გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
130210018002665176
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210018002665176

2-1117-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური

შესავალი ნაწილი

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი

მოსარჩელე ლ--–----------ძე

ადვოკატი გ-------------ძე

მოპასუხე ვ-–--------შვილი

წარმომადგენელი ვ--–---------------ძე

დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყდეს მხარეთა შორის ქორწინება;

1.2. ვ-–--------შვილს გადახდეს ალიმენტი ნ--–----------ძის სასარგებლოდ - სამი შვილის 2007 წლის 16 აგვისტოს დაბადებული მ------, 2010 წლის 5 დეკემებერს დაბადებული ბ-------- და 2016 წლის 29 მარტს დაბადებული გ-------–-------–---–-ბის სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 150 ლარის ოდენობით;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში. სარჩელს არ ცნობს ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნის ნაწილში;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1 მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლის 20 სექტემბრიდან, ჰყავთ სამი შვილი: 2007 წლის 16 აგვისტოს დაბადებული მ------, 2010 წლის 5 დეკემბერს დაბადებული ბ-------- და 2016 წლის 29 მარტს დაბადებული გ-------–-------–---–-ბი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);

- გ-------–-------შვილის დაბადების მოწმობა (ს.ფ.16);

- ბ-------- მ-----შვილის დაბადების მოწმობა (ს.ფ.17);

- მ------ მ-----შვილის დაბადების მოწმობა (ს.ფ.18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს აქვს სტაბილური, მაღალი შემოსავალი (იხ.სარჩელი. ს.ფ.3), მოპასუხის განმარტებით კი, მას სტაბილური შემოსავალი არ აქვს, სხვას ეხმარება და ის იმდენს უხდის, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი განმარტა, რომ შეიძლება 100 ან 200, 300, ან 500 შეიძლება გადაუხადოს ხოლმე (იხ.2018 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმი: 15:51:27-15:51:35; 15:53:05-15:53:10);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - სასამართლოს, მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილების სარჩოდ გადასახდელი ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 70 ლარი თითოეული ბავშვისათვის.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე, 1214-ე მუხლები, 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის: 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ;

1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოსარჩელესთან და მასთან ერთად რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ისევე, როგორც მოპასუხე, მოპასუხემ დაადასტურა, რომ მისი შემოსავალი მერყეობს 100 დან 500 ლარამდე ფარგლებში, თუმცა, არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც შემოსავალი საერთოდ არ აქვს;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;

მოცემულ შემთხვევაში, გარდა მოპასუხის განმარტებისა, სხვა მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილი არ არის;

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს, ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია თვეში 70 ლარი თითოეული ბავშვისათვის;

მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. შესაბამისად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ამ გარემოების დამადასტურებელი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 46-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

შეწყდეს 1986 წლის 16 ნოემბერს დაბადებულ ლ--–----------ძეს (პირადი ნომერი 5----------) და 1988 წლის 24 თებერვალს დაბადებულ ვ-–--------შვილს (პირადი ნომერი 5----------) შორის 2006 წლის 20 სექტემბერს N0------ სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;

გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, გადაეგზავნოს სახელმწიფო სევისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ხაშურის განყოფილებას;

2. ვ-–--------შვილს დაეკისროს ალიმენტის გადახდა ლ--–----------ძის სასარგებლოდ 2007 წლის 16 აგვისტოს დაბადებული მ------, 2010 წლის 5 დეკემებერს დაბადებული ბ-------- და 2016 წლის 29 მარტს დაბადებული გ-------–-------–---–-ბის სარჩოდ, თვეში თითოეული ბავშვისათვის 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით;

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი