გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.11.2018
საქმის ნომერი
330310018002548053
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/4474-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.11.2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

მოსარჩელე ნ------------–-–------------------–----დ

წარმომადგენელი თ--------------

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი გიორგი ბეგიაშვილი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0------------- გადაწყვეტილება (შეტყობინება) ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხის განმეორებით განხილვის თაობაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს საქმის ხელახლა შესწავლის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის შესაბამისად, მისი მომზადებისა და გამოცემის დროს არ არის დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. იემენის რესპუბლიკის მოქალქე, აღმსარებლობით მუსლიმი - სუნიტი, ეთნიკურად არაბი, ნ------------–-–------------------–----დი დაიბადა 1993 წლის 1 იანვარს ბეიდას პროვინციაში, დაბა დინაამში, სადაც ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, ძმასთან და ოთხ დასთან ერთად ცხოვრობდა. ამჟამად იემენის რესპუბლიკაში მხოლოდ მისი ერთი და ცხოვრობს. ოჯახის დანარჩენი წევრები კი საუდის არაბეთში, ქ. მექაში ერთად ცხოვრობენ. თავშესაფრის მაძიებელს დაწყებითი განათლება იემენის რესპუბლიკაში, დაბა დინაამში აქვს მიღებული. მან სამუშაოს შოვნის მიზნით იემენის რესპუბლიკა 2014 წელს დატოვა და საუდის არაბეტში, კონკრეტულად კი ქ. მექაში გადავიდა. მისი განცხადებით, გარანტორმა, რომელიც ჰყავდა საუდის არაბეთში, აღარ გაუგრძელა ბინადრობისათვის მეურვეობა, რის გამოც 2016 წლის იანვარში, ქ. ერ-რიადის აეროპორტიდან საქართველოში გამოემგზავრა, იგი საქართველოში საუდის არაბეთის ბინადრობის მოწმობის საშუალებით ჩამოვიდა. საქართველოზე არჩევანი იმიტომ შეაჩერა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება იქ არსებული ზოგადი მდგომარეობის გამო არ სურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა ( ს.ფ 71-78).

- გასაუბრების მასალები ( ს.ფ.65 -70).

 

3.1.2. საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, იემენის რესპუბლიკის მოქალაქე ნ------------–-–------------------–----დი ვერ აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და „საერთაშორისო დაცვის შესხაებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტარუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თავშესაფრის მაძიებლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის გ) ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი არ ენიჭება პირს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმცხადებელს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს მიერ მომზადებული დასკვნა (ს.ფ. 44-51)

 

3.1.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 სექტემბრის N02-01/05/23612 შეტყობინებით ნ------------–-–------------------–----დს ეცნობა რომ იგი ვერ აკმაყოფილებს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ ჟენევის 1951 წლის კონვენციით და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ლტოლვილის სტატუსის მისანიჭებლად. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველბს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ მის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ საქართველოში მისი ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, რასაც არეგულირებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის გ) ქვეპუნქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 29 სექტემბრის №02-01/05/23612 გადაწყვეტილება (ს.ფ. 40-41)

 

3.1.4. ნ------------–-–------------------–----დმა 2018 წლის 20 ივნისს საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმარტა, რომ დარეგისტრირებული იყო თავშესაფრის მაძიებლად და სამინისტრომ არ დაუკმაყოფილა მოთხოვნა და ეთქვა უარი. მას არ მიუმართავს სასამართლოსათვის ენის ბარიერისა და სასამართლოს მისამართის არცოდნის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა განაცხადა, რომ მის წარმოშობის ქვეყანაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და იქ დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 20 ივნისის განცხადება ( ს.ფ 37).

 

3.1.5. თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსის 2018 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, იემენის რესპუბლიკის მოქალაქე ნ------------–-–------------------–----დმა თავდაპირველად განცხადებით მიმართა სამინისტროს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით 2017 წლის 17 მარტს. ხსენებული განცხადება განიხილა სამინისტრომ და 2017 წლის 29 სექტემბერს, განმცხადებელს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად განმცხადებლის მტკიცება, რომ მან ვერ შეძლო 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრება ენის ბარიერისა და სასამართლოს მისამართის არცოდნის გამო არ შეიძლება იქნეს განხილული როგორც მისაღები არგუმენტი, რადგან მას შეტყობინება ჩაბარდა ქართულ და მისთვის გასაგებ არაბულ ენაზე, სადაც მითითებულია, როგორც სასამართლოს, ასევე სსიპ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს მისამართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 22 ივნისის მოხსენებითი ბარათი. (ს.ფ. 36)

 

3.1.6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22/06/2018 წლის №0------------- გადაწყვეტილებით (შეტყობინებით) ნ------------–-–------------------–----დს ეცნობა რომ იგი ვერ აკმაყოფილებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რის გამოც „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელს უარი ეთქვა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 22/06/2018 წლის №0------------- გადაწყვეტილება ( ს.ფ. 12)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------------–-–------------------–----დი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენცია, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმი, "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის N0------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ აქტებთან – ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ’’ 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან.

 

6.2. ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, აგრეთვე საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციასა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1967 წლის ოქმს, და მის მიზანს წარმოადგენს - ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა და გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მესამე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულია თავშესაფრის მაძიებლის ცნება _ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელმაც საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა სახელმწიფო უწყებას და რომლის მიმართაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია ან რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ხოლო ამავე მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი "საერთაშორისო დაცვა" ამ კანონის მიზნებისათვის განიმარტება, როგორც, თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა ამ კანონით დადგენილი წესით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განცხადების არსებითად განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი აშკარად დაუსაბუთებელია ან/და ბ) განმცხადებელი ყალბი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტროს შეცდომაში შეყვანით ბოროტად იყენებს თავშესაფრის პროცედურას.

 

ამავე კანონის მე-30 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა თითოეული საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ინდივიდუალურად უნდა განიხილოს და უნდა შეაფასოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესაბამისი ელემენტები, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებლის ხელთ არსებული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება პირის ასაკსა და წარმომავლობას, აგრეთვე მისი ოჯახის წევრებთან, მის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან (მოქალაქეობებთან), წარმოშობის ქვეყანასთან (ქვეყნებთან), ადგილთან (ადგილებთან), საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან, წარმოშობის ქვეყნის დატოვების და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზეზებთან და გარემოებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ინფორმაცია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამ კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადება პრიორიტეტულად განიხილება.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი განსაზღვრავს ერთსა და იმავე განცხადების ხელახლა წარდგენის წესს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე განმეორებითი განცხადების არსებითად განხილვისა და პროცედურულ გარანტიებს ასევე ადგენს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, მას უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუ: ა) მის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია მოახდინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს წარდგენილი განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში ან მუდმივ საცხოვრებელ ქვეყანაში პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 22 ივნისის განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საკითხის განმეორებით განხილვის თაობაზე. თავის მხრივ, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 22 ივნისის N0------------- გადაწყვეტილებით, ნ------------–-–------------------–----დს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე).

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის თანახმად, მოსარჩელისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ განმცხადებელი ვერ აკმაყოფილებდა "საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმებს. განმცხადებელი ახალ ფაქტობრივ გარემოებად უთითებდა, რომ წარმოშობის ქვეყანაში ვერ დაბრუნდება, რადგან მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და დადასტურებული იმ ახალი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მას განემარტა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, რაც მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 22 ივნისის №0------------- გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ და ,,უ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 2125 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------------–-–------------------–----დის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა დარასელია