გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23911-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’
წარმომადგენელი - ლ---------------–--, ნ-------------ე
მოპასუხე - ბ------------ე
წარმომადგენელი - ქ-------------ე, პ-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს ბ------------ეს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’- ს სასარგებლოდ 4 850.22 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2018 წლის 05 ივლისს თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გულუას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ბ------------ემ, რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას სახელმწიფო ნომრით AA915AW, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებით, რასაც მოჰყვა შეჯახება ,,ბიუკი’’-ს მარკის ავტოსატრანსპოტო საშუალებასთან (სახელმწიფო ნომრით ZO111MA), რომელიც დაზღვეული იყო სს ,,ს--------------------------------------–-----ში’’.
საპატრულო პოლიციის 2018 წლის 05 ივლისის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით Nემ 347816 დამრღვევ მძღოლად ცნობილია ბ------------ე.
დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარედგინა შპს ,,ავტოექსპერტიზა’’-ს, რომლის დეფექტური აქტის თანახმად მოხდა ავტომობილის შესწავლა, დადგინდა უშუალოდ შეჯახების შედეგად არსებული დაზიანებები და მოხდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათვის საჭირო საბაზრო ღირებულების განსაზღვრამ რამაც შეადგინა 4 833 ლარი, რაც შეფასების დროს (2018 წლის 13 ივლისი) არსებული ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 1 981 აშშ დოლარს, ხოლო სერვის ცენტრისათვის ამ თანხის გადახდის დღეს (2018 წლის 18 ივლისი) არსებული ოფიციალური კურსის თანხმად შეადგენდა 4 850.22 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სწორედ აღნიშნული ოდენობით თანხის გადახდა.
2.1. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე ბ------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არსებობს შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს მიერ სხვადასხვა თარიღში - 2018 წლის 12 ივლისს და 2018 წლის 13 ივლისს შედგენილი დეფექტური აქტები, რომლებშიც მითითებული თანხების ოდენობა განსხვავდება ერთმანეთისგან. მოპასუხის განმარტებით, ადგილზე გადაღებულია იმ დაზიანების ამსახველი ფოტო სურათები, რომელიც მიადგა დაზიანებულ ავტომობილს. ფოტოებზე დაფიქსირებული დაზიანებები და დეფექტური აქტებით გამოვლენილი დაზიანებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 ოქტომბერს სს ,,ს--------------------------------------–-----ი’’-ს მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი #MI 166342/17, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა მოდელი - ,,Buick ENCORE’’, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA. აღნიშნული სადაზღვევო პოლისის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი(ს.ფ.21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2018 წლის 05 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთმანეთს შეეჯახნენ ,,ტოიოტა’’-ს ფირმის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით AA915AW) რომელსაც მართავდა ბ------------ე და ავტოსატრანსპორტო საშუალება მარკა მოდელი - ,,Buick ENCORE’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სქემა, ახსნა-განმარტებები (ს.ფ.18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2018 წლის 05 ივლისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა ბ------------ე, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ელექტრონული ქვითარი (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 05 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მარკა მოდელი - ,,Buick ENCORE’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ შპს ,,ავტოექსპერტიზისათვის’’ გადახდილია 4 850.22 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება (ს.ფ.25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს 2018 წლის 13 ივლისის შეფასებით, 2018 წლის 05 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ,,Buick ENCORE’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA) მიყენებული ზიანის (დაზიანებული დეტალების ჩამონათვალის და შესასრულებელი სამუშაოს ჯამი) ოდენობა შეადგენს 4 833 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეფასება (ს.ფ. 21-24);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 820-ე, 821-ე, 832-ე, 992-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
ამავე კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის’’ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).
შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც დაზღვეულს აუნაზღაურა მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანი, გააჩნია მოთხოვნის უფლება მესამე პირის მიმართ, ამასთან, მესამე პირის ვალდებულება არ არის ავტომატურად, რეგრესის წესით აანაზღაუროს სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, არამედ მესამე პირის ვალდებულება გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ,,ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს’’; ,,არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია’’. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხე ბ------------ემ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობას.
მოპასუხის განმარტებით, შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს მიერ სხვადასხვა თარიღში გაცემულია სხვადასხვა შეფასება დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზიანის ოდენობასთან მიმართებით. დადგენილია, რომ შპს ,,ავტოექსპერტიზი’’-ს 2018 წლის 13 ივლისის შეფასებით, 2018 წლის 05 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ,,Buick ENCORE’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA) მიყენებული ზიანის (დაზიანებული დეტალების ჩამონათვალის და შესასრულებელი სამუშაოს ჯამი) ოდენობა შეადგენს 4 833 ლარს. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა არ განაპირობებს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით ზიანის უპირობოდ დაკისრებას, მოპასუხის მიერ ზიანის ოდენობის შედავებისას. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შედავებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ განახორციელა შედავება ზიანის ოდენობის კუთხით. მას წარმოდგენილი აქვს ამავე კომპანიის მიერ 2018 წლის 12 ივლისს წარმოდგენილი შეფასება, რომლის თანახმადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ,,Buick ENCORE’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით - ZO111MA) მიყენებული ზიანის (დაზიანებული დეტალების ჩამონათვალის და შესასრულებელი სამუშაოს ჯამი) ოდენობა შეადგენს 4 114 ლარს (ს.ფ. 47). აღნიშნული მტკიცებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასებისას, სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი განსხვავებით მოსარჩელის მიერ მითითებული მტკიცებულებისა (ს.ფ. 22), არ არის ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და არ არის სათანადო ბეჭდით დამოწმებული. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებას არ განიხილავს სადავო ფაქტობრივი გარემოების - ზიანის ოდენობის დასადგენად რელევანტურ მტკიცებულებას, თუმცა იგი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობის შედავების ფარგლებში მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ადეკვატურ მტკიცებულებას, ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნული შედავების განხორციელება შეეძლო არა უცილობლად რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენით (ალტერნატიული შეფასება და სხვა), არამედ მას ზიანის ოდენობაში შედავება შეუძლია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სადავოდ მიჩნევის ფარგლებშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავებიდან გამომდინარეობს, რომ მისი მითითებით მიყენებული ზიანის ოდენობაა - 4 114 ლარი. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად, და ვერ დაადასტურა, რომ ზუსტად იმ ოდენობის ზიანი მიადგა ავტომობილს რაც მან მიუთითა, შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული მოცულობა - 4 114 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
ყოველივე აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 4 114 ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 146 ლარი (ს.ფ. 30). ვინაიდან ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 123.42 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 22.58 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც, არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სადაზღვევო კომპანია კი პი აი ჰოლდინგი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ბ------------ეს სს ,,სადაზღვევო კომპანია კი პი აი ჰოლდინგი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4 114 ლარის გადახდა;
2. ბ------------ეს სს ,,სადაზღვევო კომპანია კი პი აი ჰოლდინგი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 123.42 ლარის ანაზღაურება;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 22.58 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. მოსარჩელის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია