გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
330210118002251087
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/642-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე გი------ აბ---–---

წარმომადგენელი დ------------–---–ი

მოპასუხე სს „სა---------–--------ი“

წარმომადგენელი დ-------------ლი

დავის საგანი იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარება, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შეწყვეტილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 28 მარტს გი------ აბ---–---ს და სს სა---------–--------ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები, სანოტარო აქტის რეგისტრაციის ნომრით #--------5, #---------, #1-------5.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლები, სანოტარო რეგისტრაციის ნომრით #---------------------------------.

 

სარჩელი მიხედვით, 2013 წლის 20 ივნისს გი------ აბ---–---ს და სს სა---------–--------ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. გარიგებით ბანკი თანხმობას აცხადებდა გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ლიმიტით. ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებებიც.

 

2013 წლის 21 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #---------, რომლის თანახმად კრედიტის თანხას წარმოადგენდა 133 000 აშშ დოლარი.

 

2014 წლის 28 მარტს მხარეებს შორის არასანოტარო ფორმით გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება G------------- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხას წარმოადგენდა 148 800 აშშ დოლარი, რომელიც გაიცა წინა კრედიტის რეფინანსირების მიზნობრიობით და რომლითაც სრულად გადაიფარა მანამდე არსებული დავალიანება. ამავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები სანოტარო აქტის სახით, რომელთა მიხედვით საბანკო მომსახურების ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკარის სასარგებლოდ მეორე რიგის იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის ქონებები.

 

2015 წლის 18 ივნისს მხარეებს შორის მესამედ გაფორმდა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის თანხამ შეადგინა 135 340 აშშ დოლარი, გარიგება სანოტარო წესით არ გაფორმებულა. აღნიშნული თანხით სრულად დაიფარა წინა ვალდებულება და შედგა დამოუკიდებელი გრაფიკი, რომელიც მოსარჩელის გადმოცემით დაირღვა და გადახდილი იქნა მხოლოდ 44 607 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 22 ნოემბერს კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცლები, აღსასრულებელ დოკუმენტებს წარმოადგენენ 2014 წელს სანოტარო აქტის სახით დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები #----------------------------------- ჯამური დავალიანებაა 141 061 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, პირველ შემთხვევაში სესხად მიიღო 133 000 აშშ დოლარი, 2014 წელს აღებული 148 800 აშშ დოლარით გადაიფარა 2013 წელს აღებული სესხი სრულად, ხოლო 2015 წელს აღებული 134 340 აშშ დოლარით გადაიფარა 2014 წელს აღებული კრედიტი. აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ მოპასუხე მხოლოდ 2015 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვს დავალიანების დაფარვას. ამდენად, 2015 წელს აღებული სესხით სრულად შესრულდა მანამდე აღებული ვალდებულებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდამდე ბანკთან არსებული ყველა ვალდებულება შეწყდა შესრულებით. ხოლო შესასრულებელ ვალდებულებად დარჩა მხოლოდ 134 340 აშშ დოლარი.

 

საკრედიტო ლიმიტი, რომელსაც უზრუნველყოფდა სხვადასხვა ქონება, თითქმის ამოიწურა პირველი ორი სესხის გაცემის დროს. ბოლო სესხი, რომელიც გაიცა 2015 წელს და რომელმაც გადაფარა მანამდე არსებული დავალიანებები შეადგენდა 134 340 აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ მიღებული საკრედიტო თანხების გათვალისწინებით მხარეებმა გადააჭარბეს გენერალური ხელშეკრულებით შეთანხმებულ 300 000 აშშ დოლარიან ლიმიტს. შესაბამისად ბოლო სესხი ვერ იქნება საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული და მასზე ვერ გავრცელდება საკრედიტო ხაზისთვის განკუთვნილი ვერც ერთი უზრუნველყოფა, მათ შორის ვერც იპოთეკები, რაც არ ნიშნავს, რომ ვალდებულება არარსებობს. არსებობს, თუმცა არაუზრუნველყოფილი ფორმით. ამდენად, მოპასუხის მოთხოვნა არაუზრუნველყოფილი სესხის დაფარვის მიზნით ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის ნაწილში უკანონოა.

 

მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გამოსცა იმ დოკუმენტების აღსასრულებლად, რომელიც სანოტარო წესით დამოწმებული იქნა ნოტარიუს ნინო გვაზავას მიერ 2014 წლის 28 მარტს. მხარეებს შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებულ გენერალურ ხელშეკრულებაში და არც მას შემდეგ დადებულ სესხის ხელშეკრულებებში არ მომხდარა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლება ექნებოდა ნოტარიუსს. ასეთი ჩანაწერის შემთხვევაშიც ისინი სანოტარო წესით დამოწმებული არ ყოფილა, შესაბამისად ნოტარიუსი მაინც არ იყო უფლებამოსილი გაეცა სააღსრულებო ფურცელი. ასევე საგულისხმოა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება არ განსაზღვრას მოთხოვნას და იგი წარმოადგენს მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

 

რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს, რომ მხარეებს განემარტათ სააღსრულებო ფურცლის ინსტიტუტის შესახებ, მას მნიშვნელობა ექნებოდა იმ შემთხვევაში თუ სესხის გენერალურ ხელშეკრულებაში ან სესხის კონკრეტული ტრანშის ხელშეკრულებაში აღინიშნებოდა სათანადო მითითება. გარდა ამისა, არც იპოთეკის ხელშეკრულების ჩანაწერიდან ირკვევა რა შემთხვევაში ექნებოდა კრედიტორს უფლება მიეღო სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, ამგვარი ბუნდოვანი ჩანაწერი არ უნდა გამხდარიყო მისი გაცემის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 სს „სა---------–--------მა“ წერილობით წარმოდგენელი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტების ჩამოყალიბებისას განმარტა, რომ 2014 წელს გაფორმდა ახალი იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელიც უზრუნველყოფს 2014-2015 წლების სესხის ხელშეკრულებებს. ლიმიტის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია და მისი ათვლა ახალი გარიგებიდან გამომდინარე დაიწყო თავიდან. მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის ნაწილშიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 20 ივნისს გი------ აბ---–---ს და სს „სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #G--------, რომლის თანახმად კლიენტს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში. წლიური სარგებელი განისაზღვრა 0-48 პროცენტამდე, საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადაა 300 თვე.

 

4.1.6. # G-------- საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 4.1.6 პუნქტის შინაარსით ხელშეკრულების 4.1 მუხლის შესაბამისად დადებულ იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებებზე და მათთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე სრულად გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 24-29)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 30-32)

 

3.1.2. 2013 წლის 21 ივნისს გი------ აბ---–---ს და სს „სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #G---------ის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #---------, რომლის თანახმად კრედიტის თანხას წარმოადგენდა 133 000 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადაა 72 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11%.

 

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია იმავე მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებული საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #G---------ის 4.1 მუხლის საფუძველზე და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #G---------ის ყველა პირობა და მისი 4.1.6 პუნქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება აღარ აწესრიგებს იმ პირობებს, რაც მოცემულია თავდაპირველ გარიგებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #--------- (ს.ფ 33-34)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 35-36)

 

3.1.3. 2014 წლის 28 მარტს გი------ აბ---–---ს და სს „სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება #---------ის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #S--------, რომლითაც კრედიტის თანხა განისაზღვრა 148 800 აშშ დოლარით. ხელშეკრულება დაიდო კრედიტის რეფინანსირების მიზნით.

 

გარიგების 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია იმავე მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ #G-------- ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე, საკრედიტო მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. მასზე სრულად ვრცელდება საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #G---------ის ყველა პირობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #S-------- (ს.ფ 37-38)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 39-40)

 

3.1.4. 2014 წლის 28 მარტს გი------ აბ---–---ს და სს „სა---------–--------ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, სანოტარო აქტის რეგისტრაციის შემდეგი ნომრებით: #--------5, #---------, #1-------5.

 

გარიგებების მიხედვით იპოთეკარსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ (იპო+) და მის ფარგლებში მოქმედი 4.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მესაკუთრე იპოთეკარის სასარგებლოდ ტვირთავს შემდეგ უძრავ ქონებებს: საკადასტრო კოდი #------------------------- (მესაკუთრე გი------ აბ---–---) საკადასტრო კოდი #------------------- (მესაკუთრე რ-------------–---–ი); საკადასტრო კოდით #------------ (მესაკუთრე გი------ აბ---–---);

 

იპოთეკის ხელშეკრულებ(ებ)ის 4.1 პუნქტის მიხედვით, იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია მოთხოვნა, წარმოშობილი 4.2 პუნქტში აღწერილი საბანკო მომსახურების შესახებ (იპო+) ხელშეკრულებიდან. ასევე მის ფარგლებში მოქმედი გარიგებებიდან. უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველია 2013 წლის 20 ივნისის იპოთეკური კრედიტის გენერალური ხელშეკრულება, 300 000 აშშ დოლარის ლიმიტით.

 

ხელშეკრულების 15.1 პუნქტის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ მათ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს მის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულებები, მინდობილობა, საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ 41-66)

 

3.1.5. 2015 წლის 18 ივნისს გი------ აბ---–---ს და სს „სა---------–--------ს“ შორის დაიდო საბანკო მომსახურების შესახებ #G-------- ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #---------, რომლის თანახმად კრედიტის თანხას წარმოადგენდა 135 340 აშშ დოლარი, კრედიტის მოქმედების ვადა 120.3 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.6%.

 

გარიგების 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია იმავე მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ #G-------- ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. მასზე სრულად ვრცელდება საბანკო მომსახურების შესახებ #G-------- ხელშეკრულების ყველა პირობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #--------- (ს.ფ 67-68)

- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ 69-72)

 

3.1.6. უდავოა, რომ გი------ აბ---–---ს 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის #--------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 135340 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ სრულყოფილად შესრულებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ 73)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 22 ნოემბერს კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლები, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის შემდეგი ნომრებით: #---------------------------------.

 

სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე აღსასრულებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2014 წლის 28 მარტს ნოტარიუს ნინო გვაზავას მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებები #SA---------------------------------

 

სააღსრულებო ფურცლების მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მესაკუთრეები გი------ აბ---–--- და რევაზ ვარდიაშვილი) სარეალიზაციოდ მიექცა 2015 წლის 18 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის #--------- ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკრედიტო ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცლები (ს.ფ 74-79)

 

3.2.2. 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე მოვალის მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, სადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 141 061.41 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 80-83)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ აბ---–---ს სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31, 427-ე, 867-ე მუხლები; ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლები; "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 72-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. გი------ აბ---–---ს პირველი სასარჩელო მოთხოვნაა: შეწყვეტილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 28 მარტს გი------ აბ---–---ს და სს სა---------–--------ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები, შემდეგი სანოტარო აქტთა რეგისტრაციის ნომრებით #--------5, #---------, #1-------5. მოთხოვნის დაკამაყოფილების საფუძვლად მოსარჩელე ასახელებს 2013-2014 წლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება გი------ აბ---–---ს სრულად არ შეუსრულებია.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების და 2015 წლის 18 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.1 პუნქტზე, რომლის შინაარსით იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ამავე მხარეთა შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ #G-------- ხელშეკრულების 4.1 მუხლის საფუძველზე და მისი განუყოფელი, შემადგენელი ნაწილია.

 

უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებათა შინაარსი, რომლის ანალიზის საფუძველზე დავასკვნით, რომ იპოთეკის ხელშეკრულებები უზრუნველყოფენ 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების და მის საფუძველზე შედგენილი გარიგებებიდან წარმოშობის ფულად ვალდებულებებს. დასახელებული მოსაზრება გადმოცემულია იპოთეკის ხელშეკრულებათა 4.2 პუნქტში.

 

2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებულია 2013 წლის 20 ივნისის გარიგების ფარგლებში და მის შემადგენელ ნაწილსაც წარმოადგენს, აქედან გამომდინარე უდავოა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილია 2015 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 135340 აშშ დოლარის მოცულობით გაცემული კრედიტი.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტი საბანკო კრედიტის მრავალჯერადი გაცემის შედეგად ამოწურულია და 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა 2013 წლის 20 ივნისის გარიგებით დადგენილი საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემულ ვალდებულებად არ უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულება იპოთეკით უზრუნველყოფილი არაა.

 

განსახილველი საკითხის კვლევის ფარგლებში აუცილებელია შევეხოთ და გავაანალიზოთ საკრედიტო ხაზის, ეგრედ წოდებული „საკკრედიტო ლიმიტის“ მცნება და შინაარსი.

 

საბანკო მომსახურების სფეროში, საკრედიტო ლიმიტი არის ბანკის მიერ კონკრეტული მომხმარებლისთვის დამტკიცებული სასესხო ფონდებზე წვდომის მაქსიმალური მოცულობა, რომელიც დაფუძნებულია მსესხებლის ფინანსურ პოტენციალსა და სამომავლო საჭიროებებზე.

 

საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება საკრედიტო ლიმიტიც, როგორც წესი გრძელვადიან გარიგებათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი მიზანია მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურების დაცვით, ოპერატიულად უზრუნველყოს მსესხებლის საკრედიტო მოთხოვნები.

 

ხელშეკრულების გრძელვადიანი ხასიათი გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ საბანკო კრედიტის მიღების მსურველი სუბიექტი ცალკეული თანხის მიღებისას დამატებით აღარ გადის კრედიტის გაცემისთვის აუცულებელ რთულ პროცედურებს და საბანკო დაწესებულების მხრიდან დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში გამარტივებული წესებით იღებს ფულად რესურსს.

 

საკრედიტო ხაზის მნიშვნელოვანი თავისებურებაა, რომ ვადის ამოწურვამდე თავისუფალი სახსრების არსებობის შემთხვევაში კრედიტის მიმღები შეუზღუდავად ფარავს და საჭიროების შემთხვევაში ისევ ითვისებს ძირითად თანხას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების მიზანს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის და მეწარმე სუბიექტისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს, რომელიც ფულადი კაპიტალის ეფექტურად და დროულად ხელმისაწვდომობაში გამოიხატება.

 

საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში ბანკი უფლებამოსილია მრავალჯერადად გასცეს საბანკო კრედიტი ერთი მნიშვნელოვანი დათქმის გათვალისწინებით: ერთდროულად გაცემული საკრედიტო რესურსის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ ზღვრულ დანაწესს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მხარეს ერთდროულად 300 000 აშშ დოლარზე მეტი თანხა არ მიუღია და სასამართლოს დასკვნით საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული ლიმიტის გადაჭარბებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 18 ივნისის იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია და შესაბამისად არ არსებობს სარჩელში დასახელებული იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარების წინაპირობები.

 

6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ 2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული #--------------------------------- სანოტარო ნომრით რეგისტრირებული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

ამავე კანონის მე-40 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. სხვა მონაცემთა შორის უნდა შეიცავდეს, მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ;

"სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ (შემდეგში ნოტარიუსთა ინსტრუქცია) 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ სანოტარო აქტის აღსასრულებლად, რომლის საფუძველზე დადგენილი ვალდებულების აღსრულება, კანონმდებლობის შესაბამისად, დაიშვება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე და არ არის გასული ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა.

2017 წლის 22 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლები შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა რეკვიზიტს, მასში აღნიშნულია, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ერთ ერთი საფუძველია 2014 წლის 28 მარტს შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულებები. დასახელებული გარემოება მეტყველებს მასზედ, რომ მხარეთა მხრიდან ზედმიწევნით ზუსტადაა დაცული სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა გარიგების სანოტარო წესით დადასტურების შესახებ.

 

ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებების 15.1 პუნქტით მხარეები ადასტურებენ, რომ ნოტარიუსისგან მიიღეს ჯეროვანი განმარტება ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის (მისი არსისა და ძირითადი პრინციპების) შესახებ და მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი შეცვლის სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ექნება სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლო საქმისწარმოების გარეშე მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მიიღოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოთხოვნის დაკმაყოფილების აღსრულების პროცესი დაიწყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხემ მართებულად გამოიყენა მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლება მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ნოტარიუსმა კანონიერად, შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრების საფუძველზე, გასცა სააღსრულებო ფურცელი და არ არსებობს გი------ აბ---–---ს მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც გასაჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ გაცემული #------------------------------------ სააღსრულებო ფურცლების მოქმედება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გი------ აბ---–---ს სასარჩელო მოთხოვნები #--------5, #---------, #1-------5 სარეგისტრაციო ნომრით აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარებისა და #--------------------------------- სარეგისტრაციო ნომრით აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია სრულად.

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ირმა შარვაძის მიერ გაცემული #------------------------------------ სააღსრულებო ფურცლების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე