გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411310018002610423
საქმე №3/38-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.11.2018 წელი, ქ. ლაგოდეხი
შესავალი ნაწილი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილება
წარმომადგენელი - ზუ---- ლო-–----ე
მოპასუხე - ვლ-------- გრ--------ი
დავის საგანი - არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების უკან დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს დაეკისროს არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) - 219.50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, ვლ-------- გრ--------ის ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას 2011 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 იანვრის ჩათვლით. 2018 წლის 17 თებერვალს, სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო წერილი ცენტრალური აპარატიდან, რომლის შესაბამისად, ვლ-------- გრ--------ის ოჯახის წევრს - თა-------–--–---–ს გაუჩნდა ლეგალური შემოსავალი, რაზედაც გრ--------ის ოჯახს არ განუცხაებია სააგენოსთვის. შესაბამისად, ვლ-------- გრ--------ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობა 219.50 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვლ-------- გრ--------ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, სხდომის ოქმი.
3.1.2. მოპასუხე ვლ-------- გრ--------ის ოჯახის წევრს - თა-------–--–---–ს გაუჩნდა ლეგალური შემოსავალი, რომლის შესახებაც მოპასუხეს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის არ უცნობებია.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 17 თებერვლის №04/9274 წერილი (ს.ფ. 12-13).
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს ზედმეტად მიღებული აქვს სოციალური დახმარება 219.50 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 18).
3.1.3. 2018 წლის 27 მარტის და 2018 წლის 04 ივნისის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილების მიერ მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს გაეგზავნა წერილი ზედმეტად მიღებული თანხის - 219.50 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 მარტის შეტყობინება №04-10-07/699 (ს.ფ.14-15);
- 2018 წლის 04 ივნისის გაფრთხილება №04-10-07/1143 (ს.ფ. 16-17).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანება „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობის, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
ამავე წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
აღნიშნული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
6.2. „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.
ამავე წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას.
აღნიშნული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ., ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვლ-------- გრ--------ის ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე, იღებდნენ სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ ვლ-------- გრ--------ის ოჯახმა დასაქმებით მიიღო შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ გვადაში არ აცნობა სააგენტოს.
ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ვლ-------- გრ--------ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 219.5 ლარს, რომლის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენჯერმე უშედეგოდ მოითხოვა. კერძოდ, დადგენილია რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 მარტის №04-10-07/69 და 2018 წლის 04 ივნისის №04-10-07/1143 მიმართვებით, მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს ეცნობა, რომ ოჯახს უფიქსირდებოდა გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც, ცენტრალიზებულად შეუჩერდათ საარსებო შემწეობის გაცემა. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვლ-------- გრ--------ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების სახით 219.5 ლარის დაბრუნების ვალდებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელებულა.
6.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, არასწორად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 219.5 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრული სარჩელი, რის გამოც, მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, მე-13-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა-------ის განყოფილების სარჩელი მოპასუხე ვლ-------- გრ--------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ვლ-------- გრ--------ს (პ/ნ 2----------- დაეკისროს არასწორად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების 219.50 (ორას ცხრამეტი ლარი, ორმოცდაათი თეთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე