გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7208-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ე---------–-------------–----------------------------–----------“
წარმომადგენლები: ირ---–--------ე, ავ--------–---------ე, და--------------–--ა
მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წარმომადგენელები: იო-----–----–---–ი, კა--------------–-–---–ი, ნ---------–-–---–ი, გი-------------------ი, ნო---------–-–---–ი, მი----–-------–---ა
მესამე პირები: სა-–--------------–---–ი, გრ-----–---–--ე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №----2018 განკარგულება;
1.2. მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც არჩევნების დღეს (მეორე ტურის თარიღად) განისაზღვრება კვირა დღე.
2. მხარეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მესამე პირების პოზიცია:
მესამე პირებს პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები და დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ: №- გრ-----–---–--ე და №-- სა-–--------------–---–ი.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2018 წლის 14 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 86-87);
- ამონარიდი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებგვერდიდან (ს.ფ. 118-119).
3.2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №----2018 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა 2018 წლის 28 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №----2018 განკარგულება (ს.ფ. 21).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია: ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №----2018 განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისა და გადაწყვეტისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსისა’’ და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ასევე, ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე და რომლითაც არჩევნების დღეს (მეორე ტურის თარიღად) განისაზღვრება კვირა დღე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა)/რეფერენდუმი/ პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. საერთო არჩევნების/ რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. შუალედური არჩევნების/ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის/საარჩევნო ოლქების სამოქმედო ტერიტორიაზე.
ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-6 მუხლი ზოგადად განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების დღეს, რომელიც შეიძლება იყოს კვირის ნებისმიერი დღე და ამავე დროს, პრეზიდენტის არჩევნებზე უთითებს გამონაკლისის სახით, თუმცა კონკრეტულად არ განსაზღვრავს და არ ადგენს არავითარ შეზღუდვას, მათ შორის, ამ უკანასკნელის კვირა დღეს ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეზღუდვები დაწესებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სხვა ნორმებით.
სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ის 95-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. სასამართლო აქვე მიუთითებს 18521 მუხლზე, რომელიც გარდამავალ პერიოდს ეხება და განმარტავს, რომ 18521 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
სასამართლო მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი ეხება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს და ადგენს მორიგი არჩევნების თარიღის განსაზღვრის წესს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს, რაც ავტომატურად ვერ გავრცელდება მეორე ტურზე, ვინაიდან არჩევნების მეორე ტური არის გამონაკლისი შემთხვევა და არა სავალდებულო პროცესი, რომლისთვისაც როგორც კონსტიტუციით, ისე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილია სპეციალური რეგულაციები, მათ შორის, თარიღის განსაზღვრის კუთხითაც.
საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. იგივე წესია დადგენილი ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 104-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის წესს, კერძოდ, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
ამდენად, კანონმდებელი იმპერატიულად ადგენს მეორე ტურის თარიღის განსაზღვრის წესს, რომელიც დამოკიდებულია პირველი ტურის შედეგების შეჯამებასა და მის ოფიციალურ გამოქვეყნებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური აუცილებლად პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე უნდა დაინიშნოს და შეიძლება არ დაემთხვეს კვირა დღეს, რამდენადაც პირველი ტურის შეჯამება დამოკიდებულია კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ პროცედურებზე, მათ შორის, კონკრეტული დოკუმენტების გასაჩივრებაზე, რაც, თავის მხრივ, ვადებთანაა დაკავშირებული. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით არსებულ საკანონმდებლო ჩანაწერებში არსად არაა ხსენებული დათქმა კვირის დღეზე, თუმცა იმპერატიულადაა მითითება მეორე ტურის არჩევნების შედეგების შეჯამებიდან ორი კვირის თავზე განსაზღვრის შესახებ, რითაც უფლებამოსილ ორგანოს ერთმევა შესაძლებლობა მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს დისკრეციის ფარგლებში. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული იმ გარემოებაზე აპელირება, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის ჩანაწერი საპრეზიდენტო არჩევნების დღის შესახებ უნდა გავრცელდეს მეორე ტურზეც. სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ორივე სამართლებრივ დოკუმენტში ცალ-ცალკე დათქმა არსებობს პრეზიდენტის არჩევნების პირველ და მეორე ტურთან დაკავშირებით, პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური უნდა დაინიშნოს ოქტომბრის თვის ნებისმიერ კვირა დღეს, ხოლო მეორე ტური - არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლებლობა ჰქონდა პირველი ტური შეეჯამებინა და შედეგები გამოექვეყნებინა ისე, რომ არ დაერღვია საარჩევნო კოდექსის არცერთი ნორმა, სასამართლო აღნიშნავს, რომ არჩევნების შედეგების შეჯამება ხდება დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ცალკე საჩივრდება და განსახილველი დავის ფარგლებში მისი, ისევე, როგორც შედეგების ოფიციალური გამოქვეყნების/გამოცხადების კანონიერება, ვერ შემოწმდება, დავის საგნის არარსებობის გამო. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო იღებს რა მოცემულობას პირველი ტურის შეჯამებასა და შედეგების გამოქვეყნების თარიღთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტური.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული ნორმებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სარჩელის შემოტანამდე არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ე---------–-------------–----------------------------–----------“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი