გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002585693
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23890-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე ბ------------ა

წარმომადგენელი მ--------------–--, მ--------–---–ი (ადვოკატი)

მოპასუხე ლ-----------------ა

წარმომადგენლი ნ------–--–--–---–ი

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საქმე №2ბ/1950-17 განჩინებით, ბ------------ასათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 300 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------ს სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 10 აგვისტოდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 28 სექტემბრის თბილისის სააპელაციო სასამართოს განჩინებით, მოსარჩელეს არასრულწლოვანი შვილის, მ--–---------------ს სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის უმუშევარი, არ აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება და არც ავტომანქანა. ცხოვრობს ბებიამისის საკუთრებაში არსებულ ბინაში. არ გააჩნია არანაირი შემოსავალი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ლ-----------------ამ სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შეცვლილა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა. სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხდა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. შესაბამისად, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების კანონით განსაზღვრული ფაქტობრივი წინაპირობები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ბ------------ას და ლ-----------------ას შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე N2/24443-15 (ს.ფ. 13-30).

3.1.2. ბ------------ა და ლ-----------------ა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად მისამართზე, უკრაინა, ქ--------–-----------------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება, საქმე №2ბ/1950-17 (ს.ფ. 31-51);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის N2/24443-15 გადაწყვეტილებით, ბ------------ას დაეკისრა არასრუწლოვნი შვილის, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 26 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის N2/24443-15 გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხე ბ------------ას დაეკისრა მოსარჩელე ლ-----------------ას სასარგებლოდ, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------სათვის, ალიმენტის (შემცირებული სახით), ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა (ნაცვლად 700 ლარისა) სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 26 ნოემბრიდან).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე N2/24443-15 (ს.ფ. 13-30);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინება, საქმე №2ბ/1950-17 (ს.ფ. 31-51).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ბ------------ას არანაირი შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინფორმაცია (ს.ფ. 75).

 

3.2.2. ბ------------ა კონცერტებს აწყობს საზღვარგარეთ და საქართველოს სხვადასხვა რაიონში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფოტოსურათები(ს.ფ. 109-117).

 

3.2.3. ბ------------ას საკუთრებაში ერიცხება უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, გ-–-----------------------------------------------------–---------–---------, სართული 10, ფართი 78კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 121-134).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები;

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ------------ასა და ლ-----------------ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------. მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ლ-----------------ა ცხოვრობს მცირეწლოვან მ--–---------------სთან ერთად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის N2/24443-15 გადაწყვეტილებით, ბ------------ას დაეკისრა არასრუწლოვნი შვილის, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------ს სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2015 წლის 26 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის N2/24443-15 გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხე ბ------------ას დაეკისრა მოსარჩელე ლ-----------------ას სასარგებლოდ, 2015 წლის 0------------–ს დაბადებული მ--–---------------სათვის, ალიმენტის (შემცირებული სახით), ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა (ნაცვლად 700 ლარისა) სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 26 ნოემბრიდან).

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მ--–--------------- წარმოადგენს არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს დედასთან, ლ-----------------ასთან ერთად.

 

მოპასუხე ლ-----------------ა არ იმყოფება ქორწინებაში. იგი დაკავებულია არასრულწლოვანი შვილის აღზრდით და დასაქმებულია.

 

მოსარჩელე ბ------------ას არ აქვს სისტემატური და ნორმალური მამა-შვილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, მ--–---------------სთან.

 

შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის გადაწყვეტილებით განსაზღვრის შემდეგ არ შეცვლილა მოსარჩელე ბ------------ას მატერიალური მდგომარეობა.

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.

 

ამდენად, მხარემ ვერ შესძლო დადასტურება იმ გარემოებისა, რომ გადაწყვეტილებით ალიმენტის დადგენის შემდეგ გაუარესდა მისი მდგომარეობა (როგორც მატერიალური ისე ოჯახური) და აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სასამართლომ აღნიშნული ოდენობა მიიჩნია გონივრულად და სამართლიანად 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე. მას შემდეგ, არ მომხდარა ალიმენტის გადამხდელი პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმგვარი ცვლილება, რაც მოსარჩელე მხარის მიერ არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის უუნარობაზე მიუთითებდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ცვლილებები მოსარჩელე მხარესთან მიმართებით, არ დადასტურდა.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, იმ ფონზე, როდესაც შეცვლილი არ არის ბ------------ას მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, შესაძლებელია შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოპასუხე ლ-----------------ა თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი მ--–---------------ს რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მ--–---------------ს აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 80 (ოთხმოცი) ლარი, მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, მით უფრო, რომ არ შეცვლილა ბ------------ას მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა ზურაბ მორჩილაძეს არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ არ შეცვლილა ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობა, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ბ------------ას მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარის. (ს.ფ. 65) შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-855-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბ------------ას უარი ეთქვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის საქმე №2ბ/1950-17 განჩინებით, მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 300 ლარის შემცირებაზე, არასრულწლოვანი შვილის, მ--–---------------ს სასარგებლოდ;

3. ბ------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა