განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/889-18
გამოძიების N041110918008
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ---------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-----–------------
ბრალდებული - ზ------ ს--------ე
პირადი ნომერი: N1----------
დაბადების თარიღი: 25.05.1981 წელი
მამის სახელი: ზ------ი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, ჭ-----------–ის ქ. პირველი ჩიხი #1.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისში, ე-----–---–ის ქუჩა #79-ში მდებარე ბინაში, ზ------ ს--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ----------–---–ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის 2018 წლის 11 სექტემბერს ზ------ ს--------ემ მუქარის ფაქტი განახორციელა ტელეფონით.
2. 2018 წლის აპრილის თვეში, ქუთაისში, ე-----–---–ის ქუჩა #79-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ------ ს--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ----------–---–ს, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ზ------ ს--------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. ზ------ ს--------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. ზ------ ს--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა ბრალდებულ ზ------ ს--------ის მიერ, მის მიმართ ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, კერძოდ მოწმეების: ვ----–---------ს და მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმები.
სამართლებრივი შეფასება:
წარდგენილ კვალიფიკაციას, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს. მუქარის დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და შედეგს შორის და სურს ამ შედეგის მიღწევა, რა დროსაც აუცილებელია იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქმეში მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს გაუჩნდა ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
ასევე, ზ------ ს--------ის მიმართ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ კვალიფიკაციას - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს, აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდე და კეთილდღეობა. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.
ამ დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტი უპირველესად ადამიანის ჯანმრთელობაა. ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ამ ქმედებასა და დამდგარ შედეგ შორის. მართალია, ამ შემთხვევაში ძალადობა და ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის ისეთ დაზიანებას, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევდა, მაგრამ იგი მაინც ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულებია. რომელიც ხშირად კვალს ტოვებს ადამიანის სხეულზე, ზოგჯერ კი არანაირი კვალი არ აღენიშნება, თუმცა მეტ-ნაკლებად ხელყოფს ადამიანის ჯანმრთელობას. ზ------ ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამოტანილი განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს, მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ პირის ბრალეულობას.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ზ------ ს--------ის მიერ გახორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება დასტურდება ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის დასაბუთება:
ბრალდებულის მიმართ, სასჯელის შეფარდებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ამ უკანასკნელის პიროვნული მახასიათებლები, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასჯელის სახეთა და ზომის განსაზღვრისას, სავალდებულოა დადგინდეს ჩადენილი დანაშაულის სოციალური საშიშროება, კერძოდ, ის თუ რა საფრთხის შემქმნელია იგი საზოგადოებისათვის, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს გააცნობიერა თუ არა ბრალდებულმა მის მიერ ჩადენილი ქმედება და გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს შესაძლებელია თუ არა ბრალდებულის რეაბილიტაცია და საზოგადოებისათვის ღირსეულ წევრად დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით. ზ------ ს--------ე აღიარებს და ინანიებს მომხდარს, მისივე განმარტებით უვლის ავადმყოფ დედას, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალებულთან, რომელიც მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მიუთითებს, რომ ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, აპატია მას და სჯერა, რომ ბრალდებული მის მიმართ აღარ ჩაიდენს დანაშაულს. ითხოვს ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნეს განაჩენი საპატიმრო სასჯელის გარეშე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
ასევე სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლწესრიგის ნორმების უგულებელყოფას და ამით გამოწვეულ მოვლენათა დარღვევის ხარისხს. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილია, ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, საიდანაც, აშკარად იკვეთება ბრალდებულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება და მართლწესრიგის დარღვევის მაღალი ხარისხი, რაც, ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო, ბრალდებულის დადებით პიროვნულ მახასიათებლად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მომხდარს.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირათად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, ბრალდებულის პიროვნებას, მის ოჯახურ, სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების შედეგად, შესაძლოა ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და დაადგეს გამოსწორების გზას, თუ მის მიმართ, სასამართლო სასჯელის სახედ სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გამოიყენებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ხოლო სსკ-ის 111-151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთას, ამასთან, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მისი წარსული არ ყოფილა შებღალული რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდა მიზანშეუწონელია. რის გამოც, ბრალდებულს, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რადგანაც, პირობითი მსჯავრი მოცემულ შემთხვევაში, თავისი შინაარსით, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს ბრალდებულის უფრო სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამასთან ერთად, გამოსაცდელი ვადის განსაზღვრით ხორციელდება კონტროლი ბრალდებულის ქცევაზე, რაც აღმზრდელობით ზემოქმედებას მოახდენს ბრალდებულზე და ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ზ------ ს--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.
3. სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------ ს--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
5. ზ------ ს--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
6. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში ზ------ ს--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 11 სექტემბრიდან - 2018 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, ზ------ ს--------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლის განხორციელება და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს ზ------ ს--------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე