გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2018
საქმის ნომერი
621210118002478639
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

621210118002478639

N2/43-18

გადაწყვეტილება

(საქართველოს სახელით)

09 ივლისი, 2018 წელი ქ. დმანისი

შესავალი ნაწილი

დმანისის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი“

წარმომადგენელი - და----------–---–ი

მოპასუხე - ნი----–-----–----–-–---–ი

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ისათვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3021,18 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,98 ლარი, პროცენტი - 809,97 ლარი, პირგასამტეხლო - 711,23 ლარი;

 

1.2. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ისათვის მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1812,48 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პროცენტი - 1259,84 ლარი, პირგასამტეხლო - 252,64 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16).

 

სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

2013 წლის 09 დეკემბერს, სს ,,პრ---------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N2-------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი. ბარათის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 1%.

 

2014 წლის 03 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა ე.წ. ,,ექსპრეს სესხის“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N2------, სულ 300 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით, საკომისიო - 30 ლარი, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.2%.

 

სს ,,პრ---------ისა“ და სს ,,სა---------–--------ის“ მხრიდან შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს გადაეცა თანხა; თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. მოპასუხის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა, შემდგომ კი საერთოდ შეწყვიტა თანხის გადახდა.

 

2016 წლის 14 აპრილს, სს ,,სა---------–--------ის“ მიერ ნი----–-----–----–-–---–ის მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი, რაც გახდა ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის, მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ის დავალიანება მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ, N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3021,18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,98 ლარი, პროცენტი - 809,97 ლარი, პირგასამტეხლო - 711,23 ლარი; ხოლო N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1812,48 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პროცენტი - 1259,84 ლარი, პირგასამტეხლო - 252,64 ლარი.

 

2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ,,სა---------–--------ის“ და სს ,,პრ---------ის“ შერწყმა. შესაბამისად, სს ,,სა---------–--------ი“ წარმოადგენს სს ,,პრ---------ის“ უფლებამონაცვლეს (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-16).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

 

მოპასუხის განმარტებით, მან 2013 წელს სს ,,პრ---------იდან“ აიღო სესხი 1500 ლარის ოდენობით, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა ერთი წლის განმავლობაში. 2014 წელს მან აღნიშნული თანხა სრულად დაფარა სს ,,პრ---------ის“ პრობლემურ დეპარტამენტის ბოლნისის ფილიალში, მაგრამ არ აქვს დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, ვერ მოიძია და არც ბანკის არქივში აღმოჩნდა. მოპასუხის განმარტებით, ამ დროის განმავლობაში მისთვის სესხის გადახდა არავის არ მოუთხოვია, თუმცა ახლა თავიდან სთხოვენ თანხის გადახდას, რაც ძალიან გაუჭირდება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 57-65).

 

2018 წლის 09 ივლისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მე-2 სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის 300 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. 09.07.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 09 დეკემბერს, სს ,,პრ---------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N2-------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი. ბარათის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 1%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 19-20)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 24).

 

3.1.2. 2014 წლის 03 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა ე.წ. ,,ექსპრეს სესხის“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N2------, სულ 300 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით, საკომისიო - 30 ლარი, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.2%.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის განაცხადი და ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 25).

 

3.1.3. 2016 წლის 14 აპრილს, სს ,,სა---------–--------ის“ მიერ ნი----–-----–----–-–---–ის მიმართ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპოდენტის მიერ წარდგენილი იქნა პროტესტი, რაც გახდა ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 09.07.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება (ს.ფ. 28);

 

3.1.4. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ,,სა---------–--------ის“ და სს ,,პრ---------ის“ შერწყმა. შესაბამისად, სს ,,სა---------–--------ი“ წარმოადგენს სს ,,პრ---------ის“ უფლებამონაცვლეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის, მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ის დავალიანება მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ მიმართ, N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3021,18 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,98 ლარი, პროცენტი - 809,97 ლარი, პირგასამტეხლო - 711,23 ლარი; ხოლო N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1812,48 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, პროცენტი - 1259,84 ლარი, პირგასამტეხლო - 252,64 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 24-25);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 23);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მის მიერ გადახდილი იქნა N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სრულად, ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მას არ აქვს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება უარყო მოსარჩელე მხარემ, შესაბამისად, თანხის გადახდის ფაქტს სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-868-ე, 873-ე, მე-400, 403-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 09 დეკემბერს, სს ,,პრ---------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N2-------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი. ბარათის ლიმიტი შეადგენდა 2000 ლარს, 1 წლის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 1%. ასევე 2014 წლის 03 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------სა“ და ნი----–-----–----–-–---–ს შორის გაფორმდა ე.წ. ,,ექსპრეს სესხის“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N2------, სულ 300 ლარის ოდენობით 12 თვის ვადით, საკომისიო - 30 ლარი, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.2%.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება სესხის ძირთადი თანხის ნაწილში N2------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1499,98 ლარს, ხოლო N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 ლარს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 1799,98 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის სარგებლისა და საკომისიოს დაკისრებას, მოპასუხე მხარე არ ცნობს სარჩელს მისთვის სარგებლისა და საკომისიოს დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან, საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დარიცხული სარგებლისა და საკომისიოს 2069,81 ლარის გადახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთა

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 711,23 ლარს, ხოლო N2------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 252,64 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელში მითითებული ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ და მოპასუხეს N2------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 71,12 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 74,75 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 86%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 150 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

დმანისის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე თე-----–-------------------------–----–-–-----ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 84.05.33.1--, გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ნი----–-----–----–-–---–ს დაეკისრა დავალიანების გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ს, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 09 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2381,07 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1499,98 ლარი, სარგებელი - 809,97 ლარი, პირგასამტეხლო - 71,12 ლარი.

 

3. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ს, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 03 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 1812,48 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 300 ლარი, საკომისიო - 1259,84 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 252,64 ლარი.

 

4. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ს, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

5. მოპასუხე ნი----–-----–----–-–---–ს, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დმანისის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე