გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------
საქმე №3/7206-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ა
წარმომადგენლები: გ--------–-------–---–ი; თ-----------------ა
მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
წარმომადგენლები: კ---------------–-–---–-, ნ-----------–-–---–-, გ---------------------, მ-----–-------–----
მესამე პირები - გ-------–---–---, ს--–--------------–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N-------- განკარგულება, საქართველო პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის - თარიღის განსაზღვრის ნაწილში;
1.2. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის - თარიღის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირებს პოზიცია არ წარმოუდგენიათ
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს N-------- განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს N-------- განკარგულება (ს.ფ. 53);
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა-----------–--------------------------–------------“-ს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო: 1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის N-------- განკარგულება; 2. ბათილად იქნეს ცნობილი N2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; 3. ბათილად იქნეს ცნობილი N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი; 4. ბათილად იქნეს ცნობილი N2 ვაკის საარჩევნო ოლქის N13 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. 5. ბათილად იქნეს ცნობილი N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის N29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ 54-69);
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა-----------------–-----------------–---------–--------------–----–-----------------------------------–--------------------------------------–-----–----ს სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო: 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 9 ნოემბრის N349/2018 განკარგულების ბათილად ცნობა; 2. 2018 წლის 7 ნოემბრის N3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა; 3. N3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის N29 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა; 4. 2018 წლის 7 ნოემბრის N67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა; 5. N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის N94 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 70-87);
4.4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც აღინიშნა: ამომრჩეველთა რაოდენობა: 3 518 877; არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა: 1 647 878; ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა: 53 847; საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობები: N1 მ-----–-------- - 1,074 (0.07%); N2 დ-------------- - 174,849 (10.97%); N4 ვ---------------- - 1,958 (0.12%); N5 გ-------–---–--- - 601,224 (37.74%); N10 შ--–---------–-–---–- - 59 651 (3.74%); N13 ზ-------------–---–- - 713 (0.04%); N17 გ---------–--–---–---–- - 892 (0.06%); N18 ა-------------- - 1,994 (0.13%); N21 კ----------- - 21,186 (1.33%); N22 ო----------------- - 664 (0.04%); N23 ი-----–----------- - 531 (0.03%); N25 დ--------------–---–- - 36,037 (2.26%); N27 ზ------------------ - 477 (0.03%); N28 მ-----–----–---–---–- - 2,970 (0.19%); N30 ზ--------–---–- - 444 (0.03%); N31 თ-------–-----------–- - 4,004 (0.25%); N35 გ--–-----–-–---–- - 1,623 (0.10%); N36 ზ------------------ - 36,034 (2.26%); N40 ლ------------ - 2,895 (0.18%); N48 ს--–--------------–---–- - 615,572 (38.64%); N49 ბ-----------------–---–- - 3,713 (0.23%); N51 გ------------------ - 13,133 (0.82%); N58 კ---------------- - 1,418 (0.09%); N62 ვ-–----------------–---–- - 633 (0.04%); N65 თ-----------–-–--–---–- - 9,481 (0.60%).
აღნიშნული ოქმის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობენ N5 გ-------–---–--- და N48 ს--–--------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (ს.ფ. 90-91);
- ვებგვერდზე ატვრთვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 122-123);
4.5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ N-------- განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღად 2018 წლის 28 ნოემბერი დაადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება N-------- (ს.ფ. 92);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
ამდენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 14 ნოემბრის №-------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დებულებებთან.
7.2. საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, არჩევნების (კენჭისყრის) დღე არის საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის პირველი აგვისტოს N-------- განკარგულების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 95-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები დაინიშნა 2018 წლის 28 ოქტომბერს.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ N-------- განკარგულების თანახმად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 105-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს 2018 წლის 28 ნოემბერს.
დადგენილია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული ოქმი არის დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წინამდებარე სარჩელით გასაჩივრებული არ არის. შესაბამისად, 2018 წლის 28 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თარიღის განსაზღვრის კანონიერება მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეფასდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონდებელი არჩევნებს განმარტავს, როგორც პროცესს, რომელიც საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევის მიზნით, კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პროცედურით იმართება. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სხვა სახის არჩევნებისაგან განსხვავებით, კვირის არასამუშაო დღეს ხდება. აღსანიშნავია, რომ კვირის რომელიმე დღეზე მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლი არ ახდენს. აღნიშნული ნორმის მე-9 პუნქტი მხოლოდ თვეს - ოქტომბერს ასახელებს. საპრეზიდენტო არჩევნების დღის ზოგად განსაზღვრებას საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლი იძლევა, კერძოდ: არჩევნები (გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა) /რეფერენდუმი/პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. საერთო არჩევნების/ რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. შუალედური არჩევნების/ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის/საარჩევნო ოლქების სამოქმედო ტერიტორიაზე. აღნიშნული ნორმა თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის მატარებელია კვირის რომელიმე დღეზე არ მიუთითებს. კონკრეტულად, საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტის მიერ დღის განსაზღვრის წესი ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი პუნქტშია მოცემული, კერძოდ: საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.
ამდენად, კანონმდებლის მიზანი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღედ კვირა დღე გამოცხადებულიყო უკავშირდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ნებისმიერ კვირა დღე. აღნიშნული ნორმა სპეციალურ ნორმათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ანალოგიით გამოყენება, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია.
საყურადღებოა ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის განსაზღვრის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-5 პუნქტში. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური. ანალოგიური ნორმა მოცემულია საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტში, კერძოდ: არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის N-------- განკარგულებით საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვასიტყვითი განმარტებით დაირღვა კანონმდებლის მიზანი, რომელიც ასახულია ამავე კოდექსის მე-6 მუხლსა (საპრეზიდენტო არჩევნები დაუშვებელია დაინიშნოს კვირის ნებისმიერ დღეს) და 95-ე მუხლის პირველ პუნქტში (ნებისმიერი კვირა დღე). მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის, - არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე, ნორმის ფართო განმარტებით შესაძლებელი იყო კანონმდებლის მიზნის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური განსაზღვრულიყო ორი კვირის შემდეგ კვირა დღეს. აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად მოსარჩელემ მიუთითა საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პალატის 2006 წლის 4 აპრილის Nბს-1246-821 (კ-05) განჩინებაში ასახულ განმარტებაზე.
საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის პალატის 2006 წლის 4 აპრილის Nბს-1246-821 (კ-05) განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: „კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვითი (გრამატიკული) მნიშვნელობით ვიწრო გაგების პრინციპზე დიდი ხანია უარი თქვა იურისპრუდენციამ. იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაშია კანონის მიზანთან, სასამართლომ ნორმაშეფარდების პროცესში უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ წარმოიშობა აღნიშნული ნორმის სხვა ხერხებით განმარტების აუცილებლობა და მათ შორის, ხომ არ უნდა იმოქმედოს კანონის ობიექტური მიზნიდან გამომდინარე, სამართლით, რომელიც გამომდინარეობს არსებული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან, ამავე მართლწესრიგის ფარგლებში და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სამართლიან გადაწყვეტას“. ამავე განჩინებაში ასახულია მსჯელობა ნორმის ფართოდ განმარტების საზღვრებთან მიმართებით: „საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებლის ნამდვილი მიზნისა და მართლწესრიგის ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს იმგვარი შინაარსით, რომ ამ ნორმით განსაზღვრული შეღავათი მიეცეს მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც ჰყავს შვიდი და მეტი შვილი, რომელთა შორის არის არასრულწლოვანი. საკასაციო სასამართლო, სადავო ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, შეზღუდულია, უფრო ფართოდ განმარტოს იგი, ვინაიდან კანონმდებელი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში შვიდშვილიანი ოჯახების დახმარებაზე“.
სასამართლო საკანონმდებლო ნორმის განმარტების ფარგლების უკეთ წარმოსაჩენად მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის №ას-1101-1021-2017 განჩინებაში ასახულ მსჯელობას: „საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნეს სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ. სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. სამართლის ფუნქცია, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს, არამხოლოდ ინტერპრეტაციის გზით ხორციელდება, არამედ, ამავე დროს, წარმოადგენს კანონის გავრცობის საჭიროების შემოწმებას. გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში“.
სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ნორმა განიმარტება სიტყვასიტყვით. ნორმის სხვა ხერხით, უფრო ფართო განმარტების აუცილებლობა წარმოიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება სცდება კანონმდებლის მიზანს და წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კონსტიტუციურ მართლწესრიგთან. სადავო შემთხვევაში საქართველოს კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არჩევნების მეორე ტური არის კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ამდენად, არჩევნების მეორე ტურის, როგორც არჩევნების პროცესის შემადგენელი ნაწილის, გამართვა კონკრეტულ გარემოებაზე და ვადებზეა დამოკიდებული. ამასთან, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისაგან განსხვავებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვალდებულებაა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესისა და ვადების გათვალისწინებით. საქართველოს კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით). ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის, - არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე, ნორმის საკანონმდებლო მიზნის გასაგებად საკმარისია მისი სიტყვასიტყვითი განმარტება, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის ბოლო დღეს, ე.ი. მე-14 დღეს გულისხმობს. ნორმის ამგვარი დანაწესი წინააღმდეგობაში არ მოდის არც საკონსტიტუციო მართლწესრიგთან და არც საარჩევნო კოდექსის ზოგად სულისკვეთებასთან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა დაუშვებელია კვირის ნებისმიერ დღეს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი მჭიდროდ არის დაკავშირებული საარჩევნო პროცედურის შედეგების მიმდინარეობასთან და შედეგების გამოცხადების თარიღთან. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისათვის დადგენილი სპეციალური ნორმის გამოყენებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განსაზღვრისათვის არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის შემდგომი (ან ორი კვირის ფარგლებში) კვირა დღის განსაზღვრა წინააღმდეგობში მოვიდოდა არა მხოლოდ ამავე კოდექსის 105-ე მუხლთან, არამედ კოდექსის მე-5 მუხლის პირველ პუნქტთანაც, რომელიც საარჩევნო ვადებს კონკრეტული კალენდარული დღის განსაზღვრას უკავშირებს. უფრო მეტიც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, ნორმის ფართოდ განმარტების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების დამდგენი ნორმისათვის უპირატესობის მინიჭება, გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაუდგენელი მოქმედების განხორციელებას, რაც ასევე დაუშვებელია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას, რომელიც ნორმის ფართოდ განმარტების აუცილებლობისათვის საპრეზიდენტო არჩევნების ხასიათის გათვალისწინებით, კანონმდებლის მიზნის შესაბამისად, მეორე ტურის კენჭისყრის დღედ კვირა დღის შერჩევას გულისხმობს. მოსარჩელე აღნიშნული ნორმის ამგვარი განმარტების აუცილებლობას ხსნის საზღვარგარეთ არსებული საარჩევნო უბნების გახსნისა და საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით. სასამართლო კვლავ დაუბრუნდება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლს, რომელიც გამონაკლისი სახით მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების კვირის ნებისმიერ დღეს დანიშვნის დაუშვებლობას ადგენს, თუმცა არაფერია ნათქვამი საპარლამენტო არჩევნების დღის საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეს განსაზღვრის აუცილებლობაზე მაშინ, როცა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტების (ეს უკანასკნელი ნორმა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირებს ეხება) საფუძველზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები მონაწილეობენ ბ) საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში, თუ ისინი ხმას აძლევენ სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამავე მუხლის მე-53 პუნქტი ადგენს ასევე სამსახურებრივი მიზეზით საზღვარგარეთ მყოფ პირთა უფლებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისი შინაარსის ნორმა არსებობდა 2001 წლის საარჩევნო კოდექსში მე-83 მუხლის სახით. ამგვარ დანაწესს საარჩევნო უფლების განხოციელების ხელშემშლელ ფაქტორად არ განიხილავს 2011 წელს მიღებულ საარჩევნო კოდექსზე მომზადებული ვენეციის კომისიის დასკვნა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების კვირა დღეს დანიშვნას, ნორმა ამ შინაარსით დღეს მოქმედ საარჩევნო კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილში 2018 წლის 21 ივლისის N3269-რს კანონით შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ჩამოყალიბდა. საზღვარგარეთ მყოფი პირების მიერ საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებში სამუშაო დღეს კენჭისყრაში მონაწილეობის დაბრკოლების საყოველთაო ფაქტზე მხარეებს არ მიუთითებიათ. შესაბამისად, ის ფაქტორი, რომ არჩევნების კენჭისყრის სამუშაო დღეს გამართვა საზღვარგარეთ მცხოვრები ან/და მყოფი პირებისათვის მასიურად ხელისშემშლელი იქნება კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისათვის, რასაც შესაძლოა აეხსნა მოსარჩელისეული ნორმის ფართო განმარტების მიზნობრიობა გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნულის საპირისპიროდ, კვირის ნებისმიერ დღეს (მათ შორის კვირა დღეს) კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა გახდეს საზღვარგარეთ დასაქმებულ პირთა ცვლაში მუშაობის გრაფიკი.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებულ ნაწილში ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა(ა)იპ მ-----–-----------–-------------------------------------–------–----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე