გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002686288
საქმე № 3/288-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
მოპასუხე: მ--–---- ტ------–--–--ე
დავის საგანი: ზედმეტად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
პენსიის სახით გაცემული თანხის - 216 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრება.
სარჩელის თანახმად, აწ გარდაცვლილი გ-------- ტ------–--–--ე (პირ. N 5----------) იღებდა ასაკის პენსიას - 180 ლარს და დანამატს მაღალმთიან ზონაში ცხოვრებისათვის - 36 ლარს, სულ 216 ლარის ოდენობით.
სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დაფიქსირდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გ-------- ტ------–--–--ე გარდაიცვალა 2018 წლის 26 აპრილს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა იმავე წლის 6 ივნისს; მისი კუთვნილი თანხა კი ბარათის მეშვეობით უკანონოდ აიღო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ე-------ში მცხოვრებმა მ--–---- ტ------–--–--ემ (პირ. N 3----------).
მოსარჩელე ითხოვს ზედმეტად გადახდილი 1 თვის პენსიის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად, მისი პოზიცია ამ სარჩელზე სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ-------- ტ------–--–--ე იღებდა პენსიას 180 ლარს და დანამატს მაღალმთიან ზონაში ცხოვრებისათვის - 36 ლარს, სულ 216 ლარს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები.
3.2.2. იგი გარდაიცვალა 2018 წლის 26 აპრილს, ხოლო გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაცია მოხდა იმავე წლის 6 ივნისს.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გარდაცვალების მოწმობა.
3.2.3. გ-------- ტ------–--–--ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია და დანამატი 216 ლარის ოდენობით მიიღო მ--–---- ტ------–--–--ემ.
მტკიცებულება: სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, გადახდის ქვითარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხემ ზედმეტად მიიღო აწ გარდაცვლილი გ-------- ტ------–--–--ის პენსია და დანამატი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესი”, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას ამ საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის № 46/ნ ბრძანებით) მე-10 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორც აღინიშნა, გარდაცვლილი გ-------- ტ------–--–--ის ბარათის მეშვეობით მისი კუთვნილი პენსია 180 ლარი და დანამატი 36 ლარი, სულ 216 ლარი მიიღო მ--–---- ტ------–--–--ემ.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მიეღო გარდაცვლილი პირის კუთვნილი პენსია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 216 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას, რამდენადაც ამ თანხის გაცემა-მიღება გამოიწვია მოპასუხის უკანონო ქმედებამ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი მ--–---- ტ------–--–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მ--–---- ტ------–--–--ეს დაეკისროს 2018 წლის მაისის თვეში ზედმეტად მიღებული პენსიისა და დანამატის - 216 (ორასთექვსმეტი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე ჩარიცხვით: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის ნომერი - GE24NB0330100200165022, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი: 302009921.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი