გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/686-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შპს ,,ე--------”
წარმომადგენელი - ზ-------------–---ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი
მესამე პირი - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულება ,,შპს ,,ე--------“-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით. მესამე პირს საქმეზე არც შესაგებელი წარმოუდგენია.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (N-----------) სამშენებლო მასალებისა და დამხმარე სამშენებლო მასალების (C----------) სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გაეკეთებინა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დოკუმენტაცია (ს.ფ.119).
4.1.2. შემსყიდველი ორგანიზაციის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი შეტყობინების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 23 ოქტომრის N2 სხდომის ოქმით, შპს „ე--------“ გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, მას დაევალა ფასების ცხრილის დაზუსტება სამი სამუშაო დღის ვადაში (2017 წლის 26 ოქტომბერი). ამასთან, იგი მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად ხუთი სამუშაო დღის ვადაში (2017 წლის 30 ოქტომბერი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სატენდერო კომისიის 2017 წლის 23 ოქტომბრის N2 სხდომის ოქმი (ს.ფ.110-111);
4.1.3. დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 23 ოქტომბერს N0------ წერილით მიმართა შპს „ე--------“-ის დირექტორს გ-------------ეს იმის თაობაზე, რომ სატენდერო კომისიამ განიხილა შპს „ე--------“-ის მიერ წარდგენლი ტექნიკური დოკუმენტაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავის სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (N-----------), ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში აეტვირთა შემოთავაზებული ფასის 39000 (ოცდაცხრამეტი ათასი) დაზუსტებული ფასების ცხრილი არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილი N0------ (ს.ფ. 112)
4.1.4. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის N3 სხდომის ოქმის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა არ დააზუსტა ხარჯთაღრიცხვა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველძე, შპს „ე--------“-ს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის N3 სხდომის ოქმი (ს.ფ. 113-114).
4.1.5. დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 30 ოქტომბრის N0------ წერილით მიმართა შპს „ე--------“-ის დირექტორს გ-------------ეს, რომლითაც ეცნობა შპს „ე--------“-ის დისკვალიფიკაციის შესახებ, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N0------ წერილი (ს.ფ.115)
4.1.6. დადგენილია ასევე, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 7 ნოემბრის N0------ წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს, „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების შესაბამისად, შპს „ე--------“-ის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 7 ნოემბრის N0------ წერილი (ს.ფ. 95).
4.1.7. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, 2017 წლის 13 ნოემბერს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შპს „ე--------“-ს აცნობა, რომ მათთან წარდგენილი იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 7 ნოემბრის N0------ წერილობითი შეტყობინება, რომლითაც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა N----------- ელექნტრონული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის - შპს „ე--------“-ის დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო. ამასთან, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენოს თავჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესიის და პირობების’’ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტომ შპს „ე--------“-ს განუსაზღვრა დრო, არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში განმარტების წარსადგენად. ამავე წერილით განიმარტა, რომ აღნიშნული წერილი და შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება ადრესატს გაეგზავნებოდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 13 ნოემბრის N4--- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 94).
4.1.8. დადგენილია ასევე, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულებით შპს ,,ე--------“ 2018 წლის 5 იანვარს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულების:
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულება (ს.ფ.91-93).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ე--------”-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრისს №-- განკარგულება ,,შპს ,,ე--------”-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე“, რომლის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესი შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.
სასამართლო ასევე მიუთითებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-161 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ამასთან, სასამართლო მოიხმობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესს“, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია, ყოველი კონკრეტული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 31-ე მუხლის მიხედვით, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. ამავე მუხლის მე-6 ქვეპუნქტის თანახმად, თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი (N-----------) სამშენებლო მასალებისა და დამხმარე სამშენებლო მასალების (C----------) სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გაეკეთებინა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავი.
დადგენილია, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილობითი შეტყობინების თანახმად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის სახურავის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის 2017 წლის 23 ოქტომრის N2 სხდომის ოქმით, შპს „ე--------“ გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, მას დაევალა ფასების ცხრილის დაზუსტება სამი სამუშაო დღის ვადაში (2017 წლის 26 ოქტომბერი). ამასთან, იგი მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად ხუთი სამუშაო დღის ვადაში (2017 წლის 30 ოქტომბერი). სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის N3 სხდომის ოქმის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა არ დააზუსტა ხარჯთაღრიცხვა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველძე, შპს „ე--------“-ს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო.
საქმის მასალებით და თავად მხარეთა განმარტებებით ასევე დასტურდება, რომ სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის ზემოაღნიშნული N3 სხდომის ოქმი შპს „ე--------“-ის დისკვალიფიკაციის თაობაზე სადავოდ არ ყოფილა გამხდარი და კანონიერ ძალაშია შესული.
7.3. სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე ბრძანების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება აკმაყოფილებდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, იმ პერიოდში კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე, სახეზე იყო პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების წინაპირობა და არ არსებობდა მოსარჩელის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძვლები, რადგან დგინდებოდა, რომ შპს „ე--------“-მა უარი თქვა ხელშეკრულების დადებაზე, რასაც მოჰყვა ტენდერის უარყოფითი შედეგით დასრულება.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკვალიფიცირებული პრეტენდენტისთვის სახდელის შეფარდების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ სათანადო შეფასების შედეგად გამოიცა აქტი მოსარჩელესთან მიმართებაში. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია სატენდერო კომისიის 2017 წლის 30 ოქტომბრის N3 სხდომის ოქმი შპს „ე--------“-ის დისკვალიფიკაციის თაობაზე, სასამართლო თვლის, რომ კანონიერია სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულება ,,შპს ,,ე--------“-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულება ,,შპს ,,ე--------“-ის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ“ გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, შპს ,,ე--------”-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს ,,ე--------”-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულების მოქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 4 იანვრის №-- განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე--------”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე