მოწმის განმარტებით, სახლში მისულებს თ------- ა----–---–მა მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო კარები არ გაუღო და არ შეუშვა ისინი სახლში, რის გამოც, იძულებულები გახდნენ წასულიყვნენ. მოწმე მ------------------ს განმარტებით, 2018 წლის 23 ივნისს, ისევ დაუკავშირდა მისი ბიძაშვილი ა---- ა----–---–ი, ისევ სთხოვა წაჰყოლოდა თ------- ა----–---–თან ოჯახური კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ამ შემთხვევაში, თ------- ა----–---–მა გაუღო მათ კარები და შევიდნენ მასთან სახლში, რა დროსაც, თ------- ა----–---–ს მისი თანდასწრებით, ა---- ა----–---–მა უთხრა, რომ ,,ეპატიებინა მისი მეუღლის რ--------------ისათვის 19 ივნისს მის მიმართ ჩადენილი საქციელი და მოქცეულიყო ისე, რომ იგი დაეხსნა პატიმრობიდან და შეენარჩუნებინა ოჯახი“. მოწმის განმარტებით, თ------- ა----–---–მა მისი ძმის მოწოდებაზე, რომ ეპატიებინა მისი მეუღლისათვის მის მიმართ ჩადენილი საქციელი, პასუხი არ გაუცია ,,დაიწყო ტირილი და იყო ჩუმად“. იმის გამო, რომ თ------- ა----–---–მა პასუხი არ გასცა მათ, ისინი წამოვიდნენ მისი სახლიდან. მოწმე თავის გამოკითხვის ოქმში ადასტურებს, რომ ა---- ა----–---–ის მხრიდან მისი დის თ------- ა----–---–ის მიმართ, რაიმე სახის სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

10. იმის გამო, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეფასდეს, წარდგენილი ბრალდების შინაარსი, რამდენად გამომდინარეობს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.

11. ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიმართ, წარდგენილი სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მოითხოვს, რომ ამ შემადგენლობისათვის უნდა არსებობდეს დაზარალებულის ჩვენების შეცვლისაკენ მიმართული იძულებითი მოქმედება, რასაც თან უნდა ერთვოდეს, მის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა და იგი დადგენილი უნდა იყოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ხოლო, ამავე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია კი მოითხოვს, იგივე მოტივით დაზარალებულისადმი არა იძულებას, არამედ, მიმართვას, ან მის დაყოლიებას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მიცემული ჩვენების შეცვლისაკენ, რაც თავისთავად გულისხმობს ამ შემადგენლობების სხვადასხვა შინაარსობრივი ფორმის არსებობას, კერძოდ, ამ მუხლის მეორე ნაწილის დისპოციზიიდან გამომდინარე, მისი არსებობისათვის დადგენილი უნდა იქნეს დაზარალებულისათვის იძულება, ანუ, მასზე ზეგავლენის მოხდენა, მისი ნების საწინააღმდეგოდ და ეს იძულება დაკავშირებული უნდა იყო მისი მოკვლის, სხეულის დაზიანების, ქონების განადგურების, ან სხვა მუქარასთან. ხოლო, ამავე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს იძულებას დაზარალებულის მიმართ და მისი ობიექტური შემადგენლობის არსებობისათვის მოითხოვს მხოლოდ დაზარალებულისადმი მიმართვას, წინადადების მიცემას, ან მის დაყოლიებას - თხოვნის, რჩევის, ჩაგონების და სხვა მოქმედებით, იმისათვის, რომ დაზარალებული დაიყოლიოს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, ცრუ ჩვენების მიცემისა, ან უკვე მიცემული ჩვენების შეცვლისაკენ, ამასთან, ამ მუხლის შემადგენლობა დამთავრებულია მიმართვის მომენტიდან.

12. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ისათვის, როგორც ოჯახურ კონფლიქტის მოგვარებაში თავიდანვე ჩართული პირისათვის, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ მისი დის - დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენების საფუძველზე მოხდა მისი სიძის რ--------------ის დაკავება. სწორედ ამის გამო სურდა მისი დის დაზარალებულ თ------- ა----–---–ის დარწმუნებით, ჩაგონებით, რჩევის მიცემით, ხელი შეეწყო და მიეღწია იმ მიზნისათვის, რომ მისი სიძე რ--------------ე გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და ამის შემდგომ თავად მოეგვარებია ოჯახური კონფლიქტი, ანუ, ბრალდებული წინააღმდეგი არ იყო კონფლიქტის მოგვარების, მაგრამ მისთვის მიუღებელი იყო ამ საქმეში პოლიციის ჩართვის შედეგად მისი სიძის დაკავება. აღნიშნული დადასტურებულია, არა მხოლოდ დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებით, ასევე, მოწმის სახით გამოკითხული 2018 წლის 23 ივნისს ბრალდებულთან ერთად დაზარალებულ თ------- ა----–---–თან სახლში მყოფი, მ------------------ს გამოკითხვის ოქმით, სადაც ეს უკანასკნელი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ დაზარალებულთან სახლში ყოფნის დროს ბრალდებული მიმართავდა დაზარალებულ თ------- ა----–---–ს ეპატიებინა მისი მეუღლისათვის ჩადენილი საქციელი და მოქცეულიყო ისე, რომ იგი დაეხსნა პატიმრობიდან. ბრალდებულის ამ მოწოდებაზე, რომ ეპატიებინა მისი მეუღლისათვის ჩადენილი საქციელი და ემოქმედა მის დაკავებიდან გათავისუფლებისათვის დაზარალებულმა პასუხი არ გასცა და დაიწყო ტირილი. მოწმის განმარტებით, დაზარალებულის მიმართ, მისი თანდასწრებით ბრალდებულის მხრიდან, რაიმე სახის ფიზიკურ, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, რომ სახეზეა სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი, კერძოდ, ბრალდებულის მხრიდან, მისი დაყოლიების მიზნით დაზარალებულისადმი მიმართვა იმის შესახებ, რომ იმოქმედოს და მისი მეუღლის დაკავებიდან გათავისუფლების მიზნით პოლიციის განყოფილებიდან გამოიტანოს განცხადება თუ საჩივარი, შეცვალოს ჩვენება ან სხვა მოქმედებით მიაღწიოს მის გათავისუფლებას მთლიანად ადასტურებს ამ კვალიფიკაციით გათვალისწინებულ შემადგენლობის არსებობის ფაქტს, მითუმეტეს, ამ შემადგენლობისათვის საკმარისია მიმართვის განხორციელების ფაქტი, რაც, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, ხოლო, რაც შეეხება, სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, იგი დადგენილია დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებით, სადაც განმარტავს, რომ თავისი მიზნის მისაღწევად ბრალდებული ა---- ა----–---–ი აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მას ,,ხელების და ფეხების მომტვრევით“, აღნიშნულ გარემოებაზე მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაშია მითითებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის განხორციელების ფაქტი დადგენილია მხოლოდ დაზარალებულ თ------- ა----–---–ის ჩვენებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამ ფაქტის დასადასტურებლად მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა, რის გამოც, დაზარალებულის ჩვენება, რომლის დასადასტურებლად საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია გამოკვლეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისი არ არის ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, განმარტებულია, რომ მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება). იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიმართ, სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს ამ კვალიფიკაციით.

13. სასამართლომ წარდგენილი ბრალდების შეფასებისას, გაითვალისწინა, რომ ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიმართულია გარკვეული შედეგის მისაღწევად, რადგანაც, შედეგის დადგომა ქმედების ჩამდენის განზრახვის შინაარსს წარმოადგენს და უშუალოდ დაკავშირებულია მის ნებასთან, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგინდეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ა---- ა----–---–ს სურდა მისი და - თ------- ა----–---–ი მოქცეულიყო ისე, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო დაკავებული მისი სიძე გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და ამის შემდგომ მოეგვარებინა მას ოჯახური კონფლიქტი, რისთვისაც მიმართავდა დაზარალებულს გამოეტანა მის მიერ შეტანილი მეუღლის საწინააღმდეგო განცხადება პოლიციიდან, შეეცვალა ჩვენება, ან შეესრულებინა სხვა მოქმედება მისი მიზნის მისაღწევად, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს, სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

14. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, სასამართლო საქმის განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა წარდგენილ ბრალდების ამ ნაწილში ა---- ა----–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც, მის მიმართ, წარდგენილი სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის თ------- ა----–---–ის ჩვენებით, მოწმის სახით გამოკითხული მ------------------ს გამოკითხვის ოქმით, ასევე, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.

პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ ა---- ა----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

2. სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

3. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

4. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

5. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

6. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

7. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

8. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

10. სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

12. საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

13. იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

15. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ზემოქმედების განხორციელება დაზარალებულზე არ მისცეს სწორი ჩვენება, ხელს უშლის მას სათანადოდ შეასრულოს მისი პროცესუალური მოვალეობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა, ამ დანაშაულის საშიშროება იმაშიც გამოიხატება, რომ ქმედების ჩამდენი პირი არა მარტო თვითონ მოქმედებს ისე, რომ ხელს უშლის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას, არამად, დაზარალებულზე ან მოწმეზე ზეგავლენის მეშვეობით ქმნის იმის საფუძველს, რომ თავისი მოქალაქეობრივი და სამართლებრივი ვალდებულება არ შეასრულოს მოწმემ ან დაზარალებულმა, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და ასევე, იმის გათვალისწინებითაც, რომ ა---- ა----–---–ის მიმართებით, აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, მის მიმართ სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს დაენიშნოს გადაკვალიფიცირებული ბრალდებით გათვალისიწინებული სასჯელებიდან თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, რაც, მოცემულ შემთხვევაში კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალება იქნება და ასევე, გამართლებული, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ა---- ა----–---–ის რესოციალიზაციისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბრალდებულ ა---- ა----–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

2. ბრალდებული ა---- ა----–---–ი, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. გაუქმდეს ა---- ა----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულ ა---- ა----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე