გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
080210017001802864
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/346-17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე, ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს ”ს----------–--------ი”

წარმომადგენელი - გ------- ც------, ჯ---- ტ--–----ე

მოპასუხე- ჟ--- ქ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს სს ”ს----------–--------ის” სასარგებლოდ 4595.07 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3735.64 ლარი, სარგებელი -524.47 ლარი, პირგასამტეხლო - 334.96 ლარი.

1.2. ჟ--- ქ-------ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული სარგებლის გადახდა 3.14 ლარის ოდენობით (3735.64 . 30.70%: 365=3.14);

1.3. ჟ--- ქ-------ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სესხზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა 18.68 ლარის ოდენობით (3735.64 .182.50%:365=18.68)

1.4. ჟ--- ქ-------ეს სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის -100 ლარის და სახბაჟის სახით გადახდილი 857.64 ლარის გადახდა.

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები)

 

დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, 2016 წლის 29 თებერვალს სს ,,ს----------–--------ს’’ და ჟ--- ქ-------ეს შორის გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #3891771, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 3860 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 30.70%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 4595.07 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა-3735.64 ლარი, სარგებელი-524.47 ლარი, პირგასამტეხლო -334.96 ლარი. ხოლო გამარტივებული წარმოებისას მოპასუხემ წარადგინა პროტესტი, რაც ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.

 

მოსარჩელე მოითხოვა მოთხოვნების დაკმაყოფილება დაზუსტებული სარჩელის მიხედვით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ წარმოდგენილი შესაგებლით და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირითადი დავალიანება 3735.64 ლარი ყოველგვარი პირგასამტეხლოს და საკომისიოს გარეშე, რადგან ისინი შეუსაბამოდ მაღალია. რის გამოც მოსარჩელის სხვა მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა შესაგებელში აღნიშნული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ თანხის გამოტანა გამოწვეული იყო მეუღლის მძიმე ავადმყოფობით, რომელიც დღესაც საწოლს არის მიჯაჭვული და მისი მკურნალობისათვის სოლიდური თანხებია საჭირო. მას აქვს სხვა ბანკებშიც საკრედიტო ვალდებულებები და ძირითადი თანხის მეტის გადახდას ვერ შეძლებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 29 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა“ და ჟ--- ქ-------ეს შორის გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #3891771, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 3800 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელის 30.70%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი (ს/ფ 16),- მხარეთა ახსნა-განმარტება,- საკრედიტო ხელშეკრულება # 3891771 (ს/ფ 17-21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა წლიური საპროცენტო სარგებლის 30.70%-ის და პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის დაკისრების საფუძვლიანობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი ს/ფ 48-61, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით ჟ--- ქ------ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 4595.07 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3735.64 ლარი, სარგებელი - 524.47 ლარი, პირგასამტეხლო - 334.96 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სს ”ს----------–--------ის ” მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 25),- გადახდების ისტორია (ს/ფ 26-27)

 

3.2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში კი, ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისათვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დაზუსტებული სარჩელი (ს/ფ 106-121),- მოსარჩელის ახსნა - განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი)

 

3.2.4. 2016 წლის 29 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, აღსრულებამდე დარიცხული სარგებელი ყოველდღიურად შეადგენს 3.14 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 20-21),- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს/ფ 22).

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ გადაიხადა სესხის თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. ბანკმა წერილობით მიმართა და განუმარტა მოპასუხეს, რომ სრულად და ჯეროვნად დაეფარა საკრედიტო დავალიანება, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია მოპასუხის მხრიდან.

 

2016 წლის 27 ოქტომბრის სს „ს----------–--------ის“ განცხადებით ჟ--- ქ-------ის მიმართ, აღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი იქნა ბანკისათვის მიუღებელი განცხადება მორიგების შესახებ, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის საფუძველზე გახდა ბრძანებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება,- საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი (ს/ფ 28),- გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ს/ფ 29).

 

3.2.3. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 4595.07 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 3735.64 ლარი, სარგებელი - 524.47 ლარი, პირგასამტეხლო - 334.96 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება,- ცნობა დავალიანების შესახებ (ს/ფ 25).

 

3.2.4. მოპასუხე მხარის მიერ არ სრულდება ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ ხდება საკრედიტო თანხის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან (ს/ფ 26-7).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საკრედიტო ხელშეკრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი საპროცენტო სარგებელთან ერთად.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, 2016 წლის 29 თებერვალს სს ,,ს----------–--------სა“ და ჟ--- ქ-------ეს შორის გაფორმდა სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება #3891771, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 3800 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელის 30.70%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, მაგრამ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ გადაიხადა თანხა შეთანხმებულ ვადაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს, ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად - კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელე სს ,,ს----------–--------სა’’ და მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს შორის 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3860 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30.70%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2018 წლის 02 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 02 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5% ყოველ ვაგადაგადაცილებულ დღეზე.

 

ჟ--- ქ------ემ ჯეროვნად ვერ შეასრულა სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი პროცენტის ანაზღაურება.

 

საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა სარგებელი 30.70%-ი, კრედიტის ვადა -36 თვე, 2018 წლის სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 02 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არამხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ჟ--- ქ-------ემ ვალდებულება დაარღვია, რის გამოც მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის თანხის 524.47 ლარის გადახდა. რასაც სს ,,ს----------–--------ი" მიიღებდა მოგების სახით მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

 

6.5. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა ჯარიმამ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 334.96 ლარი.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. იგი მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, ვერ მიენიჭება მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქცია, მისი დაკისრება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას და არა დარღვეული უფლების აღდგენას, რაც საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 0.5%-ს ნაცვლად 0,05% ანუ 334.96 ლარის ნაცვლად 33.50 ლარი.

 

6.8. ასევე მოპასუხე მოსარჩელის სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიური პროცენტის 3.14 ლარის ანაზღაურება დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 25 ივნისიდან ძირ თანხაზე - 3735.64 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის'' სასარგებლოდ 4293.61 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3735.64 ლარი, სარგებელი - 524.47 ლარი, პირგასამტეხლო - 33.50 ლარი. ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე 301.46 ლარის ნაწილში.

ასევე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველდღიური პროცენტის - 3.14 ლარის ანაზღაურება დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 25 ივნისიდან, ძირ თანხაზე - 3735.64 ლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარება მოსარჩელის მოთხოვნა დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 25 ივნისიდან ძირ თანხაზე - 3735.64 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ძირი თანხის 0.05%, რაც ყოველდღიურად ნაცვლად 18.68 ლარისა შეადგენს 1.87 ლარს.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი იქნა -100 ლარი, ხოლო სარჩელზე და დაზუსტებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით - 716.79ლარი+140.85 ლარი, სულ 857.64 ლარი.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი 100 ლარის და სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 181.32 ლარის ანაზღაურება, 112.07 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახბიუჯეტიდან, ხოლო 561.25 ლარი დარჩეს ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ”ს----------–--------ის” დაზუსტებული სარჩელი ჟ--- ქ-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 4293,61 ლარის გადახდა, საიდანაც 3735.64 ლარი არის ძირი თანხა, 524.47 ლარი არის სარგებელი, ხოლო 33.50 ლარი არის პირგასამტეხლო;

 

1.2. მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის, ყოველდღიურად 3,14 ლარის ანაზღაურება;

 

1.3. მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაზუსტებული სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 25 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.05%, თანხით 1,87 ლარის ანაზღაურება;

 

2. მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის ანაზღაურება;

 

2.1 მოპასუხე ჟ--- ქ-------ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 181,32 ანაზღაურება;

 

2.2. მოსარჩელის სს ,,ს----------–--------ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 561,25 დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

2.3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 112,07 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: გადახდის თარიღი 13/02/2017 წ, საგადასახადო დავალება №373, გადამხდელის ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“ BAGAGE22, მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე