განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002561368
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 10 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - შოთა ზალკალიანი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-–--------------–-------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------ს, დანაშაულის ჩადენისას ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----–-----------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ნ---------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი (ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის და გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2011 წლის 3 ოქტომბერს, რეგისტრირებული იქნა ი.მ. „ა-–-------------ე“, რომლის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ხორცპროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. ა-–-------------ეს ევალებოდა მზა პროდუქტის შეფუთვაზე არსებული სტანდარტის მიხედვით ხორცის პროდუქტების წარმოება და რეალიზაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, ა-–-------------ემ განზრახ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის და დამატებითი მოგების მიღების მიღების მიზნით, ხორცის მზა პროდუქტში „სუჯუკი“, რომელზეც დატანებულია მონაცემები, რომ იგი არის საქონლის და ღორის ხორცის, ახდენდა ცხენის ხორცის შერევას და რეალიზაციას.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ა-–-------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა ა-–-------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ვ----–--------–-–---–ის, მ-----–-----------–---–ის, ლ--–---–----–---–ის, ზ---------------–---–ის, თ--------------ის, ხ-------------ის, თ----------–-----ის და ა-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამოცდის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ჩხრეკის ოქმებს, ნიმუშის აღების ოქმის და სხვა მტკიცებულებებს, რომლების მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით კრიმინალიზებულია ფალსიფიკაცია, ე.ი. მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით. ფალსიფიკაციისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს დამატებითი გარანტიების შექმნას საქართველოს ერთიან სასაქონლო ბაზარზე მეწარმე სუბიექტების საქმიანობისათვის, საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლებისა და საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობისათვის, აგრეთვე, სახელმწიფოს საფინანსო ინტერესების დაცვას, როცა ფალსიფიკაცია ბიუჯეტში შესატანი თანხების შესამცირებლად ხდება, მომხმარებელთა დაცვას პროდუქციის დამამზადებლის არაკეთილსინდისიერებისაგან, პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა სერტიფიკაციის წესების დაცვას. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს როგორც სამრეწველო, ისე სასურსათო ნივთები. ობიექტური მხარე გამოიხატება მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლაში

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული .

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისი განაჩენით ა-–-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ა-–-------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მას უნდა დაენიშნოს ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად უნდა განესაზღვროს 2 (ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა

 

საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ერთი ცალი დისკი და ხორცის პროდუქტის შეფუთვა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ა-–-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

3.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

4.სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 24 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, ხოლო გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 21 მაისიდან.

 

5.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ერთი ცალი დისკი და ხორცის პროდუქტის შეფუთვა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე